საქართველოს აღდგენა საყოველთაო უკეთესი მომავლისათვის
საქართველო, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, 2020 წლის განმავლობაში ებრძოდა კორონავირუსთან დაკავშირებულ დიდ გამოწვევებს. მსოფლიო პანდემია უფრო მეტია, ვიდრე ჯანმრთელობის კრიზისი. ესაა სოციალურ-ეკონომიკური, ჰუმანიტარული, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კრიზისი. მან გავლენა მოახდინა ჩვენზე, როგორც ინდივიდებზე, და როგორც ოჯახის წევრებზე, თემებსა და საზოგადოებებში. პანდემიამ ასევე გამოავლინა სისუსტეები და საზოგადოებრივი ხარვეზები ქვეყნებში, და მათ შორის, გაამძაფრა იმ ადამიანთა მარგინალიზაცია, რომლებიც კორონავირუსის კრიზისამდე უკვე იყვნენ მოწყვლადი სიღარიბისა და დისკრიმინაციისადმი.
2021 წელს საქართველო განაგრძობს მცდელობებს, დაიცვას თავისი ხალხი COVID-19 პანდემიის ყველაზე უარყოფითი ზემოქმედებისგან და დაიწყოს გზა აღდგენისაკენ, მომავლისადმი დიდი გაურკვევლობის პირობებში. გასაგებია, რომ დიდი ყურადღება ექცევა ეკონომიკური ზრდის აღორძინებას, განსაკუთრებით იმ სექტორებში, რომლებიც პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა. ახლა დროა გადავწყვიტოთ, გამოიყენებს თუ არა ქვეყანა შეფერხებას უფრო სწრაფი წინსვლისათვის, თუ უბრალოდ, პრიორიტეტს მიანიჭებს ეკონომიკის მაქსიმალურად სწრაფად დაბრუნებას ნაცნობ გზებზე.
როგორ შეუძლია მდგრადი განვითარების მიზნებს (SDG) დაგვეხმაროს ამ რთული ვითარების ნავიგაციაში? 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნები უკვე გაწერილია, როგორც გეგმა ყველასათვის უკეთესი და მდგრადი მომავლის მისაღწევად. ამ ჩარჩოებში, ეკონომიკური ზრდა არა საბოლოო მიზანი, არამედ ერთ-ერთი საშუალებაა ყველასათვის უფრო მეტი, უფრო თანაბარი შესაძლებლობებისა და გაძლიერებული კეთილდღეობისაკენ. იგი მოიცავს კონკრეტულ, გათვლილ და ურთიერთდაკავშირებულ მიზნებს სიღარიბის დაძლევის, გენდერული თანასწორობის, განათლების, ჯანდაცვის, ღირსეული შრომის, კლიმატის ცვლილების, მშვიდობის, სამართლიანობისა და სხვა სფეროებში.
პანდემიის საპასუხოდ, საქართველომ ნახა და იგრძნო სოციალური სოლიდარობის სარგებელი. გვჯერა, რომ იგივე სულისკვეთებამ უნდა უზრუნველყოს აღდგენა, რომელიც ავრცელებს ეკონომიკური აღორძინების სარგებელს და მიჰყავს ეკონომიკა და საზოგადოება მდგრადი, ინკლუზიური და სამართლიანი მომავლისკენ, რაც ახალ შესაძლებლობებს უქმნის საქართველოში მყოფ ყველა ადამიანს.
ასეთი აღდგენა უნდა შეიცავდეს კონკრეტულ ნაბიჯებს იმ ადამიანების დასაცავად და გასაძლიერებლად, რომლებიც აქამდე ხშირად ჩამორჩებოდნენ საქართველოს განვითარების გზას: ქალები, ახალგაზრდები, ხანდაზმული პირები, არაკომერციული ფერმერები და არაფორმალური სექტორის მუშაკები, ეროვნული და რელიგიური უმცირესობები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე მცხოვრებნი, მიგრანტები, თავშესაფრის მაძიებლები და სექსუალური უმცირესობისა და გენდერული იდენტობის წარმომადგენლები. საქართველოს ეკონომიკური განვითარების გზის ხელახალი განხილვის მიღმა, ამ მიზნების მიღწევა მოითხოვს მუდმივ პროგრესს კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ მმართველობაში. ასევე, მთავარი პრობლემა უნდა იყოს სოფლისა და ქალაქების დაყოფის გადაკვეთა და დეცენტრალიზაციის გეგმის განხორციელება. გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობისა და მავნე პრაქტიკის დასრულება და ადამიანის უფლებების ეფექტურად დაცვა წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობებია.
საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხისათვის უკეთესი მომავლის შექმნა, ეროვნული კონკურენტუნარიანობისა და გამძლეობის ჩამოყალიბება მოითხოვს გრძელვადიან ხედვას და გადამწყვეტ ზომებს უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. გარდა ამისა, ეკონომიკის ◊მწვანე“ ტრანსფორმაციის შესაძლებლობა და ადამიანური კაპიტალის განვითარება ყველა ჩვენგანის დღის წესრიგში უნდა აისახოს, თუ გვსურს ინკლუზიური ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია გავაუმჯობესოთ და უზრუნველვყოთ, რომ საქართველო გახდეს ადგილი, სადაც ყველა ადამიანი იქნება დაცული, თავისუფალი, პატივსაცემი და უფლებამოსილი, და ამან აქტიურად შეუწყოს ხელი ქვეყნის განვითარების კურსს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მხარს დაუჭერს ამ ძალისხმევას და გააგრძელებს მუშაობას ყველა კოლეგასთან მდგრადი განვითარების მიზნების, როგორც აღდგენის მცდელობებისა და საშუალებების, განსახორციელებლად საქართველოში.
საბინე მახლი, გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში