დეჟავუს წელიწადი

წარმოიდგინეთ, მომავალში პაბში ამოსახსნელი ტესტების შეკითხვები: რომელ წელს ჩატარდა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები? სწორი პასუხია 2021 (ეს მარტივი შეკითხვა იყო); რას უპასუხებთ დუბაის Expo-2020-ის შემთხვევაში? თუ 2021 წელს დაასახელებთ, ეს ქულას მოგანიჭებთ, მაგრამ იგივეა 2022-ის შემთხვევაშიც (ღონისძიება 2021 წლის ოქტომბრიდან 2022-ის მარტამდე გასტანს); რას იტყვით მის ამერიკა 2020-ის კონკურსის შესახებ? ეს რთული შეკითხვაა. ღონისძიება 2019 წლის დეკემბერში ჩატარდა, სანამ პანდემია მსოფლიოს თავდაყირა დააყენებდა. ამავე დროს, მის ამერიკა 2021-ის კონკურსი გაუქმდა.

2019 წელს და მის შემდგომ გაუქმებული ბევრი ყოველწლიური ღონისძიების განახლების მცდელობა იქნება, მაგრამ ნაკლებად რეგულარული ღონისძიებების ორგანიზატორებიც იმედოვნებენ, რომ 2020 წელს ჩავარდნილ პროექტებს გააგრძელებენ და იმედი აქვთ, მომხმარებლები მოძველებულ საქონელს შეეგუებიან. ზოგიერთი ღონისძიება, როგორიცაა ოთხ წელიწადში ერთხელ გასამართი საფეხბურთო Euro 2020, თავდაპირველ სახელწოდებას დაიტოვებს. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო − UEFA მიიჩნევს, რომ ამ გზით ,,ტურნირის ორიგინალური ხედვა ნარჩუნდება“ და ,,მთელი საფეხბურთო ოჯახის გაერთიანების კვლავ დემონსტრირება ხდება“. თუმცა, UEFA ამ გზით, ასევე, ადასტურებს, რომ ჩემპიონატისადმი მიძღვნილი, ,,დიდი რაოდენობის ბრენდირებული მასალები უკვე დამზადებულია“. ეჭვგარეშეა, რომ იგივე მოსაზრებები 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზეც და EXPO-2020-ზეც ვრცელდება.

დეჟავუს შეგრძნება 2021 წლის დაწყებამდეც სახეზეა. 2019 წლის ივლისში ტოკიომ ოლიმპიურ თამაშებამდე ერთწლიანი ათვლის დაწყება საზეიმოდ აღნიშნა. ღონისძიება მოიცავდა ფეიერვერკებს, ცნობილი სახეების გამოსვლას, ტურნირზე გადასაცემი მედლების პრეზენტაციას. ამ ზეიმიდან 366 დღის შემდეგ, ერთადერთი რამ, რაც მოხდა, იყო 15-წუთიანი ღონისძიება ცარიელ სტადიონზე. ამგვარად, 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად, სხვა წელი ჩაინიშნეს. ამას შეგიძლიათ უწოდოთ გამოცდილება, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ ხდება.

რაც შეეხება კრიკეტს, 2020 წელს გასამართი Twenty20 მსოფლიო თასის გათამაშება 2021 წლისთვის გადაიტანეს, რამაც გულშემატკივრებში ლინგვისტურ გაორებასთან დაკავშირებული ტანჯვა გამოიწვია (Twenty20, ანუ ,,ოცი20“ თამაშის შემოკლებული ვერსიაა, რომელიც თითოეული გუნდისათვის 20 ოვერს გულისხმობს). უფრო უარესი − თავდაპირველად, 2020 წლის მსოფლიო თასის გათამაშება ავსტრალიაში უნდა გამართულიყო, მაგრამ ახლა ინდოეთში იგეგმება. იმავდროულად, 2021 წელს, ინდოეთში გასამართი მსოფლიო სერია 2022 წელს ავსტრალიაში გადაინაცვლებს. ეს თითქმის ისეთივე დამაბნეველია, როგორც კრიკეტის სათამაშო წესები.

ცვლილებები ცოცხალ მუსიკასაც შეეხო. მუსიკის ვარსკვლავებს შორის, რომლებსაც ერთი წლით საგასტროლო ტურნეების გადადება მოუწიათ, არიან Pearl Jam, Green Day და Alanis Morissette (მისი ალბომის Jagged Little Pill 25-წლიანი საიუბილეო ტურნეთი). თითქოსდა 2020-დან 2021 წელზე მოულოდნელი გადართვა საკმარისად დამაბნეველი არ იყოს, Alanis Morissette-ის ალბომი გვახსენებს, რომ ზოგი კვლავ 1995 წელში ცხოვრობს. ამასობაში, კუნძულ უაიტზე, უცნაური ინგლისური დღესასწაულების გასამართ ადგილას, კვლავ გადაიდო ◊გამოცდილება 1970-ის ფესტივალი“. ეს ადასტურებს, რომ დროში მოგზაურობა გეგმის შესაბამისად არასოდეს მუშაობს.

გადავადებების ტალღა მხოლოდ გასართობ და სანახაობრივ ღონისძიებებს არ ეხება. გლობალური პოლიტიკის მე-2 ფორუმი მსოფლიოს ხსოვნის შესახებ, თავდაპირველად 2020 წლის მაისში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ გადაიდო − ვერავინ იტყვის, როდისთვის. 2020 წლის ივნისში დაგეგმილი ინტერდისციპლინური კონფერენციისათვის, ,,ბოროტებასთან ბრძოლის“ თემაზე, ახალი ვადების განსაზღვრა ,,განხილვის პროცესშია“.

რაც შეეხება პოლიტიკას, რომელიც არასოდეს ჩერდება. 2020 წლის მერის არჩევნების იგნორირების განწყობაზე მყოფ ლონდონელებს საკუთარი პოლიტიკური აპათიის ერთი წლით გახანგრძლივების საშუალება ექნებათ. საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებზე ხმის მიცემისათვის მზადების პროცესში მყოფ ჰონკონგელებს კანდიდატებზე ფიქრისათვის კიდევ 12 თვე ექნებათ. 51 წლის განმავლობაში არჩევნების არმქონე სომალელებს კიდევ ერთი წლით ლოდინი მოუწევთ.

ეჭვგარეშეა, რომ 2020 წელი ძირითადად COVID-19-ის პანდემიის დაწყებით დაგვამახსოვრდება. თუმცა, ამ თვალსაზრისითაც, გასასამართლებელი საბუთი არსებობს. ისევე, როგორც ბიოლოგიურ მამას, რომლის წვლილი მხოლოდ შვილის ჩასახვით და გვარის მინიჭებით შემოიფარგლება, 2019 წელს პასუხისმგებლობა არ დაეკისრა. თუმცა, ამ წელმა მძიმე მემკვიდრეობა დატოვა. COVID-19-ს ასე იმიტომ ჰქვია, რომ პირველად მის შესახებ ცნობები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში 2019 წლის ბოლო დღეს წარადგინეს.

 

მოდით, კიდევ ვცადოთ.

ვირუსის სახელწოდებაც კი დეჟავუს გრძნობას აღძრავს. 2002-2003 წლებში მსოფლიო მწვავე რესპირატორულ სინდრომს − SARS-ს ებრძოდა. 2004 წელს ამ ვირუსით ინფიცირების 9000 შემთხვევა დაფიქსირდა. საბედნიეროდ, შემდგომი გავრცელების შესახებ არაფერი გვსმენია. COVID-19-ის გამომწვევ ვირუსს SARS-COV-2 ეწოდება − რომელიღაც ცნობილი ფილმის არაპოპულარული ,,სიკველის“ მსგავსად, რომელიც არავის სურდა.

თუმცა ეს იმედსაც გვისახავს. სასიკვდილო კორონავირუსის სახეობა კაცობრიობამ ერთხელ უკვე დაამარცხა. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვების მოპოვება კიდევ ერთხელ შეგვიძლია. თუმცა, ეს მეტ ბიუჯეტს მოითხოვს და უფრო დრამატული სცენარია (ისევე, როგორც ◊სიკველების“ შემთხვევაში). ერთ რამეზე ყველა თანახმა იქნება: 2021 წელს განმეორებულ მოვლენებს შორის (მათ შორის უკვე გადავადებული ღონისძიებების შესაძლო ხელმეორედ გადადება ან გაუქმება), კორონავირუსის დამარცხება იქნებოდა უფრო უკეთესი, ვიდრე წინა შემთხვევაში.

ლეო მირანი, ბრიტანეთის უფროსი კორესპონდენტი, The Economist