ისრაელის ინოვაციები და ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს მდგრადი კეთილდღეობისათვის
ყოველთვის, როცა ჩემს ქართველ მეგობრებთან ერთად სუფრაზე მოვხვდები ხოლმე, ისინი სამართლიანად ამაყობენ მათი ლამაზი სამშობლოს თვალწარმტაცი ღირსშესანიშნაობებით, გამორჩეული სამზარეულოთი და უნიკალური ქვევრის ღვინით. თუმცა, შემდეგ სასოწარკვეთით ამოიოხრებენ ხოლმე და ნატრობენ, კარგი იქნებოდა ამ ყველაფერს საქვეყნოდ ცნობილი ისრაელელის (ანუ ებრაელის) ტვინიც რომ ახლდესო. მე ყოველთვის ვაპროტესტებ და ვამბობ, რომ არანაირი განსხვავება არ არის საშუალოსტატისტიკური ებრაელისა და ქართველის ინტელექტს შორის − განსხვავება ჩვენს საზოგადოებებში უფრო მეტად კოლექტიური თუ ინდივიდუალური მსოფლმხედველობით არის გამოწვეული.
საქართველო დალოცვილია წყლის რესურსით, ნაყოფიერი ნიადაგითა და ზომიერი კლიმატით. მას მეგობრული ურთიერთობა აქვს ოთხი მეზობელი ქვეყნიდან სამთან და რეალურად, მთელ საერთაშორისო საზოგადოებასთან. ისრაელი კი, თავის მხრივ, ძირითადად მტრული სახელმწიფოებით არის გარშემორტყმული, განიცდის წყლის მწვავე ნაკლებობას და მისი ტერიტორიის 60% უდაბნოა.
შესაბამისად, მოხერხებულობა, შემოქმედებითი მიდგომა და ოპტიმიზმი იყო ისრაელის სახელმწიფოს განუყოფელი თვისებები მისი აღმოცენების დღიდან, 1948 წლიდან, იმისათვის, რომ უზრუნველეყო ლტოლვილების მიერ შექმნილი სახელმწიფოს გადარჩენა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისრაელის მოქალაქეები იდგნენ პირობის წინაშე − განეხილათ ყველა გამოწვევა, როგორც შესაძლებლობა, და ყველა საფრთხე, როგორც ბედის საჩუქარი.
სწორედ ამიტომ, ინოვაციები ისრაელის ეკონომიკის განმასხვავებელი და მახასიათებელი ნიშანია. დამწყები ბიზნესების შესახებ მსოფლიოს 2019 წლის გლობალური ანგარიშის მიხედვით, თელ-ავივში ერთ სულ მოსახლეზე გათვლით იმაზე მეტი დამწყები ბიზნესია, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში, ◊სილიკონ ველის“ გარდა. 2019 წლამდე, თელ-ავივში ყველაზე მეტი დამწყები ბიზნესი იყო და ამ მხრივ, იგი ◊სილიკონ ველისაც“ კი უსწრებდა.
ისრაელი ენერგიული, მულტიკულტურული საზოგადოებაა, სადაც 9.2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და 35 სხვადასხვა ენაზე საუბრობს. მისი დაარსების დღიდან, ქვეყანამ მიიღო 3.2 მილიონი ლტოლვილი თუ მიგრანტი. ქვეყნის ტერიტორია 22 072 კვადრატული კილომეტრია (საქართველოს დაახლოებით 1/3), სადაც მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე 400 ადამიანია კვადრატულ კილომეტრზე. მოსახლეობის 90%-ზე მეტი ურბანულ ადგილებში ცხოვრობს. ამიტომ, მდგრადი განვითარება ისრაელისთვის არც ფუფუნებაა და არც ლამაზი ფრაზა − ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახლანდელი და მომავალი თაობების კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ ანიჭებს ისრაელი დიდ მნიშვნელობას მდგრადი განვითარების მიზნებს და იმ პროცესებს, რომლებსაც მათი განხორციელება წარმოშობს.
მსგავსი მიდგომა არასოდეს ყოფილა ისეთი მნიშვნელობის მატარებელი, როგორც დღეს. საერთაშორისო საზოგადოება, როგორც ამას ◊კოვიდ 19“-ის პანდემია ადასტურებს, ისტორიული მნიშვნელობის გზაჯვარედინზე იმყოფება. მსოფლიო ექსტრემალური გამოწვევების წინაშეა და ასეთი არა მხოლოდ კლიმატის, არამედ ბევრი სხვა სოციალური და ეკონომიკური ძირეული ცვლილებაა, რომელთა დასაძლევად საჭიროა ყველა ქვეყნის ამბიციური და შეთანხმებული ძალისხმევა.
ხედვა ნათელია და კარგად არის გამოხატული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2030 წლის დღის წესრიგსა და მდგრადი განვითარების 17 მიზანში. ჩვენი პირველადი და გადაუდებელი ვალდებულებაა, დავიცვათ და გავაუმჯობესოთ ჩვენი სამყარო ყველა მისი მკვიდრისათვის. გარდა ამისა, გვაკისრია ზრუნვის ვალდებულება მომავალი თაობების მიმართ. ისრაელი ბოლომდე არის დაინტერესებული, იმუშაოს შეთანხმებულად სხვებთან ერთად იმისათვის, რომ ხედვა აქციოს რეალობად. მდგრადი განვითარების მიზნები ჩვენი სამოქმედო გეგმაა. ეს მიზნები გამოხატავს განვითარების ურთიერთ და ერთმანეთზე დამოკიდებულების აუცილებლობას. მიზნები ხაზს უსვამს ყველა ეტაპზე ყველა ქვეყნის შეთანხმებული მოქმედების საჭიროებას განვითარების სამ უმნიშვნელოვანეს სფეროში − სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი.
2019 წელს, 9.3 მილიონი ტურისტი ეწვია საქართველოს. ისიამოვნეს მისი შესანიშნავი ბუნებით და სტუმართმოყვარეობით, შინ მოყვანილი პროდუქტებით მომზადებული საჭმლითა და ღვინით. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, საქართველოს ბევრი მდინარე და სასოფლო-სამეურნეო მიწა დაბინძურებული ან ჭარბი გამოყენებისგან არის გამოფიტული და სასმელ წყალთან წვდომაც ჯერჯერობით კვლავ არ არის გარანტირებული. ცხოველთა დაცვისა და უსაფრთხოების საქართველოს საზოგადოების (GSPSA) მიხედვით, ◊საქართველოს ბიომრავალფეროვნება და მათი გავრცელების არეალი დეგრადირების სერიოზული რისკის წინაშეა, გადაჭარბებით გამოიყენება ბუნებრივი რესურსები, დაბინძურებულია გარემო, შემოდის ინვაზიური უცხო ჯიშები და ამას ახლავს კლიმატის ცვლილება“.
თუმცა, დასაფიქრებელია, რა იქნება, თუ ვაწარმოებთ მეტ საკვებს ნაკლები მიწის გამოყენებით? თუ გავზრდით პროდუქტიულობას სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობის გაზრდის ნაცვლად? თუ გამოვიყენებთ ნაკლებ წყალს მეტი ხილისა და ბოსტნეულის მოსაყვანად? ან რა იქნება, თუ ხორცს ვაწარმოებთ ლაბორატორიებში და არა სულ უფრო და უფრო შემცირებული ფართობის ტყეებში? მეტიც − შესაძლებელია თუ არა, შევინარჩუნოთ საკვების უსაფრთხოება და იმავდროულად, შევამციროთ შემდგომი პანდემიის რისკი?
ისრაელის კვლევები და გამოცდილება ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია. მაგალითად, წვეთოვანმა შეიძლება ჩაანაცვლოს დატბორვითი ირიგაცია, რაც ნაკლებად შედეგიანია და უზარმაზარი მოცულობის ბუნებრივ რესურსს იყენებს. გაწმენდილი ჩამდინარე წყლის გამოყენება სოფლის მეურნეობისა და ირიგაციის მიზნებისთვის დაზოგავს დიდი რაოდენობით მდინარეებს დაბინძურებისა და ჭარბი წყალაღებისგან. ისრაელი მსოფლიო რეკორდსმენია წყლის მეორად გამოყენებაში − იგი ჩამდინარე წყლების 90%-ს გადაამუშავებს სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებლად. გარდა ამისა, ქვეყანას აქვს მსოფლიო მასშტაბით უნიკალური წყლის სისტემები − მისი სასმელი წყლის 80% მიიღება მლაშე წყლის გაწმენდის შედეგად.
სათბურებში პროდუქტის წარმოებას შეუძლია გამოათავისუფლოს დიდი ტერიტორიები, სადაც ნათესები შეზღუდულად არის, დაზოგოს ფული და შეამციროს გარემოს დაბინძურება, რომელსაც იწვევს პესტიციდებისა და ქიმიური სასუქების გამოყენება. ასევე, ისრაელი ლიდერობს მსოფლიოში ცხოველური პროტეინების ჩანაცვლების სფეროში. ისრაელის ინოვაციური კომპანიები წარმატებით აწარმოებენ პროტეინს ლაბორატორიაში, რომლის განსხვავება მაღალი ხარისხის ხორცისგან თითქმის შეუძლებელია. ბუნებრივი ხორციც კი იწარმოება ლაბორატორიებში ცხოველური უჯრედებისგან.
ისრაელის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (MASHAV) საქართველოში 1992 წლიდან მუშაობს და ტრენინგი ჩაუტარა დაახლოებით 1500 ქართველს სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა აგროტექნოლოგია, ირიგაციის მოწინავე ტექნოლოგიები, საკვების უსაფრთხოება, მარცვლეულის აღების შემდგომ პერიოდში დანაკარგების მინიმიზაცია და ◊მწვანე ენერგია“. ბოლო ხანებში, ისრაელის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გურიის რეგიონის სკოლებს გადასცა ისრაელის წყლის გამწმენდი მოწინავე ტექნოლოგიები. სააგენტო ჩვენს ქართველ მეგობრებს უზიარებს ინფორმაციას და ცოდნას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, მდგრადი სოფლის მეურნეობის, მოწინავე ირიგაციული ტექნოლოგიების, წყლის მართვის, გაწმენდისა და დემინერალიზაციის სფეროებში.
საქართველო უხსოვარი დროიდან წარმოადგენს უნიკალურ ოაზისს, სწორუპოვარ ◊ძვირფას ქვას“. ქართველების ახალგაზრდა თაობამ უკვე გაითავისა პროაქტიური, ბიზნესზე ორიენტირებული და შემოქმედებითი მსოფლმხედველობა, რაც აუცილებელია მომავლისა და მდგრადი განვითარების გარანტირებული არსებობისთვის. ისრაელი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე, არა მხოლოდ ამ ქვეყნის, არამედ მთლიანად, მთელი მსოფლიოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ.
რან გიდორი, ისრაელის ელჩი საქართველოში