შვეიცარიის თანამშრომლობის პროგრამა საქართველოში: აქცენტი მდგრადი განვითარების მიზნებზე
მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs) უნივერსალური მშვიდობისა და კეთილდღეობის ჩარჩოს წარმოადგენს, რომელიც ერთობლივ ქმედებას საჭიროებს. 2030 წლის დღის წესრიგი წარმატებით ხორციელდებოდა, თუმცა დღეს პანდემია საფრთხეს უქმნის ამ მიღწევებს. საჭიროა მყარი პარტნიორობა გლობალური დღის წესრიგისთვის ახალი ბიძგის მისაცემად.
შვეიცარია და საქართველო დიდი ხნის პარტნიორები არიან. 2021 წელს ჩვენ ორ ღირსშესანიშნავ თარიღს აღვნიშნავთ: 20 წლის წინ საქართველოში შვეიცარიის საელჩო გაიხსნა და შვეიცარიის თანამშრომლობის პირველი პროგრამის განხორციელება 25 წლის წინ დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში, რეფორმების მხარდასაჭერად დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა. მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, შვეიცარია საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი დონორია.
შვეიცარიას წვლილი შეაქვს საერთაშორისო თანამშრომლობის ძალისხმევაში: შვეიცარიის 2021-2024 წლების საერთაშორისო თანამშრომლობის სტრატეგია დიდწილად ეხმიანება 2030 წლის განრიგს და მისი აქტივობების შერჩევისას ყურადღება ექცევა პოტენციურ ზეგავლენას და წვლილს მდგრადი განვითარების მიზნებზე.
ბუნებრივია, ჩვენი პროგრამები თანხვედრაშია პარტნიორი ქვეყნების მდგრადი განვითარების სტრატეგიებისა და მიზნების პრიორიტეტებთან. მაგალითად, საქართველოს მუშაობა გენდერული თანასწორობის (SDG 5) მიმართულებით. ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოში ქალთა ეკონომიკურ განვითარებას სოფლის მეურნეობაში ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების პროექტების ფარგლებში. ჩვენ დავეხმარეთ ქალ მეწარმეებს, კერძოდ, ხორცისა და რძის პროდუქტების, ასევე, მატყლისა და თაფლის მწარმოებლებს, გაეუმჯობესებინათ პროდუქციის ხარისხი და ბაზარზე წვდომა, რამაც, ჩვენი გათვლით, 2017 წლიდან 50 მილიონი ლარის დამატებითი შემოსავალი მოიტანა. შვეიცარიის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა, გენდერული სახელფასო სხვაობის გამოთვლისა და სოციალური დაცვის სისტემის შეფასების მიზნით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან ითანამშრომლა. ამ მიმართულებით მუშაობა მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სამუშაო ადგილებზე გენდერული უთანასწორობის გამოსავლენად და სოციალური უსაფრთხოების გარანტიების დასადგენად, რამაც განაპირობა საქართველოს მზადყოფნა, 2020 წლის სექტემბერში გაწევრიანებულიყო ◊საერთაშორისო კოალიციაში თანაბარი ხელფასისათვის“ (EPIC).
ანალოგიურად, შვეიცარიის თანამშრომლობის პროექტი მუშაობს უნარების განვითარებასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან უნარების შესაბამისობის გაუმჯობესებაზე SDG 4-ისა (ხარისხიანი განათლება) და SDG 8-ის (ღირსეული სამსახური და ეკონომიკური ზრდა) განხორციელების მიზნით. პროფესიული განათლებისა და გადამზადების შვეიცარიული მოდელი მეტ ინტერესს აღძრავს დაინტერესებულ მხარეებში, რაც განპირობებულია საჯარო ინსტიტუტებთან ეფექტური კოორდინაციით და კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით. საქართველოსა და შვეიცარიას შორის თანამშრომლობამ სოფლის მეურნეობის სექტორში პროფესიული სასწავლებლისა და გადამზადების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და მიმზიდველობის გაზრდის მიმართულებით, ხელი შეუწყო "პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი კანონის შემუშავებასა და განხორციელებას. ახალი კანონი უზრუნველყოფს კერძო სექტორის მეტ ჩართულობას და სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლების დანერგვას. სოფლის მეურნეობაში პროფესიული სასწავლებლისა და გადამზადების კურსდამთავრებულთა 62% (მათგან 30% ქალია) დასაქმებულია.
შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი ამაყობს ამ და სხვა მიღწევებით, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ამიტომ, სამხრეთ კავკასიის 2022-2025 წლების ახალი თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, ჩვენი მიზანია ეს მიღწევები კიდევ უფრო გავაღრმაოთ და გავაფართოოთ ეკონომიკური განვითარების, მმართველობისა და მშვიდობის, კლიმატის ცვლილებებისა და გარემოს დაცვის სფეროებში. შვეიცარია მზადაა გააგრძელოს თანამშრომლობა სხვა დონორებთან და რა თქმა უნდა, საქართველოსთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან, გამოწვევების გამკლავებისა და 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების მიმართულებით.
დანიელ მევლი, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული ხელმძღვანელი, შვეიცარიის საელჩო