არასანდო წამალი

მმართველობის სადავეებთან მყოფი პოპულისტები კორონავირუსს ცუდად გაუმკლავდნენ. პრეზიდენტმა ტრამპმა ვირუსის საფრთხე დააკნინა, საეჭვო მკურნალობის მეთოდებს რეკომენდაცია გაუწია და პირბადეები დამცინავად მოიხსენია. ნაწილობრივ მისი არაკომპეტენტურობის წყალობით, ამერიკელები უფრო მეტად იღუპებოდნენ COVID-19-ით, ვიდრე თითქმის ნებისმიერი სხვა მდიდარი ქვეყნის მცხოვრებლები. პანდემიის აღკვეთა ჯანსაღ კომუნიკაციას, პაციენტების ორგანიზებულობას და მეცნიერების პატივისცემას მოითხოვს. ბატონ ტრამპს არცერთი მათგანი არ შემოუთავაზებია. ნოემბერში, ამომრჩევლების მიერ მისი უარყოფა შესაძლოა სწორედ ამ მიზეზით მოხდა.

სხვა ნაციონალისტ-პოპულისტებმაც საშინლად იმოქმედეს. ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის იმდენად სურდა გადამწყვეტი, მკაცრი ლიდერის იმიჯის შენარჩუნება, რომ ღარიბი მოსახლეობის მქონე უმსხვილეს ქვეყანაში უმკაცრესი ლოკდაუნის დაწესების შედეგები სათანადოდ ვერ შეაფასა. სოფლებიდან ქალაქებში ჩამოსულმა მილიონობით მიგრანტმა სამუშაო დაკარგა და საცხოვრებელი ადგილების დატოვება მოუწიათ. შედეგად, ხალხით გადავსებული ავტობუსის სადგურები ვირუსის მთელ ინდოეთში გამავრცელებელ პუნქტებად გადაიქცნენ. ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარომ COVID-19 უდიერად, ,,ჩვეულებრივ დაცემინებად“ მოიხსენია და ყალბი სამედიცინო საშუალებების რეკლამირებას ეწეოდა. გარდაცვლილთა სასაფლაოებზე ღამღამობით, ფარულად გადასვენების მიუხედავად, ტანზანიის პრეზიდენტმა, ჯონ მაგუფულიმ თავისი ქვეყანა ვირუსისაგან თავისუფალ (,,ღვთაებრივი ჩარევის“ წყალობით) ზონად გამოაცხადა.

ყველა ასეთ შემთხვევაში, ექსპერტების იგნორირების მიდგომამ ფართოდ გავრცელებულ სიკვდილიანობასთან და უაზროდ დამძიმებულ ეკონომიკურ ზიანთან მიგვიყვანა. თუმცა, პოპულისტებს თავის გასამართლებელი მიზეზების პოვნა და არასასურველი ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანა კარგად გამოსდით. ბატონმა მოდიმ ვირუსის გავრცელებაში მუსლიმები დაადანაშაულა და შესანიშნავ რეიტინგებს ინარჩუნებს. შოკის შერბილების მიზნით, ბატონმა ბოლსონარომ დიდი მოცულობით საჯარო თანხები დაარიგა. ამან მისი პოპულარობა უფრო შეინარჩუნა, ვიდრე მექსიკის მემარცხენე პოპულისტი პრეზიდენტის, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის შემთხვევაში. ვირუსის შესაჩერებლად, ბატონმა ობრადორმაც ძალიან ცუდად იმუშავა, თუმცა ფულის დარიგებაში გულუხვი არ იყო. ტანზანიის პრეზიდენტმა, ბატონმა მაგუფულიმ ოქტომბრის ხელახალი არჩევნები მედიის გაჩუმებისა და ოპონენტების დაპატიმრების ფონზე მოიგო.

პოპულისტი ლიდერები აცხადებენ, რომ ,,ხალხის“ ნება იციან და ადამიანებს ჩრდილში მდგარი ბოროტი ,,ელიტისაგან“ იცავენ. მაგრამ ხალხს არაერთგვაროვანი შეხედულებები აქვს, ხოლო ,,ელიტა“ მოიცავს ექიმებს, მეცნიერებსა და ეპიდემიოლოგებს. ცოდნისა და ექსპერტიზის უარყოფის ტენდენცია ჩვეულებრივ დროს საზიანოა, ხოლო პანდემიისას − დამღუპველი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ ტრამპის გადაწყვეტილება, ან ბელარუსი დესპოტის, ლუკაშენკოს მოსაზრებები ვირუსის არყის სმით და ტრაქტორზე მუშაობით დამარცხების თაობაზე, პოპულისტების ასეთ მავნე ლოზუნგებს მეცნიერებაზე წინ აყენებენ. შედეგები ლეტალურია.

სამწუხაროდ, პანდემია ზოგიერთ ამომრჩეველს პოპულიზმისადმი უფრო დამყოლს ხდის. ხალხს ეშინია; პოპულისტები ამ შიშის გამოყენებას ახერხებენ. ხალხი დაბნეულია; პოპულისტები ადვილად ასათვისებელ ნარატივს გვთავაზობენ, მაგალითად, ჩინეთის ან გლობალიზაციის დადანაშაულება. ამ ბრალდებებში ზოგჯერ ჭეშმარიტების ელემენტიც არის: საწყის ეტაპზე, ჩინეთის მიერ COVID-19-თან დაკავშირებული საკითხების მიჩქმალვა მართლაც უპასუხისმგებლო იყო. თუმცა ეს უკვე წარსულშია. ახლა, და ალბათ მთელი 2021 წლის განმავლობაში, მთავრობებს ყველგან ვირუსთან ბრძოლა უწევთ. მათ ამის გაკეთება ეფექტურად მხოლოდ მაშინ შეეძლებათ, როდესაც ფაქტებითა და მტკიცებულებებით იხელმძღვანელებენ.

საბედნიეროდ, საფუძვლიანია მოსაზრება, რომ პანდემია პოპულიზმს შეასუსტებს. ამომრჩევლები შენიშნავენ, როდესაც მათი ლიდერები ვითარებას ვერ უმკლავდებიან. არაკომერციული ორგანიზაცია More Hevpar-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ადამიანები პანდემიასთან ბრძოლის გაძღოლაში გაცილებით მეტად ადანაშაულებენ თავიანთ პოპულისტ მთავრობებს ­აშშ-ში, ბრიტანეთსა და პოლონეთში, ვიდრე გერმანიასა და ჰოლანდიაში (სადაც მთავრობები პოპულიზმს არ იზიარებენ).

საარჩევნო კალენდრის გათვალისწინებით, პოპულისტური მთავრობების თავიდან მოშორების ან შეზღუდვის შესაძლებლობა 2021 წელს ბევრ ამომრჩეველს არ ექნება. რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება. ინდოელები პარლამენტის ზედა პალატის წევრებს აირჩევენ, მაგრამ ბატონი მოდი თავის ძალაუფლებას შეინარჩუნებს. მექსიკელები ახალ კანონმდებლებს აირჩევენ, მაგრამ ობრადორი კვლავ პირველი პირი იქნება.

 

გადაირჩიეთ თაღლითები არჩევნებზე.

პანდემიამ აჩვენა, რომ პოპულისტური ინსტრუმენტები (შიშის დანერგვა, განტევების ვაცის ძიება, ემოციებზე აპელირება) უსარგებლოა ვირუსის წინააღმდეგ, რომელსაც არაფრის შიში არ აქვს და მკაცრ რიტორიკაზე არ რეაგირებს. გლობალურ ეკონომიკაზე დარტყმით, COVID-19-მა დემაგოგებს ამომრჩევლების მათივე ფულით მოსყიდვა გაურთულა. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია განვითარებად ქვეყნებში, სადაც იაფად სესხების აღებას ვეღარ ახერხებენ.

ვირუსის დამარცხებას იმ ღირსებების ქონა დასჭირდება, რომლებსაც პოპულისტები არ აღიარებენ: გონიერება, გახსნილობა და საერთაშორისო თანამშრომლობა. ლიბერალების ამოცანა 2021 წელს ამ ღირსებების წინ წამოწევა და პოპულისტების უკანა პლანზე გადანაცვლება იქნება.

 რობერტ გესთი, საგარეო საქმეთა რედაქტორი, The Economist