თიბისი ბიზნესის მხარდაჭერისთვის
თიბისის მისია მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივებაა. სწორედ ამ მისიიდან გამომდინარეობს მათი აქტივობები მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებითაც.
პანდემიის პერიოდში, თიბისიში ბიზნესის მხარდამჭერი არაერთი პროექტი შემუშავდა. თიბისის აქტივობებისა და წინგადადგმული ნაბიჯების შესახებ, The Economist-ის წლიურ გამოცემას ნათია ვაჭარაძე − თიბისის ბიზნესსეგმენტების მართვის ლიდერი უამბობს.
"როდესაც პანდემია დაიწყო, ცხადი გახდა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესზე ეს ყველაფერი განსაკუთრებით ცუდად აისახებოდა. უპირველესად, ამ სეგმენტისთვის მოხდა სესხების გადავადება. მეორე, რაც მაშინვე გამოიკვეთა, იყო კომპანიების გაციფრულების საჭიროება, რათა მათ მისცემოდათ საშუალება, გაეყიდათ საკუთარი პროდუქცია შეუფერხებლად. მზა შაბლონით უკვე სწრაფადაა შესაძლებელი ონლაინმაღაზიის აწყობა, თანაც − ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებით. გავხდით პარტნიორები ქართული სტარტაპისა, რომელიც მსგავს მომსახურებას სთავაზობს კომპანიებს და შევქმენით სპეციალური შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც თიბისიმ და "ვიზამ“ 200-მდე კომპანიას დავუფინანსეთ ონლაინმაღაზიების შექმნა. ამას დავამატეთ ფოტოგრაფის მომსახურება და შეღავათიანი პირობები ელექტრონული გადახდების მიმართულებაზე“, − გვიყვება ნათია ვაჭარაძე.
თიბისის მხარდამჭერი აქტივობების შემდეგი ეტაპი ონლაინრესტორნების დამატება აღმოჩნდა, რომლის მეშვეობითაც კაფე-რესტორნებმა შეკვეთების სწრაფად, ონლაინ მიღება დაიწყეს. ასეთი რამ 30 ობიექტისთვის გაკეთდა და საკმაოდ დადებითი უკუკავშირის ტალღაც გამოიწვია.
ბიზნესების საჭიროებების მიხედვით დავგეგმეთ ჩვენი მომავალი აქტივობები და ინიციატივები. ძალიან დაგვეხმარა არაერთი კომპანია, რომელსაც ჰქონდა კოლაბორაციის სურვილი. ყველაფერი, რაც გავაკეთეთ, ფაქტობრივად უკვე ახალ რეალობასა და საჭიროებებზეა მორგებული“.
თიბისის კიდევ ერთი, მორიგი ნაბიჯი უკვე გაყიდვების სტიმულირებას და ამისათვის ციფრული კომუნიკაციისა და მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაში მხარდაჭერას გულისხმობდა, რისი მეშვეობითაც 100 ქართულ მცირე და საშუალო ზომის ბრენდს საკომუნიკაციო სააგენტოებთან მუშაობის შესაძლებლობა მიეცათ.
"ეს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად მიმაჩნია, რაც საოცრად დადებითმა გამოხმაურებამაც კარგად დაადასტურა.
მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ რა გეგმებიც გვქონდა, ფაქტობრივად არცერთი არ ჩაშლილა ან გადავადებულა. მათ შორის, არის "ბიზნეს კლუბიც“.
ეს არის საბანკო სერვისების გამოწერის მოდელი, რომელიც არაფინანსურ, ბიზნესის მხარდამჭერ სერვისებზეც აძლევს მომხმარებლებს წვდომას. ეს არის ინოვაცია, როგორც საბანკო სექტორისთვის, ასევე ბიზნესებისთვის. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ გამოწერის სერვისით სხვადასხვა ყოველდღიური საჭიროების შესაბამისად და ამით მნიშვნელოვნად გაიმარტივონ ბანკთან ურთიერთობა“, − ამბობს ნათია ვაჭარაძე.
ბიზნესკლუბის წევრებისთვის იმართება შეხვედრები და განხილვები ბიზნესისთვის აქტუალურ სხვადასხვა თემაზე. კლუბის წევრებს ასევე აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით და დაესწრონ საგანმანათლებლო კურსებს.
თიბისიში ბიზნესგანათლების მიმართულება 2013 წლიდან არსებობს. პანდემიის პერიოდში ეს მიმართულება ონლაინრეჟიმზე გადავიდა. ტრენინგების გავლა მსურველებს ისეთ საჭირო საკითხებზე შეუძლიათ, როგორიცაა ციფრული მარკეტინგი, ფინანსური აღრიცხვა და სხვა. პანდემიის დროს, ონლაინ 3000-მდე ადამიანმა გაიარა ტრენინგი, ხოლო რაც მხარდაჭერის ეს პროგრამა არსებობს, ჯამში 20 000-ზე მეტი. თანაც მონაწილეობისთვის სულაც არ არის აუცილებელი თიბისის კლიენტი იყო ან რომელიღაც სერვისით სარგებლობდე. ჯერ ბიზნესიც კი შეიძლება არ გქონდეს და უბრალოდ, ფიქრობდე მასზე. ცოდნის მიღება და გაუმჯობესება აქ ყველასთვის ღიაა.
"ძალიან მნიშვნელოვანია ის ყველაფერი, რაც გაკეთდა და მოხარული ვარ, რომ ვერანაირმა შეზღუდვამ ვერ შეგვაჩერა. პირიქით − მიგვაჩნია, რომ ასეთ დროს ყველაზე დაზარალებული და მოწყვლადი სექტორი ბიზნესია. ყველაზე მეტად კი სწორედ მას სჭირდება მხარდაჭერა. მომავალშიც აქტიურად ვაპირებთ ამ მიმართულების განვითარებას“, − ნათია ვაჭარაძე.
უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად შეზღუდვებისა, არ ჩაშლილა არც თიბისის ტრადიციული, ყოველწლიური ბიზნესდაჯილდოება. მართალია 2020 წელს მან ჩვეულ ფორმატში ვერ ჩაიარა, თუმცა 5 საუკეთესო გამარჯვებული მაინც გამოვლინდა და თიბისის ბიზნესდაჯილდოების ისტორიის ნაწილი გახდა.
ასევე, გასულ წელს ჩატარდა აპლიკაციების კონკურსიც, რომლის გამარჯვებულებმა უკვე საკმაოდ დიდი წარმატებით გადაინაცვლეს საერთაშორისო ასპარეზზე. კონკურსის გამართვას თიბისი წელსაც უცვლელად გეგმავს და ტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე სტარტაპებს კვლავ უჭერს მხარს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია წელს პირველად, Social Network Award-ის პარტნიორია და ახალგაზრდების ბიზნესსტიმულირებას ამ კუთხითაც ცდილობს.
"თვითონაც ჟიურის წევრი ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ მართლა ძალიან საინტერესო განაცხადები იყო აპლიკანტების მხრიდან წარმოდგენილი. ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებიდანაა აქტიურობა, რაც ძალიან გვახარებს. ცალსახად საინტერესო პროექტია. ახალგაზრდების მხარდაჭერა კი ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა“, − ნათია ვაჭარაძე.
თიბისის მხარდამჭერი აქტივობების ნაკრები აქ არ წყდება და ახლო მომავალშიც ახალგაზრდებისა და ცალკეული ბიზნესებისთვის მნიშვნელოვანი სვლებით შეუფერხებლად გაგრძელდება, რათა მათ პროდუქტიულად შეძლონ ფუნქციონირება და ახალ რეალობასთან კომფორტულად მორგება.
ნათია ვაჭარაძე, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი