უნგრეთის ,,ვიქტატორი“

2021 წლის დასაწყისი უნგრეთისთვის რთული იქნება. Covid-19-ის შედარებით მსუბუქი პირველი ტალღის შემდეგ (2020 წლის გაზაფხულზე), ზაფხულის ბოლოს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება დამძიმდა, ინფიცირებისა და შესაბამისი სიკვდილიანობის მაჩვენებლები მკვეთრად გაიზარდა. ახალი წლის გარიჟრაჟზე ეკონომიკა ჩიხში აღმოჩნდება. მიუხედავად ამისა, პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი უფრო მყარად იქნება თავის სავარძელში, ვიდრე 2010 წელს, მისი ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ.

მორყეული ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყანაში, პანდემიის აჩრდილით შეშინებულმა ბატონმა ორბანმა თითქმის დიქტატორული უფლებამოსილებები მიიღო. შესაბამისი კანონი ქვეყანაში 2020 წლის მარტის მიწურულს დაამტკიცეს. შედეგად, პანდემიის კრიზისის დასრულებამდე, უნგრეთის პირველ პირს ქვეყნის მართვა განკარგულებებით, პარლამენტის გვერდის ავლით შეეძლო.

უფლებადამცველმა ჯგუფებმა, ევროკავშირის კანონმდებლებმა და საერთაშორისო პრესამ აღშფოთება გამოხატეს. ევროკომისია ქვეყანას საბიუჯეტო სანქციებით დაემუქრა. ბატონი ორბანის უფლებამოსილებების თაობაზე ,,უსაფუძვლო“ კრიტიკის გამო, უნგრეთის მთავრობა ახალი ამბების ამერიკული სააგენტოებისგან ბოდიშის მოხდის მოთხოვნასაც აპირებდა. ივნისში მთავრობამ პარლამენტს კანონის უკან გაწვევა სთხოვა.

სინამდვილეში, ბატონმა ორბანმა თავისი უფლებამოსილებების ზრდაზე უარი მხოლოდ მოჩვენებითად განაცხადა. საგანგებო ძალაუფლების შესახებ კანონი პარლამენტმა გააუქმა, მაგრამ ახალი კანონი მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრს იგივე უფლებებს ანიჭებს. უფრო სწორად, ამჯერად შეზღუდვები კიდევ უფრო ნაკლებია.

,,გაზრდილი უფლებამოსილება 250-გვერდიან დოკუმენტშია გაწერილი“, − ამბობს კიმ ლეინ შეპელე, პრინსტონის უნივერსიტეტის საკონსტიტუციო კანონმდებლობის ექსპერტი. ბატონმა ორბანმა ახალი ,,საგანგებო სამედიცინო მდგომარეობის“ ცნება შექმნა, რომლის გამოცხადება მთავრობას პარლამენტის თანხმობის გარეშე შეუძლია. ამგვარი რეჟიმის დაწესების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს მისი გაუქმების შესაძლებლობა არ გააჩნია. ახალი უფლება მთავრობამ დაუყოვნებლივ გამოიყენა და სამედიცინო კლინიკების მართვის სადავეები სამხედრო პირებს გადასცა. ასევე, გაფართოვდა პანდემიის შეკავების მიზნით შექმნილი საგანგებო ორგანოს უფლებამოსილებები. ამ ორგანოს წევრები სამთავრობო კაბინეტის შემადგენლობაში არ შედიან.

თეორიულად, საგანგებო სამედიცინო მდგომარეობის ხანგრძლივობა 6 თვით არის შეზღუდული. პრაქტიკულად, მთავრობას რეჟიმის სურვილისამებრ გახანგრძლივება შეუძლია. როგორც ჩანს, 2021 წელს ასე ორჯერ მოხდება. მსგავსი სცენარი განვითარდა საგანგებო მიგრაციული მდგომარეობის შემთხვევაშიც. შესაბამისი კანონი 2015 წელს იქნა მიღებული და მისი მოქმედება ყოველ ექვს თვეში გრძელდება.

ქალბატონ შეპელეს პროგნოზით, ვიქტორ ორბანი დიდხანს დარჩება. როგორც ჩანს, მისი ძალაუფლებიდან ჩამოშორება მხოლოდ სახალხო აჯანყებას შეუძლია. თუმცა, უნგრელებს აშინებთ ის, თუ რამ შეიძლება ჩაანაცვლოს ორბანის ავტოკრატია. 2022 წლის პირველ ნახევარში უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ეს ეკონომიკური და ჯანდაცვასთან დაკავშირებული სირთულეების წელი იქნება. თუმცა, ბევრისთვის არჩევნების შედეგები საეჭვო როდია. თითქმის დანამდვილებით, ,,ვიქტატორი“ პარლამენტში წევრთა ორი მესამედის კვალიფიციურ უმრავლესობას შეინარჩუნებს.

ვენდელინ ფონ ბრიდოუ, ევროპის ბიზნესისა და ფინანსების კორესპონდენტი, The Economist, ბერლინი