კრიზისის შემდგომი შესაძლებლობები

ისტორიაში, ზოგიერთი წელი დიდ მოლოდინს უკავშირდება. ჩვეულებრივ, ახალი ფურცლის გადაშლას ომის დასრულება ან რევოლუციის დაწყება განსაზღვრავს. 2020 წელი გამონაკლისი იქნება. დონალდ ტრამპის დამარცხებამ აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამაზიანებელი და საზოგადოების გამხლეჩი პრეზიდენტობა დაასრულა. საუკუნის პანდემიამ ეკონომიკური და სოციალური გადატვირთვის შესაძლებლობები შექმნა − ისეთივე ძირეულის, როგორც პროგრესულ ეპოქაში. 2021 წლის დიდი შეკითხვა შემდეგში მდგომარეობს: აღმოაჩნდებათ პოლიტიკოსებს ამ შესაძლებლობების გამოყენების საკმარისი ნება და უნარი?

COVID-19-მა არა მხოლოდ გლობალური ეკონომიკის რღვევა განაპირობა. ამ მოვლენამ შეცვალა სამი დიდი ძალის ტრაექტორია, რომლებიც თანამედროვე სამყაროს ქმნიან. გლობალიზაცია შეფერხდა; ციფრული რევოლუცია რადიკალურად დაჩქარდა; ამერიკა-ჩინეთის გეოპოლიტიკური დაპირისპირება გაძლიერდა. ამავდროულად, პანდემიამ კიდევ უფრო გააღრმავა დღევანდელობის ერთ-ერთი უდიდესი უბედურება − უთანასწორობა. პანდემიამ მოულოდნელი კატასტროფებისათვის მოუმზადებლობით გამოწვეული ზიანი დაგვანახვა. შედეგად, მომავლის გარდაუვალ და კიდევ უფრო საშიშ კატასტროფაზე მსოფლიოში ბევრი დაფიქრდა. სწორედ ასეთია კლიმატის ცვლილება. ეს ყოველივე იმას ნიშნავს, რომ სამყაროში პრეპანდემიური მდგომარეობა აღარ დაბრუნდება.

წლის დასაწყისში, ეს ნათლად არ გამოჩნდება. ბევრ ქვეყანაში, ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის უბედურების ფონზე, მეტი ყურადღება კვლავ პანდემიის კონტროლისკენ იქნება მიმართული. წლის დასაწყისისთვის ჰორიზონტზე ვაქცინა გამოჩნდება, თუმცა ფართოდ ხელმისაწვდომი ჯერ ვერ იქნება. მხოლოდ 2021 წლის შემდგომი მსვლელობა და ამ პერიოდში ვაქცინების გავრცელება გამოაჩენს ცვლილებების დონესა და მდგრადობას.

ეს ცვლილებები მნიშვნელოვანი აღმოჩნდება, განსაკუთრებით დასავლეთში. პოსტკოვიდური სამყარო ბევრად ციფრული იქნება. დისტანციური მუშაობიდან დაწყებული, და ონლაინ საცალო ვაჭრობით დამთავრებული, წლების განმავლობაში მოსალოდნელი ტრანსფორმაცია, პანდემიის წყალობით, თვეების განმავლობაში განხორციელდა. ამან დრამატულად შეცვალა ადამიანთა ცხოვრების წესი, მათი სამომხმარებლო ჩვევები და სამუშაო გარემო. შემოქმედებითი დესტრუქციის ამ შეჯიბრში გამარჯვებულები არიან ტექნოლოგიური გიგანტები (რომელთა მოგება და აქციათა ფასები გაიზარდა) და სხვა მსხვილი კომპანიები (რომლებიც მონაცემთა დიდ ბაზებს ფლობენ და ციფრული ტრანსფორმაციაში ინვესტირებისათვის საკმარისი თანხები აქვთ). დიდ ქალაქებს განახლება მოუწევთ. უნდა ველოდოთ დახურვების მოზღვავებას, განსაკუთრებით − მცირე ბიზნესის, საცალო ვაჭრობისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორებიდან.

გლობალიზაციის კონტექსტში, საქონლისა და კაპიტალის მიერ საზღვრების გადაკვეთა კვლავ აქტუალურია. თუმცა, ადამიანები ნაკლებად იმოგზაურებენ. აზიის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე ეფექტურად აკონტროლებდნენ ვირუსს, საკუთარ საზღვრებს ყველაზე მკაცრად კეტავენ. მათი გამოცდილება სხვების მიდგომებსაც განსაზღვრავს. სასაზღვრო შეზღუდვები და კარანტინი COVID-19-ის შემთხვევების შემცირების შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში აქტუალური იქნება. ტურიზმის გადატვირთვის შემდეგაც კი, მიგრაცია გაცილებით რთული აღმოჩნდება. ეს დააზიანებს ღარიბი ქვეყნების პერსპექტივებს, რომლებისთვისაც მიგრანტებისაგან მიღებული ფულადი გზავნილები მნიშვნელოვანია. შედეგად, მათთვის, პანდემიის მიერ მიყენებული ზიანი დამძიმდება. 2021 წლის ბოლოსათვის, დაახლოებით 150 მილიონი ადამიანი უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდება.

გლობალური კომერცია არასახარბიელო გეოპოლიტიკურ ფონზე გაგრძელდება. ბატონი ტრამპის მერკანტილიზმი აღარ იქნება, მაგრამ ჩინეთის მიმართ ამერიკის ეჭვი ,,ტარიფების კაცის“ (ასეთად მოხსენიებით, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ამაყობდა) წასვლით არ გაქრება. ამჟამად, სავაჭრო ტარიფები ამერიკაში ჩინური იმპორტის ორ მესამედზე მოქმედებს და ეს ვითარება შენარჩუნდება. ასევე, ძალაში დარჩება შეზღუდვები ჩინური ტექნოლოგიური კომპანიებისათვის. ციფრული სამყაროს ორ ნაწილად გაყოფის (ერთი ამერიკის, ხოლო მეორე − ჩინეთის დომინაციით) პროცესი გაგრძელდება. ჩინეთ-ამერიკული დაპირისპირება ერთადერთი ფაქტორი არ იქნება, რომელიც გლობალიზაციაზე გამხლეჩ გავლენას ახდენს. იმპორტირებულ სამედიცინო და სხვა კრიტიკულ საქონელზე (ხშირად, ჩინეთიდან) დამოკიდებულებით დასჯილნი, მთავრობები, ევროპიდან ინდოეთამდე, ◊სტრატეგიული დარგების“ ნუსხას განსაზღვრავენ. ამ დარგებზე პროტექციონისტული ღონისძიებები განხორციელდება. ახალი დარგობრივი პოლიტიკის მხარდამჭერი სახელმწიფო დახმარებები საყოველთაო პრაქტიკა გახდა და ასეთად დარჩება.

ყოველივე ეს გლობალური ეკონომიკის დანაწევრებას და შემცირებას განაპირობებს. განსხვავება ჩინეთის (ასევე, აზიის სხვა პოსტკოვიდური ეკონომიკების) სიძლიერესა და სხვების სისუსტეებს შორის კვლავ აშკარა იქნება. ჩინეთი ერთადერთი დიდი ეკონომიკა იყო, რომელიც 2020 წელს გაიზარდა. 2021 წელს მისი ზრდის ტემპი 7%-ს გადააჭარბებს, რაც ევროპისა და ამერიკის აღდგენის ტემპზე მნიშვნელოვნად მეტი იქნება. დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩინეთის ეკონომიკის აღდგენა ბიუჯეტის დეფიციტს ან საგანგებო ფულად სტიმულებს არ ემყარება. ქვეყნის ეკონომიკური წარმატება და COVID-19-ის სწრაფი დამარცხება პეკინში ტრიუმფალური დღესასწაულის წლის ფონი იქნება. კომუნისტური პარტია საკუთარი ასწლეულის იუბილეს აღნიშნავს.

დასავლეთის კონტრასტი მკვეთრი იქნება. ამერიკა წელიწადს მერყევი ზრდით დაიწყებს, მნიშვნელოვანწილად, ტრამპის ადმინისტრაციის ბოლო დღეებში სტიმულირების საკმარისი პაკეტის მიუღებლობის გამო. ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი ევროპაში ბევრად დიდხანს შენარჩუნდება. მასშტაბური ხელშეწყობის სქემების ამოქმედება აქ ადამიანებს შეუნარჩუნებს სამუშაო ადგილებს, რომლებსაც სიცოცხლისუნარიანობა აღარ გააჩნიათ. ზომბი-კომპანიები მხოლოდ სამთავრობო ინიექციების ხარჯზე იარსებებენ. ატლანტიკის ორივე მხარეს, COVID-19-ის ზემოქმედების არაპროპორციულობა უფრო ნათელი გახდება: ყველაზე დიდი დარტყმა საზოგადოების მოწყვლადმა ჯგუფებმა მიიღეს; სამსახური ყველაზე ხშირად დაბალი კვალიფიკაციის დასაქმებულებმა დაკარგეს; საგანმანათლებლო რღვევა ყველაზე მძიმედ ღარიბი ოჯახების ბავშვების პერსპექტივებზე აისახება. გაიზრდება სამოქალაქო რისხვა, განსაკუთრებით ამერიკაში, რომელიც 2021 წელში ღრმად პოლარიზებული საზოგადოებით შეაბიჯებს.

დაზიანებული დასავლეთისა და მზარდი ჩინეთის პირობებში, ბევრი ექსპერტი (მათ შორის, ამ გამოცემაში) განაცხადებს, რომ პანდემია დასავლური დომინაციით განსაზღვრული მსოფლიო წესრიგის აღსასრულის მომასწავებელია. ეს ნაადრევი დასკვნაა. მთელი თავისი ,,ვაქცინის დიპლომატიის“ მიუხედავად, ჩინეთი უფრო მეტად შიშსა და ეჭვს აღძრავს, ვიდრე აღტაცებას. და კიდევ − გლობალურ არენაზე ჩინეთის წინ წამოწევის მტკიცე მისწრაფების მიუხედავად, ბატონი სი ძინპინი ნამდვილი გლობალური ლიდერობის მიმართ დიდ ინტერესს არ იჩენს. ბატონი ტრამპი მეკავშირეების მიმართ აგდებულ დამოკიდებულებას იჩენდა და ტრანზაქციულ დიპლომატიას ეწეოდა, რამაც ამერიკის წინამძღოლობით ჩამოყალიბებული მსოფლიო წესრიგის მიმართ ნდობა შეარყია. თუმცა, ეს ნდობა არ განადგურებულა.

ეს ნიშნავს, რომ ამერიკას კიდევ ერთხელ ექნება არაპროპორციული შესაძლებლობა პოსტპანდემიური სამყარო ჩამოაყალიბოს. ამ პროცესში ტონის მიცემის ყველაზე დიდი საშუალება ექნება ადამიანს, რომელიც 78 წლისაა. მისი კარიერის დასაწყისი დროში კელვინ კულიჯის პრეზიდენტობასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე დღევანდელობასთან. ჯო ბაიდენი კონსენსუსის შემქმნელი, ზომიერი პოლიტიკური ფიგურაა. მისი პოზიციები ყოველთვის ახლოს იყო მისივე პარტიის მიზიდულობის ცენტრთან. ასე რომ, ახალი ეპოქის შესაქმნელად, ბატონი ბაიდენი რთულად წარმოსადგენი არქიტექტორია.

თუმცა, შესაძლოა ის სწორედაც რომ შესაფერისი აღმოჩნდეს. ბაიდენის პოლიტიკური პლატფორმა საკმაოდ ამბიციურია. ,,ხელახლა ავაშენოთ უკეთესი“ − ამ სლოგანის უკან თამამი, მაგრამ არა-რადიკალური მიდგომაა. ეს არის მოკლევადიან სტიმულთა დაკავშირების მცდელობა ინვესტიციებთან ◊მწვანე“ ინფრასტრუქტურაში, სამეცნიერო კვლევებთან, ტექნოლოგიურ განვითარებასთან, ამერიკის ენერგეტიკული ტრანსფორმაციის მკვეთრი დაჩქარებისთვის. ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაფართოებიდან სოციალური დაზღვევის გაუმჯობესებამდე, ◊ბაიდენომიკის“ მიერ შემოთავაზებული სოციალური კონტრაქტი წარსული პროგრესული ეპოქის XXI საუკუნის ვერსიაა: თამამი რეფორმა საშიში მემარცხენეობის გარეშე.

საგარეო პოლიტიკაში, ბაიდენი დაზიანებულ ურთიერთობებს აღადგენს, ამერიკის ღირებულებებსა და გლობალურ როლს დაადასტურებს. დიპლომატიის ვეტერანი, ინსტინქტური მულტილატერალისტი და ინსტიტუციების მშენებელი − ბატონი ბაიდენი, მსოფლიოს მკაფიო სიგნალებს სწრაფად გაუგზავნის: პარიზის კლიმატის ხელშეკრულებაში დაბრუნება; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობის გაგრძელება და COVAX-თან მიერთება (COVID-19-ის ვაქცინების განაწილების გლობალური კოალიცია). იგი მალე გაემგზავრება ევროპაში, რათა დაადასტუროს ამერიკის ვალდებულებები ნატოსა და ტრანსატლანტიკური ალიანსის მიმართ. თუმცა, მისი პირველი გაჩერება უფრო ბერლინი ან პარიზი იქნება, ვიდრე ბორის ჯონსონის Brexit-ბრიტანეთი. ბატონი ბაიდენი კვლავ დაადასტურებს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მნიშვნელობას ამერიკის საგარეო პოლიტიკაში. უნდა ველოდოთ ჩინეთის კრიტიკის გამკაცრებას სინიანგის პროვინციაში უიღურთა საკითხთან და ჰონკონგში განხორციელებულ დევნასთან დაკავშირებით. დიქტატორებზე ხელის დაფარება აღარ გაგრძელდება.

თუმცაღა, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე ბაიდენის პრეზიდენტობა უფრო მიდგომისა და ნაკლებად მიმართულების შეცვლას შემოგვთავაზებს. მზარდი ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეების გამო, ამერიკა კვლავ შეშფოთებული იქნება. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება დასაფასებელია. თუმცა, ჩინური საფრთხის გაუვნებელყოფის მიზნით, ბაიდენის გუნდი ფოკუსირებას მოახდენს მრავალმხრივი კოალიციის შექმნაზე და არა ცალმხრივი ტარიფებით შეტევაზე. მოსალოდნელია საუბრები დიდ ტრანსატლანტიკურ გარიგებაზე. ჩინეთის ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ ერთობლივი მიდგომის სანაცვლოდ, ამერიკა მისი ტექნოლოგიური გიგანტების საქმიანობით (პერსონალურ მონაცემთა შეგროვება, ადგილობრივი გადასახადებისაგან თავის არიდება) შეშფოთებული ევროპელების დამშვიდებას შეეცდება. ასევე, უნდა ველოდოთ მოლაპარაკებებს ახალი გლობალური ალიანსის შესახებ, რომელიც აზიურ დემოკრატიებს ჩინეთის მოწინააღმდეგე დასავლეთთან დააკავშირებს. სავარაუდოდ, ეს იქნება ახალი ტიპის ამერიკული მსოფლიო წესრიგის საფუძველი.

შესაძლებლობა არსებობს. საკითხავია, გამოიყენებს თუ არა ბატონი ბაიდენი მას. რისკი შემდეგში მდგომარეობს: როგორ სამშობლოში, ისე საზღვარგარეთ, ბაიდენის მმართველობაში დამამშვიდებელი საუბარი ჭარბობს და გადამწყვეტი ქმედებები ნაკლებია. შტატების პრეზიდენტი უფრო მეტად წარსულის შეცდომების გამოსწორებაზეა ფოკუსირებული, ვიდრე ხვალინდელი დღის შენებაზე (რესპუბლიკელების წინააღმდეგობით, ან ასეთის გარეშე). მისთვის მიმდინარე პრიორიტეტს არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ტრადიციული ინსტიტუციების მხარდაჭერა წარმოადგენს. შესაბამისად, საჭირო ცვლილებების გატარება სათანადო ყურადღებას მოკლებულია. ყველაზე დიდი საფრთხე არა მემარცხენე ქარიშხალი (როგორც ამას რესპუბლიკელები შიშობენ), არამედ უმოქმედობა, გაუბედაობა და უძრაობაა. ამერიკისთვის და მთელი მსოფლიოსთვის, ეს სამარცხვინო სცენარი იქნებოდა.

ზანი მინტონ ბიდოსი, მთავარი რედაქტორი, The Economist