USAID-ის პროექტი "ზრდა“ − მდგრადი ტურიზმის განვითარება თუშეთში

თუშეთი − მრავალი მახასიათებლით გამორჩეული, უნიკალური მთიანი მხარე საქართველოში, რომელიც ქვეყანაში უკვე ერთ-ერთ მთავარ ტურისტული დანიშნულების ადგილად იქცა და მნახველებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს, უკან კი მძაფრი შთაბეჭდილებებით უშვებს.

თუშეთში მდგრადი ტურიზმის მოდელის განვითარებას უკვე რამდენიმე წელია USAID-ის პროექტი ◊ზრდა“ აქტიურად უჭერს მხარს და აქ მრავალი ინტერვენციის ავტორიცაა. თუ რა აქტივობები განხორციელდა თუშეთში და რა სახის პროცესები მიმდინარეობს ამ მხარეში, The Economist-ს ქეთი ჭუმბურიძე, საქართველოში პროექტ USAID "ზრდას“ ხელმძღვანელი, დეტალურად უყვება:

"ჩვენი სამუშაო 6 რეგიონი ორი კრიტერიუმით შეირჩა: ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ტერიტორიები. თუმცა, პირველივე წლის შემდეგ ჩვენ მივხვდით, რომ იმ სექტორებს შორის, რომელშიც უნდა გვემუშავა (ტურიზმი და სოფლის მეურნეობა), ტურიზმი არის სფერო საზღვრების გარეშე. არ გამოდის, რომ ერთ სოფელში აკეთებდე რაღაცას და მეორეში არა. ამიტომ, გადავწყვიტეთ ჰოლისტიკური მიდგომით გვეკეთებინა ეს საქმე. შესაბამისად, ჩვენი სამიზნე თუშეთიც აღმოჩნდა, ვინაიდან ის ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის.

ესაა უნიკალური ადგილი უდიდესი ტურისტული პოტენციალით, რომელიც ჯერ კიდევ საერთოდ არ არის ისე დაფასებული, როგორც უნდა იყოს. ამას ბევრი მიზეზი აქვს. როდესაც თუშეთში ინტერვენციები დავიწყეთ, შემდეგი ნაბიჯების საჭიროება უშუალოდ ადგილზე მუშაობისას გამოიკვეთა. აქაურობასთან დაკავშირებით, ჩვენ ყველაფერი თავიდანვე ზედმიწევნით გაწერილი და დაგეგმილი არ გვქონდა, არც კონკრეტული 3-წლიანი გეგმა გაგვაჩნდა. პირველმა ჩასვლებმა და ინტერვენციებმა კი მრავალი გაუთვალისწინებელი საჭიროება გამოკვეთა, რაც კრიტიკულად საჭირო აღმოჩნდა ამ მხარისთვის. რეალურად, ყველაფერს, რაც წლების განმავლობაში ჩვენ თუშეთში გავაკეთეთ, ტურიზმის მდგრადი განვითარების მოდელს ვარქმევთ. როგორც მსოფლიო ტურიზმის ასოციაცია ამბობს, ტურიზმი მდგრადია, როდესაც იმ კონკრეტულ ტურისტულ სივრცეში, რომელშიც მუშაობ, სამ ძირითად მიმართულებას აკმაყოფილებ: ეკონომიკურს, სოციალურსა და გარემოს დაცვით ასპექტებს. აღმოჩნდა, რომ ამ მოდელს სრულად ვუპასუხეთ და თუშეთი უკვე საკმარისად კარგი პრეცედენტია, რომ მისი რეპლიკაცია სხვა რეგიონებშიც მოხდეს.

ინტერვენციები მდგრადობის პრინციპების გათვალისწინებით:

"პირველი ყველაზე გრძელვადიანი და შრომატევადი პროცესი იყო თემთან მუშაობა. ინკლუზიური ტურიზმი აუცილებლად გულისხმობს, რომ მოცემული ლოკაციის მოსახლეობა ჩართული გყავდეს იმ გარემოზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც მისთვის ბუნებრივი და საარსებოა. მათ უნდა თქვან, თუ რა არის პრიორიტეტები მათთვის და მიაწვდინონ ხმა მუნიციპალურ თუ ცენტრალურ მთავრობას. სწორედ ეს ვასწავლეთ ჩვენ მათ, თუ როგორ უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი ეტაპობრივად. მოწვეული გვყავდა უცხოელი ექსპერტები. ორი მათგანი აქ დღესაც მუშაობს. სწორედ მათი დახმარებით შეიქმნა "ბაბანეურის ჯგუფი“. ბაბანეური ახმეტის რაიონის ერთ-ერთი სოფელია, ამ ჯგუფის მეშვეობით კი მათთან მუშაობა წლის ყველა სეზონზე გახდა შესაძლებელი. მასში გაერთიანებული არიან თუშეთში მომუშავე ბიზნესები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მოქალაქეები, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, თემის ლიდერები და ყველა ის მხარე, რომელიც ამ კუთხისთვის მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ თუშეთში არის 4 ძირითადი ხეობა და თითოეულს ცალ-ცალკე სათემო საბჭო ჰყავს, რომელთა გაძლიერებას ჩვენ მხარს ვუჭერთ. ზოგადად, სათემო ჩართულობა თუშეთში მიმდინარე პროცესებში საკმაოდ მაღალია. "ზრდას“ მიერ შექმნილ ◊ბაბანეურის ჯგუფში“ სწორედ ამ ოთხივე ხეობის სათემო საბჭოა წარმოდგენილი, ეს ჯგუფი კი, თავის მხრივ, არსებული პრობლემების პრიორიტეტიზაციას მუდმივად ახორციელებს. ჩვენ მათ გავუზიარეთ ცოდნა, თუ როგორ უნდა იყვნენ ერთიანი ხმა თუშეთიდან სხვებისთვის, მათ შორის − სახელმწიფოსთვის.

ამასთანავე, უკვე მესამე წელია ადგილობრივებს აქტიურად ვასწავლით ინგლისურ ენას. ასევე, გავაცანით, თუ როგორ უნდა შექმნან ბიზნეს და წლიური სამოქმედო გეგმები. მართლაც საოცრად დაუღალავი ადამიანები არიან. მუდმივად შრომობენ, რომ რაღაც სასიკეთო შექმნან თუშეთისთვის. ◊ბაბანეურის ჯგუფში“ ადამიანები, დაგეგმვიდან დაწყებული, ყველაფერში სრულად არიან ჩართული ნებისმიერი პროექტის ბოლო ეტაპამდე, მათ შორის − მონიტორინგსა და შეფასების პროცესშიც. სრულ ციკლს თავად ფარავენ და კარგად იაზრებენ, თუ რამხელა როლი აქვს თითოეულ მათგანს ნებისმიერ ცვლილებაში. მთავრობა კი მიხვდა, რომ ამ ხალხის ხმა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მათ მოაქვთ სწორი გზავნილები. ეს კარგ ტანდემს ქმნის და ამგვარი პროცესი ყველგან უნდა მიდიოდეს. აუცილებელია, რომ ადგილობრივი, გადაწყვეტილების მიღების მონაწილე გახადო. კარგი იქნება, თუ სხვა რეგიონებიც გადაიღებენ თუშეთის ამ წარმატებულ მოდელს.

ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერება

სათემო გაძლიერების მიღმა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა და ყველაფერი ის, რაც ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია, განსაკუთრებით − ტურისტულ ჭრილში. ინფრასტრუქტურა გულისხმობს სათემო გაძლიერებას ეკონომიკური კუთხითაც. ამისათვის, ერთ-ერთი ნაბიჯი იყო თუშეთში ჩვენ მიერ გაკეთებული სამაცივრე მეურნეობა პროდუქტების ერთიანი მომარაგებისა და საჭირო დროის საჭიროებისამებრ გამოყენებისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს მაცივარი მთლიანად მზის პანელების გამომუშავებულ ენერგიაზე მუშაობს. აუცილებელია, რომ თუშურ სუფრაზე იქაური ხორცი და პროდუქტები იყოს, რომლის შენახვა მარტივად იქნება შესაძლებელი. სამაცივრე მეურნეობებით ხელს ვუწყობთ ადგილობრივი პროდუქციის გამოყენებასა და გამართულ ლოგისტიკასაც.

აგრეთვე, ვზრუნავთ საკემპინგე ინფრასტრუქტურაზეც. ჩვენი მიზანია, დატვირთვა ოთხივე ძირითად ხეობაზე გადავანაწილოთ და ცენტრები განიმუხტოს, რათა იქ დამაზიანებელი პროცესები არ დაიწყოს (მაგალითად, ომალოში). ასევე, ე.წ. დეპრესიული ხეობებიც გვინდა ავითვისოთ და გამოვაცოცხლოთ. ამისათვის, ამჟამად საკემპინგე ადგილებს ვაკეთებთ გომეწრის ხეობაში. გვინდა, აქ გარკვეული ეკონომიკური აქტივობის პრეცედენტები შევქმნათ და თანაც წვლილი შევიტანოთ გარემოს მდგრადად შენარჩუნების საქმეში, თუნდაც ქაოსური ღამისთევების პრობლემების გადაჭრით. საკემპინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა ნარჩენების მართვისა და ხანძრის პრევენციის საკმაოდ აპრობირებულ მეთოდს წარმოადგენს დაცულ ტერიტორიებზე.

მნიშვნელოვანი წერტილია თუშეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვიზიტორთა ცენტრიც, რადგან ტურისტი პირველად სწორედ აქ მოდის. გავაკეთეთ მისი რედიზაინი და ახლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ვაწესრიგებთ. ამით უკეთეს სერვისსა და ინფორმაციას მივაწვდით ტურისტს. ის უმნიშვნელოვანესი პუნქტი იქნება, რომელიც ღირებული სტატისტიკის შექმნაშიც დაგვეხმარება.

აგრეთვე, ვიზრუნეთ თუშეთში არსებული უძველესი და უნიკალური კედლის მხატვრობისა და პიქტოგრამების ტურისტებისთვის გაცნობის საკითხზეც. დახლოებით 10 სოფელში შევქმენით პიქტოგრამებისა და კედლის მხატვრობის ტური. მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, განთავსდა ბანერები, რომელზეც ისტორიული ფაქტებია მოთხრობილი. რეალურად, ეს ახალი ტურისტული პროდუქტია. ამ თემით დაინტერესებული ადამიანების რიცხვი მთელ მსოფლიოში მზარდია. ფაქტობრივად, ეს დამატებითი ატრაქცია და მრავალფეროვნების საშუალებაა, ხოლო რაც უფრო მეტ სერვისსა და შესაძლებლობას შეუქმნი ტურისტს, ის მეტად დაიხარჯება და უკეთესი შთაბეჭდილებებით წავა შენგან.

თუშეთში დიდ როლს თამაშობს თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია, რომელიც ჩვენი ძირითადი პარტნიორია. ამ სამსახურს ჰყავს რეინჯერები. ისინი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ადამიანები არიან აქაურობისთვის. სამწუხაროდ, მათ არ ჰქონდათ შესაფერისი უნიფორმები, აღჭურვილობა და ფეხსაცმელიც კი. მთლიანი აღჭურვილობით მომარაგება ჩვენს თავზე ავიღეთ და ამ საკითხზე მუშაობას ახლაც ვაგრძელებთ. მიზნად დავისახეთ, რომ ჩვენ შემდეგ სხვებმაც გააგრძელონ იგივე − როგორც დონორებმა, ასევე სახელმწიფომ. ეს პროცესი აქ მუდმივად უნდა გაძლიერდეს. რეინჯერების ფუნქციაა ლანდშაფტის, ტყისა და უსაფრთხოების დაცვა. ამავდროულად, ისინი არიან ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები და მეტი დაფასება სჭირდებათ ყველას მხრიდან. ადგილობრივი მოსახლეობისთვის, საჭიროების შემთხვევაში, პირველ დამხმარეებს წარმოადგენენ და ეს ხალხი აუცილებლად მოწოდების სიმაღლეზე უნდა გვყავდეს.

გარდა ამისა, თუშეთში გავაკეთეთ ტურისტული გიდების პროგრამაც. გადავამზადეთ როგორც საცხენოსნო, ასევე გამყოლი გიდები. ამაში მდგრადობის ელემენტიც მოიაზრება: ისინი ადგილზე უნდა დასაქმდნენ, დამაგრდნენ და ჰქონდეთ შემოსავალი. საგანგებოდ ჩამოვიყვანეთ ბრიტანელი გიდების ექსპერტი, რომელმაც სპეციალური პროგრამა შექმნა. ახლა მისი ავტორიზაცია 6 კოლეჯში მიმდინარეობს. მალე დაინერგება ავტორიზებული კურსი და მსურველებს შეეძლებათ სერტიფიცირებული გიდები გახდნენ. ერთ-ერთი ასეთი კოლეჯი ქვემო ალვანშიცაა. საცხენოსნო ტურიზმს რაც შეეხება, ჩვენ ვიცით, რომ სათავგადასავლო ტურიზმი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა მსოფლიოში. ცხენები კი თუშეთში ძალიან პოპულარულია. იქ უკვე 12 საცხენოსნო გიდი გვყავს. მათ გადასამზადებლად საფრანგეთიდან ჩამოვიყვანეთ საცხენოსნო ტურიზმის სპეციალისტები. პრაქტიკული ნაწილისთვის კი თავად წავიყვანეთ საზღვარგარეთ და ადგილზე დეტალურად ვაჩვენეთ, თუ რა და როგორ ხდება ამ საქმიანობაში. ანუ თავად გაეცნენ ყველაფერს, რაც ამ საქმეს მაღალი სტანდარტის სერვისის შესაქმნელად სჭირდება. აღსანიშნავია, რომ თუშეთში გვყავს ქალი გიდიც − თინა იდიძე.

ინტერვენციები ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერებისა და ხელშეწყობისთვის:

რაც შეეხება ბიზნესების ხელშეწყობას, ამ მიმართულებით ჩვენი ბენეფიციარები არიან საოჯახო სასტუმროები, რესტორნები, სხვადასხვა ტიპის სერვისი, ქართული რეწვის ოსტატები და სხვა. რეალურად, მათ მხარდასაჭერად მუდმივად იმართება სხვადასხვა თემატიკის ტრენინგები. უკვე 200-ზე მეტი ადამიანი გადამზადდა. გვქონდა საგრანტო პროგრამა, მივეხმარეთ აღჭურვილობის შეძენაშიც. დღეს უკვე 40-მდე რესტორანი და სასტუმროა გადამზადებული. საქართველოს გასტრონომიის ასოციაციასთან ერთად, დაიხვეწა მათი სერვისი, მენიუები და ეს ობიექტები განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. რეწვის დაახლოებით 30-მდე ოსტატია ამ მხარეში და ყველანაირად ვცდილობთ, რაღაცნაირად შევინარჩუნოთ ეს ტრადიციული საქმიანობები და თან გავათანამედროვოთ ისინი. გვინდა, მათი ხარისხი ამაღლდეს და საერთაშორისო სტანდარტს მიუახლოვდეს. ამისათვის აქტიურად ვითანამშრომლეთ რეწვის ასოციაციასთან. უკვე მრავალი ბენეფიციარი გვყავს და თუშეთში სტუმრობისას ჩვენს აბრას ბევრგან შეხვდებით.

ინტერვენციები კულტურული მემკვიდრეობის მხარდასაჭერად

რაც შეეხება კულტურულ მემკვიდრეობას, თუშეთში არის ასეთი უძველესი მუზეუმი − კესელო, სადაც შემონახულია ძველი არტეფაქტები. თუმცა, აქ არანაირი პირობა არ არსებობდა, სადაც მათი შენახვა უსაფრთხოდ იქნებოდა შესაძლებელი. თუშეთში არის იდოიძეების საოცარი ოჯახი. სწორედ ბატონი ნუგზარ იდოიძე და მისი ოჯახი უკვე წლებია კესელოს და მის არტეფაქტებს პატრონობენ. ეს არის მათი სრულიად მოხალისეობრივი საქმიანობა. ამ ძალისხმევის გარეშე, აქ სურათი სულ სხვა იქნებოდა. ჩვენ მიერ საქართველოში დაფინანსებულ 15 მუზეუმს შორის კი კესელოს მუზეუმიცაა, რომელსაც შესაბამისი სამუზეუმო აღჭურვილობა გადავეცით: კარადები და სათავსოები. დღეს აქ არტეფაქტების უსაფრთხოდ შენახვა უკვე წლის ყველა სეზონზე შესაძლებელია.

არ შემიძლია არ აღვნიშნო თუშეთის ელჩი ზაზა ლაგაზიძე, რომელიც საუბედუროდ, კორონავირუსმა იმსხვერპლა. ის საოცარი ადამიანი იყო და ფაქტობრივად, ყველაფერი, რაზეც ახლა ვსაუბრობ, ზაზას ინიციატივებიდან მოდის. ზაზა იყო თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის (TPLA) ხელმძღვანელი. თუშეთთან ჩვენი პირველი ინტერაქცია სწორედ მასთან ურთიერთობით შედგა. ფაქტობრივად, მან განაპირობა ყველაფერი, რაც იქ გაკეთდა. ის იყო ხიდი და უზომოდ გულანთებული თუში, რომელიც საოცრად გულშემატკივრობდა საკუთარ მხარეს და ვალდებულებების მიღმაც უზომოდ ზრუნავდა მასზე. ის იყო ნამდვილი თუშეთის ელჩი. უზომოდ მადლიერი ვართ მისი. ახლა კი ზაზასთან ერთად დაწყებულ საქმეს, ასევე არაჩვეულებრივ ადამიანთან − ლადო კახოიძესთან ერთად ვაგრძელებთ. ჩვენი მიზანია, საქართველოსთვის თუშეთი გახდეს ერთ-ერთი უმთავრესი და უნიკალური ტურისტული ლოკაცია. ის კიდევ უფრო მიმზიდველი უნდა გავხადოთ საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ჩვენი თითოეული აქტივობა გვინდა ბიძგი გახდეს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ავიდეს და ადგილზე ნახოს, თუ რა საოცარია ეს მხარე.

ასევე, უნდა ვთქვა, რომ თუშეთში ქართული ხორბლის უძველესი ჯიშების აღდგენის მიმართულებითაც მიმდინარეობს საინტერესო პროცესები. ეს საქმეც თავის დროზე ზაზა ლაგაზიძის დაწყებულია. შარშან, ზაზასთან ერთად დაითესა უძველესი ჯიშები თუშეთში. ამ საქმის მხარდაჭერას ჩვენც ვაგრძელებთ. გვინდა, რომ ქართული ხორბლის ჯიშები UNESCO-ს სიაში მოხვდეს და ჩვენს ქვეყანაში არა მხოლოდ ღვინის, არამედ ხორბლის გზაც გვქონდეს.

იმისათვის კი, რომ ჩვენი აქტივობები და თუშეთი კიდევ უფრო ცნობადი და პოპულარული გაგვეხადა, გავაკეთეთ არაერთი ინფოტური − "იმოგზაურე საქართველოში“. ადგილზე წავიყვანეთ და ტუროპერატორებს მთელი თუშეთი საგულდაგულოდ დავათვალიერებინეთ, რათა ტურისტებისთვის დამატებით ახალი ტურები შეიმუშაონ. გამოვეცით უნიკალური, ქართულ გასტრონომიულ თემატიკაზე შექმნილი გამოცემები − "ოთხი ტაბლა“ კუთხეების მიხედვით. მათ შორის, "თუშური ტაბლა“. რეალურად, ესეც ტურისტული პროდუქტია. მასში თავმოყრილია ძველი ტრადიციული რეცეპტები, მათ შორის − გათანამედროვებული ვარიაციებით. ეს წიგნები თუშეთს გადავეცით. შეუძლიათ ადგილზე გაყიდონ და ამისგან დამატებითი შემოსავალი მიიღონ.

რეალურად, ამ წლების განმავლობაში, თუშეთში ჩვენ მიერ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი თანხის ინტერვენცია განხორციელდა, რამაც ადგილზე შემოსავლები 4 300 000 ლარამდე გაზარდა. ერთი მცირე რეგიონისთვის ეს სულაც არაა პატარა ამბავი. ამ მაჩვენებლებს ჩვენ კვარტალურად ვითვლით. ეს ნიშნავს, რომ მინიმალური რესურსითაც შესაძლებელია სწორ შედეგზე გასვლა და ამგვარი ინტერვენციები უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. აქ მომუშავე დონორთა სწორ საქმიანობას, კოორდინაციას და დამატებით ახალი მექანიზმების შემუშავებას კიდევ სულ სხვა, უფრო მასშტაბურ შედეგებზე გასვლა შეუძლია. ამის კარგი მაგალითია USAID-ის პროექტი "ზრდა“ და კავკასიის ბუნების ფონდი (CNF).

გვინდა, თუშეთი საქართველოსთვის სავიზიტო ბარათად იქცეს და აქ განვითარებული მდგრადი ტურიზმის მოდელი სამაგალითო იყოს სხვა რეგიონებისთვისაც. ამისათვის კი ძალისხმევას არ ვზოგავთ. n

 

 

ქეთიჭუმბურიძე, პროექტის ხელმძღვანელი