(არასწორი) მმართველობის წელიწადი
ორი წლის განმავლობაში, 2019 წლის ნოემბრამდე, ლათინურ ამერიკაში არჩევნების მოზღვავება იყო. ამ პერიოდში 15 საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. 2020 წელი უფრო წყნარი იქნება, მაგრამ ვენესუელა ყოველთვის გამონაკლისია. სხვადასხვა ტიპის პოპულისტებმა წარმატებას მიაღწიეს არგენტინაში, ბრაზილიაში და მექსიკაში – რეგიონის სამ უმსხვილეს ეკონომიკაში. დანარჩენ ქვეყნებში, ახალი მთავრობები სუსტად გამოიყურებიან. მათ წინაშე რთული ამოცანაა – სუსტი ეკონომიკური ზრდით, საჯარო სფეროსა და ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობით, ძალადობრივ დანაშაულთა მიმართ შიშით გამოწვეული სახალხო უკმაყოფილების გაქარწყლებით.
რეგიონის მთავარ პრობლემად ვენესუელა დარჩება. არსებობს შანსი, რომ 2020 წელს, მოლაპარაკებების მეშვეობით, ქვეყანაში დემოკრატია დაბრუნდეს. ამ სცენარის მიხედვით, არაკანონიერად არჩეული დიქტატორი ნიკოლას მადურო გადადგება და თავისუფალი, სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნება. უფრო დიდი ალბათობით, არმიის, რუსეთისა და კუბის მხარდაჭერით შეგულიანებული ბატონი მადურო ძალაუფლებას არ შეელევა. ამ შემთხვევაში, ქვეყანაში სიღარიბე და სასტიკი ძალადობა გაღრმავდება და მიგრანტთა ნაკადი მოიმატებს. 2014 წლიდან 2020 წლის ბოლომდე, ვენესუელადან მიგრირებულთა რაოდენობამ შესაძლოა 7-8 მილიონს მიაღწიოს. ბატონი მადურო ქვეყანაში დემოკრატიის ზედაპირულ ნიშნებს ინარჩუნებს. 2020 წელს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები იგეგმება, თუმცა, თუ შესაბამისი შეთანხმება არ შედგება, არჩევნებს ფიქციური ხასიათი ექნება. ასეთ შემთხვევაში, ბატონი მადურო საპარლამენტო უპირატესობას მოიპოვებს. ამჟამად დასუსტებულმა ოპოზიციამ, 2015 წლის დეკემბერში გამართულ უკანასკნელ თავისუფალ საერთო არჩევნებში დიდი უპირატესობა მოიპოვა.
2020 წელს, კოლუმბიაში მეტად დაძაბული ვითარება იქნება, რასაც ბატონი მადურო აქტიურად და პასიურად უწყობს ხელს. მიგრანტთა უმრავლესობა სწორედ იქიდანაა. კოლუმბიელი მეამბოხეები ჩართულნი არიან ნარკოვაჭრობაში, ოქროს უკანონო მოპოვებაში და სხვა კრიმინალურ აქტივობებში. ისინი ვენესუელას მფარველობით სარგებლობენ, თავშესაფრისა და დაფინანსების სახით. მოსალოდნელია სასაზღვრო კონფლიქტები და არც სრულმასშტაბიანი ომია გამორიცხული. თუ პრობლემების წინაშე გაერთიანება ვერ მოხდება, კოლუმბიის პრეზიდენტ ივან დუკეს (რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერასაა მოკლებული) პროცესების მართვა გაუჭირდება. 2016 წლის შეთანხმების შესაბამისად, კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალების (FARC) 10 500 პარტიზანი განიარაღებას დათანხმდა. მათი უმრავლესობა შეთანხმების ერთგული იქნება. თავისი მშვიდობიანობის ხაზგასასმელად, პოლიტიკური პარტია FARC-ი სახელწოდების შეცვლასაც აპირებს.
2020 წელს ლათინურ ამერიკაში იმედი ექნებათ, რომ შემოსავლებსა და გრძელვადიან ეკონომიკურ ვარდნას თავს დააღწევენ. 2013 წლის შემდეგ, რეგიონში საშუალო შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე მთლიანობაში შემცირდა. მას შემდეგ, ყოველწლიურად, ექსპერტებს ეკონომიკის აღდგენის პროგნოზების შემცირება უწევთ. სულ ახლახან, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რეგიონის ეკონომიკური ზრდის 2020 წლის პროგნოზი 1,8%-მდე შეამცირა.
ზრდის ამ მაჩვენებლის მიღწევა დიდწილად დამოკიდებულია ბრაზილიაზე. ჟაირ ბოლსონარუს მთავრობა პოლიტიკურად კვლავ ქმედუუნარო იქნება, მაგრამ საგადასახადო რეფორმასთან, პრივატიზაციასთან, ინფრასტრუქტურულ კერძო ინვესტიციებთან დაკავშირებული მისი გეგმები შესაძლოა ეკონომიკისათვის ბიძგისმიმცემი აღმოჩნდეს (იხილეთ ჩანართი). ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები ბატონ ბოლსონარუს ოპონენტებს (მემარჯვენე და მემარცხენე) გადაჯგუფების საშუალებას მისცემს.
ანდრეს მანუელის სახით, მექსიკას ძლიერი პრეზიდენტი ჰყავს, თუმცა ბიზნესწრეებში მას ნაკლები ენთუზიაზმით უყურებენ. ქვეყნის ეკონომიკა ნელი ტემპით მცირდება. 2021 წლის ივლისის საკანონმდებლო ორგანოს შუალედურ არჩევნებამდე, არასახარბიელო ეკონომიკური ვითარება პრეზიდენტის რეიტინგს თანდათანობით შეამცირებს. მანუელის მიერ განზრახული საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისთვის, ამ არჩევნებს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ფისკალური დისციპლინის დაპირების უგულველყოფით, შესაძლოა, პრეზიდენტმა მოკლევადიანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა სცადოს.
არგენტინა კვლავ პერონისტების ხელთ აღმოჩნდა. ქვეყნის ახალი პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი უფრო ზომიერ შეხედულებებს იზიარებს, ვიდრე მისი პოპულისტი ვიცეპრეზიდენტი, კრისტინა ფერნანდეს დე კირხნერი (ისინი ნათესავები არ არიან). ქალბატონი დე კირხნერი გავლენიანი იქნება, მაგრამ ძალაუფლებას ბატონი ფერნანდესი ფლობს. იგი შეეცდება არგენტინული ვალის თაობაზე ახალ შეთანხმებას მიაღწიოს, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ისე კერძო კრედიტორებთან. 2020 წლის ბოლოსთვის, შესაძლოა, არგენტინაში ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდეს.
2004 წლიდან დომინიკის რესპუბლიკა ორი ადამიანის მიერ იმართება – ლეონელ ფერნანდესი და დანილო მედინა. ორივე მათგანი ცენტრისტული „დომინიკის განმათავისუფლებელი პარტიიდან“ (PLD) არის. მაისში დაგეგმილი არჩევნების შედეგად, შესაძლოა ვითარება შეიცვალოს. ბატონმა ფერნანდესმა შიდაპარტიული არჩევნები ბატონ მედინას პროტეჟე გონსალო კასტილიოსთან წააგო. შესაძლოა, ბატონმა კასტილიომ კენჭი დამოუკიდებლად იყაროს. თუ ამომრჩევლები ფოკუსირებას მმართველ პარტიაში გამეფებულ კორუფციაზე მოახდენენ (და არა რეკორდულ ეკონომიკურ ზრდაზე), შესაძლოა წარმატებას ლუის აბინადერმა მიაღწიოს. იგი ოპოზიციურ, „თანამედროვე რევოლუციურ პარტიას“ წარმოადგენს.
2020 წელს, ლათინური ამერიკის პოლიტიკური წრეები ყურადღებას უჩვეულოდ დიდი დოზით გარე მოვლენებს მიაპყრობენ. შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის შესაძლო მარცხით ბევრი გაიხარებს, თუმცა არა ბატონი ბოლსონარუ, რომელიც მისი ერთგული მეკავშირეა. 2020 წელს ცხადი გახდება, მოახდენს თუ არა ევროკავშირი Mercosur-ის ბლოკთან (სადაც არგენტინაც და ბრაზილიაც შედის) მიღწეული სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირებას. ბოლსონარუს ეკოლოგიური ვანდალიზმის გამო, შესაძლოა ევროკავშირმა შეთანხმების რატიფიცირებაზე უარი თქვას. ყურადღების ცენტრში მოექცევა ჩინეთის ეკონომიკის შენელებაც. ჩინეთი რეგიონისათვის მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და მისი პრობლემები ლათინურ ამერიკაში შეშფოთებას იწვევს.
მაიკლ რიდი, Bello-ს მესვეტე და უფროსი რედაქტორი. ლათინური ამერიკა და ესპანეთი, The Economist