ერთიანობადაკარგული სამეფო

გაერთიანებული სამეფოს, ინგლისის, შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის კავშირი სახარბიელო მდგომარეობაში არ არის. 2021 და უახლოეს წლებში ერთიანობის კოლაფსი არ მოხდება. ავადმყოფობა უფრო ქრონიკული და არა მწვავე ფორმისაა. თუმცა, ლონდონის ურთიერთობა სხვა ნაციონალურ დედაქალაქებთან გაუარესდება. 20 წლის განმავლობაში, იუნიონიზმსა და სეპარატიზმს შორის დაძაბულობას უფლებამოსილებების გადანაწილების შესახებ შეთანხმება ანელებდა. ამ შეთანხმების მიხედვით, ედინბურგში, კარდიფსა და ბელფასტში ადგილობრივი პარლამენტები კანონშემოქმედებით საქმიანობას ეწევიან. ეს სისტემა ახლა მხარეთა თავდასხმების სამიზნე აღმოჩნდება.

კავშირის შენარჩუნების საკითხი ყველაზე დიდ გამოძახილს ჩრდილოეთ ირლანდიაში ჰპოვებს. 2021 წელს ირლანდიის გაყოფიდან და ჩრდილოეთ ირლანდიის შექმნიდან საუკუნე სრულდება. ხმაურიანი აღნიშვნა არ იქნება. ბრიტანეთის მთავრობამ კულტურული, სპორტული და საქმიანი ღონისძიებების პროგრამა წარმოადგინა. ირლანდიის გაერთიანების მომხრე, ნაციონალისტური პარტიის Sinn Fein-ის წარმომადგენელი, პირველი მინისტრის მოადგილე, მიშელ ო’ნილი აცხადებს, რომ ,,საზეიმო არაფერია“. ზეიმის მსურველები შესაძლოა იუნინოსტების რიგებშიც ნაკლებად აღმოჩნდნენ.

2019 წლის ოქტომბრის ბრექსიტის ,,განქორწინება“ 1 იანვარს ამოქმედდა. მიუხედავად ბატონი ჯონსონის დაპირებისა, რომ შეუფერხებელი ვაჭრობა შენარჩუნდება, ჩრდილოეთ ირლანდია კვლავ ევროკავშირის საკვებისა და პროდუქციის რეგულაციებს გამოიყენებს. ირლანდიის ზღვის გადაკვეთისას, ტვირთები საბაჟო კონტროლს დაექვემდებარება (მთელი 2020 წლის განმავლობაში ბრიტანელი და ევროპელი მომლაპარაკებლები კამათობდნენ, თუ ვისი წარმომადგენლები განახორციელებდნენ კონტროლს, რომელი საბაჟო პუნქტები უნდა გახსნილიყო და როგორ მოხდებოდა დაბეგვრა). დროთა განმავლობაში, რაც უფრო დაშორდება ბრიტანეთი ევროპას, ჩრდილოეთ ირლანდიის ეკონომიკურ მმართველობაში ნაკლებად ლონდონის და უფრო მეტად დუბლინის სტილი გამოჩნდება. იუნიონისტები შიშობენ, რომ ბრიტანეთიდან ეკონომიკური გამოყოფა მომავალში პოლიტიკური გამოყოფის საწინდარი იქნება.

კავშირისათვის რისკი ნაკლებად მწვავე, მაგრამ ბევრად ხმაურიანი იქნება შოტლანდიაში. 2021 წლის მაისში შოტლანდიის პარლამენტის არჩევნები ჩატარდება. კორონავირუსის პანდემიამ შოტლანდიის მთავრობის დამოუკიდებლობის მაძიებლის იმიჯი გააძლიერა. ბრექსიტი ასევე ასაზრდოებს იდეას, რომ შოტლანდია და ინგლისი სხვადასხვა გზას ადგანან.

რეიტინგის მკვეთრი დაცემის თავიდან აცილების პირობებში, შოტლანდიის ნაციონალისტური პარტია პარლამენტში წარმომადგენელთა რაოდენობას გაზრდის. შოტლანდიის პირველი მინისტრი, ნიკოლა სტარჯონი იტყვის, რომ ეს მანდატია დამოუკიდებლობის თაობაზე ახალი რეფერენდუმის გამართვისათვის. ბორის ჯონსონი ამას უარყოფს. იგი მიუთითებს საკუთარ მანდატზე, როდესაც 2019 წლის არჩევნებისას პირობა დადო, რომ მსგავს რეფერენდუმს შეეწინააღმდეგებოდა. მიცემული პირობის გარდა, უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ჯონსონი რეფერენდუმისგან (რომელმაც შესაძლოა ბრიტანული სახელმწიფო დაშალოს) სარგებელს ვერ მიიღებს. სანაცვლოდ, შეიძლება ვარაუდი, რომ მან ყველაფერი დაკარგოს. ლონდონის თანხმობის გარეშე, რეფერენდუმის დანიშვნის თაობაზე მხარდამჭერთა მოთხოვნებს ქალბატონი სტარჯონი ყურად არ იღებს. იგი განაცხადებს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის, შესაბამისი პროცედურა იურიდიულად უნაკლო უნდა იყოს. შედეგად, ხანგრძლივ და ამაზრზენ გამოუვალ მდგომარეობას მივიღებთ.

ცვლილებები ასევე მოსალოდნელია მაისში დაგეგმილ უელსის საპარლამენტო არჩევნებზე. ლეიბორისტული პარტია, რომელიც პასუხისმგებელი იყო უფლებამოსილებების დელეგირებაზე, უელსში ათწლეულების განმავლობაში დომინირებდა. ლეიბორისტების ხარჯზე პარლამენტში დამატებით ადგილებს მოიპოვებენ კონსერვატორები, რომლებიც ლონდონთან მჭიდრო კავშირს ემხრობიან. საკანონმდებლო წარმომადგენლობას ასევე გაზრდის პარტია Plaid Cymru, რომელიც უელსის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს. რადიკალური იდეებიც წარმოჩნდება: დამოუკიდებლობის მხარდაჭერა კვლავ ბევრად სუსტი იქნება, ვიდრე შოტლანდიაში, თუმცა ამ მხარდაჭერის ზრდა გამორიცხული არ არის. ასევე, რადიკალური მემარჯვენეების წრეებში, ადგილობრივი პარლამენტის გაუქმების იდეაც შესაძლოა მოძლიერდეს.

ბატონი ჯონსონის გარემოცვაში ფიქრობენ, რომ ადგილობრივი უფლებამოსილებების ეტაპობრივი ზრდის გზით სეპარატიზმის შეკავების 20-წლიანმა წარსულის სტრატეგიამ არ გაამართლა. ბრიტანეთის პრემიერი შეეცდება უაით ჰოლის მმართველი როლი განამტკიცოს. მაშინ, როცა ადგილობრივ ორგანოებს გზებისა და ხიდების მშენებლობისთვის განკუთვნილი, ევროკავშირიდან მიღებული ფონდები სამართავად გადაეცემათ, ბატონი ჯონსონის მთავრობა ფულად სახსრებს გააკონტროლებს. მთავრობა ამის ხმაურიან რეკლამირებას მოახდენს.

ბატონი ჯონსონი შეეცდება გაანელოს განცდა, რომ შოტლანდიაში ყოფნისას მას სტუმრად აღიქვამენ. ბრექსიტი კიდევ ერთ რამეს ნიშნავს: მანამდე, ბრიუსელის პრეროგატივაში არსებულ წესებს შოტლანდიისა და უელსისათვის ახლა ლონდონი დაადგენს. ეს წესები მოიცავს პესტიციდების კონტროლს, კონკურენციის საკითხს და სხვა მრავალს. ეს ძლევამოსილი ცენტრის მიერ ძალაუფლების მიტაცების შესახებ ბრალდებებს გამოიწვევს. პრემიერმინისტრის გუნდი 2016 წლის ბრექსიტის რეფერენდუმის ვეტერანებისაგან შედგება. მომავალ წელს ბატონი ჯონსონისათვის გამოცდა იქნება, შეძლებს თუ არა იგი არაპოპულარული კავშირების წინააღმდეგ ამბოხებათა ისეთივე წარმატებით შეჩერებას, როგორც მათ წინამძღოლობას ახერხებს.

მეტიუ ჰოლჰაუზი, ბრიტანეთის პოლიტიკის კორესპონდენტი, The Economist