რღვევა, დეფიციტი და შემწეობა

ბრიტანეთის ეკონომიკისათვის 2021 უცნაური წელი იქნება. მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური ზრდა ათწლეულებში ყველაზე მაღალი აღმოჩნდება. თუმცა, მაღალი უმუშევრობისა და უზარმაზარი დეფიციტის პირობებში, ქვეყანას კრიზისის განცდა მოიცავს.

წელი სავაჭრო შოკით დაიწყება, როდესაც ბორის ჯონსონის მთავრობა თავის დაპირებას (,,განახორციელე ბრექსიტი“) შეასრულებს: ევროპის ერთიანი ბაზრისა და საბაჟო კავშირის ფარგლებში ბრიტანეთის გარდამავალი პერიოდი 2020 წლის 31 დეკემბერს იწურება. გრძელვადიან კონტექსტში, შეთანხმების გარეშე გასვლასა და მთავრობის მიერ მცირე, სპეციფიკური სავაჭრო შეთანხმებების გაფორმების მიდგომას შორის მნიშვნელოვანი შედეგობრივი სხვაობა არ იქნება. ამ ორივე მიდგომის მოკლევადიანი ეფექტი რღვევა იქნება. ავტომწარმოებლებისა და ავიაინდუსტრიის საქმიანობა ,,ზუსტად დროში“ (just-in-time) პროცესებსა და ევროკავშირის ფარგლებში თავისუფალ გადაადგილებას ემყარებოდა. მათ ადაპტირება გაუჭირდებათ. სავაჭრო ქსელებს ზოგიერთ საქონელზე დეფიციტი წარმოეშობათ, ვინაიდან შეუფერხებელი საბაჟო პროცედურების დახვეწას გარკვეული დრო დასჭირდება.

ამავე დროს, უნდა აღინიშნოს შემდეგი: 2016-2020 წლებში ბრიტანული პოლიტიკისა და ეკონომიკის უმთავრესი საკითხი ბრექსიტი იყო, მაგრამ 2021 წელს COVID-19-ის შემდგომი აღდგენის თემა წინა პლანზე აღმოჩნდება. 2020 წლის პირველ ნახევარში, ბრიტანული ეკონომიკა საუკუნის ყველაზე ღრმა რეცესიის პერიოდში აღმოჩნდა. აღდგენის პირველი ეტაპი შედარებით სწრაფი იყო, მაგრამ წლის ბოლოსათვის ეს პროცესი შენელდა. აპრილი-ოქტომბრის პერიოდში განხორციელებულმა სამთავრობო ღონისძიებებმა პანდემიის ადრეულ ეტაპთან დაკავშირებული უმუშევრობის დონის დაწევა განაპირობა. თუმცა, დასაქმების ზრდის ტემპი კვლავ დაბალია და უმუშევრობის მაჩვენებელი უმაღლეს ნიშნულზეა 1990-იანი წლის შემდეგ.

სოციალური დისტანცირების რეგულაციები და დისტანციურად მუშაობის პოლიტიკა განსაკუთრებით ნეგატიურად აისახება ისეთ შრომატევად დარგებზე, როგორიცაა საცალო ვაჭრობა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორი. ასეთ პირობებში, 2021 წელს უმუშევრობა სტაბილურად მაღალ დონეზე იქნება. 2020 წლის შემოდგომაზე წარმოდგენილ იქნა kick-start-სქემა, რომლის მიზანია ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა. 2021 წელს, უმუშევრობის წინააღმდეგ სამთავრობო ფინანსური ორგანოების გააქტიურებასთან ერთად, მსგავს ხელშეწყობის სქემებს კიდევ უნდა ველოდოთ.

მუდმივად მაღალი საბიუჯეტო დეფიციტი შიშს წარმოშობს, მაგრამ ამ პრობლემის მოსაგვარებლად გადადგმულ ნაბიჯებს ნაკლებად ვიხილავთ. სასესხო განაკვეთის დაბალი ნიშნულის პირობებში, ფინანსთა მინისტრი, რიში სუნაკი პარლამენტში მხოლოდ სამომავლო მკაცრი ზომების აუცილებლობაზე საუბრით შემოიფარგლება. როგორც მინიმუმ, 2022 წლამდე ფისკალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამკაცრება სერიოზულად მოსალოდნელი არ არის. სანაცვლოდ, 2021 წლის გაზაფხულისა და შემოდგომის ბიუჯეტების დამტკიცებამდე, სტანდარტული განხილვების მომსწრენი გავხდებით შემდეგ თემებზე: პენსიები, თვითდასაქმებული და მაღალშემოსავლიანი პირების შემოსავლებზე საგადასახადო განაკვეთების გაზრდის აუცილებლობა. უახლოესი პერიოდისათვის გადასახადების ზრდა ფინანსთა სამინისტროს მიერ უარყოფილი იქნება. ამავე დროს, სახელმწიფო დანახარჯების ფოკუსირება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოხდება. პრემიერი და ფინანსთა მინისტრი, ამ პროცესში დაბალანსების დღის წესრიგის შესრულებას შეეცდებიან, რაც ბრიტანეთის შედარებით ჩამორჩენილი რეგიონების უპირატეს ხელშეწყობას გულისხმობს.

მომავალი წლის მეორე ნახევარში, პოლიტიკოსთათვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება გადახდისუუნარობის შემთხვევების ტალღა მთავრობის მიერ მხარდაჭერილ სტიმულირების სესხებზე. მცირე და საშუალო ბიზნესისათვის განკუთვნილი ეს მხარდამჭერი სქემა 2020 წლის მაისში ამოქმედდა და 50 000 გირვანქამდე (65 000 აშშ დოლარი) საბანკო სესხებზე ფინანსთა სამინისტროს მიერ 100-პროცენტიანი სამთავრობო გარანტირების შეთავაზებას ითვალისწინებდა.

სახელმწიფო გარანტიების პირობებში, ბანკებს მსესხებლების დეტალური შესწავლის საჭიროება ნაკლებად ჰქონდათ და სესხებს უფრო თამამად გასცემდნენ. სქემის პირველი 5 თვის განმავლობაში, საკრედიტო დაფინანსების მოცულობამ 38 მილიარდი გირვანქა, ხოლო ბენეფიციართა რაოდენობამ 1.6 მილიონი შეადგინა. ამ სესხების ეტაპობრივი დაფარვა 2021 წლის მაისში უნდა დაიწყოს. ბანკირები შიშობენ, რომ გაცემული სესხების დაახლოებით 40%-ის შემთხვევაში, გადახდისუნარიანობის პრობლემა სწრაფად დადგება. მთავრობას ასიათასობით მეწარმესთან გადახდისუუნარობის შესახებ სასამართლო დავის წარმოება, ან მილიონობით გირვანქის ვალდებულებების ჩამოწერა (სესხების გრანტებად კონვერტირების გზით) მოუწევს.

პანდემიასთან და ბრექსიტთან დაკავშირებული მიწოდების ჯაჭვების რღვევის მიუხედავად, ინფლაცია დაბალ დონეზე შენარჩუნდება. შრომის სუსტი ბაზარი ხელფასების ზრდას შეაფერხებს, ხოლო მოთხოვნა კვლავ არამყარი იქნება. ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთს 0,1%-იან ნიშნულზე შეინარჩუნებს და რაოდენობრივი შერბილების პროგრამას, დიდი ალბათობით, გააფართოებს. ასევე, ნებისმიერი ახალი ეკონომიკური შოკის საპირისპიროდ ნეგატიურ საპროცენტო განაკვეთს უნდა ველოდოთ.

2021 წლის ბოლოსათვის ეკონომიკა 2020 წლის პირველი ნახევრის დანაკარგებს, დიდწილად, აინაზღაურებს. თუმცა, მანამდე მაღალი უმუშევრობა, ბევრად მეტი სახელმწიფო ვალი და ,,იარები“ იქნება, რომელთა ,,მოშუშებას“ შესაძლოა წლები დასჭირდეს.

დანკან ველდონი, ბრიტანეთის ეკონომიკის კორესპონდენტი, The Economist