ბოლსონარუს ბრძოლა გრძელდება
ეკონომიკის გადასარჩენად, 2021 წელს, ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს ხიფათიანი გზის გავლა მოუწევს ისე, რომ პოპულარობა შეინარჩუნოს. კორონავირუსის პანდემიამ მისი საერთაშორისო განდეგილის რეპუტაცია განამტკიცა. ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობით, ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ,,და მერე რა?“ − ასე მიმართა ბოლსონარუმ ჟურნალისტებს, ამ საკითხის კომენტირებისას. თუმცა, პროვოკაციულ პრეზიდენტს სამშობლოში, როგორც ჩანს, ბევრი მიეჩვია. ოჯახური სკანდალებისა და ,,ამაზონის“ ჯუნგლებში ხანძრის ფონზე, მისი რეიტინგი გაიზარდა.
ნაწილობრივ, ეს ზრდა ღარიბ მოსახლეობაზე გაწეულმა დიდმა ხარჯებმა განაპირობა. პანდემიის საწყის ეტაპზე, დაბალშემოსავლიანი მოქალაქეები ბრაზილიაში სულზე 600 რეალის (107 აშშ დოლარი) ყოველთვიურ ფულად დახმარებას იღებდნენ, ხოლო სექტემბრიდან 2020 წლის ბოლომდე − 300 რეალს. ეს იყო შემობრუნება ლიბერალური შეხედულებების მქონე ეკონომიკის მინისტრ პაულო გუედესისთვის. მან პირობა დადო, რომ ქვეყნის წინა რეცესიის შემდეგ (2014-2016) ეკონომიკურ გაჯანსაღებას საბიუჯეტო ხარჯების შემცირებით და რეგულაციების შერბილებით შეუწყობდა ხელს. COVID-19-ზე ფოკუსირებიდან გამომდინარე, რეფორმების ჩატარება გადაიდო. 2021 წელს ბაზრები ნაკლებად მიმტევებლები იქნებიან. რეფორმებისა და შეკვეცების გარეშე, ნებისმიერი ახალი ხარჯვა ბრაზილიას ფისკალურ გადახდის უუნარობასთან მიაახლოებს. 2020 წელს, სახელმწიფო ვალი მშპ-ის 76%-დან 95%-მდე გაიზარდა. კონგრესის მიერ 2016 წელს დაწესებული ფედერალური ხარჯების ზღვრის შესაძლო (თუმცა, ნაკლებად მოსალოდნელი) გაუქმება ნდობის კრიზისს გამოიწვევს. ბატონმა გუედესმა შესაძლოა გადადგომა გადაწყვიტოს.
პანდემიისას დაწყებული სოციალური დაცვის ღონისძიებების შეჩერება სიღარიბის ზრდას და ბოლსონარუს პოპულარობის შემცირებას გამოიწვევს. 2020 წლის მუნიციპალური არჩევნების საბოლოოდ გაუქმების გათვალისწინებით, ოპოზიციური პარტიები მთელ ყურადღებას 2022 წლის საპრეზიდენტო კამპანიას მიაპყრობენ. სიძუნწეში რომ არ დაადანაშაულონ, ბატონ ბოლსონარუს ეკონომიკური რეფორმებისა და საკუთარი მხარდაჭერის გაღრმავების მცდელობების დაბალანსება დასჭირდება.
ბიზანტიური საგადასახადო კოდექსის განახლება ბიზნესის წარმოების დანახარჯებს შეამცირებს, უცხოურ ინვესტიციებს მიიზიდავს და დასაქმების ზრდას წაახალისებს. ამ წამოწყების წარმატება ქვეყნის კონგრესში მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების ბლოკ Centrão-ს კეთილგანწყობაზე იქნება დამოკიდებული. ამ გაერთიანებამ ბოლსონარუს კანონპროექტების მხარდაჭერა 2020 წლიდან დაიწყო (გარკვეული პატრონაჟის სანაცვლოდ, რაზეც იგი ადრე უარს აცხადებდა). ბატონი ბოლსონარუ გამარჯვების მოპოვებას იდეოლოგიურ ფრონტზეც შეეცდება: მაგალითად, იარაღზე წვდომის გაზრდა, ან გარემოს დაცვითი კონტროლის მექანიზმების შესუსტება. ასეთ მიდგომას მისი კონსერვატორი მხარდამჭერები კმაყოფილებით შეხვდებიან, ისევე, როგორც ,,ხორცპროდუქტების, ბიბლიისა და იარაღის“ ლობისტები კონგრესში.
2021 წელს ,,ამაზონი“ კვლავ დაზიანდება. ხანძრები ტროპიკულ ტყეებსა და პანტანალის ჭარბტენიან ტერიტორიებზე უკვე მესამე წელი არ ჩაცხრება. ეს ახალ ნორმად ჩამოყალიბდა − კლიმატის ცვლილებისა და მზარდი გაუტყეურების შედეგი. ოქროზე ფასების ზრდამ ქვეყანაში არალეგალური მოპოვების მასშტაბები გაზარდა. ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციის ლეგალიზაციის მიზნით, ბოლსონარუს მთავრობა კონგრესზე ზემოქმედებას ახდენს. სანამ პოლიტიკოსები წინააღმდეგობრივ კანონპროექტზე მსჯელობენ, მაღაროელები და ტყისმჭრელები სულ უფრო მეტ ტერიტორიას ითვისებენ. რამდენიმე დარჩენილ იზოლირებულ ტომს კვლავ შეავიწროებენ.
საერთაშორისო ინვესტორების წნეხმა შესაძლოა ხორცისა და სოიას მსხვილი მწარმოებლები აიძულონ, საკუთარი მიწოდების ჯაჭვებიდან გაუტყეურებასთან დაკავშირებული ელემენტები ამოიღონ. თუმცა, ბატონი ბოლსონარუსთვის ე.წ. მწვანე მიდგომა მისაღები არ იქნება. ჯო ბაიდენი (უფრო ნაკლებადაა მეგობარი, ვიდრე დონალდ ტრამპი) ბრაზილიის ეკოლოგიურ ვანდალიზმს გააკრიტიკებს, თუმცა სანქციებს ალბათ არ დააწესებს.
ბრაზილიის კონგრესი ამბიციური პოლიტიკის განხორციელებაში კვლავ მოწინავე პოზიციებზე იქნება. 2020 წელს ეს მოიცავდა: საზოგადოებრივი სანიტარული ნორმების განმსაზღვრელი ნანატრი ჩარჩო-რეგულაციების დამტკიცებას (ახლა, ამ სფეროში, კერძო ინვესტიციები ნებადართულია); სახელმწიფო განათლების ძირითადი დაფინანსების მექანიზმების რეფორმირებას (ხელს შეუწყობს ღარიბ სკოლებს).
სანამ ბოლსონარუს რეიტინგი მკვეთრად არ დაეცემა, Centrão მას იმპიჩმენტის ათობით მცდელობისაგან დაიცავს. უზენაეს სასამართლოში ბოლსონარუს მიერ შერჩეული ორი ახალი მოსამართლის დამტკიცება მისი და მისი ვაჟების საქმეების გამოძიების შეფერხების ალბათობას გაზრდის. ფლოვიო − რიო დე ჟანეიროს სენატორი, ეჭვმიტანილია ფულის გათეთრებასა და კავშირებში ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებთან (ე.წ. Milícias). კარლოსი და ედუარდო, რომლებიც ასევე პოლიტიკოსები არიან, დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ფიქრობენ, რომ ისინი ონლაინ სადეზინფორმაციო ქსელს ფლობენ. ბოლსონარუს უზენაეს სასამართლოში გამოძიება ემუქრება სამართლიანობის ხელის შეშლის ბრალდებით. ეს მას შემდეგ დაიწყო, რაც იუსტიციის მინისტრმა, სერხიო მორომ თანამდებობა დატოვა და პრეზიდენტი ფედერალური პოლიციის დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლებაში დაადანაშაულა (ქვეყნის პირველი ოჯახისათვის გამოძიების თავიდან არიდების მიზნით).
მთელი ამ დრამატიზმის მიუხედავად, გამოკითხვების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები ხვალ რომ გამართულიყო, ბატონი ბოლსონარუ კვლავ გაიმარჯვებდა, მაგრამ გზა სავსეა ხაფანგებით და ბრაზილია სავსეა მოულოდნელობებით. 2022 წლამდე, ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.
სარა მასლინი, ბრაზილიის კორესპონდენტი, The Economist, სან პაულუ