გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამინისტროს სამომავლო მასშტაბური გეგმების შესახებ

გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება დღეს არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევათა შორისაა. ამ გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირება ჩვენი სწორი სახელმწიფო პოლიტიკა, გრძელვადიანი სტრატეგია და ეფექტიანი სამოქმედო გეგმაა.

2012 წლიდან, ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია როგორც აგრარული დარგის წინსვლის ხელშეწყობა, ასევე, მასშტაბური ეკონომიკური განვითარების პარალელურად, გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით და კანონმდებლობის ასოცირებით. მინდა გაგაცნოთ ის შედეგები, რომელიც სახელმწიფო პროგრამების განხორციელებით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, კერძო სექტორთან აქტიური კომუნიკაციით მივიღეთ. ასევე, წარმოგიდგენთ 10-წლიან ხედვას, რომელიც ეფუძნება სახელმწიფო პოლიტიკას და გულისხმობს სახელმწიფოს, დონორი ორგანიზაციებისა და კერძო საინვესტიციო პოტენციალის ერთობლივ ძალისხმევას მეტი შედეგის მისაღწევად.

2020 წელს, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 942 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 432 მლნ აშშ დოლარით (84.5%) აღემატება 2012 წლის მაჩვენებლებს.

2012 წლიდან 2020 წლამდე, აგროსასურსათო პროდუქციით საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სავაჭრო სალდო 753 მლნ აშშ დოლარიდან 265 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.

გეგმის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში, მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციის საერთო მოცულობა სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდ ლარს შეადგენს

● დაახლოებით 500 ათას ჰექტრამდე გაიზრდება ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურებით დაფარული მიწის ფართობი, უზრუნველყოფილი იქნება 3,7 მლნ ტონამდე წარმოება (მათ შორის, 600 000 ტონა ყურძენი); 500 ჰექტარზე შეიქმნება სასათბურე მეურნეობა; თანადაფინანსების სახით, 124 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. 50 ათას ჰა-ზე მეტ ფართობზე ინტენსიური მრავალწლოვანი ხეხილის ბაღები და 15 000 ჰა-ზე მეტი ვენახი გაშენდება; თანადაფინანსების სახით, 340 მლნ ლარამდე გაიცემა;

● უახლოესი 10 წლის განმავლობაში, დარგში 1,7 მილიარდი ლარის ინვესტირებაა დაგეგმილი, საიდანაც სახელმწიფოს წილი 700 მილიონზე მეტია. შედეგად, ქვეყანაში უფრო მეტად გაიზრდება ადგილობრივი წარმოება;

● მილიონ ტონაზე მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნას სახელმწიფო 525 მლნ ლარით დააფინანსებს;

● შესაფუთი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 12 მლნ ლარამდე დაიხარჯება;

● სათესლე და სანერგე მეურნეობების განსავითარებლად თანადაფინანსებისთვის 45 მლნ ლარი გაიცემა;

● სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა იზრდება − 10-წლიანი გეგმის ფარგლებში, დაგეგმილია 1,7 მილიარდი ლარის ინვესტირება, საიდანაც სახელმწიფოს თანამონაწილეობა 700 მლნ ლარია. საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივით, მიმდინარე წელს სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის მასშტაბური თანადაფინანსების პროგრამა დაიწყება, რომლის ღირებულება 50 მილიონი ლარი იქნება;

● 400-მდე თანამედროვე ტიპის მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმების შესაქმნელად, 560 მლნ ლარის ოდენობით ჯამური ინვესტიცია განხორციელდება;

● საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი სარწყავი ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაცია/მოდერნიზაციის 10-წლიანი პროგრამით, 2030 წლის ბოლოს, წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 227 000 ჰექტარზე მეტი, ხოლო დამშრალი ფართობი − 74 000 ჰექტარზე მეტი იქნება. 2012-2020 წლებში, სახელმწიფოს მიერ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მიმართულებით 430 მლნ ლარამდე თანხა დაიხარჯა; შედეგად, ქვეყანაში, დღეისათვის, 200 ათას ჰექტრამდე წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია, რაც თითქმის 5-ჯერ აღემატება 2012 წლის მონაცემებს (დაახლოებით 45 ათას ჰექტრამდე); დრენირებული ფართობის რაოდენობა კი, 14 ათასი ჰექტარია;

● 2024 წლიდან ბაზარზე მხოლოდ სერტიფიცირებული სარგავი და სათესლე მასალა იქნება ხელმისაწვდომი;

● საქართველოს მასშტაბით, 13 სრულად ფუნქციური, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტის მქონე სოფლის მეურნეობის ლაბორატორია იმუშავებს;

● მიწის ბალანსის 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შედგენა და გამოქვეყნება განხორციელდება 2024 წლის 1 ივლისამდე;

● სურსათის ეროვნული სააგენტოს 2030 წლამდე გაწერილი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში საკანონმდებლო დაახლოების პროცესია;

● 50 000 პედაგოგი გადამზადდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით მომზადებული სახელმძღვანელოს გამოყენებით, ხოლო 500 000 მოსწავლე მიიღებს ბაზისურ ცოდნას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლის რესურსების დაცვა, ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების შემცირება; ნარჩენების მართვა, მიწის მართვა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, მდგრადი სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა და ხარისხი;

● აქტიურად მიმდინარეობს და შეუქცევად პროცესად ჩამოყალიბდება პროფესიული სასწავლებლების გაძლიერება;

● ვენახების კადასტრის პროგრამა მიმდინარე წელს დასრულდება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში. მომდევნო წლებში კი საქართველოს მევენახეობის ყველა რეგიონს მოიცავს;

● 2030 წლისთვის ღვინისა და სხვა ყურძნისეული ალკოჰოლური სასმელების ექსპორტით, ქვეყანა მილიარდი დოლარის ოდენობის შემოსავალს მიიღებს;

● 2030 წლამდე, წინასწარ გამოვლენილ 1500 ჰა-ზე ტყის გაშენებისა და აღდგენის ღონისძიებები განხორციელდება.

გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება ქვეყნის სამომავლო განვითარების ხედვის განუყოფელი ნაწილია. სახელმწიფოს მიზანია, ეკონომიკის განვითარების პარალელურად, დავიცვათ გარემოსდაცვითი სტანდარტები.

დაინერგება პარლამენტის მიერ მიღებული ახალი მოთხოვნები მრეწველობის სექტორში ჰაერდაცვითი სტანდარტების გასაუმჯობესებლად; 2030 წლისთვის, ქვეყნის 200 უმსხვილესი საწარმო დანერგავს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით საუკეთესო ევროპულ ტექნოლოგიებს ჰაერის, წყლის, ნიადაგის დაბინძურების შესამცირებლად.

დაცული ტერიტორიების ფართობი 793 351 ჰა-დან მილიონ ჰა-მდე გაიზრდება და მიაღწევს ქვეყნის მთელი ტერიტორიის 17%-ს; დაცული ტერიტორიების ეკოტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მინიმუმ 5-ჯერ, 11.5 მლნ ლარიდან (2019 წ.) 58 მლნ ლარამდე (2030 წ.) გაიზრდება, რაც განაპირობებს მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლის მნიშვნელოვნად ზრდას.

2030 წლისთვის, სრულად განახლდება ინფორმაცია ქვეყნის წყლის რესურსების რაოდენობრივი მაჩვენებლების შესახებ;

გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემის მეტი გამჭვირვალობისთვის, ამოქმედდება და დაინერგება გარემოსდაცვითი შეფასების საჯარო პორტალი;

● განხორციელდება 27 სადგურზე ჰაერის ხარისხის მონიტორინგი;

● წყლის ხარისხის მონიტორინგი 200-ზე მეტ ლოკაციაზე;

● ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგი 70-მდე დასახლებულ პუნქტში;

● დამონტაჟდება 150 ავტომატური მეტეოროლოგიური, ასევე, 2 მეტეოროლოგიური რადარი;

● 100 ერთეულამდე გაიზრდება მიწისქვეშა სასმელი წყლების სამეთვალყურეო ქსელი, რაც ხელს შეუწყობს წყლის რესურსების მართვის სისტემის გაუმჯობესებას;

ყველა მუნიციპალიტეტში დაინერგოს ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემა;

განხორციელდება საქმიანი ეზოების ქსელის განვითარება ქვეყნის ყველა რეგიონში და 2021-2023 წლებში მოეწყობა 91 საქმიანი ეზო;

დაინერგება ბრაკონიერობის პრევენციის, გამოვლენის, აღკვეთის ქმედითი ღონისძიებები, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით; 2030 წლისთვის 35%-ით შემცირდება სათბურის აირების ემისიები 1990 წლის მონაცემებთან შედარებით ­(45 მილიონი ტონა CO2 შემცირდება 30 მილიონ ტონამდე). 

 

 

ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი