საფრანგეთი და საქართველო − ვმუშაობთ ერთად დინამიკური, ინკლუზიური, მდგრადი განვითარებისათვის

2021 წლის ზაფხულის დასაწყისში, ჩვენი ქვეყნების, ჩვენი საზოგადოებების, ჩვენი ეკონომიკის აღდგენის გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით.

COVID-19-მდე საქართველო მიემართებოდა განვითარების ევროპული გზისკენ, ძლიერი ინსტიტუტებით, ინვესტიციებით უნარებში, სწრაფად განვითარებად სექტორებში შესაძლებლობების ძიებით. საფრანგეთი და ევროკავშირი ქმნიდნენ ახალ ინსტრუმენტებს, რომლებსაც მხოლოდ ჩვენი უახლოესი პარტნიორებისთვის ვინახავთ: უვიზო მიმოსვლა, ასოცირების სრულყოფილი ხელშეკრულება, ფინანსური და ტექნიკური დახმარება მაქსიმალურად მაღალ დონეზე. 2016 წელს თბილისში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ოფისი გაიხსნა.

COVID-19-ით არა მხოლოდ შენელდა ეს ძალისხმევა, არამედ საქართველო მრავალი კრიზისული ტალღის წინაშე აღმოჩნდა: ჯანმრთელობა, ეკონომიკა, პოლიტიკა, უსაფრთხოება. საფრანგეთმა და ევროპამ დამატებითი რესურსების მობილიზება მოახდინეს ჩვენი ქართველი პარტნიორების დასახმარებლად ამ მრავალი გამოწვევის გასამკლავებლად.

უკეთესი პერსპექტივა ახლა ნამდვილი შესაძლებლობა ხდება. ვაქცინაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს, რაც ხელს შეუწყობს ძლიერი ეკონომიკური აღდგენის შესაძლებლობას. პოლიტიკური არჩევანი გაკეთდა რთული საკითხების გადასაჭრელად და რეფორმის განახლებული ვალდებულებით, საქართველო უფრო ახლოს აღმოჩნდა დასავლელ და ევროპელ პარტნიორებთან.

არსებობს მრავალი შესაძლებლობა, ამიტომ ევროკავშირი მუშაობს ასოცირების დღის წესრიგის შემუშავებაზე და საფრანგეთმა ხელი მოაწერა სამოქმედო მემორანდუმს შემდეგი სამი წლის განმავლობაში, 483 მილიონი ევროს ოდენობის სესხებისა და გრანტების მხარდაჭერით, დინამიკური, ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისთვის.

ჩვენ ვიმუშავებთ ბევრ საინტერესო პროექტზე. ჩვენ ხელს შევუწყობთ ე.წ. მწვანე ენერგიას და ელექტროენერგიის ბაზარს, რომელიც მზადაა ინვესტიციებისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ წყლის რესურსების მენეჯმენტზე, თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნაზე ამ ძირითადი რესურსის მართვის მიზნით. ჩვენ ვმუშაობთ ეკოლოგიურ ტრანსპორტირებაზე როგორც ქალაქებში, ასევე სამხრეთ კავკასიის დასაკავშირებლად. და ჩვენ დავეხმარებით სოციალური კოდექსის შემუშავებაში, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია გენდერულ თანასწორობაზე, ეფექტური და ინკლუზიური სოციალური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს მთავრობა ცდილობს მიმართოს ინვესტიციები იმ სექტორებში, სადაც რეფორმები ყველაზე დინამიკურია. ჩემი აზრით, ეს სწორი მიდგომა და განვითარების სტრატეგიის განსაზღვრის კარგი გზაა. ვსაუბრობთ ხაშურში წყლის მენეჯმენტზე, თბილისის საბაგირო გზაზე, ზემო სამგორის რაიონში სარწყავ სისტემაზე ან ფსიქიატრიული პრობლემების უკეთესად მოგვარების დეინსტიტუციონალიზაციაზე, ეს ყველაფერი კი ეხება ადგილობრივი დემოკრატიის მშენებლობას, კანონის უზენაესობას, თანამედროვე ინფრასტრუქტურას, ევროპული მიდგომებისადმი ღიაობას. საქმე ასევე ეხება ახალ შესაძლებლობებს, რომ საქართველომ ისარგებლოს თავისი უნიკალური მდებარეობით აზიასა და ევროპას შორის, მრავალი დიდი ცივილიზაციის გზაჯვარედინზე.

"კოვიდ-19“-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სამუშაო ჯგუფი, სახელწოდებით "ევროპის გუნდი“. ეს არის გზა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებმა, წევრმა სახელმწიფოებმა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა უკეთ იმუშაონ ერთობლივ პროექტებზე და საერთო ღირებულებებზე.

საფრანგეთის მთავრობის მოქმედების მემორანდუმი მჭიდროდ იყო კოორდინირებული ევროკავშირთან. 2016 წელს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, საფრანგეთის განვითარების სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს თავის გერმანელ სტრატეგიულ პარტნიორ KFW-სთან. ჩვენ ასევე შევქმენით გლობალური ალიანსი ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან. მართლაც, ჩვენი მიზანია საქართველო გახდეს აღმოსავლეთ ევროპაში წარმატების კიდევ ერთი მაგალითი და, შესაბამისად, აზრი აქვს მასზე მუშაობას უკვე წარმატებულ მჭიდრო აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორთან.

ჩვენ გვაქვს მიზანი. ჩვენ გვაქვს გეგმა და რუკა იქ მისასვლელად. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს გადავფურცლოთ გასული ზამთრის გვერდი. ასე რომ, მხოლოდ დიდი იმედი შეიძლება გვქონდეს მომავალი თვეების განმავლობაში. 

 

დიეგო კოლა, საფრანგეთის ელჩი საქართველოში