გუგა ცანავა — რიტეილის ბაზრის GAME CHANGER-ი სტენფორდიდან

2022 წლის გაზაფხულზე საქართველოში პირველი, რეგიონში უპრეცედენტო მასშტაბის "აუთლეტ სოფელი“ გაიხსნება. საერთაშორისო გავლენიანი მედიისა და ექსპერტების აზრით, ინოვაციური კონცეფციის თბილისის "აუთლეტ სოფელი“ რეგიონში საცალო ვაჭრობის ბიზნესის უმსხვილესი მოთამაშე გახდება.

პროექტის ინიციატორები სწორედ ვაჭრობის, პრემიუმბრენდების მოზიდვის, დასვენებისა და შოპინგტურიზმის მიმართულებით თამაშის წესების რადიკალურ ცვლილებას აანონსებენ.

ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს "ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტს გრუპი“ ახორციელებს, რომლის დამფუძნებლებიც გუგა ცანავა და "დომუს ჯგუფია“.

გუგა ცანავა განათლებით, და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, აზროვნებითა და ბიზნესის მართვის სტილით, სტენფორდელია, თანაც იმდენად გამორჩეული, რომ ცოტა ხნის წინ მას სტენფორდის ბიზნესჟურნალმა (Stanford Business) პერსონალური სტატია მიუძღვნა და მსოფლიოს ბიზნეს და აკადემიური ელიტის გვერდით, მის შესახებ მასალა გამოაქვეყნა.

სტენფორდულ გამოცდილებაზე, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და ეკონომიკურ ხედვებზე, ჟურნალ Economist-ის წლიურ გამოცემას ის თავად უყვება.

"სტენფორდში პირველსავე დღიდან გარწმუნებენ, რომ სწორედ შენ ხარ ის, ვინც დიდი ცვლილებების ინიციატორი და მონაწილე უნდა გახდეს. მახსოვს, სტენფორდის პრეზიდენტი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი და აშშ-ის ბიზნესელიტის წარმომადგენელია, აუდიტორიაში შემოვიდა და გვითხრა, თუ როგორი გამორჩეულები და მაგრები ვართ, რადგან სტენფორდში მოვხვდით. წელიწადნახევრის განმავლობაში მუდმივად გვიმეორებდნენ, რომ ჩვენ სწორედ ისინი ვართ, ვინც მსოფლიო უნდა შეცვალოს.

ჩვენთან მოდიოდნენ ნობელის პრემიის ლაურეატები − ნამდვილი ლეგენდები, რომლებიც მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი ცვლილებების ავტორები არიან. მათ შორის Google-ის, Cisco-ს, Twitter-ის შემქმნელები, და გვესაუბრებოდნენ როგორც თანასწორს. მათთან ურთიერთობის შემდეგ შენც იჯერებ, რომ ყველაფერი შეგიძლია. პირადად ჩემზე განსაკუთრებული გავლენა კონდოლიზა რაისმა მოახდინა. გულწრფელად გეტყვით, არ ვაპირებდი საქართველოში ჩამოსვლას. ამერიკაში ბევრი კარგი შემოთავაზება მქონდა. მან დამარწმუნა, რომ იქ დარჩენის შემთხვევაში, შეძლებულ, საშუალო დონის წარმატებულ მენეჯერად დავრჩებოდი, ჩემს ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში კი შევძლებდი ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი გენერატორი გავმხდარიყავი. ერთგვარი ანდაზით მიმანიშნა, დავფიქრებულიყავი, თუ რა მერჩივნა − ვყოფილიყავი დიდი თევზი პატარა ტბაში, თუ პატარა თევზი დიდ ტბაში...

რეალურად, ვიყავი პირველ სამ ქართველს შორის, რომელიც სტენფორდმა ბიზნესსკოლაში მიიღო. მომინდა, აგრეთვე ვყოფილიყავი ისიც, ვინც დაბრუნდა და საკუთარ ქვეყანაში დიდი ცვლილებების ინიციატორი გახდა. მიუხედავად უამრავი იმედგაცრუებისა, ცვლილების სურვილი დღემდე ძალიან მძაფრად მაქვს. დღემდე, სტენფორდის კურსდამთავრებულ ჯგუფელებს ჩვენი კლუბი გვაქვს. მუდმივად ვეკონტაქტებით ერთმანეთს და ვუზიარებთ იდეებს, გამოცდილებას. მათი უმეტესობა წარმატებული ადამიანია. როდესაც სტენფორდმა ჩემ შესახებ სტატია დაბეჭდა, გამოგიტყდებით, თვითონაც შოკში ვიყავი. გამიხარდა, რომ მათ საქართველო აინტერესებთ. ამ ჟურნალს ხომ ამერიკის მთელი ბიზნეს და პოლიტიკური ელიტა კითხულობს. ამიტომ, ვეცადე ჩემს საუბარში ხაზი გამესვა იმ უამრავ შესაძლებლობაზე, რომლებიც საქართველოში არსებობს. ჩვენს ქვეყანას უამრავი კონკურენტული უპირატესობა აქვს, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ძალიან მიმზიდველს გვხდის.

როგორ ფიქრობთ, რაში მდგომარეობს საქართველოს ეკონომიკური სურათის გაუმჯობესების გასაღები?

ძალიან ბანალურად ჟღერს, თუმცა ერთადერთი რეცეპტი, რომელიც ქვეყანას ფეხზე მყარად დააყენებს და განვითარებისკენ წაიყვანს, ინვესტიციებია. ჩემთვის ინვესტიციაა, როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ასევე შიდა რესურსიც. აუცილებელია უფრო მეტი ხელმისაწვდომობა კაპიტალზე. ქართველმა ბიზნესმენებმა უნდა გადახედონ ინვესტიციების განხორციელების მენტალიტეტსა და მიდგომებს. უნდა გარისკონ სტარტაპებში თანხის დაბანდება, ახალგაზრდების ნდობა. ჩვენთან კი უმეტესწილად ისეთ ინდუსტრიებში აბანდებენ ინვესტიციებს, სადაც რისკი მაქსიმალურადაა დაზღვეული. ქვეყანაში აუცილებლად უნდა განვითარდეს ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი ბიზნესების სწრაფ აღმოცენებას. ბიზნესში ახალი სახეები, ახალი სისხლი უნდა გაჩნდეს. რაც უფრო მეტი ახალი ბიზნესი იქმნება, მით უფრო სწრაფად ვითარდება ეკონომიკა. ამის ხელშეწყობა კი მხოლოდ ინვესტიციებითაა შესაძლებელი.

ვფიქრობ, ერთი მხრივ ხელისუფლებამ უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად ყველაფერი უნდა გააკეთოს, ხოლო მეორე მხრივ, ბიზნესიც უნდა დაუდგეს გვერდით სახელმწიფოს. რაც უნდა კარგი ხელისუფლება გვყავდეს, ბიზნესის მხარდაჭერა მას აუცილებლად სჭირდება, ხელისუფლებამ კი ამისთვის შესაფერისი გარემო უნდა შექმნას და იზრუნოს კანონმდებლობის მკაფიო, გამჭვირვალე ხასიათსა და მოქნილობაზე. ამისთვის ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. ერთმანეთთან შეთანხმებით, პროცესების მაქსიმალური კოორდინირება და პრიორიტეტიზაციაა საჭირო. მე წარმოებისა და საქართველოსთვის ტრადიციული პროდუქციის წინააღმდეგი სულაც არ ვარ. ცხადია, ეს ყველაფერი კიდევ უნდა განვითარდეს, მაგრამ პარალელურად, აუცილებელია მეტი სიახლეც. ამისთვის კარგად შესასწავლია, თუ სად გვაქვს ყველაზე დიდი პოტენციალი. ვფიქრობ, ინვესტიციებთან ერთად, ტურიზმის, რითეილისა და ტექნოლოგიების კუთხით, ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს. ტექნოლოგიებზე უნდა აღვნიშნო, რომ გამორჩეული თაობა მოდის. მათ ნიჭიერებას კი შესაბამისი გასაქანი და ხელშეწყობა სჭირდება. აუცილებელია პირველადი კაპიტალის ხელმისაწვდომობა, დაფინანსება და მისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანაზე ზრუნვა. ეს ჩვენი შემოსავლების უდიდეს წყაროდაც შეიძლება ვაქციოთ.

რა სახის ეკონომიკურ მოვლენას წარმოადგენს ◊აუთლეტ სოფელი“, რომელიც თქვენი ძალისხმევით უკვე 1 წელიწადში გაიხსნება, და რაში მდგომარეობს მისი უმთავრესი სარგებლიანობა?

"აუთლეტ სოფელი“ დიდი პროექტია, რომლის ქართულ მხარეს მე და ჩემი მეგობრები და პარტნიორები ◊დომუს“ ჯგუფიდან წარმოვადგენთ.

თბილისის "აუთლეტ  სოფელი“ შოპინგისა და ამავდროულად, ტურისტული მიზიდულობის ახალი წერტილი და მოგზაურთა ახალი ნაკადების მოზიდვის არხი გახდება. მის მართვაში უმსხვილესი ამერიკულ-ევროპული კონსორციუმი The Outlet Resource GROUP-ია ჩართული, რომელიც სპეციალიზებულია უშუალოდ აუთლეტების მენეჯმენტზე. მათ მხოლოდ ამერიკაში 11 აუთლეტი აქვთ, და ახლა ევროპის მიმართულებას ითვისებენ. PR-ისა და მარკეტინგის მიმართულებას ბრიტანული კომპანია Innesco კურირებს. თბილისის "აუთლეტ სოფლის“ არქიტექტურაზე ძალიან ცნობილმა ესპანურმა კომპანიამ L 35 იზრუნა, რომელმაც ქართული არქიტექტურისთვის ტრადიციული ელემენტები თანამედროვე ტენდენციებთან კარგად დაასინთეზა. სწორედ ამ კომპანიის დაპროექტებულია სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონი, მადრიდისა და ბარსელონას აუთლეტები, დუბაის უახლესი სტადიონი და სპორტული კომპლექსი (მიმდინარე პროექტი)...

თბილისის აუთლეტი 10 ჰექტარზე გაშენდება. სივრცე საკმაოდ ვრცელი და ტევადი იქნება. პარკინგი 2000 ავტომობილზე გვაქვს გათვლილი. თავად კომპლექსი 3 ძირითადი ნაწილისგან შედგება. აქ დაგხვდებათ მთავარი პლაზა, მოედანი და 3 ავენიუ. მინიქალაქის სტილში გადაწყვეტილი სასიარულო სივრცე და ზოლები ერთმანეთისგან ქუჩებით გამოიყოფა, გარე კაფეებსა და მოსასვენებელ ადგილებში კი განტვირთვას შეძლებთ.

მალე "აუთლეტ სოფელი“ მსხვილი დამსაქმებელიც გახდება და საკუთარ სივრცეში 500-700, ხოლო ირიბად − ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

რაც შეეხება პროდუქციას, ჩვენთან პრემიუმკლასის 80 ბრენდი იქნება წარმოდგენილი, რომელთაც ძალიან მალე კიდევ 40 შეემატება. დიდი იმედი გვაქვს, რომ 1 წლის შემდეგ, როდესაც ◊აუთლეტ სოფელს“ გავხსნით, უკვე პოსტკოვიდური პერიოდი იქნება. ამ დროისთვის კი უამრავ კომპანიას დასჭირდება პროდუქციის რეალიზების ახალი არხი. კომპანიებს, რომლებსაც ამ პერიოდში გაყიდვებში ჩავარდნა ჰქონდათ, ახალი შესაძლებლობები შეექმნებათ.

აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს დედაქალაქის შემოგარენის განვითარებასაც, მათ შორის − ინფრასტრუქტურულად. ვაპირებთ სპეციალური ტურების დანიშვნას ამ მიმართულებით. ტურისტულ კომპანიებს "აუთლეტ სოფელში“ სტუმრობა ცალკე პუნქტად ექნებათ გაწერილი. განსაკუთრებით გვინდა, მაღალშემოსავლიანი სეგმენტი მოვიზიდოთ. ამისთვის სერიოზული მარკეტინგული აქტივობები გვაქვს დაგეგმილი. ამ სივრცეში ძალიან ბევრი საინტერესო რამ მოხდება. მათ შორის − პერსონალური ბაიერები, ბრენდამბასადორების, ელ-კომერციისა და კიდევ სხვა მიმართულებებით, რაც ვიზიტორებს სიურპრიზად ელოდება.

როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რათა გლობალურ ეკონომიკურ და საინვესტიციო რუკაზე საკუთარი მკაფიო ადგილი დაიკავოს?

ზოგადად, 2020 წელი გლობალური რყევების პერიოდი იყო. ამიტომ, ამ წლის მონაცემებს გლობალურ ანალიტიკაში ხშირად არც უყურებენ. სირთულეები ყველაზე აისახა და რა გასაკვირია, რომ ის ჩვენს ეკონომიკაზეც იქონიებდა დიდ გავლენას. შესაძლოა, მკითხველმა მიიჩნიოს, რომ იდეალისტი ვარ, მაგრამ ვფიქრობ, აუცილებლად მყარად უნდა დავდგეთ ფეხზე, რათა რყევებმა ვერ წაგვაქციოს. დრო არ უნდა დავკარგოთ, რადგან არავინ დაგველოდება. მსოფლიოში არაერთი ქვეყანაა, რომელიც დიდ კონკურენციას გვიწევს ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ამიტომ, ჩვენ მთელი ენერგია სწორედ იმისკენ უნდა მივმართოთ, რომ არცერთი შესაძლებლობა არ დავკარგოთ. 

 

გუგა ცანავა, (რიტეილის) საცალო ვაჭრობის ბაზრის Game Changer-ი