ავღანური გაურკვევლობა

ავღანეთიდან ამერიკის გასვლა საიგონის სტილის მოვლენა არ იქნება. თალიბების მიერ ქაბულზე იერიშის მიტანა და ამ ფონზე ამერიკის საელჩოს თანამშრომლების ვერტმფრენებით ევაკუირება არ მოხდება. თუმცა, 2020 წელს ომმა დასასრულისკენ სვლა დაიწყო (როგორც მინიმუმ, ამერიკის მხრიდან). თებერვალში პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ თალიბებთან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. სანაცვლოდ, ,,თალიბანის“ მებრძოლებმა პირობა დადეს, რომ ავღანეთის საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობასთან დიალოგს დაიწყებენ. თავის მხრივ, მთავრობამ 5000 თალიბი მებრძოლის პატიმრობიდან გათავისუფლების ვალდებულება იკისრა. წლის ბოლოს ქვეყანაში ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა 5000-ზე ნაკლები იყო. ეს მეტნაკლებად საკმარისია საერთაშორისო ორგანიზაციების ქაბულის ოფისების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაგრამ ცოტაა სხვა მიზნებისთვის.

შეიძლება ითქვას, რომ ახლა მშვიდობა დაისადგურებს მიწაზე, სადაც ომიანობა 1970 წლის საბჭოთა ინტერვენციის შემდეგ არ შეწყვეტილა? სამწუხაროდ, ეს გაურკვეველია. სინამდვილეში, არავის აქვს წარმოდგენა, თუ როგორი იქნება 2021 წელი − ამბობს აშლი ჯექსონი, ლონდონში მდებარე კვლევით ცენტრ Overseas Development Institute-ის წარმომადგენელი. ამერიკელების გასვლის შემდეგ, უწესრიგობა დარჩება. თუმცა, როგორც ჩანს, ერთი რამის ალბათობა დიდია: ორი ათეული წლის შემდეგ, რაც ნატოსა და ჩრდილოეთ ალიანსის მებრძოლებმა ქაბულიდან განდევნეს, ,,თალიბანს“ ხელისუფლებაში დაბრუნების კარგი შანსი ეძლევა. შეკითხვა ის გახლავთ, თუ რა სახის მთავრობას შეუერთდებიან ისინი.

მოლაპარაკებები მარტში უნდა დაწყებულიყო, თუმცა ეს სექტემბერში, ყატარში მოხდა. პროცესი ნელა წარიმართა და პროტოკოლურ საკითხებზე იყო ფოკუსირებული. მთავრობას სურს ,,თალიბანი“ ცეცხლის შეწყვეტაზე დიალოგისას პროგრესის მიღწევამდე დაითანხმოს. ეს ნაკლებად მოსალოდნელია. ავღანეთის მთავრობა ასე უსუსური იშვიათად თუ ჩანდა. ქვეყნის არმია ეფექტური პრაქტიკულად არასდროს ყოფილა, მაგრამ ახლა გაცილებით სუსტია (ამერიკული ავიაციის მხარდაჭერის დაკარგვის გამო). მართალია თალიბებმა ამერიკულ სამიზნეებზე საჩვენებელ შეტევებზე უარი თქვეს, მაგრამ ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლებზე მიზანმიმართული სასიკვდილო თავდასხმები გაახშირეს კიდეც. მათ კონტროლი დაამყარეს ზოგიერთ მთავარ გზაზე, საიდანაც გადასახადებსაც იღებენ. ქაბულის ალყის გაძლიერების კვალდაკვალ, მთავრობის პოზიციები მოლაპარაკებებზე სუსტდება.

თალიბებს წინააღმდეგობრივი მიზნები აქვთ. რაც მათ აშკარად სურთ, არის დომინანტი როლი ახალ მთავრობაში − ისლამური საამირო, რომელიც 2001 წლის ინტერვენციის შემდეგ მიღებული კონსტიტუციით, შეზღუდული არ იქნება. ამასთან, როგორც ჩანს, მათ საერთაშორისო დახმარების მიღებაც სურთ, რომელიც ავღანეთს გადაარჩენს. ასე რომ, გარკვეული პირქუში მშვიდობის დამყარება შესაძლებელია. აშრაფ ღანისთვის (პრეზიდენტის პოსტზე 2014 წლის შემდეგ) პრობლემა ის არის, რომ ასეთი სცენარი არსებითად მისი ადმინისტრაციის დაშლას ნიშნავს. შემდეგ, ახალი მთავრობა ბატონმა ღანიმ ყოფილ მტრებთან ერთად უნდა ჩამოაყალიბოს.

ხელისუფლებაში მოსვლისას, მოქმედმა პრეზიდენტმა ავღანეთის წარუმატებელი სახელმწიფოს გამოსწორების პირობა დადო. მას უნდა აღმოეჩინა, რომ ამისათვის ,,მწარე წამლის გადაყლაპვა“ მოუწევს. არის თუ არა იგი ამისათვის მზად? შესაძლოა, ეს მომავალი წლის მთავარი კითხვა აღმოჩნდეს.

დანიელ ნოულზი, საერთაშორისო კორესპონდენტი, The Economist