პოლიციის რეფორმა
2014 წლის 9 აგვისტოს, ახალგაზრდა, უიარაღო, შავკანიანი მამაკაცი, მაიკლ ბრაუნი თეთრკანიანმა პოლიციელმა, დარენ ვილსონმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ეს მისურის შტატში, ფერგიუსონში მოხდა. შემთხვევის გარემოებები დღემდე დავის საგანია. ზოგიერთი ირწმუნება, რომ ბრაუნი პოლიციელს დაემორჩილა და ხელები მაღლა ასწია. ბატონი ვილსონის მტკიცებით, შემთხვევის მსხვერპლმა ხელი გაარტყა. მისკენ აგრესიულად გაიწია, პოლიციელისათვის იარაღის წართმევა სცადა და საკუთარი ქამრისკენ ხელი საეჭვოდ წაიღო (რამაც ვილსონს შეუქმნა შთაბეჭდილება, რომ ბრაუნი იარაღის მომარჯვებას აპირებდა). ფერგიუსონის შემთხვევას რამდენიმეკვირიანი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. იუსტიციის დეპარტამენტმა ბატონი ვილსონი გაამართლა, მაგრამ პოლიციელებს უნიფორმაზე დამაგრებული კამერების ტარების ვალდებულება დაეკისრათ.
2020 წლის 25 მაისს მინეაპოლისის პოლიციის ოფიცერი დერეკ შოვინი ხელბორკილებით გაკავებულ, უიარაღო, შავკანიან მამაკაც ჯორჯ ფლოიდს მუხლით ყელზე 9 წუთის განმავლობაში აწვებოდა. შედეგად, ჯორჯ ფლოიდი ასფიქსიით გარდაიცვალა. შემთხვევის ვიდეოკადრების გავრცელებას ხანგრძლივი საპროტესტო გამოსვლები მოყვა და საზოგადოებამ პოლიციის რეფორმის აუცილებლობა ირწმუნა. საპროტესტო აქციებზე პოლიტიკოსებს მოუწოდებდნენ − ,,შეუკვეცეთ პოლიციას დაფინანსება“ (defund the police). ამ მოწოდებამ აქტუალობა მალე დაკარგა, მაგრამ ზოგიერთმა დემოკრატმა გუბერნატორმა და კანონმდებლებმა პოლიციის კონტროლისა და გამჭვირვალობის ინიციატივები წამოაყენეს. მომავალი წელი გვიჩვენებს, თუ რამდენად ფართო იქნება ცვლილებები.
ამერიკის 18 000 სამართალდამცავი სააგენტოდან მხოლოდ რამდენიმეა ფედერალური. უმეტესობა შტატების ქალაქებისა და საგრაფოების დაქვემდებარებაში იმყოფება. თუმცა, ფედერალურ მთავრობას პოლიციის რეფორმისათვის ორი რამის გაკეთება შეუძლია: უპირველესად, ეს არის ფედერალური კანონის ცვლილება. მაგალითად, ივნისის თვეში დემოკრატების მიერ წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, პოლიციის მიერ ეჭვმიტანილის მოხრჩობითი გაკავების ტაქტიკა (chokehold) სამოქალაქო უფლებების დარღვევად მიიჩნევა. სააგენტოები, რომლებიც მსგავს ძალადობრივ პრაქტიკას არ აკრძალავენ, ფედერალურ დაფინანსებას ვერ მიიღებენ. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს პოლიციელების პერსონალური საკანონმდებლო დაცვის პირობების გადახედვას და დამატებით ფედერალურ დაფინანსებას დეპარტამენტებისათვის, რომლებიც რასობრივ პროფილირებას კრძალავენ.
ფედერალური სამსახურების მეორე შესაძლო ნაბიჯი სამართლებრივი კონტროლის განხორციელებაა. იუსტიციის დეპარტამენტს იმ პოლიციის დეპარტამენტების საქმიანობის შესწავლა შეუძლია, რომლებსაც არასწორ ქმედებებში და მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შელახვაში ადანაშაულებენ. ასეთი დარღვევების შემთხვევაში, იუსტიციის დეპარტამენტი პოლიციის ადგილობრივ დეპარტამენტებთან მორიგების შეთანხმებებს აფორმებს. მორიგება რეფორმის დეტალურ გეგმას მოიცავს, რომელსაც მეთვალყურეობას ფედერალური მოსამართლე უწევს. ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას, მსგავსი პრაქტიკა ხშირად გამოიყენებოდა. ასეთი გზით, საპოლიციო რეფორმა 20 ადგილობრივ სამართალდამცავ სტრუქტურაში განხორციელდა. დონალდ ტრამპმა ამ მექანიზმის გამოყენება შეაჩერა. ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ შესაბამის პრაქტიკას კვლავ გამოიყენებს.
ზოგიერთი გუბერნატორი და შტატის კანონმდებელი უკვე ამოქმედდა. ამერიკის სამართალდამცავი ორგანოების ნახევარზე მეტმა ოფიცრების გარკვეული რაოდენობა უნიფორმაზე დამაგრებული კამერებით აღჭურვა. მინიმუმ ექვსმა შტატმა შესაბამისი საყოველთაო კანონი მიიღო. ნიუ იორკი მათ რიგებს ივნისში შეუერთდა. აქ ეჭვმიტანილების დაკავებისას ძალადობრივი გაკავების პრაქტიკაც აიკრძალა (იმის მსგავსი, რომელმაც ჯორჯ ფლოიდის სიცოცხლე იმსხვერპლა). ნიუ იორკში დამოუკიდებელი სამსახურიც შეიქმნა, რომელიც პოლიციის მიერ ძალის გადამეტების და არასათანადო მოპყრობის ბრალდებებს გამოიძიებს. ტაბელური იარაღის გამოყენების შესახებ პოლიციის ოფიცრებმა 6 საათის განმავლობაში უნდა აცნობონ; გაუქმდა კანონი, რომელიც პოლიციელთა დისციპლინური გადაცდომების საიდუმლოებას უზრუნველყოფდა. შტატის სასამართლოები წვრილმან სამართალდარღვევებთან დაკავშირებით დემოგრაფიული მონაცემების შეგროვებასა და გამოქვეყნებას უზრუნველყოფენ. ამგვარად, საზოგადოებას შეეძლება (მაგალითად) განსაზღვროს, რამდენად დისპროპორციულია პოლიციის მიერ გზებზე შემოწმებისთვის შეჩერებული არა-თეთრკანიანი მძღოლების რაოდენობა. პოლიციის ანგარიშვალდებულება კოლორადოს შტატშიც გაიზარდა. ნიუ ჯერსიში, დეპარტამენტებს იმ პოლიციელთა გამოვლენა ევალებათ, რომლებსაც დისციპლინური სასჯელი დაეკისრათ. სხვა მსგავსი მაგალითებიც უხვადაა, განსაკუთრებით დემოკრატების მიერ კონტროლირებად შტატებსა და ქალაქებში.
ბევრი სამოქალაქო აქტივისტისათვის ეს მხოლოდ დასაწყისია. თავიდან ხშირად ისმოდა მოწოდებები პოლიციის გაუქმების ან დაფინანსების შეწყვეტის შესახებ, თუმცა ახლა უფრო ბევრი კონკრეტული მოთხოვნაა. ორგანიზაცია Campaign Zero-ს დაარსება ფერგიუსონის ტრაგიკული მოვლენების გამოძახილი იყო. ორგანიზაცია რვა საპოლიციო ცვლილებისთვის იბრძვის, რომლებიც სამართალდამცავთა ძალადობას დაახლოებით სამი მეოთხედით შეამცირებს (მათი მტკიცებით). ეს ჩამონათვალი მოიცავს მოხრჩობითი გაკავების აკრძალვას, მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიმართულებით სროლის აკრძალვას, ცეცხლის გახსნამდე განმუხტვისა და გაფრთხილების ვალდებულებას. Campaign Zero ასევე ამტკიცებს, რომ მოძალადე პოლიციელების შეჩერების ვალდებულება თვით პოლიციას უნდა ჰქონდეს. კოლეგების მხრიდან ყოველი გადაცდომის ან მუქარის შესახებ, პოლიციელებმა შესაბამისი ფორმის ანგარიში უნდა წარადგინონ.
ყველა ეს რეფორმა საღი აზრიდან მომდინარეობს, თუმცა პოლიციის დეპარტამენტების განსაკუთრებული წინააღმდეგობა თვალშისაცემია. მსგავსი ცვლილებების განხორციელების ალბათობა გაცილებით დიდია დემოკრატთა ხელისუფლების პირობებში.
ჯონ ფასმანი, ვაშინგტონის კორესპონდენტი, The Economist, ნიუ იორკი