ევროკრატების გადასარჩენად
ევროპის ეკონომიკა 2021 წელში ,,შებობღდება“. პანდემიამ მას ძლიერი დარტყმა მიაყენა. ყველაზე მეტად კონტინენტის სამხრეთის ეკონომიკები დაზარალდნენ. იტალიაში და ესპანეთში წარმოების მოცულობა მეათედით ან უფრო მეტად შემცირდა. აუნაზღაურებელი საშვებულებო სქემების დაბრუნების კვალდაკვალ, ესპანეთში უმუშევრობამ შესაძლოა 20%-ს მიაღწიოს. შედარებისთვის, 2020 წელს გერმანიის ეკონომიკა 5%-ით შემცირდა და (როგორც ჩანს) შედარებით უვნებელი გადარჩა.
სამხრეთისა და ჩრდილოეთის ეს განსხვავება ევროკავშირში ოდესღაც უკმაყოფილებას გამოიწვევდა და სავაჭრო კავშირზე ზემოქმედებას გაზრდიდა. სამხრეთევროპულ ქვეყნებს მაღალი სახელმწიფო ვალის ტვირთი აწევთ და ეკონომიკის სტიმულირების შესაძლებლობები ნაკლები აქვთ (კავშირის ჩრდილოელ წევრებთან შედარებით). თუმცა, 2021 წელი მანამდე არსებულ ტენდენციას დაარღვევს. პირველად ისტორიაში, ევროკავშირი დარღვეული ბალანსის გამოსწორებას შეეცდება და ამისათვის 750 მილიარდი ევროს (888 მილიარდი აშშ დოლარი) მოცულობის ეკონომიკური აღდგენის ფონდს გამოიყენებს. ფონდი ევროკომისიის მიერ გაცემული, წევრი ქვეყნების მიერ ერთობლივად მხარდაჭერილი სესხით შეივსება. დოზირებული დაფინანსება სესხებისა და გრანტების სახით განხორციელდება.
ნაღდი ფულის ინიექციას მძლავრი ეფექტი ექნება. ყველაზე მეტ თანხას ის ქვეყნები მიიღებენ, რომლებსაც ამის ყველაზე დიდი საჭიროება აქვთ (როგორიცაა იტალია და ესპანეთი). ბენეფიციარებს უპირატესად მწვანე ტექნოლოგიებში და ციფრულ ინფრასტრუქტურაში ინვესტირებისთვის წაახალისებენ, რამაც ევროპის ზრდის სუსტი პოტენციალი უნდა გააძლიეროს. ეს მონეტარული პოლიტიკის სტიმულებზე ორიენტირებულთა შენარჩუნებასაც ხელს შეუწყობს. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა პირობა დადო, რომ საპროცენტო განაკვეთებს იმდენ ხანს შეინარჩუნებს, რამდენიც ინფლაციის სამიზნე ნიშნულამდე გაზრდისათვის იქნება საჭირო (2%-ზე ოდნავ ნაკლები). 2021 წლის შუა რიცხვებში დაგეგმილი სტრატეგიის განხილვის დასრულების შემდეგ, შესაძლოა ბანკმა სამიზნეზე მაღალი ინფლაციაც მისაღებად ჩათვალოს (ეკონომიკური გაჯანსაღების სტიმულირებისათვის).
აღდგენითი ფონდის შექმნა ევროკომისიის გაძლიერებას გულისხმობს. ათწლეულების განმავლობაში ამ ორგანოს ფუნქციას წევრი ქვეყნების ხარჯვითი გეგმების კონტროლი და ევროკავშირის ფისკალური წესების დანერგვა წარმოადგენდა. ამავე დროს, კომისიას წევრი ქვეყნების გადაცდომებზე ქმედითი რეაგირების მექანიზმები არ გააჩნდა. ახლა, ათეულობით მილიარდი ევროს განკარგვის უფლების მქონე ევროკომისია უფრო გავლენიანი ხდება. ქვეყნების ხარჯვის გეგმებს კომისიის ჩინოვნიკები დაფინანსების გაცემამდე განიხილავენ (თუმცა ფინანსურ დახმარებაზე ვეტოს დადება მხოლოდ ნაციონალურ მთავრობებს შეუძლიათ).
ევროკომისიას ფინანსურ ბაზრებზეც დიდი გავლენა ექნება. პანდემიამდე, იგი ყოველწლიურად უმნიშვნელო მოცულობის სესხებს გასცემდა. 2024 წლისათვის, ევროკომისია ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი კრედიტორი იქნება. ინვესტორებისათვის სუპერუსაფრთხო აქტივები ძალიან მიმზიდველია და კომისიის მაღალრეიტინგულ ობლიგაციებს სიამოვნებით შეისყიდიან. ეკონომიკური გაჯანსაღების ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილი ,,მწვანე“ ობლიგაციების გამოშვებით შეივსება. შედეგად მოსალოდნელია, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ეკომეგობრული ობლიგაციების გამოშვების დაახლოებით მეოთხედი ევროკომისიაზე მოვა. ეს აქტივების ახალი კლასის მზარდი პოპულარობის დამატებითი ხელშეწყობა იქნება.
მთავრობები ასევე დაიწყებენ განხილვას, თუ როგორ უნდა დაიფაროს მთელი ეს ვალი. მოლაპარაკებებს წლები დასჭირდება. ზოგიერთ ქვეყნებს, თავიანთი კონტრიბუციის გაზრდას, ურჩევნიათ ევროკავშირმა ახალი გადასახადები დააწესოს. ასეთ პირობებში ევროკომისიის როლი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. ბევრს მიაჩნია, რომ ფონდი დასაწყისია და სესხების მოზიდვა მომავალშიც გაგრძელდება. ასეთ შემთხვევაში, ევროკომისიის კვაზიფისკალური ფუნქცია შესაძლოა დიდი ხნით შენარჩუნდეს.
რა თქმა უნდა, უკმაყოფილებაც იქნება. ზოგიერთი წევრი (განსაკუთრებით, ნიდერლანდები) სხვადასხვა ქვეყანაში განსახორციელებელ რიგ პროექტებს ფულის ფლანგვად განიხილავს.
სწრაფ აღდგენას თანხების სწრაფად განკარგვა სჭირდება. შესაძლოა, ფონდში აკუმულირებული სახსრების მეხუთედი ბრიუსელმა წევრებზე 2021 წელს გასცეს. თუმცა, ქვეყნების მთავრობების დონეზე შეყოვნებების გათვალისწინებით, საბოლოო ბენეფიციარებამდე იმავე წელს კიდევ უფრო ნაკლები თანხა მიაღწევს. ევროკავშირის წევრთა ეკონომიკური სისტემები კვლავ მყიფე იქნება. უდავოა, რომ ქვეყნებს უფრო მეტი საკუთარი სახსრების დახარჯვა დასჭირდებათ. თუმცა, აღდგენითი ფონდის გარეშე, ევროპის ეკონომიკა, და თავად ევროპული პროექტი, ბევრად უსუსური იქნებოდა.
რაჩანა შანბოგი, ფინანსების რედაქტორი, The Economist