ბრძოლა რუსეთისათვის
2021 წლის რუსული პოლიტიკისათვის საბჭოთა კავშირის დაშლის 30 წლისთავი მძაფრი ფონი იქნება. 1991 წლის აგვისტოში კომუნისტური პარტიის ,,ქორებმა“ საბჭოთა კავშირის უკანასკნელ რეფორმატორს, მიხეილ გორბაჩოვს ამბოხება მოუწყვეს. ისტორიის მათთვის არასასურველი მსვლელობის შესაცვლელად, მეამბოხე ჩინოვნიკებმა ქუჩებში ტანკები გამოიყვანეს და ამით იმპერიის დაშლა დააჩქარეს. მოსკოველები რუსეთის სამფეროვანი დროშის ქვეშ გაერთიანდნენ და ეროვნული პარლამენტის დასაცავად ქუჩებში გამოვიდნენ. ოთხი თვის შემდეგ, საბჭოთა კავშირი დაიშალა.
მას შემდეგ, საბჭოთა რესპუბლიკების უმეტესობამ წინსვლა გააგრძელა, მაგრამ თვით რუსეთი იმპერიულ წარსულს დაუბრუნდა. 2000 წელს, ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტობა საბჭოთა კავშირის ჰიმნის აღდგენით დაიწყო. მან ძველი საბჭოური მეთოდები ეტაპობრივად დააბრუნა, მათ შორის ცენზურა, რეპრესიები, დასავლეთთან კონფრონტაცია და მეზობლებისკენ მიმართული აგრესია. ცივის ომის შემდგომი წესრიგის შეცვლის პუტინისეულმა სურვილმა და ძალის გამოყენებისათვის მზადყოფნამ რუსეთის პრეზიდენტს დასავლეთის მიმართ ტაქტიკური უპირატესობა მიანიჭა.
მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წლის შემდეგ, კომუნისტური წყობილების ნარჩენების წინააღმდეგ ბრძოლისათვის კიდევ ერთი სწრაფი და ძლიერი ისტორიული მოძრაობა ჩამოყალიბდა. ეს მოძრაობა 2021 წელს გაძლიერდება და ბატონი პუტინის პოლიტიკის წარუმატებლობებს სააშკარაოზე გამოიტანს. ლეგიტიმურობის სანაცვლოდ, მან იმპერიული აღორძინების იდეა აირჩია და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმეტესობის გაუცხოება გამოიწვია. ისინი რუსეთს ახლა საფრთხედ აღიქვამენ და არა მიზიდულობის ცენტრად. ყირიმის ანექსია და დონბასის ომი რუსეთს უკრაინასთან ურთიერთობების ფასად დაუჯდა. სომხეთ-აზერბაიჯანის ექვსკვირიანმა ომმა, რომელიც 10 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით, სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდა, ამ რეგიონში თურქეთის მზარდი როლი აჩვენა.
ალბათ არსად არის ბრძოლა საბჭოთა მემკვიდრეობის წინააღმდეგ ისე აშკარად, როგორც ახლა ბელარუსის ქუჩებში. ყოფილი საბჭოთა იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტარული და თითქოსდა, მორჩილი ნაწილი, სახალხო აჯანყებამ მოიცვა. ბოლო 26 წლის განმავლობაში ქვეყანას ალექსანდრე ლუკაშენკო მართავდა − პოპულისტი და კოლმეურნეობის ყოფილი თავმჯდომარე, რომლისთვისაც საბჭოთა მემკვიდრეობა რეჟიმის ფუნდამენტი იყო. საბჭოთა ბელარუსის დროშის ოდნავ სახეცვლილი ვარიანტის სასარგებლოდ, ლუკაშენკომ უარყო თეთრ-წითელი დროშა, რომელიც 1918 წელს, ბელარუსის ხანმოკლე დამოუკიდებლობისას შემოიღეს და 1991 წელს აღადგინეს. რუსული სუბსიდიების მეშვეობით, ბელარუსის პრეზიდენტმა ქარხნები სახელმწიფო საკუთრებაში დატოვა, თავისი ხალხის რეპრესირება განახორციელა და (სტაბილურობის შენარჩუნების მოტივით) არჩევნებიც გააყალბა.
2020 წლის აგვისტოში ასეულ ათასობით ბელარუსი ქუჩის აქციებზე გავიდა და არჩევნების მორიგი გაყალბება გააპროტესტა. ლუკაშენკომ მათ ძალადობა დაუპირისპირა და ქუჩის პროტესტი ეროვნულ აჯანყებაში გადაიზარდა. თეთრ-წითელ დროშაში გახვეული დემონსტრანტები ბელარუსულ სიმღერებს მღეროდნენ, რომელთა ჩახშობას ქვეყნის პრეზიდენტი საბჭოური მუსიკით ცდილობდა.
ეროვნული გამოღვიძება სწორად იქნა აღქმული, როგორც საფრთხე ბატონი პუტინის რეჟიმისთვისაც. ასეთი აღქმა არა მხოლოდ საპროტესტო მოძრაობის შედეგად დიქტატურის სისუსტის გამოაშკარავებამ, არამედ საერთო იდეოლოგიასთან დაპირისპირებამ განაპირობა. ბელარუსის მოვლენები ხაბაროვსკის საპროტესტო მოძრაობასაც ეხმიანებოდა. რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, მოქალაქეები თითქმის იმავე დროს გამოვიდნენ ქუჩებში, მას შემდეგ, რაც რეგიონის პოპულარული გუბერნატორი დააპატიმრეს. მაშინ, როცა კრემლი ლუკაშენკოს უჭერდა მხარს, ხელისუფლების ოპონენტები − რუსები, ბელარუს ხალხს სოლიდარობას უცხადებდნენ. საპროტესტოდ განწყობილი რუსები ბელარუსის დროშებს ქუჩებში გამოფენდნენ და ინტერნეტში აზიარებდნენ.
ალექსანდრ ლუკაშენკოს მსგავსად, ბატონმა პუტინმაც მისი იდეოლოგია საბჭოური ღირსშესანიშნავი თარიღებისა და სიმბოლოების გარშემო ააგო. მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების აღმნიშვნელი სამხედრო აღლუმი მან თავის მთავარ ოფიციალურ სანახაობად აქცია. 2020 წელს, პუტინის ინიცირებითა და ხელმძღვანელობით რეფერენდუმი ჩატარდა, რის შედეგადაც მისი წარსული საპრეზიდენტო ვადები განულებულად ჩაითვალა. თეორიულად, რეფერენდუმმა ბატონ პუტინს ძალაუფლების 2036 წლამდე შენარჩუნების საშუალება მისცა. თუმცა, პრეზიდენტის რეიტინგი და ლეგიტიმურობის განცდა სტაბილურად მცირდება (რუსების შემოსავლებთან ერთად). ეკონომიკური სტაგნაციის პირობებში, ეს ტენდენცია ვერ შეიცვლება.
სამხედრო დანიშნულების ნერვული აგენტის − ,,ნოვიჩოკის“ მეშვეობით, რუსული ოპოზიციის მთავარ ლიდერ ალექსეი ნავალნის მოწამვლა სასოწარკვეთის ნიშანს ჰგავს. ნავალნის გადარჩენამ და მისმა მტკიცებამ, რომ თავდასხმის უკან პუტინი იყო, პრეზიდენტის მდგომარეობა კიდევ უფრო შეარყია.
ბატონი პუტინი სასამართლოებს, უსაფრთხოების სამსახურებსა და საარჩევნო კომიტეტებს აკონტროლებს. მიუხედავად ამისა, 2021 წლის საპარლამენტო არჩევნები რუსეთში ბრძოლის ველად გადაიქცევა. ბატონი ნავალნი პუტინის მთავარი დასაყრდენის − პარტია ,,ერთიანი რუსეთის“ წინააღმდეგ საპროტესტო ელექტორატის კონსოლიდირებას ახდენს. ასეთმა ტაქტიკამ შესაძლოა კრემლის ყოვლისშემძლეობის აღქმა დაანგრიოს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოება: ბატონი ნავალნის ხედვა რუსეთზე, როგორც თანამედროვე ნაციონალურ სახელმწიფოზე, შეიძლება უფრო მიმზიდველი აღმოჩნდეს, ვიდრე ბატონი პუტინის საბჭოთა სტილის იმპერიული ნაციონალიზმი. 30 წლის წინ, პარლამენტმა რუსეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამავე პარლამენტისთვის გაჩაღებულმა სერიოზულმა ბრძოლამ შესაძლოა ეს წელიწადი მოულოდნელად მნიშვნელოვან საიუბილეო წლად აქციოს.
არკადი ოსტროვსკი, რუსეთის რედაქტორი, The Economist