ყველაფერი შესაცვლელია
ხიკოლ გელინასი ნიუ ორკში მდებარე კვლევით ორგანიზაციას წარმოადგენს და ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ისტორიის შესახებ წიგნზე მუშაობს. იგი ამბობს: ,,როდესაც მეტროთი ვმგზავრობ, სურვილი მაქვს, რომ Twitter-ზე დავწერო − მეტრო მშვენიერია, შემომიერთდით“. თუმცა, მიწისქვეშა ტრანსპორტის მგზავრებისათვის, გელინასი იქვე ამატებს: ,,ჩვენ მეტროში არ უნდა ვიყოთ“.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პანდემიის პერიოდის საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარადოქსში. ავტობუსები და მეტრო არასოდეს ყოფილა ასეთი სუფთა, პირბადიანი, სოციალურად დისტანცირებული და ყურადღებიანი მგზავრებით, რომლებიც არ ხმაურობენ. ამასთან, არასოდეს ეშინოდათ ადამიანებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგაზავრობის ისე, როგორც დღეს. ნიუ იორკში, ჩიკაგოში, სან ფრანცისკოს ყურეს არეალში და ვაშინგტონში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეთა რაოდენობა 80%-ზე მეტით შემცირდა. უსაფრთხო მგზავრობის უზრუნველყოფისათვის, ქალაქები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ: საფუძვლიანი დასუფთავება, მარშრუტებისა და ავტობუსებში ჩასხდომის წესების ცვლილება. ზოგიერთი ასეთი ინოვაცია 2021 წელსაც შენარჩუნდება და უფრო დაიხვეწება. დანერგილი სიახლეები ამერიკულ ქალაქებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განმსაზღვრელ გავლენას სახეს უცვლის. ეს ყოველივე იმ პირობით მოხდება, თუ ქალაქები პანდემიის გამო წარმოქმნილ ფინანსურ ორმოებს თავს დააღწევენ.
ჩვეულებრივ, ფინანსური პრობლემების მქონე სააგენტოები დახმარებისათვის რეგიონულ ან შტატის მთავრობებს მიმართავენ. თუმცა ახლა, ადგილობრივი ხელისუფლებები საკუთარ პრობლემებში არიან ჩაფლულნი. პრობლემების სათავე საერთოა: ეკონომიკური აქტივობის მკვეთრი შემცირება შემოსავლების კლებას იწვევს. ამასთან, დამატებით სამუშაოებზე ხარჯები იზრდება (უფრო ხშირი და ინტენსიური დასუფთავება, მუშახელის დამცავი საშუალებებით უზრუნველყოფა). საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხარდაჭერის მიზნით, ფედერალურმა მთავრობამ მარტის თვეში 25 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო. ერთი შეხედვით, ეს ბევრია, მაგრამ ასობით დამოუკიდებელმა სატრანსპორტო უწყებამ თანხა ძალიან სწრაფად აითვისა. პატ ფოიე, ნიუ იორკის საქალაქო ტრანსპორტის ორგანიზაციის (მოიცავს მეტროს, ავტობუსებს, სარკინიგზო ხაზებს) ხელმძღვანელი საზოგადოებას აფრთხილებს, რომ მის სააგენტოს ,,ასწლოვანი მნიშვნელობის ფისკალური ცუნამი ემუქრება“.
ფედერალური დახმარების გარეშე, სატრანსპორტო სააგენტოებს შესაძლოა მომსახურების მკვეთრი შეზღუდვა მოუწიოთ. ეს მარშრუტებზე სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის შემცირებას ნიშნავს, რაც ავტობუსებსა და სამგზავრო ვაგონებს მგზავრებით გადაავსებს. შედეგად, ბევრი ადამიანი ავტომობილებით გადაადგილებას ამჯობინებს, რაც ჩიხურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. სერვისების ჩვეულ დონეზე დაბრუნებას შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს. ეს ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ, რომ შტატები და ქალაქები ფინანსურ კრიზისში იმყოფებიან. თითქმის დანამდვილებით, 2021 წლისათვის მოსალოდნელი სერვისების ნებისმიერი გაფართოების ნაცვლად, უკუსვლას მივიღებთ.
ნიუ იორკელთა დაახლოებით 75% ტრანზიტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს. სისტემის შეზღუდვა მთელ რეგიონში პროდუქტიულობის შემცირებას გამოიწვევს. ბოსტონსა და სან ფრანცისკოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებში მუშახელის ხვედრითი წილი ნაკლებია, თუმცა მათთვის ტრანსპორტზე წვდომის შეზღუდვა ამ ქალაქების ჩაკეტილობას გაზრდის. დეტროიტში მუშახელის დაახლოებით 7% ავტობუსებით გადაადგილდება. შესაძლოა, ავტობუსების შემცირებამ მათი სამუშაო ძალიდან გამოთიშვა გამოიწვიოს.
COVID-19 სატრანსპორტო სისტემაში ინოვაციებისა და მოქნილობის სტიმულიცაა. ამ ახალი ჩვევების ნაწილი შესაძლოა 2021 წელსაც შენარჩუნდეს. ავტობუსებში ჩასხდომის წესები ბევრ ქალაქში განაახლეს. მაგალითად, წინა კარიდან ჩასხდომის დროს ავტობუსის წინა ნაწილში მგზავრების კონცენტრაცია უფრო მაღალია. სანაცვლოდ, ექსპერიმენტის სახით, ჩასხდომისათვის ყველა კარი გამოიყენება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოყვარულები ავტობუსების სპეციალურ მიზნობრივ მარშრუტებს დიდი ხანია მიესალმებიან. ქალაქებში უკვე მიეჩვიენ, რომ ასეთი ხაზების დამტკიცება ხანგრძლივ პროცედურას და დიდ დანახარჯებს არ მოითხოვს. საჭიროა მხოლოდ რამდენიმე ქილა საღებავი და ექსპერიმენტისათვის მზადყოფნა. შესაძლოა, ზოგიერთი ასეთი საავტობუსო მარშრუტი მუდმივმოქმედი გახდეს, ვინაიდან, 2021 წელს, ქალაქები ტრანსპორტის სფეროში უფრო მოქნილ, ხარჯეფექტურ მიდგომას განახორციელებენ.
ჯონ ფასმანი, ვაშინგტონის კორესპონდენტი, The Economist, ნიუ იორკი