მაკრონის დამბალანსებელი სვლა
ვის შეუძლია რეალური მეტოქეობა გაუწიოს საპრეზიდენტო რბოლაში ემანუელ მაკრონს? 2021 წლის ბოლოსათვის, მომდევნო გაზაფხულის არჩევნებზე კონკურენტების შესახებ ფრანგებს კარგი წარმოდგენა ექნებათ. ეს პოლიტიკური გათიშულობის წელს ნიშნავს, რადგან ყველა მხარე საკუთარი შანსის გამოყენებას შეეცდება. ელოდეთ ტრაიბალიზმს, კულტურულ ომებს, ოპორტუნისტულ შეტევებს და მაკრონის ბლომად ლანძღვას.
2027 წელს, ბატონმა მაკრონმა მემარცხენე (სოციალისტები) და მემარჯვენე (რესპუბლიკელები) მეინსტრიმული პარტიები ნაციონალურ დონეზე სასტიკად დაამარცხა. თუმცა ამ პარტიებმა რეგიონებში კარგი პოზიციები შეინარჩუნეს. მოსალოდნელია, რომ მაკრონის პარტია La République En Marche! ვერცერთ რეგიონში ვერ გაიმარჯვებს და სტრუქტურულ სისუსტეს აჩვენებს.
ერთ-ერთი საყურადღებო იქნება არჩევნები ო-დე-ფრანსის რეგიონში, ქვეყნის ჩრდილოეთში. რეგიონის მოქმედი პრეზიდენტი, ყოფილი რესპუბლიკელი, ქსავიე ბერტრანი ადგილობრივ არჩევნებს გამოიყენებს, როგორც პლატფორმას 2022 წელს ქვეყნის პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში.
მემარცხენეების საპრეზიდენტო პერსპექტივებს მოქიშპე სოციალისტებისა და ,,მწვანეთა“ საერთო კანდიდატის შესახებ შესაძლო თანხმობა განსაზღვრავს. ცალ-ცალკე მათ გაუჭირდებათ. ახლანდელი სოციალისტური პარტია თავისივე წარსული ვერსიის აჩრდილია. ,,მწვანეებს“ უკეთესი განწყობა აქვთ, რადგან 2020 წელს, რამდენიმე ქალაქის თვითმმართველობის არჩევნებზე წარმატება მოიპოვეს. თუმცა, ძირითადად, მათი მხარდამჭერი ურბანული ზონებით შემოიფარგლება. ყურადღებით დააკვირდით ველოსიპედის მოყვარულ ენ იდალგოს − პარიზის სოციალისტ მერს. მის ხელახალ არჩევაში მწვანეებმა თავისი წვლილი შეიტანეს. თუ ქალბატონი იდალგო პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გადაწყვეტს, ნაციონალურ დონეზე ,,მწვანეების“ მხარდაჭერის მოპოვებას შეძლებს და ქალაქელის იმიჯზე მაღლა დადგება, იგი სერიოზული კანდიდატი იქნება.
მოქმედი პრეზიდენტის შესაძლო კონკურენტები მთელი მონდომებით ცდილობენ თავიდან აიცილონ წინასაპრეზიდენტო არჩევნების გამეორება, როდესაც მეორე ტურში ერთმანეთის პირისპირ ემანუელ მაკრონი და მემარჯვენე რადიკალი მარინ ლეპენი აღმოჩნდნენ. დამარცხების მიუხედავად, ლეპენმა ნაციონალისტების მყარი ბაზა შეინარჩუნა. ეს მხარდაჭერა ადვილად არ განიავდება. ელიტის მიმართ უკმაყოფილებისა და უნდობლობის გაღვივების მიზნით, ქალბატონი ლეპენი ძველ შიშებზე ითამაშებს (მიგრანტების საკითხი) და ახალ საკითხებსაც წამოსწევს (კონსპირაციული თეორიები Covid-19-ის შესახებ).
ყველა მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში მოხვედრილი მაკრონი პოლიტიკური ეკვილიბრიზმის თამაშს ითამაშებს − მარჯვენა და მარცხენა ფლანგების, პარიზისა და რეგიონების ინტერესების დაბალანსება. ოპონენტების წარმოჩენისთანავე, ბატონი მაკრონი მათი პოზიციების დესტაბილიზაციას შეეცდება. პრეზიდენტი საბაზრო ლიბერალის იმიჯის უკუგდებას მოინდომებს და ამ მიზნით 100 მილიარდი ევროს (120 მილიარდი აშშ დოლარი) მოცულობის სტიმულირების გეგმას გამოიყენებს. ხარჯების დაახლოებით მესამედი ეკომეგობრულ პროექტებზე გადანაწილდება. ბატონი მაკრონი ისლამისტი რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს. ამავე დროს, მუსლიმებით დასახლებულ რეგიონებში, იგი დაწყებითი განათლების (ასევე, საერო განათლების) გაუმჯობესების ინიციატივებს წამოაყენებს. გამოკითხვების მიხედვით, მაკრონი სხვა პოლიტიკოსებს პოპულარობით ჩამორჩება, თუმცა ხშირად საუკეთესო შედეგს აჩვენებს მაშინ, როდესაც სხვები საბოლოოდ ჩამოწერილად მიიჩნევენ.
ტურბულენტური წელი კიდევ უფრო საგრძნობი იქნება, როდესაც სახელმწიფო დახმარება შესუსტდება, კომპანიები მუშაობას შეწყვეტენ და სამუშაო ადგილები დაიკარგება. მუდმივად ცვალებად საფრანგეთში სოციალური აჯანყების გამორიცხვა არ შეიძლება. თუმცა, შიდა სირთულეებთან ბრძოლის პარალელურად, საზღვარგარეთ ბატონი მაკრონის პოზიციები გაძლიერდება. შემოდგომაზე, იგი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის წასვლის შემდეგ დარჩენილ სიცარიელეში შეაბიჯებს. საერთაშორისო არენაზე, საფრანგეთის პრეზიდენტი სუპერსახელმწიფოების ჭიდილში და სამეზობლოდან (რუსეთი, თურქეთი, ლიბია და ა.შ.) მომდინარე საფრთხეების პირისპირ ევროპის გავლენის გაძლიერებას შეეცდება. ამ პროცესში ბევრი წინააღმდეგობა გამოიკვეთება. ბატონი მაკრონის დიპლომატიურ აქტივობებს ყველა არ მიესალმება. თუმცა, პოსტბრექსიტის და პოსტმერკელის ეპოქაში მას ლიდერის ფუნქცია ელოდება.
სოფი პედერი, პარიზის ბიუროს ხელმძღვანელი, The Economist, პარიზი