იარაღის კონტროლი
ჩინური ზოდიაქოს მიხედვით, 2020 ვირთხის წელი იყო. ამერიკაში ეს იარაღის წელიწადი გახლდათ. 2020 წელს შტატებში უფრო მეტი იარაღი გაიყიდა, ვიდრე წარსულის ნებისმიერ შესაბამის პერიოდში. კორონავირუსისა და სოციალური დაძაბულობით გამოწვეულ, ფართოდ გავრცელებული შფოთის ფონზე, ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვების მოცულობა 5 მილიონი ერთეულით გაიზარდა − აღნიშნავენ ფილიპ ლევინი და რობინ მაკ-ნეითი, უელესლის კოლეჯის პროფესორები. გასული წლის პირველი 9 თვის განმავლობაში, ამერიკელების მიერ იარაღის შეძენისათვის ფედერალური შემოწმების პროცედურების ჩასატარებლად, 29 მილიონი მიმართვა დაფიქსირდა. ეს 84%-ით მეტია, ვიდრე შესაბამის პერიოდში, 5 წლის წინ (შემოწმების პროცედურების რაოდენობა ყოველთვის იარაღის შეძენას არ ნიშნავს). პირველად ისტორიაში, იარაღის ყიდვის მსურველები რიგებში ჩადგნენ, რომლებიც უფრო როკ-კონცერტებთან ასოცირდებიან, ვიდრე საცალო ვაჭრობასთან.
ერთ სულ მოსახლეზე იარაღის მფლობელთა რაოდენობით, ამერიკა უკვე ერთპიროვნული მსოფლიო ლიდერია. ქვეყანაში უფრო მეტი იარაღია, ვიდრე ადამიანი. მასობრივი სროლები უფრო ხშირად ხორციელდება, ვიდრე სხვა ნებისმიერ მდიდარ ქვეყანაში. თუ ვამბობთ, რომ 2020 იარაღის წელი იყო, 2021 გახდება წელი, როდესაც იარაღის კონტროლის საკითხი უფრო მეტ ყურადღებას მიიქცევს. ამ თვალსაზრისით, მზერა ოთხი მიმართულებით უნდა მივაპყროთ.
პირველი თეთრი სახლია. პრეზიდენტის რანგში მყოფი დონალდ ტრამპი იარაღის მომხრეებთან კეკლუცობდა და არსებული შეზღუდვების გაუქმებას ყოველთვის ცდილობდა. საპირისპიროდ, ჯო ბაიდენი ფოკუსირებას იარაღის შეზღუდვაზე გააკეთებს. 1990 წელს, მაშინდელმა სენატორმა, ბატონმა ბაიდენმა ამჟამად მოქმედი ფედერალური შემოწმების სისტემის დანერგვას და საბრძოლო იარაღის გაყიდვის აკრძალვას (აკრძალვის ვადა 2004 წელს ამოიწურა) შეუწყო ხელი. პრეზიდენტის რანგში, იგი ასეთი აკრძალვის კვლავ გამოყენების პირობას იძლევა, თუმცა პოლიტიკურად ეს სადავო იქნება. უფრო მოსალოდნელია, რომ ახალმა პრეზიდენტმა ფედერალური შემოწმების მექანიზმები გააძლიეროს.
მეორე: თვალყური ადევნეთ უმაღლეს სასამართლოს. კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის და ,,იარაღისათვის ბრძოლის“ ავტორის, ადამ ვინკლერის აზრით, ბოლო არჩეულმა მოსამართლემ, ემი კონი ბარეტმა შესაძლოა იარაღის კონტროლის ძველ კანონებს გადახედოს. მაგალითად, იმ სხვადასხვა კანონში ეჭვის შეტანა, რომლებიც სამართალდამრღვევთა იარაღის ფლობას კრძალავს და მენტალური დარღვევების მქონე პირებისათვის მათ ჩამორთმევას ითვალისწინებს. იარაღზე კონტროლის გამკაცრების მომხრეთათვის, ეს ცუდი ამბავია. ისტორიულად, უმაღლესი სასამართლო მეორე შესწორების გადახედვასთან დაკავშირებული საქმეების განხილვას თავს არიდებდა. მხოლოდ 2020 წლის გაზაფხულზე სასამართლომ ათი ასეთი საქმის განხილვაზე თქვა უარი, თუმცა ემი კონი ბარეტის დანიშვნის შემდეგ, შესაძლოა არსებული პრაქტიკა შეიცვალოს.
მესამე: თვალყური ადევნეთ ცალკეულ შტატებს. ,,ლურჯი“ შტატები, როგორიცაა კალიფორნია, უფრო მკაცრი შემზღუდავი კანონების მიღებას ეცდება. საპირისპიროდ, ◊წითელ“ შტატებში იარაღის შეძენისა და ფლობის წესების გამარტივების მცდელობებს ვიხილავთ. უამრავი მასობრივი სროლის შემდეგ, იარაღის მიმართ ამერიკელთა დამოკიდებულება შეიცვალა. სწორედ ამის დასტურია ის უპრეცედენტო ყურადღება, რომელსაც ადგილობრივი და ფედერალური პოლიტიკოსები იარაღის კონტროლის საკითხს უთმობენ − აღნიშნავს ჯოზეფ საკრანი, ქირურგი და სოციალური აქტივისტი.
მეოთხე: მხედველობიდან არ გამოგრჩეთ მეთოფეთა ნაციონალური ასოციაცია (NRA). ეს ორგანიზაცია ამერიკული პოლიტიკის მძლავრი შემადგენელი ნაწილია. არაკომერციული ასოციაცია იარაღის კონტროლის მცდელობებს წარსულში ყოველთვის თავს ესხმოდა, მაგრამ 2021 წელს თვითონ გახდება შეტევების სამიზნე. ნიუ იორკის გენერალურმა პროკურორმა ორგანიზაციას უჩივლა და მის დახურვას ითხოვს. შემოსავლების სამსახური NRA-ს ხელმძღვანელის შესაძლო საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს. ეს აქტივობები იარაღის კონტროლის პოლიტიკის ირგვლივ გაჩაღებულ ბრძოლაზეც აისახება. გრძელვადიან ჭრილში, შესუსტებული NRA-ს პერსპექტივები სახარბიელოდ არ მოჩანს.
ალექსანდრა სუიჩი, Bass-ის უფროსი კორესპონდენტი, პოლიტიკა, ტექნოლოგიები და საზოგადოება, The Economist, დალასი