მობოდიშების მდგომარეობა

ვინ წარუძღვება მსოფლიოს 2021 წელს? საერთაშორისო ინსტიტუტები, როგორიცაა მაგალითად გაერო, ზესახელმწიფოების დაპირისპირებამ დაასუსტა. რუსეთი მიმტაცებელი იქნება და არა ლიდერი. ევროპაში, ბორის ჯონსონი ,,ბრექსითის“ შედეგებით იქნება დამძიმებული; გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ასპარეზს ტოვებს, ხოლო ემანუელ მაკრონს თავისი გრანდიოზული გეგმების შესასრულებლად შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. ჩინეთი სულ უფრო შეუპოვრად მზარდი ზესახელმწიფოა, მაგრამ გლობალური ლიდერობის ამბიცია (შესაძლებლობაზე რომ არაფერი ვთქვათ), ჯერჯერობით, არ გააჩნია. საკითხავია, მზად იქნება თუ არა ამერიკა, რათა, ბაიდენის ხელმძღვანელობით, ეს ფუნქცია თავის თავზე იტვირთოს.

უკვე რამდენიმე წელია, ,,დაუსრულებელი ომებით“ დაღლილი ამერიკა გლობალური ასპარეზიდან უკან იხევს. ბარაკ ობამას სჯეროდა, რომ ,,სახლში სახელმწიფოებრივ მშენებლობაზე“ ფოკუსირების დრო მოვიდა. დონალდ ტრამპი შტატების გლობალური არენიდან გასვლის საქმეს მთელი მონდომებით შეუდგა და მთელი რიგი საერთაშორისო პროექტებიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის: პარიზის კლიმატის შეთანხმება, ირანის ბირთვული შეთანხმება და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (შუაგული პანდემიის დროს). ამერიკის უკანდახევის ფონზე, წინა პლანზე გათამამებული ავტორიტარი ლიდერები წარმოჩინდნენ,, რაც დემოკრატიული სახელმწიფოებისათვის საერთო გამოწვევაა.

თუმცა, წინ თუ გავიხედავთ, ასეთი უკანდახევა საეჭვოა, მიმზიდველი სცენარი იყოს. პანდემიით დაწყებული, და კლიმატის ცვლილებით თუ კოსმოსური შეიარაღებით დამთავრებული, გლობალური საფრთხეები გამრავლდება. სულ უფრო მრავალპოლარულ სამყაროში ამერიკას არ შეიძლება იმედი ჰქონდეს, რომ უბრალოდ თავისი გზით ივლის. ქვეყანა თავისი ინტერესების დაცვისაკენ მოთმინებით და მტკიცედ უნდა ისწრაფოდეს და ამ პროცესში კოალიციების შექმნა, მოკავშირეებთან თანამშრომლობა აუცილებელია. მოკლედ რომ ვთქვათ, ამერიკა დიპლომატიას უნდა დაეყრდნოს.

ეს სულაც არ არის სავალალო პერსპექტივა. მომავლის უფრო კონკურენტუნარიან გეოპოლიტიკურ ეპოქაშიც კი, ამერიკა დიდ უპირატესობებს ინარჩუნებს. იგი კვლავ ყველაზე ძლევამოსილი სამხედრო ძალაა მსოფლიოში (დიდი უპირატესობით, სხვებთან შედარებით). რუსეთისა და ჩინეთისაგან განსხვავებით, ამერიკას მოკავშირეები ჰყავს, რომლებსაც მისი გავლენის გაძლიერება შეუძლიათ. საუკეთესო შემთხვევაში, ამერიკა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დამცველია, რომელსაც მთელ მსოფლიოში ადამიანების შთაგონების უნარი აქვს.

ამერიკელები მართლები არიან, როდესაც საკუთარი სამხედრო ,,კუნთების თამაშის“ შეზღუდვა სურთ. შტატების შეიარაღებული ძალები გლობალური გავლენის აუცილებელ ინსტრუმენტად ყოველთვის დარჩება. თუმცა, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, ზესახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა სამხედრო ძალას ზედმეტად ეყრდნობოდა. დროა, წინა პლანზე დიპლომატია გადმოვიდეს.

თუმცა, მაშინ, როცა მდგრად და დახვეწილ ამერიკულ დიპლომატიაზე მოთხოვნა იზრდება, ქვეყნის საგარეო სამსახურის მიერ შესაბამისი მიწოდების შესაძლებლობები მცირდება. სახელმწიფო დეპარტამენტი დემორალიზებულია და ნიჭიერი ადამიანების გადინებით ზიანდება. ამის სწრაფად გამოსწორება რთული იქნება. ქვეყნის უძველესი ფედერალური უწყების პრობლემები ტრამპის მმართველობისას არ დაწყებულა, თუმცა ამ დროს დრამატულად გაღრმავდა. ბატონი ტრამპი საგარეო უწყებას ღიად მოიხსენიებდა, როგორც ,,ღრმა სახელმწიფო დეპარტამენტს“. მან დეპარტამენტის ბიუჯეტის შეკვეცის წინადადება არაერთხელ დააყენა (უარის შემთხვევაში, არ ნებდებოდა) და გამოცდილ დიპლომატებს საჯაროდ თავს ესხმოდა. სწორედ ასეთი მიდგომის გამოხატულება იყო თავდასხმა უკრაინასთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე მომუშავე პირებზე, რომელთა ერთადერთი დანაშაული საკუთარი საქმის კეთება იყო. კარიერული დიპლომატები პოლიტიკის შემუშავების წამყვან როლებს ჩამოაშორეს. ელჩის ფუნქციების შესრულება ხშირად პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირებს ეკისრებოდათ, რომელთა მთავარი კვალიფიკაცია სასურველი პარტიულ-პოლიტიკური დონაციები იყო. ამერიკული დიპლომატია კრიზისშია.

რა შეიძლება გაკეთდეს? გასულ საუკუნეში სამჯერ (პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემდეგ, ცივი ომის დროს) კონგრესმა დაამტკიცა კანონმდებლობა, რომელიც საგარეო უწყების მომავლის პერსპექტივებზე მორგებას უზრუნველყოფდა. თუმცა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, კონგრესმა ფოკუსირება, დიპლომატიის ნაცვლად, სამხედრო სფეროზე და ქვეყნის შიდა უსაფრთხოებაზე მოახდინა. სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი ჩარჩო-პრინციპების შესახებ კანონმდებლების შეთანხმება ახლა საეჭვოა. თუმცა, ახალი კანონებით ან მათ გარეშე, უფრო მეტად კონკურენტული გლობალური გეოპოლიტიკის კონტექსტში, ამერიკამ თავისი დიპლომატია ხელახლა უნდა გაიაზროს.

 

ამერიკა, ხელახლა აღმოაჩინე შენი აღმატებულება.

უამრავი ადამიანი იწყებს ამის კეთებას, მათ შორის ჰარვარდის კენედის სკოლის გუნდი, ყოფილი ელჩების ხელმძღვანელობით, რომლებმაც შესაბამისი საგზაო რუკა მოამზადეს. მათი ზოგიერთი წინადადება სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუროკრატიის მუშაობის წესის შეცვლას გულისხმობს. არსებული მიდგომა საგრძნობლად მოუქნელი და რისკის მიმართ ინდიფერენტულია. აუცილებელია კარიერული სტრუქტურის მოდერნიზება, მათ შორის, სამსახურის დაწყების გამარტივება ყველა დონეზე, კადრების რასობრივი, გენდერული და სხვა ტიპის მრავალფეროვნების არასახარბიელო მდგომარეობის გაუმჯობესება. მაგალითისათვის, საზღვარგარეთ ამერიკის ელჩებს შორის მხოლოდ სამი აფროამერიკელი და ოთხი ისპანიკური წარმოშობის პირია. თუმცა მთავარი იდეა მარტივი და უაღრესად აქტუალურია. ზესახელმწიფომ დაუშვა, რომ მის საგარეო სამსახურს ფეხი სახიფათოდ დაუცდა. საკუთარი მომავლისა და მსოფლიოს საკეთილდღეოდ, 2021 წელს ამერიკამ დიპლომატიაში რეინვესტირება უნდა დაიწყოს.

დენიელ ფრანკლინი, დიპლომატიის რედაქტორი, The Economist