ევროკავშირის ქარიშხლიანი წელიწადი
2021 წელს, ევროკავშირის დღის წესრიგში შიდა უთანხმოება, გარე წუხილები და ზოგიერთის დიდი ხნის მოსალოდნელი გამომშვიდობება იქნება. პანდემიამ მთელი კონტინენტი მოიცვა და ფინანსური კრიზისი გამოიწვია. საპასუხოდ, 750 მილიარდი ევროს (888 მილიარდი აშშ დოლარი) საერთო ვალის აღების პირველ პრეცედენტს კოლოსალური ძალისხმევა დასჭირდა. 2021 წელს ევროპელი პოლიტიკოსები გააცნობიერებენ, რომ თანხის სესხებაზე შეთანხმება ბევრად მარტივია, ვიდრე ამ თანხის ხარჯვის თაობაზე კონსენსუსის მიღწევა.
სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნები, როგორიცაა ნიდერლანდები, ყურადღებით დააკვირდებიან მათი ფულის ხარჯვას სხვა მთავრობების მიერ. ევროპელი და იტალიელი პოლიტიკოსები მათი ქვეყნების ფინანსურ საქმეებში ევროკავშირის სხვა წევრების ჩარევას არ მიესალმებიან, თუმცა შეგუება მოუწევთ. როგორც წესი, მსგავსი დებატები შიდა, ნაციონალურ პოლიტიკას უკავშირდება. 2021 წელს, იგივე სახის განხილვები საერთო ევროპულ დონეზე იქნება.
სამხრეთელი მეზობლების მიმართ რბილი მიდგომისათვის, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუთს ბევრი სტიმული არ ექნება. გაზაფხულზე ქვეყანაში არჩევნები იმართება (პირველი 2021 წელს დაგეგმილი 2 მნიშვნელოვანი არჩევნებიდან ევროკავშირში). ბატონი რუთი სამხრეთ მეზობლებთან ბრძოლას აირჩევს, რათა მემარჯვენე ევროსკეპტიკოსების მხარდაჭერა არ დაკარგოს. თუმცა, ლიბერალ-კონსერვატორ პრემიერ-მინისტრს ბეწვის ხიდზე გავლა მოუწევს: პროევროპული პარტიები მას მარცხნიდან უსაფრდებიან. ბატონმა რუთმა ამ ორი ბანაკის დაბალანსების ეშმაკურ ხერხს მიაგნო. უნდა ელოდოთ, რომ პოლონეთისა და უნგრეთის მძაფრ კრიტიკაში (დემოკრატიული ნორმების უგულებელყოფის გამო) იგი თავის ლიბერალ მეტოქეებს შეუერთდება. ჰოლანდიელებისათვის მიმტაცებელი უნგრელები ისეთივე მიუღებელნი არიან, როგორც მფლანგველი იტალიელები.
2021 წელს ევროკავშირს კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული ეჭვები მოიცავს. ეს კიდევ უფრო უარესი გახდება, როდესაც ბულგარეთი, კვიპროსი, მალტა (ამ ქვეყნებში კორუფციის, საპასპორტო პოლიტიკის ხარვეზებისა და პრესაზე ზემოქმედების ბრალდებები გაისმის) პოლონეთისა და უნგრეთის მიერ არჩეულ საერთო წესების დაუმორჩილებლობის გზას დაადგებიან. ერთიანი ბაზარი ემყარება დაშვებას, რომ თითოეულ ქვეყანას არაკორუმპირებული პოლიტიკოსები, თავისუფალი პრესა და სამართლიანი სამართლებრივი სისტემა აქვს. ასეთი ვითარება გარანტირებული არ არის. ევროკავშირში მოთმინება დეფიციტი იქნება.
ასევე ნაკლები იქნება მოქმედება. ვიქტორ ორბანი − უნგრეთის პრემიერმინისტრი, ათწლეულზე მეტია თავის ლიბერალ ოპონენტებს ავიწროვებს. ნაწილობრივ, უნგრეთის პრემიერის პოზიციებს ევროპის სახალხო პარტიის წევრობა (და მფარველობა) ამყარებს − მემარჯვენე-ცენტრისტული ევროპელი პოლიტიკოსების გავლენიანი ჯგუფი. უხერხემლო პოლიტიკოსებმა მემარჯვენე ცენტრიდან ცოტა რამ გააკეთეს მის შესაკავებლად. მისი კოლეგა ლიდერების წუწუნის შემთხვევაშიც კი, ბატონი ორბანის გამარჯვებების ციკლი ვერ შეჩერდება.
დამთრგუნველია, რომ ბევრი ლიდერი ამ თემის იგნორირებას ახდენს. ისინი მიიჩნევენ, რომ ევროკავშირს უფრო დიდი პრობლემები აქვს. საგარეო პოლიტიკის შემთხვევაში, ეს სიმართლეა. ევროპული ბლოკის ირგვლივ არასტაბილურობის სარტყელია. ვლადიმერ პუტინი და რეჯებ ტაიპ ერდოღანი საზღვრებზე საფრთხეს ქმნიან და ევროკავშირის საპასუხო რეაქცია ქაოსურია. თანმიმდევრული სამეზობლო პოლიტიკის შემუშავების პროცესი ნამდვილი კოშმარი იქნება. კავშირის შიგნით, ინტერესები დიამეტრულად განსხვავებულია ისეთ ქვეყნებთან მიმართებაში, როგორიცაა რუსეთი და თურქეთი. ევროკავშირის ზოგიერთი წევრისათვის ისინი სასარგებლო მეგობრები არიან, სხვები კი ეგზისტენციურ საფრთხედ განიხილავენ.
ევროკავშირი უფრო ერთიანი იქნება შორეულ ქვეყნებთან მიმართებაში. ჩინეთთან დაკავშირებით, ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბება, რუსეთთან შედარებით, უფრო მარტივი იქნება (თუმცა მარტივიც არა). თეთრ სახლში დონალდ ტრამპის აღზევება დროული შეხსენება იყო, რომ ამერიკისა და ევროპის ინტერესები ერთმანეთს ყოველთვის არ ემთხვევა. ბოლოსდაბოლოს, ევროპის ლიდერებმა (მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი) გააცნობიერეს, რომ დამოუკიდებელი გზის არჩევა ზოგჯერ საჭიროა. ევროპული სუვერენიტეტი, ჰეგემონის გავლენიდან გამოსვლა, დევიზი გახდება. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამ გარდაუვალი ცვლილების შესაჩერებლად ბევრს არაფერს გააკეთებს. ევროკავშირის ახალმა პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ ის ,,გეოპოლიტიკურ კომისიას“ მართავს. სწორედაც, ეს იდეა ევროპის სუპერსახელმწიფოებთან ურთიერთობაში გამოიწრთობა. ამერიკაზე ზედმეტად დამოკიდებულებას ევროკავშირი კვლავ უფრთხის. ის ცდილობს პეკინისა და ვაშინგტონის დაპირისპირებაში ჩათრეული არ აღმოჩნდეს. როგორც დამოუკიდებელი ეკონომიკური ცენტრი, ევროკავშირი დიდი ხანია არსებობს და გავლენის ინსტრუმენტის სახით ვაჭრობასაც იყენებს. თუმცა, 2021 წელს, სამხედრო შესაძლებლობებსაც (არარსებობას) დიდი ყურადღება მიექცევა. ბოლოსდაბოლოს, ევროკავშირში აღარ იქნება ბრიტანეთი, ამ მიდგომის მთავარი (მაგრამ არა ერთადერთი) მოწინააღმდეგე.
2021 წელს ბრექსიტი რეალობა ხდება. ოთხწლიანი განხილვების შემდეგ, მისი შედეგების გაცნობიერება დაიწყება. ბიზნესწრეებში უკვე დიდი ხანია გრძნობენ, რომ მათი ცხოვრება შეიცვლება, მაგრამ ბრიტანეთის მოქალაქეებისათვის ეს ცივი შხაპივით იქნება. ყურადღების ცენტრში ბრექსიტის ტრივიალური ასპექტები აღმოჩნდება.
სულ სხვა წასვლა უფრო დიდ სიცარიელეს დატოვებს. გერმანიაში, შემოდგომის არჩევნების შემდეგ ანგელა მერკელი თავის პოსტსა და ევროპულ სცენას დაემშვიდობება. ქალბატონი მერკელი ევროკავშირის სისტემაში კოპერნიკის მუდმივა იყო: მის გარშემო პოლიტიკა მოძრაობდა. მართალია, გერმანია ყოველთვის ვერ იღებდა სასურველს, მაგრამ თითქმის მუდამ შეეძლო შეეჩერებინა ის, რასაც ეწინააღმდეგებოდა. ვინ შეავსებს მერკელის მიერ დატოვებულ ვაკუუმს? 2021 წელს, ევროპისათვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება.
დანკან რობინსონი, ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი და Charlemagne-ის მესვეტე, The Economist, ბრიუსელი