ნათია თურნავა − იმედი გვაქვს, 2021 წელს სრულად გავანეიტრალებთ პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ ვარდნას
კორონავირუსის პანდემიის შემდგომ პერიოდში აპრილი იყო პირველი თვე, როცა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა − 45% დაფიქსირდა. როგორც თქვენ აპრილის ეკონომიკური ზრდის შეფასებისას განაცხადეთ, ამან საშუალება მოგვცა წლევანდელი ეკონომიკური ზრდის ობიექტური პროგნოზი გავაორმაგოთ და 6,5%-იანი ზრდა ვივარაუდოთ. იმის ფონზე, რომ პანდემია არსად წასულა და მსოფლიო კვლავაც დგას ამ გამოწვევის წინაშე, რა მოლოდინი გაქვთ, რამდენად არის იმის რეალობა, რომ წლის ბოლოსთვის შევინარჩუნებთ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და ეკონომიკური ზრდის 6,5%-იანი პროგნოზი გამართლდება?
სწრაფი ეკონომიკური გაჯანსაღება და ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესება წარმოადგენს იმ მთავარ ფუნდამენტს, რაც უზრუნველყოფს საბაზრო ძალებით დასაქმების ხელშეწყობას, სიღარიბის შემცირებას და შესაბამისად, ფისკალური ხარჯების შემცირების პარალელურად, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას. აპრილში დაფიქსირებული უპრეცედენტოდ მაღალი − 44.8%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, მაისიც არ იყო გამონაკლისი და აპრილის შემდეგ მაქსიმალური − 25.8%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. შესაბამისად, იანვარ-მაისის ეკონომიკური ზრდა 11.5%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი გაჯანსაღება ფიქსირდება ეკონომიკის ყველა სექტორში, რასაც ხელს უწყობს როგორც შიდა, ასევე საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესება.
ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ ღონისძიებებზე მიმართულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, ასევე, მთავრობის მიერ კრიზისის შესამსუბუქებლად განხორციელებულმა მხარდაჭერის პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკის გაჯანსაღებას, პანდემიის უარყოფითი გავლენის შემცირებას მოსახლეობაზე და შექმნა მყარი ფუნდამენტი ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებისთვის, რაც ნათლად დაადასტურა მარტი-მაისის ეკონომიკური აქტივობის ზრდის მაჩვენებლებმა. იმედი გვაქვს, 2021 წელს სრულად გავანეიტრალებთ პანდემიით გამოწვეულ 2020 წლის ეკონომიკურ ვარდნას.
რა სახის ღონისძიებებს გაატარებს პოსტკრიზისულ პერიოდში მთავრობა სწრაფი ეკონომიკური განვითარებისა და მდგრადობის მისაღწევად?
ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობისა და მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას, ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებას (ლოგისტიკური, საკომუნიკაციო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას), ბიზნესისა და განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობაზე მიმართული პროგრამების შემდგომ განვითარებას, ექსპორტის დივერსიფიკაციისა და ტურიზმის აღდგენის ხელშეწყობას, ახალი საინვესტიციო სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას და რაც მთავარია, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას.
პანდემიის პირობებში მთავრობამ აქტიური ნაბიჯები გადადგა ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით. რა სახის პროგრამები და რა ნაბიჯები გაქვთ დაგეგმილი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით მომავალ წლებში?
ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ წლების განმავლობაში პროგრამა ◊აწარმოე საქართველოში“ იქცა იმ მძლავრ ბერკეტად, რომელმაც არა მხოლოდ ხელი შეუწყო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას სხვადასხვა ტექნიკური და ფინანსური მექანიზმებით, არამედ გაზარდა ადგილობრივი წარმოება და ინვესტიციები კერძო სექტორში.
სააგენტო უკვე წლებია საზღვარგარეთ გამოფენებისა და ღონისძიებების თანადაფინანსებასა და ორგანიზებას ახორციელებს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ქართული კომპანიები. წლების განმავლობაში ამ მექანიზმით უკვე ასობით კომპანიამ ისარგებლა.
ამასთან, უკვე დაგეგმილია დამატებითი პროგრამების შემოღება, რომელიც სწორედ ექსპორტირებაზე იქნება მორგებული და კომპანიებს საშუალებას მისცემს ისარგებლონ დამატებითი რესურსებით, რათა მოხდეს მათი კონკურენტულობის ამაღლება. ერთ-ერთი ასეთი პროგრამა იქნება ◊პროგრამა ბიზნეს-ექსპორტი & იმპორტ-ჩანაცვლება“.
საერთო ჯამში, დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად, მომდევნო 5 წლის განმავლობაში 2000-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესი მიიღებს სარგებელს. ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმის ფარგლებში კი ჩვენ ვგეგმავთ, 60 პროცენტით გავზარდოთ მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვებული პროდუქცია. ასევე უნდა ვთქვა, რომ ჩვენთვის მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ქალთა მეწარმეობის წახალისება და ამ მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, რომლის ფარგლებშიც ვგეგმავთ, 45 პროცენტით გავზარდოთ მოქმედ ბიზნესსუბიექტებში დამფუძნებელ ქალ-მეწარმეთა წილი.
როგორ შეინარჩუნა პანდემიის პირობებში საქართველომ საინვესტიციო მიმზიდველობა და თქვენი აზრით, როგორ უნდა გავზარდოთ ეს მიმზიდველობა კიდევ უფრო?
პანდემიის პერიოდშიც საქართველომ უზრუნველყო საინვესტიციო მიმზიდველობის შენარჩუნება და პირიქით − გაუმჯობესებაც კი. პოსტპანდემიური გაჯანსაღების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება საქართველოს მთავრობამ რეალურად საკმაოდ ადრე დაიწყო და აღნიშნულის ნათელ მაგალითს წარმოადგენს უცხოური ინვესტიციების ხელშემწყობი საგრანტო პროგრამა და საერთაშორისო სტატუსის მქონე IT-კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათები. აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო მიმზიდველობის აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს მაკროეკონომიკური სტაბილურობა და აღნიშნული თვალსაზრისით საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რაც აღიარებულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების მიერ. ამავე დროს, სტრუქტურული რეფორმებისა და კერძო სექტორის მხარდამჭერი მექანიზმების განვითარება, მათ შორის ექსპორტზე ორიენტირებულ დარგებში, ხელს უწყობს საინვესტიციო მიმზიდველობის კიდევ უფრო გაზრდას.
დღეის მდგომარეობით, საქართველოს უკვე გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება 46 ქვეყანასთან, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. კიდევ რომელ ქვეყნებთან მიდის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებები და რა შედეგები გვაქვს ამ მიმართულებით? რა კეთდება ამ ქვეყნებთან ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით?
ბოლო რამდენიმე წელიწადში ჩვენ უფრო ინტენსიური გავხადეთ საკუთარი ვაჭრობის ლიბერალიზაციის პროცესი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე მოლაპარაკებები. თუ წლების წინ თავისუფალი შეთანხმებების არეალი, ვისთანაც საქართველო ვაჭრობდა, შემოიფარგლებოდა დსთ-ს ქვეყნებითა და თურქეთით, და ჩვენი ექსპორტის წილი, რომელიც ამ არეალში გადიოდა, იყო 54%, დღეს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ქვეყნების წილი საქართველოს ექსპორტში 90%-მდეა, რაც თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ გაიზარდა წვდომა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით მოცულ ბაზრებზე, განსაკუთრებით, 2014 წლიდან, როდესაც საქართველო გახდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მხარე, რისი ნაწილიც არის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. ამას მალე მოჰყვა თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმება EFTA-ს ქვეყნებთან − ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, ჩინეთთან და ჰონკონგთან. ჩვენ უკვე დავწინაურდით მოლაპარაკებებში ისრაელთან, ინდოეთთან და კორეასთან, და გვაქვს მოლოდინი, რომ მალე ამ ქვეყნების ბაზარზეც გავალთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პირობებით. ჯამში კი, ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმის ფარგლებში ვგეგმავთ, რომ 2030 წლისთვის 60-მდე გავზრდით იმ ქვეყნების რაოდენობას, ვისთანაც საქართველო თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ისარგებლებს. ეს საშუალებას მისცემს ჩვენს მეწარმეებს, საკუთარი პროდუქცია 5,6 მლრდ მომხმარებელს მიაწოდონ, რაც მსოფლიო მოსახლეობის 72%-ია.
ტურიზმი თანდათან გამოდის პანდემიური შოკიდან − იხსნება საზღვრები, იზრდება რეისების რაოდენობა. მათ შორის, ქართულ ავიაბაზარზე გამოჩნდნენ ახალი ავიაკომპანიები, თუმცა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ტურიზმის სექტორი პანდემიამ იმდენად დააზარალა, რომ ექსპერტთა ვარაუდით, ტურიზმის გლობალური ბაზარი 2019 წლამდე მაჩვენებელს სავარაუდოდ 2024 წლამდე ვერ დაუბრუნდება. რა კეთდება ადგილობრივი ტურიზმის აქტიური აღდგენის მიზნით, იგეგმება თუ არა ახალი ტურისტული პროგრამებისა და პროდუქტების შექმნა, ახალი ბაზრების მოზიდვა? როგორი ხედვა აქვს დღეს სახელმწიფოს ამ მიმართულებით?
გეთანხმებით, ტურისტული ინდუსტრია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სფეროა პანდემიის პირობებში, თანდათან გამოდის შოკიდან და აქტიურ აღდგენას იწყებს. გვაქვს მოლოდინი, რომ ტურიზმი იმაზე სწრაფად აღდგება, ვიდრე ნავარაუდევი გვქონდა და შესაძლოა, 50%-მდეც კი გვქონდეს აღდგენა. თუმცა, ბუნებრივია ყველაფერი დამოკიდებულია გლობალურ ეპიდვითარებაზე. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ავიაციის სექტორის გამოცოცხლება და ფრენების აქტიური აღდგენა, ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ ცოტა ხნის წინ ◊ვიზეარის“ ბაზა დაბრუნდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია დამატებით უკვე აღდგენილ ფრენებთან, ევროპის 6 მიმართულებით შეასრულებს რეისებს. ასევე, ჩვენ გავხსენით ქუთაისის განახლებული აეროპორტი, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია მთელ რეგიონში და პანდემიის მიუხედავად, მხოლოდ ივლისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 153 ფრენა შესრულდება პირდაპირი რეგულარული რეისით როგორც ევროპის, ასევე აზიის ქვეყნებში.
გარდა ამისა, ბათუმის აეროპორტმა მიმდინარე წლის პირველი 5 თვის მონაცემებით, 16%-ით მეტი მგზავრი მიიღო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი მოლოდინი ძალიან პოზიტიურია და ვგეგმავთ, უახლოეს წლებში საქართველო წარმოვაჩინოთ მსოფლიო ტურისტულ რუკაზე, როგორც მოწინავე, ყველა სეზონის, მომსახურების მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და უნიკალური შთაბეჭდილებების ქვეყანა. უკვე არსებულს დაემატება ახალი ტურისტული ცენტრები და გაჩნდება ახალი ტურისტული ლოკაციები. ასევე, გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ 2030 წლისთვის საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 13 მილიონამდე გავზარდოთ.
რამდენიმე დღის წინ პრემიერმა წარმოადგინა ქვეყნის განვითარების 10-წლიანი პროგრამა, რომელშიც საუბარი იყო ეკონომიკურ რეფორმებზე. უფრო კონკრეტულად გვითხარით იმ მასშტაბური რეფორმების შესახებ, რომლის გატარებაც იგეგმება უახლოესი წლების განმავლობაში?
სტრუქტურული რეფორმების განხორციელება წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტს ეკონომიკის სწრაფი და ინკლუზიური გაჯანსაღების, პოტენციური ეკონომიკური ზრდის დაჩქარების, სისტემური გამოწვევების დაძლევის, მდგრადი და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის შესაბამისი ეკონომიკური სტრუქტურის ჩამოყალიბებისა და საბაზრო ჩავარდნების აღმოფხვრის თვალსაზრისით.
საქართველოს მთავრობა გააგრძელებს სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას და გრძელვადიანი ეკონომიკური მიზნების მიღწევას.
ქვეყნის განვითარების 10-წლიანი პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ რეფორმებს შორის აღსანიშნავია: სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, პრივატიზაციის დაჩქარება, ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმების განვითარება, წიაღის სექტორის რეფორმა, ენერგეტიკის სფეროს ფართომასშტაბიანი რეფორმა და სხვა.
საქართველოს მთავრობა კვლავ აქტიურად გააგრძელებს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას ექსპორტის ზრდისა და დივერსიფიკაციის მიმართულებით. კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, მეწარმეობის შემდგომი განვითარებისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების შემდგომ განვითარებასა და გაფართოებას.
კერძო სექტორის განვითარების თვალსაზრისით, საინვესტიციო ნაკადების მოზიდვა კვლავ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება. ამასთან, აღნიშნულ პროცესში მეტი აქცენტი გამახვილდება ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვაზე და გაძლიერდება უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ხელშეწყობის პლატფორმა. ტურიზმის გაჯანსაღების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ე.წ. ნიშური ტურისტული პროდუქტების განვითარებას.
ნათია თურნავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი