ნემსის წვერი და გავრცელება

მსოფლიოს COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის, SARS-COV-2-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სასწრაფოდ სჭირდება. ამ თვალსაზრისით, 2021 წელი ფრუსტრაციის სენდვიჩივით იქნება − კარგი სიახლეების ორი სქელი ნაჭერი და მათ შორის დაპირისპირების, გადავადების, იმედგაცრუების ფენა. პოლიტიკის შემმუშავებლებმა და წარმმართველებმა ამ ფენის გემრიელად გარდაქმნა უნდა სცადონ. მათ მცდელობებზე ათასობით სიცოცხლე იქნება დამოკიდებული.

კარგი სიახლის პირველი ,,ნაჭერი“ ისაა, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში კიდევ ბევრი ახალი ვაქცინა გამოჩნდება (უკვე წარმატებული Pfizer-BioNTech-ის პროდუქტის გარდა). ეს სამეცნიერო თანამშრომლობის ძალის დასტურია. ვაქცინების შექმნას 10-20 წელი სჭირდებოდა, მაგრამ დღესდღეობით 320-ზე მეტი პროექტი არსებობს. მათ შორის, ათობით დაწინაურებული პრეპარატი კლინიკური კვლევის სტადიაზეა. მეტიც − ვაქცინების კვლევაში, ეს ნამუშევარი მნიშვნელოვან წინსვლას იძლევა, რადგან სამეცნიერო კოლექტივები ვირუსს სხვადასხვა გზით უტევენ. ზოგიერთი ვაქცინა მრავალჯერ ნაცად გზას გადის და დასუსტებული ვირუსის გამოყენებას ეყრდნობა. სხვები, როგორიცაა მაგალითად Pfizer-ის პრეპარატი, ახალ შესაძლებლობებს პოულობენ, კერძოდ, იმუნური სისტემის სტიმულირება ვირუსული გენების გამოყენებით (იხილეთ სამეცნიერო განყოფილება). ასეთი ტიპის ვაქცინების მასშტაბური წარმოება შედარებით ადვილია.

კარგი სიახლის მეორე ,,ნაჭერი“: 2021 წლის ბოლოსათვის, შესაძლოა ვირუსის გავრცელების არსებითად შესაზღუდად საჭირო ვაქცინების საკმარისი რაოდენობები მივიღოთ (თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა). სიმპტომების შესუსტებით, ვაქცინებს უკვე ინფიცირებული ადამიანების დაცვაც შეუძლიათ. COVID-19 უცბად არ გაქრება, მაგრამ მეორე პლანზე გადაინაცვლებს.

ამ კარგი სიახლეების ,,ნაჭრებს“ შორის, ცუდი ამბების მოზრდილი ფენაა. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ზამთრის პერიოდში, ვირუსის გავრცელების ტალღა მძიმე იყო. ამასთან, მილიარდობით დოზა ვაქცინის სერტიფიცირება, წარმოება, დისტრიბუცია და ადმინისტრირება ბევრ პრობლემას უკავშირდება.

დაზოგილი დრო სიცოცხლეებს გადაარჩენს და რეგულატორები ვაქცინების დამტკიცებისას ჩქარობენ. თუმცა, რუსეთმა და ჩინეთმა, მწვანე შუქი აუნთეს პრეპარატებს, რომლებსაც მასშტაბური, მესამე ფაზის ცდები არ გაუვლიათ. ამ ქვეყნების ვაქცინებმა სათანადო ეფექტიანობა ვერ აჩვენა ან პაციენტებში გართულებები გამოიწვია. შემდგომი დაკვირვება დასავლეთის ქვეყნების მიერ საგანგებო, გადაუდებელი გამოყენებისათვის დაშვებულ ვაქცინებსაც დასჭირდება. შესაძლოა მათ სხვადასხვა ჯგუფში განსხვავებული ეფექტი ან მხოლოდ მოკლევადიანი დადებითი შედეგი ჰქონდეს. უნდა ველოდოთ უამრავ ჭორს რეგულატორების მიერ სტანდარტის შერბილების შესახებ, ასევე, ანტივაქსერულ თეორიებს (მათ შორის, კონსპირაციულს).

რამდენიმე ვაქცინის წარმოება უკვე დაიწყო. Pfizer-ი აცხადებს, რომ მას 50 მილიონი დოზა 2020 წლის ბოლოსთვის ექნება მზად. ასეც რომ იყოს, წარმოების საჭირო მასშტაბის მიღწევა ურთულესი ამოცანა იქნება. მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებელი, The Serum Institute, აცხადებს, რომ მთელი მსოფლიოს ვაქცინირებისათვის საკმარისი დოზები 2024 წლამდე, ან მის შემდეგაც, არ იქნება. სამედიცინო მინისა და ,,ცივი ჯაჭვების“ დეფიციტმა (საჭიროა ზოგიერთი ვაქცინის, მათ შორის Pfizer-ის, -70ºC ტემპერატურაზე ან კიდევ უფრო ცივად შენახვისათვის), შესაძლოა შეფერხებები გამოიწვიოს. იგივე შეიძლება ითქვას პრეპარატების ადმინისტრირებისათვის გადამზადებული ადამიანების ნაკლებობაზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა დაახლოებით 8%-ით შეამცირა, ვაქცინაციის მიმართულებაზე თანხების ეკონომია უაზრო წინდაუხედაობა იქნებოდა.

 

ეს შესაძლოა მტკივნეული იყოს.

ქვეყნებს შორის დაპირისპირება მოსალოდნელია. ჩინეთი და რუსეთი ვაქცინების მიწოდებას უკვე იყენებენ, როგორც მათი რბილი ძალის აცრილ ხელს (იხ. ჩინეთის განყოფილება). ამერიკამ და ბრიტანეთმა შესაძლოა ვაქცინების ექსპორტი შეაჩერონ და უპირველესად, მხოლოდ საკუთარი მოქალაქეებისთვის გამოიყენონ. ბოსტონის Northeastern University-ის მოდელირების თანახმად, თუ 50 მდიდარი ქვეყანა ვაქცინის პირველ 2 მილიარდ დოზას მიიღებს (80% ეფექტურობის მქონე), ეს COVID-19-ის ლეტალურ შედეგებს 33%-ით შეამცირებს. იმ შემთხვევაში, თუ იგივე რაოდენობის დოზები ქვეყნების მოსახლეობის პროპორციულად, გლობალურად გადანაწილდება, გადარჩენილთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდება. მსგავსი გათვლები ინსპირაციის წყაროს წარმოადგენს COVAX-ისათვის − ინიციატივა თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

დაპირისპირება ქვეყნების შიგნითაც იქნება. თუ შეზღუდულმა მარაგებმა რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე უნდა გადაარჩინოს, ჯერ ჯანდაცვის მუშაკები, ხოლო შემდეგ მოწყვლადი ჯგუფები უნდა აიცრან. თუმცა, ჯანდაცვაში, ისევე, როგორც სხვა სფეროებში, ისინი ხშირად რიგის ბოლოში აღმოჩნდებიან.

პარადოქსულად, მას შემდეგ, რაც ვაქცინის მიწოდება საკმარისი იქნება, პრობლემა გახდება უარყოფა ანტივაქსერებისა და სკეპტიკოსების მიერ, რომლებიც დაჩქარებული სერტიფიცირების გამო ღელავენ. გამოკითხვების თანახმად, გლობალური ზრდასრული მოსახლეობის მეოთხედი ვაქცინაციაზე უარს იტყვის. იმედი ისაა, რომ ვაქცინების 90%-ზე მეტი ეფექტურობის შემთხვევაში (როგორც Pfizer- ის მაგალითი აჩვენებს), მთავრობები მოსახლეობის უმრავლესობის დაყოლიებას შეძლებენ.

ეს ყოველივე მთავრობისთვის რთულ დღის წესრიგს ნიშნავს. ვაქცინების დამტკიცების სამეცნიერო საფუძვლებისა და განაწილების კრიტერიუმების შესახებ, მათ მკაფიო ახსნა-განმარტებები უნდა წარმოადგინონ. სახელმწიფოებმა უნდა მოახდინონ ინვესტირება მიწოდების ჯაჭვებში და ტრენინგებში, იმის გაცნობიერებით, რომ ზოგიერთი ხარჯი შესაძლოა ფულის წყალში გადაყრა გამოდგეს. მთავრობებმა საკუთარ მოქალაქეებს უნდა აუხსნან, თუ როგორ მოიგებს მთელი მსოფლიო, ქვეყნების თანამშრომლობით და ვაქცინების სამართლიანი განაწილებით.

ედვარდ კარი, მთავარი რედაქტორის მოადგილე, The Economist