მექსიკელი ხალხის ნებაზე
მექსიკის პოპულისტმა პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა ქვეყანას კონსტიტუციურად საეჭვო რეფერენდუმი შესთავაზა. ამით მას ხალხისაგან მინიჭებული პრეზიდენტობის 6-წლიანი ვადის გასული ნახევარი დროის ლეგიტიმაციის დადასტურების მიღება სურს. პრეზიდენტი აცხადებს, რომ რეფერენდუმი შესაძლოა ივნისში, შუალედური არჩევნების პარალელურად ჩატარდეს. ამ არჩევნებზე მექსიკელები ნაციონალური კონგრესის ქვედა პალატის 500 წევრს ირჩევენ, ასევე, კონგრესმენებს და გუბერნატორებს 32 შტატში (შტატების მთლიანი რაოდენობის თითქმის ნახევარი).
მიუხედავად რეფერენდუმის ბედისა, ობრადორის მიერ დაფუძნებული პარტია Morena-სთვის არჩევნები შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. პანდემიის დაწყებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში, ნიღბების გარეშე და ხვევნა-კოცნით, ობრადორმა და მისმა მთავრობამ ვირუსის გამოწვევა მთლიანად ჩააგდეს. 2021 წლის მიჯნაზე COVID-19-ის მსხვერპლის რაოდენობით, მექსიკა მხოლოდ შეერთებულ შტატებს, ბრაზილიასა და ინდოეთს ჩამორჩება. მაშინ, როცა მსოფლიოს სხვა ნაწილებში ბავშვები სკოლებს დაუბრუნდნენ, მექსიკამ სატელევიზიო განათლება წამოიწყო.
მექსიკელებიც ღარიბდებიან. ეკონომიკა ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია. გასულ წელს, მთლიანი შიდა პროდუქტი, ალბათ მინიმუმ 10%-ით შემცირდა. მარტიდან ივნისამდე, სამუშაო ადგილი 1,1 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაკარგა. პრეზიდენტი ობრადორი, ფისკალური კონსერვატორი, მკაცრი ეკონომიის პოლიტიკის ერთგულებას ინარჩუნებს. იგი ყურს არ უგდებს რჩევებს, რომ პანდემიის კრიზისი ქვეყანამ ხარჯების ზრდით უნდა გადალახოს. ვირუსის გავრცელებამდე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, როგორიც იყო მაგალითად 13 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ნახევრად აშენებული აეროპორტის მშენებლობის შეჩერება, ინვესტიციების შემცირება და კაპიტალის გადინება გამოიწვია.
ვითარების გაუარესება უსაფრთხოების მიმართულებითაც შეინიშნება. 2020 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, მექსიკაში მკვლელობების რეკორდული რაოდენობა − 17,349 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შესაბამისი გასული პერიოდის მაჩვენებელს 1,7%-ით აღემატება. 2020 წლის ივნისში მექსიკელები შეძრა ნარკობანდის მიერ მეხიკოს პოლიციის უფროსის მკვლელობის მცდელობამ. ეს უცნაურად შოკისმომგვრელი იყო, როგორც შემთხვევის სითავხედის, ისე ფეშენებელურ რაიონში ქმედების განხორციელების გამო.
თუმცა, უხეში შეცდომების გამო, არჩევნებზე საფასურის გადახდა ბატონ ობრადორს შესაძლოა არ მოუწიოს. მისი რეიტინგი 2020 წლის დასაწყისის 80%-დან, წლის შუა რიცხვებში დაახლოებით 60%-მდე დაეცა. Morena-ს მხარდამჭერთა რაოდენობაც შემცირდა. მაისში გამოკითხულთა მხოლოდ 19%-მა განაცხადა, რომ 2021 წელს მმართველ პარტიას ნამდვილად ხმას მისცემდა. ეს 2018 წლის იგივე მაჩვენებლის ნახევარზე ნაკლებია.
ამის მიუხედავად, ობრადორის პოპულარობა, ისევე, როგორც სხვა პოპულისტი ლიდერებისა მსოფლიოში, უფრო მეტად პიროვნულ თავისებურებებს და მემკვიდრეობითობას ემყარება, ვიდრე საქმისათვის სასარგებლო უნარებს. ბევრი მექსიკელი მას თავისიანად აღიქვამს. იგი ქუჩაში ტაკოს მისართმევად შეჩერდება და უბრალო მუშებშიც შეერევა ხოლმე. სხვები მას მხსნელად განიხილავენ. ობრადორს ბევრი ემადლიერება ისეთი პროექტებისთვის, როგორიცაა პენსიების ზრდა და ტრენინგპროგრამები ახალგაზრდებისთვის.
ობრადორს სუფთა პოლიტიკოსის რეპუტაცია ეხმარება. მოწინააღმდეგეებიც კი აღიარებენ, რომ პრეზიდენტი კორუფციაში უშუალოდ გარეული არ არის. ამგვარი სისუფთავე მექსიკის ლიდერებს შორის იშვიათობას წარმოადგენს.
ოპოზიციურ პარტიებს Morena-ს დაზიანება გაერთიანებით შეუძლიათ. ასეთ შემთხვევაში, პარლამენტში პრეზიდენტის გავლენა შემცირდება. შედეგად, გრანდიოზული გეგმების განხორციელების მანდატი ბატონ ობრადორს ნაკლები ექნება. ეს გეგმები მოიცავს კორუფციის დამარცხებას, უთანასწორობის აღმოფხვრას, ქვეყნის თვითუზრუნველყოფის ამაღლების ხელშეწყობას (,,მექსიკის მეოთხე ტრანსფორმაცია“).
2021 წელს ერთი შედეგი უკვე ცხადია: როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (მათ შორის, მექსიკის ჩრდილოეთ მეზობელ, ამერიკის შეერთებულ შტატებში), ლიდერების მიერ ხელშეწყობილი პოლარიზაციის პირობებში გაღრმავებული იარების მოსაშუშებლად, არჩევნებს მცირე ეფექტი ექნება.
სარა ბირკე, მექსიკისა და ცენტრალური ამერიკის ბიუროს მომავალი ხელმძღვანელი, The Economist