პრეზიდენტის პრიორიტეტები
მომავალი წელი, წინა საშინელ წელთან შედარებით, დიდ გაუმჯობესებას მოიტანს. 2020 წელს ქვეყანა უამრავმა სკანდალმა და კატასტროფამ მოიცვა. ეს იმდენად ყოვლისმომცველი იყო, რომ არჩევნებისას ამომრჩევლებს 10 თვის წინანდელი ტრამპის იმპიჩმენტის პერიპეტიები აღარც კი ახსოვდათ. COVID-19-მა მეოთხედი მილიონი ამერიკელის სიცოცხლე შეიწირა. 10 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგა. რასობრივი უკმაყოფილებებით გამოწვეული Black Lives Matter პროტესტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო აშშ-ის ისტორიაში. ამ უკმაყოფილების ხანძარზე ნავთის დასხმას რასობრივი საკითხის მიმართ ტრამპის მიდგომა ახდენდა. მოქმედი პრეზიდენტის მიერ არჩევნების შედეგების მიუღებლობამ ამერიკული დემოკრატიაც კი საეჭვო გახადა.
ბევრი ეს პრობლემა 2021 წელსაც აქტუალური იქნება. ვიდრე ვირუსი არ ჩაცხრება, ეკონომიკური მდგომარეობა არამდგრადი იქნება. ბატონი ტრამპის მიერ თავის მომხრეებში წახალისებული საარჩევნო პროცესების მიმართ უნდობლობა კიდევ დიდხანს შენარჩუნდება. ამავე დროს, მისი თეთრი სახლიდან განდევნამ (მეოთხე პრეზიდენტი ბოლო ასწლეულში, რომელმაც მეორე ვადით გამარჯვება ვერ მოახერხა) შტატების პრობლემების მოგვარების პერსპექტივა შეცვალა. ბატონი ტრამპი COVID-19-ს საკომუნიკაციო საკითხად განიხილავდა, რომელიც არააქტუალური უნდა გამხდარიყო. ამერიკის რასობრივ გათიშულობაში იგი პოლიტიკურ შესაძლებლობებს ხედავდა. ჯო ბაიდენის სახით, ამერიკას კომპეტენტური პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც პატივს სცემს გონიერებას და საზოგადოებრივი ერთიანობისკენ მიილტვის.
ასეთი მიდგომის დემონსტრირებას ბატონი ბაიდენი თავიდანვე მთელი რიგი გადამწყვეტი ქმედებებით მოახდენს. იგი გააუქმებს შტატების მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის გადაწყვეტილებას, დაუბრუნდება პარიზის კლიმატის შეთანხმებას, აღადგენს ობამასდროინდელ დამცავ მექანიზმებს არალეგალური მიგრანტებისათვის, რომლებიც შტატებში არასრულწლოვან ასაკში ჩაიყვანეს. იგი ასევე გააუქმებს ბატონი ტრამპის აკრძალვას ზოგიერთი მუსლიმური ქვეყნიდან ვიზიტორების მიღებაზე. ბატონი ბაიდენი არალეგალი მიგრანტი ბავშვებისა და მშობლების განცალკევებისწინა ადმინისტრაციის პრაქტიკას დაასრულებს. იმავდროულად, 545 დაკავებული არასრულწლოვანი მიგრანტის მშობლების მოძიების პროცესი დაიწყება. ასევე, ბაიდენი მიიღებს გადაწყვეტილებას პირბადის ტარების საერთო ვალდებულების შესახებ.
ახალი ადმინისტრაცია ტრამპის მიერ დაზიანებული ინსტიტუციების აღდგენისათვის სწრაფ ნაბიჯებს გადადგამს. თავიანთ ძველ პოზიციებს დაიბრუნებენ გარემოს დაცვის სააგენტოდან წასული სანდო რეპუტაციის მქონე მეცნიერები. აღდგება იუსტიციის დეპარტამენტის დამოუკიდებლობის გარანტირების მექანიზმები. ბატონი ბაიდენის სახელმწიფო მდივანს დიპლომატიური კორპუსის მიმართ დაკარგული ნდობის აღდგენასა და საერთაშორისო ალიანსების განმტკიცებაზე მუშაობა მოუწევს.
ეს ღონისძიებები ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ნოემბერში დემოკრატებმა სენატის უმრავლესობა ვერ მოიპოვეს. საეჭვოა, მათ ეს ჯორჯიის შტატის ორი სენატორის ხელახალ არჩევნებზე მოახერხონ. შედეგად, ბატონი ბაიდენის დაპირებული საკანონმდებლო ინიციატივები (ეკონომიკური, ჯანდაცვის, კლიმატისა და საგადასახადო პოლიტიკის საკითხებზე) სენატში მხარდაჭერას თითქმის ვერასდროს მოიპოვებს. მის პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთი პირველი იყო ორი ტრილიონი აშშ დოლარის სტიმულირების პაკეტი (მათ შორის ინვესტიციები ◊მწვანე“ ინფრასტრუქტურულ პროექტებში). სენატის ვეტერან ლიდერ მიჩ მაკკონელთან ერთად, ბევრად მცირე მოცულობის პაკეტის დამტკიცებაც კი რთული იქნება.
ბატონი მაკკონელი ბაიდენის ადმინისტრაციის ნებისმიერი გამარჯვების უარყოფას შეეცდება. ასევე, იგი მცდელობას არ მოაკლებს, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ ფისკალური კონსერვატიზმის რეპუტაცია წარმოაჩინოს (დოგმა, რომელიც პარტიისათვის აქტუალურ ოპოზიციაში ყოფნის დროსაა მოქმედი). რესპუბლიკელთა ასეთი აქტივობა 2022 წლის შუალედურ არჩევნებში წარმატების გეგმას უკავშირდება. Capitol Hill-ზე წინააღმდეგობის პირობებში, შიდა პოლიტიკის ამბიციური მიზნების მისაღწევად, ბატონ ბაიდენს საპრეზიდენტო ბრძანებულებების ხშირი გამოყენება მოუწევს. მსგავსი პრაქტიკა ობამას ადმინისტრაციაშიც გამოიყენებოდა (რომელშიც ბატონი ბაიდენი მსახურობდა). სავარაუდოდ, ახალი ადმინისტრაცია გაზზე და ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებზე გარემოს დაცვით შეზღუდვებს დააწესებს. თუმცა, ასეთი შეზღუდვები მკაცრ, ყოველმხრივ შესწავლას დაექვემდებარება. გაურკვეველია, როგორი რეაქცია ექნება უმაღლეს სასამართლოს, სადაც კონსერვატორი მოსამართლეები უმრავლესობას შეადგენენ.
საგარეო ასპარეზზე, ბაიდენის ადმინისტრაციის ტონი, წინამორბედთან შედარებით, რადიკალურად შეიცვლება. თუმცა, რიგ საკითხებში, ბევრისთვის მოულოდნელად, პოლიტიკა მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. ბაიდენი ამერიკის ტრადიციულ მოკავშირეებს დაამშვიდებს. აღდგება ამერიკის ლიდერობა ისეთ მრავალმხრივ საერთაშორისო ინიციატივებში, როგორიცაა კლიმატის ცვლილების, რუსეთის აგრესიისა და ირანის ბირთვული პროგრამის (იხილეთ ახლო აღმოსავლეთის განყოფილება) შეკავება. ამავე დროს, შენარჩუნდება ტრამპის ადმინისტრაციის დაპირისპირების პოლიტიკა ჩინეთთან, მათ შორის − ზოგიერთი სავაჭრო ტარიფი. ბაიდენი შეანელებს, მაგრამ არ შეაჩერებს ავღანეთიდან ამერიკული საჯარისო ქვედანაყოფების გაყვანის პროცესს. ამერიკის ყურადღების ფოკუსი დასავლეთიდან აღმოსავლეთით გადადის და ამას ბაიდენი არ შეაჩერებს. ძველი მოკავშირეები აღმოაჩენენ, რომ ტრამპის ტრანზაქციული სტილიდან უფრო მეტი რამ შენარჩუნდა, ვიდრე უბრალოდ მცირეოდენი მსგავსებები.
ძალაუფლების საკანონმდებლო შეზღუდვების მიუხედავად, ბაიდენისათვის 2021 წელი შესაძლოა წარმატებული გამოდგეს. ეს დამოკიდებული იქნება მისი ადმინისტრაციის უნარზე, COVID-19-ის ვაქცინა სწრაფად გაავრცელოს და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახადოს. შეუფერხებელი ვაქცინაციის შემთხვევაში, ეკონომიკური აღდგენა დაჩქარდება და ბატონი ბაიდენის პოპულარობა გაიზრდება. თუ ასე არ მოხდება, ტრამპის წარუმატებელი მმართველობის დასრულებით წარმოქმნილი იმედი მალე გაქრება (ყოფილი პრეზიდენტის სასარგებლოდ).
მომავალი წლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვაა, თუ რამდენად ჩამოშორდება ბატონი ტრამპი საზოგადოებრივ სარბიელს. წამყვანი რესპუბლიკელები შიშობენ, რომ სოციალურ ქსელებსა და ტელევიზიებში გააქტიურებული დონალდ ტრამპი ისედაც დამარცხებულ პარტიას მძიმე ტვირთად დააწვება და რეფორმებს შეაფერხებს. სავსებით მოსალოდნელია, ეს შიშები რეალობად იქცეს.
ჯეიმს ასტილი, ვაშინგტონის ბიუროს ხელმძღვანელი და ლექსინგტონის მესვეტე, The Economist, ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი