მიკრობი არ განასხვავებს მდიდარს ღარიბისგან, არ ცნობს სახელმწიფო საზღვრებს და მცირე ზომის მიუხედავად, დიდ კვალს ტოვებს მსოფლიო ისტორიაში
პანდემია, რომელშიც მსოფლიო მეორე წელია არსებობს და რომელმაც თითქმის ოთხი მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მნიშვნელოვან და ზოგჯერ შეუქცევად ცვლილებებს გამოიწვევს გლობალურად.
ახლა ყველა ქვეყნის ყურადღება მიპყრობილია ინფექციასთან ბრძოლისაკენ, ვაქცინაციისკენ და შეზღუდვებისაკენ, თუმცა უკვე სახეზე გვაქვს ეკონომიკური ვარდნა, რომელიც ახლა თითქოს მეორე პლანზეა, მაგრამ ის აუცილებლად იჩენს თავს და უახლოესი წლების მსოფლიო მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება ადრინდელისაგან.
რა გვასწავლა განვლილმა წელიწადნახევარმა იმისათვის, რომ სწორად დაიგეგმოს გლობალური და ცალკეული ქვეყნების ხვალინდელი სწრაფი აღდგენა ამ ზიანისაგან?
პანდემიის წინაშე ყველაზე მოწყვლადი აღმოჩნდნენ ის ქვეყნები, რომლებიც მართალია ეკონომიკურად ძლიერები იყვნენ, მაგრამ არ ჰქონდათ ინკლუზიური ჯანდაცვის სისტემები, სახელმწიფო ეხმარებოდა მხოლოდ ღარიბ სოციალურ ფენას, მდიდრები თავად ყიდულობდნენ სადაზღვევო პაკეტს, ხოლო საშუალო ფენა ხშირ შემთხვევაში მარტო აღმოჩნდა ამ საფრთხის წინაშე.
ყველაზე დიდი ზიანი მიიღეს იმ ქვეყნებმა, რომლის პოლიტიკურმა ელიტამ, იმის მაგივრად, რომ გაეთვალისწინებინა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტთა აზრი, თავად გადაწყვიტა მათი როლის შესრულება და საჯაროდ აპელირებდა კლინიკური მკურნალობის სქემებით თუ გასატარებელი ღონისძიებების მათეული ხედვით.
პანდემიის პირველი ტალღა დამანგრეველი აღმოჩნდა იმ ქვეყნებისათვის, სადაც დომინირებდა პარადიგმა: ◊ჯანდაცვა მოწყალებაა სახელმწიფოს მხრიდან და არა თითოეული მოქალაქის ფუნდამენტური უფლება. დაე, ბაზარმა დაარეგულიროს მოთხოვნა-მიწოდება ჯანდაცვაში“.
რას შეიძლება ველოდეთ უახლოესი პერიოდის განმავლობაში?
ეკონომიკური ვარდნა ცალსახად გამოიწვევს უმუშევრობის ზრდას, შეიცვლება ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების ჩამონათვალი, გაღრმავდება უთანასწორობა მდიდრებსა და ღარიბებს შორის, საშუალო ფენის მნიშვნელოვანი ნაწილის გაღარიბების გამო.
როგორც პანდემიის პერიოდში, ასევე მის შემდეგ, გაიზრდება მოსახლეობის ავადობა, რადგან პანდემიამ გლობალურად უკვე გაანახევრა არაგადამდები დაავადებების მქონე მოსახლეობის წვდომა ჯანდაცვის ესენციურ სერვისებზე, ხოლო დაავადებების ჩამონათვალს დაემატა პოსტკოვიდ-სინდრომი.
როგორ შეიძლება ქვეყნებმა შეამცირონ პანდემიით და მისი თანმდევი ეკონომიკური ვარდნით გამოწვეული ზიანი?
მიუხედავად იმისა, რომ მომავლის მეტ-ნაკლებად ზუსტი სცენარის გათვლა შეუძლებელია, ბოლო პერიოდის გაკვეთილებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაკლებ ზიანს მიიღებენ ის ქვეყნები, რომლებიც
სწორად დაგეგმავენ ჯანდაცვის სისტემებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაძლიერებით და ინკლუზიურობის გაზრდით;
სტრატეგიულად გამართავენ განათლების სისტემას მოთხოვნადი პროფესიების ახალი სიის შესაბამისად;
მაქსიმალურად გადააწყობენ ეკონომიკას იმისათვის, რომ პირველადი მოთხოვნილების პროდუქცია (საკვები, სასმელი წყალი, მედიკამენტები) მინიმალურად იყოს დამოკიდებული იმპორტზე.
ამის გაკეთება მოკლე დროში რთული, მაგრამ ამავე დროს, ერთადერთი სწორი გზაა ზიანის შესამცირებლად. მჯერა, რომ ახალი გამოწვევები ახალ შესაძლებლობებსაც გააჩენს და მსოფლიო განახლებული ენერგიით დაიწყებს განვითარებას.
დავით სერგეენკო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე