მიჰყევით ფულის კვალს იტალიაში
მომდევნო წელს იტალია ,,ჯეკპოტს“ მიიღებს. ზაფხულისათვის, ევროკომისია კავშირის წევრი ქვეყნებისათვის ფინანსური დახმარების პირველ ტრანშს გასცემს, რომლის მიზანს Covid-19-ით დაზარალებული ეკონომიკების აღდგენის ხელშეწყობა წარმოადგენს. იტალია დახმარების არაპროპორციულად დიდ წილს მიიღებს: ქვეყნის მთავრობის მონაცემებით, 209 მილიარდი ევრო (250 მილიარდი აშშ დოლარი) გრანტისა და სესხის სახით. კომისიის მთლიანი დახმარების პაკეტი 750 მილიარდ ევროს შეადგენს.
ლიკვიდობის ასეთი მასიური ინიექცია უპრეცედენტო იქნება. მსგავსი მოცულობის დახმარება იტალიას მარშალის გეგმის ფარგლებშიც კი არ მიუღია, რომელმაც ომის შემდგომი იტალიის მდგომარეობა სრულიად შეცვალა (შედარებისას, ეკონომიკის ზომა და ინფლაციის გათვალისწინება). ექნება თუ არა ევროკავშირის აღდგენით ფონდს მსგავსი ეფექტი, ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.
უპირველესად, წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორია მთავრობის შეფასება. სახსრების შესაძლო განაწილება ნაწილობრივ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დააზარალა ცალკეული ქვეყნები Covid-19-თან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა 2020 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით. იტალიის მშპ გასული წელთან შედარებით 17.3%-ით შემცირდა. ეს უფრო ცუდი მაჩვენებელია, ვიდრე ევროპისა საშუალოდ, თუმცა უკეთესი საფრანგეთსა და ესპანეთთან შედარებით.
მეორე საკითხი − რამდენად შეძლებს მთავრობა ისეთი პროექტების წარდგენას, რომლებიც ევროკომისიის მოწონებას დაიმსახურებენ. ამ თვალსაზრისით, უპირატესობა ,,მწვანე“ და ციფრულ მიმართულებებს ექნება. მესამე შეკითხვა იმაში მდგომარეობს, თუ რამდენად სრულად მიაღწევს გამოყოფილი სახსრები შერჩეულ პროექტებამდე. დაფინანსების მიმართვის ერთ-ერთი სამიზნე ქვეყნის სამხრეთი ნაწილი − mezzogiorno იქნება. ცნობილია, რომ მთავრობა იტალიის სამხრეთის ჩამორჩენის აღმოფხვრას ცდილობს. შესაბამისი მცდელობები წარსულში უშედეგო აღმოჩნდა. ნაწილობრივ, ეს იმანაც განაპირობა, რომ ფინანსური დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების ხელთ აღმოჩნდა. კრიმინალური ორგანიზაციები იტალიის ლეგალურ ეკონომიკაში ავისმომასწავებლად კარგად არიან ინტეგრირებულნი.
და მაინც, იტალიის სამომავლო პროდუქტიულობას, კონკურენტუნარიანობასა და საერთო კეთილდღეობასთან დაკავშირებული ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა შემდეგში მდგომარეობს: მზად არიან პასუხისმგებელი პირები მიღებული ფინანსური დახმარების კვალდაკვალ იმ სახის მტკივნეული სტრუქტურული რეფორმების გასატარებლად, რასაც ქვეყანა წარმატებით ირიდებდა თავიდან ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში? თავის მხრივ, ეს პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული.
მიუხედავად პარლამენტის ზედა პალატის მყიფე უმრავლესობისა, შედარებით მდგრადია პრემიერმინისტრ ჯუზეპე კონტეს კოალიცია, რომელიც მემარცხენე-ცენტრალურ დემოკრატიულ პარტიას (PD) და ანტიისტებლიშმენტის ,,ხუთი ვარსკვლავის მოძრაობას“ (m5s) მოიცავს. თუმცა, m5s-ის სუსტი წერტილი ნაციონალიზაციაა, ხოლო PD-ს ისტორიული და ემოციური კავშირი აქვს ლეიბორისტულ მოძრაობასთან. ამ უკანასკნელმა იტალიის მოდერნიზაციისა და ეფექტიანობის ამაღლების მცდელობები წარსულში წარმატებით დაბლოკა. არ შეიკავოთ სუნთქვა.
ჯონ ჰუპერი, იტალიისა და ვატიკანის კორესპონდენტი, The Economist, რომი