მდგომარეობის გამოსწორება
ბრიტანეთის მთავრობის გულში, უაით ჰოლის 70-ში მდებარე შენობაში, ინტერიერის დიზაინერებმა დიდი სამუშაო გასწიეს. ოთახები საერთო სამუშაო მაგიდებით და დროის რეალურ რეჟიმში მონაცემების ამსახველი ეკრანებით აღიჭურვა. საჯარო მოხელეები, რომლებსაც ოფისის შენობა ეკავათ, დაითხოვეს. სანაცვლოდ, აქ ბორის ჯონსონის უახლოესი თანაშემწეები გამოჩნდნენ. ბატონი ჯონსონის წინააღმდეგობრივმა მრჩეველმა, დომინიკ კამინგსმა ოფისი მოიხსენია, როგორც ,,მისიების კონტროლის ცენტრი, NASA-ს სტილში“.
მთავრობიდან ხერხისა და ჩაქუჩის ხმას მომავალი წლის განმავლობაშიც გავიგებთ. დეპარტამენტები რესტრუქტურიზაციას დაექვემდებარებიან. საჯარო მოხელეებს ეტყვიან, რომ მაქსიმალური მობილიზება მოახდინონ. ,,კულტურის ცვლილება“ საჯარო სექტორის ზედა დონეზე დაიწყება და ქვემოთ გაგრძელდება. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, მთავრობის არასათანადო რეაგირებამ აჩვენა, რომ მოსაზრება ბრიტანეთის ,,როლს როისის დონის საჯარო სამსახურის“ შესახებ მითია. პანდემიამ ბრექსიტთან დაკავშირებული ოთხწლიანი პრობლემებით აღსავსე პერიოდი დააგვირგვინა. ამ ორივე მოვლენამ აჩვენა, რომ მმართველი კლასი და ინსტიტუციები ჩვეულებრივ ადამიანებთან მიმართებაში გაუცხოებულნი არიან.
რეფორმები ორი მიზნის ურთიერთკავშირის აღდგენას მოემსახურება: მთავრობის მოდერნიზება და ფართო მასებთან მჭიდრო კავშირის აღდგენა. საჯარო სამსახური გენერალისტების ძველ მოდელს ზედმეტად ეყრდნობა: რეკრუტებს პირდაპირ უნივერსიტეტებიდან იღებენ. შემდგომში ისინი დეპარტამენტიდან დეპარტამენტში გადაჰყავთ. მთავრობა უფრო მეტი სპეციალისტის მოზიდვას შეეცდება (განსაკუთრებით, მათემატიკური და სამეცნიერო განათლებამიღებული პირები). მათ ,,მაღალი მწარმოებლურობის გუნდებში“ მუშაობისთვის წაახალისებენ. როგორც ინსტიტუციურად, ისე კულტურულად. საჯარო სამსახური კვლავ მდიდარ სამხრეთ-აღმოსავლეთს ეყრდნობა. მთავრობა შეეცდება დეპარტამენტები ლონდონის გარეთ გაიტანოს.
საკითხს ორი ასპექტი აქვს: ფართოდ გავრცელებული შეგრძნება, რომ ბრიტანულ სახელმწიფო მექანიზმს შეკეთება ესაჭიროება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაზე ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი სულ უფრო მყარდება, თუმცა რეფორმირების რამდენიმე პრობლემური საკითხის ირგვლივ, სახელმწიფო სისტემის წინააღმდეგობას უნდა ველოდოთ. ბატონი ჯონსონი ფოკუსირებას ზოგად სურათზე ახდენს. წარმატების მიღწევა მას იმ პროფესიონალებთან ერთად შეუძლია, რომლებიც დეტალებზე და იმპლემენტაციაზე იქნებიან კონცენტრირებულნი. თუმცა ბატონმა ჯონსონმა თავის კაბინეტში, მეტწილად საშუალო გაქანების ადამიანები შეიყვანა (ძირითადად, ბრექსიტის წყალობით). ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი შეფის სუსტი მხარეები შეავსონ, ისინი უბრალოდ თავიანთ ახალ ხარვეზებს ქმნიან.
სახელმწიფო რეფორმების თვალსაზრისით, ბატონი ჯონსონის უახლოესი თანაშემწეები არიან ლანკასტერის საჰერცოგოს კანცლერი მაიკლ გოუვი და წინააღმდეგობრივი ბატონი კამინგსი. მათ საშუალო გაქანების ადამიანებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ორივე კონფლიქტებისა და ქაოსის ფონზე აღზევდა. ბატონმა კამინგსმა ერთხელ განაცხადა, რომ საჯარო სექტორს ,,თავსხმა წვიმა“ დაატყდებოდა. ბევრი კრიტიკის შემდეგ, ნოემბერში მას პოსტის დატოვება მოუწია და ახლა ეს მისია ბატონ გოუვს ეკისრება.
მაქს ვებერის ფრაზას თუ დავესესხებით, სამთავრობო რეფორმას ,,მყარი პლასტების მძლავრი და ნელი ბურღვა“ ესაჭიროება. სახელმწიფო სისტემის განახლების საჭიროებების შესახებ მთავრობას ზოგადი აღქმა აქვს. შეძლებენ თუ არა პოლიტიკოსები ამ ,,ნელ ბურღვას“, 2021 წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეკითხვა იქნება.
ადრიან ვულდრიჯი. პოლიტიკური რედაქტორი და Bagehot-ის მესვეტე, The Economist