ინტენსიური თერაპია
სახელმწიფო ჯანდაცვის სამსახური ბრიტანელ ხალხს ყოველთვის უყვარდა. თუმცა ამ გრძნობის ახლანდელი ხარისხით დემონსტრირება იშვიათად თუ მომხდარა. პანდემიის პირველი ტალღის დროს, NHS-ის მხარდამჭერი ბანერები ქუჩებსა და ფანჯრებში იყო გამოფენილი. ჯანმრთელობის სამსახურთან დაკავშირებულმა საქველმოქმედო ორგანიზაციებმა ფულადი შემოწირულობები რეკორდული ოდენობით მიიღეს.
NHS ერთ-ერთი მცირეთაგანი იყო ბრიტანეთის სახელმწიფო სტრუქტურებიდან, რომელმაც პანდემიის პირველი ტალღისას რეპუტაციის შენარჩუნება მოახერხა. 2021 წელს, უწყებას სხვა ტიპის გამოწვევა ექნება: ჯანდაცვის სტანდარტული სერვისების მიწოდება, covid-19-ით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის მკვეთრ ზრდაზე რეაგირების მზადყოფნით. სტანდარტის გადახედვის გარეშე, ბალანსის შენარჩუნება ვერ მოხერხდება.
პანდემიამდეც კი, NHS-ის მდგომარეობა სახარბიელო არ იყო. უწყებას მკაცრი ეკონომიის პირობებში არსებობა არ უწევდა, მაგრამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაფინანსება უფრო დაბალი ტემპით იზრდებოდა, ვიდრე ეს არსებული სტანდარტის დასაკმაყოფილებლად იყო საჭირო (ეკონომისტთა გაანგარიშების შესაბამისად). უშუალოდ კრიზისის დაწყებამდე, მიღებიდან 4 საათის განმავლობაში, გადაუდებელი დახმარების განყოფილების ვიზიტორების მხოლოდ 85%-ის შემოწმება ხერხდებოდა. შესაბამისი სამიზნე მაჩვენებელი 95%-ს შეადგენდა.
NHS-ის რეალობა გავრცელებული აღქმისგან ძალიან განსხვავდება. სისტემა კარგია დანახარჯების შემცირების თვალსაზრისით. ინგლისი ჯანდაცვაზე საშუალოდ უფრო ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე სხვა მდიდარი ქვეყნები. თუმცა, ეს ხარისხის გაუარესებასაც ნიშნავს.
წარსულის ზედმეტი მომჭირნეობა 2021 წელს პრობლემებს გამოიწვევს. მთავრობამ NHS-ისათვის ფულადი ინიექციები არ დაიშურა. მიღებული სახსრები განკუთვნილია ისეთი მიზნებისათვის, როგორიცაა კერძო კლინიკებისათვის საწოლი ადგილების გამოყენების ანაზღაურება. თუმცა, ჯანდაცვის კვლევითი ორგანიზაცია Nuffield Trust-ის ანალიზის მიხედვით, სხვა მდიდარი ქვეყნების უმრავლესობასთან შედარებით, ბრიტანეთის რესურსები შეზღუდულია: ბევრი საავადმყოფო მოძველებულია, არ გააჩნიათ ერთადგილიანი პალატები ან ღია საერთო სივრცეები (პაციენტებს შორის კონტაქტების შეზღუდვისათვის).
როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი ბიუროკრატიული სტრუქტურა მსოფლიოში, NHS მოუქნელია, თუმცა covid-19-ის პირველი დარტყმისას უწყებამ უჩვეულო მოქნილობა გამოიჩინა და პანდემიაზე ელვისებრი სისწრაფით ფოკუსირდა. ახლა სხვა ამოცანაა − ამ ტრანსფორმაციის შედეგად მიღწეული ეფექტიანობის შენარჩუნება. წლების განმავლობაში, მინისტრები ექიმების მიერ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობას ცდილობდნენ. ინფექციის რისკის შემცირების აუცილებლობიდან გამომდინარე, ოჯახის ექიმთან კონსულტაციების 44% ახლა ტელეფონით ან ინტერნეტით ხდება. ჯანდაცვის მდივანმა მეტ ჰენკოკმა აღნიშნა, რომ ძველი პრაქტიკის დაბრუნება აღარ მოხდება.
ამ ცვლილებებს ძალიან დიდი ეფექტის მოხდენა შეუძლია. პირადი დაცვის საშუალებებისა და სუფთა ოთახების საჭიროება დღის განმავლობაში მიღებული პაციენტების რაოდენობას ამცირებს. პანდემიის პიკზე უამრავი სამედიცინო პროცედურის გადადების საჭიროება დადგა. ზაფხულშიც კი, როდესაც COVID-19-ის შემთხვევების შემცირება აღინიშნებოდა, არჩევით სტაციონარულ მკურნალობათა რაოდენობა პანდემიის წინა პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით განახევრებული იყო. იგივე პერიოდისათვის, სადიაგნოსტიკო ტესტების რაოდენობა ნორმალური მაჩვენებლის სამ მეოთხედს შეადგენდა.
შედეგად, სამედიცინო სერვისებზე პაციენტთა გრძელ რიგებს მივიღებთ. აგვისტოს თვისათვის, 111 035 ადამიანი მკურნალობის მომლოდინეთა სიაში წელიწადზე მეტი ვადით ფიქსირდებოდა. 2020 წლის იანვარში იგივე მაჩვენებელი 1643-ს შეადგენდა. დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი სამედიცინო მომსახურებას 18 კვირაზე მეტხანს ელოდებოდა. თავდაპირველად, უკმაყოფილება ნაკლებად იგრძნობოდა. ხანგრძლივი ლოდინის აუცილებლობას ადამიანები COVID-19-ის გამოწვევებით ამართლებდნენ. თუმცა, მოთმინება უსაზღვრო არ არის. პოლიტიკოსები NHS-ისათვის უფრო მეტ დაფინანსებას მოიძიებენ, თუმცა გამოწვევებზე უფრო სწრაფი რეაგირების უზრუნველყოფისათვის, ისინი უწყების საქმიანობის უფრო მეტად გაკონტროლებას შეეცდებიან. უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკოსთა მიზანი ბრიტანელების საყვარელი ჯანდაცვის სამსახურის ღალატის ბრალდების თავიდან აცილება იქნება.
ჰემუშ ბირელი, საჯარო პოლიტიკის კორესპონდენტი, The Economist