„აწარმოე საქართველოში“: ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და ეკოსისტემის განვითარების მხარდაჭერა
“აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო უწყებაა, რომელიც სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებასა და ამ ეკოსისტემის განვითარების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ამისათვის კი მთელი რიგი ფინანსური და არაფინანსური მექანიზმები აქვს შემუშავებული, რომელსაც სექტორულად ახორციელებს და მეწარმეებს ნოყიერ ნიადაგს უქმნის საქმიანობის განსავითარებლად. სააგენტოს პორტფელში უკვე მრავალმა განხორციელებულმა, მიმდინარე და დაგეგმილმა აქტივობამ მოიყარა თავი. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, მიუხედავად პანდემიისგან გამოწვეული შეფერხებებისა, მუშაობას უწყვეტად აგრძელებდა და საინტერესო სიახლეებისთვისაც შეამზადა ქვეყანა. Economist-თან სააგენტოს "აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, მიხეილ ხიდურელი გასულს წელს, მიმდინარე აქტივობებსა და სამომავლო გეგმებს აჯამებს.
2020 წელი
პანდემიის დაწყებისთანავე, ძალიან აქტიურად ჩავერთეთ მისგან გამოწვეული კრიზისის მართვაში. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო პირბადეების საკითხი. ჩვენ ოპერატიულად შევძელით საკუთარი ბენეფიციარი საწარმოებისა და სამკერვალოების მობილიზება, ხოლო როდესაც პირბადეების გლობალური პრობლემები შეიქმნა, ტრადიციული მეთოდებით შევძელით კერძო სექტორთან ერთად მისი შეკერვის დაწყება, შემდეგ კი მთლიანად ჩავერთეთ ანტიკრიზისულ პროგრამებში. პირველი იყო პანდემიისგან დაზარალებული სასტუმროებისთვის 6 თვის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსება, რადგან მათ შემოსავლები ფაქტობრივად გაუნულდათ. ამის შემდეგ იყო სასტუმროების მხარდაჭერა სესხის დაფარვით, რამაც საკმაოდ დიდი მოცულობა შეადგინა. ამან საშუალება მისცა სასტუმროებს, რომ საბანკო-საკრედიტო წნეხი შემსუბუქებოდათ, მიუხედავად იმისა, რომ ბანკები ძალიან აქტიურად ემუშავებოდნენ და მოხდა ბევრი გადავადებაც. ამის შემდეგ იყო რესტორნები, სპორტდარბაზები, ივენთკომპანიები, კინოთეატრები და ყველა ის ბიზნესი, რომელიც ნამდვილად ძალიან დაზარალდა ტურიზმის შეჩერების გამო, და არა მხოლოდ. მათ 6 თვის განმავლობაში დავუფინანსეთ სესხის პროცენტი და ეს პროგრამა დღესაც მიმდინარეობს. ვგულისხმობ, უშუალოდ განხორციელებას და არა ახალი განაცხადების მიღებას.
აგრეთვე, გადაიდგა ნაბიჯები დეველოპერული სექტორის დასახმარებლად. ამ სექტორისთვის ხელშეწყობა მნიშვნელოვანი იყო, რათა ახალი ბინები კვლავაც აშენებულიყო. ამავდროულად, საქართველოს ყველა მოქალაქეს ვუფინანსებდით სესხის პროცენტის გარკვეულ ნაწილს ბინის შეძენის შემთხვევაში. დაახლოებით 8000-ზე მეტი ბინის შეძენა მოხდა ამ პროგრამის ფარგლებში, რაც ძალიან დროული და კარგი სტიმული იყო დეველოპერული სექტორისთვის, მოსალოდნელი კრიზისის თავიდან ასარიდებლად.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანტიკრიზისულ რეჟიმში ეკონომიკის სამინისტროს და მასთან ერთად, პროგრამას "აწარმოე საქართველოში“ წამყვანი როლი ჰქონდათ. შემდეგ კი, როდესაც კრიზისი ჩაწყნარდა და ბიზნესი ისევ ამუშავდა, სააგენტო დაუბრუნდა ტრადიციულ სამუშაო რეჟიმს. მოხდა ჩვენი პროგრამებისა და საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის მოდერნიზება და სექტორებიც ბევრად გაიშალა. ბევრი ახალი საინტერესო მიმართულება და სექტორი შემოგვემატა, რომელსაც დღეს ვეხმარებით. ასევე, შედგა კოლაბორაცია სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან კვების მრეწველობის ინდუსტრიაში. თუ კვების მრეწველობაში აპირებს მეწარმე ფულის ჩადებას, ამ შემთხვევაში, მას პარალელურად ორი პროგრამით შეუძლია სარგებლობა. სტატისტიკურად თუ შევხედავთ, ამან ძალიან დიდი შედეგი მოიტანა. ერთ-ერთი ყველაზე ტოპ-დაფინანსებული ნაწილია სწორედ კვებისა და საკვებ-სასმლის გადამამუშავებელი მიმართულება, რაც ასევე პანდემიის დროს ძალიან კრიტიკული იყო. ისევ ვაგრძელებთ პროგრამების განხორციელებას. დიდია ინტერესი კერძო სექტორის მხრიდან. საკრედიტო-საგარანტიო სქემა ძალიან მაღალი ტემპითაა ამუშავებული, ისევე, როგორც სესხის პროცენტის დაფინანსება. მუდმივად ვაკვირდებით შედეგებს, მოცემულობას, სექტორის ანალიზს, და ამის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებებს. საჭიროების შემთხვევაში კი დეტალებს ვცვლით ხოლმე, რათა უფრო ეფექტურად მოხდეს ბიუჯეტური სახსრების გამოყენება.
ექსპორტის მხარდაჭერა
ჩვენი სააგენტოს მეორე მიმართულება სწორედ ექსპორტის მხარდაჭერაა. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელი საკმაოდ რთული იყო, მაინც შევძელით, ციფრული საშუალებებით, მაგალითად, ონლაინ გამოფენებით, მიგვეცა ახალი შესაძლებლობები ჩვენი ბენეფიციარებისთვის, რათა პროდუქცია თუნდაც ონლაინ გაყიდონ.
მიუხედავად პანდემიისა, 2021 წელს მაინც მოვახერხეთ დუბაიში წასვლა საკვებისა და სასმელების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გამოფენაზე, სადაც ქართული კომპანიები გვყავდა წაყვანილი და საკმაოდ საინტერესო შედეგებიც მივიღეთ. წელს კიდევ, შემოდგომაზე, ოქტომბერში ვაპირებთ გერმანიაში ევროპის ყველაზე მსხვილ საკვებ-სასმლის გამოფენაზე სტუმრობას, სადაც ქართულ კომპანიებს კვლავაც წავიყვანთ. ყველა სერვისი, კრიტერიუმები, გრადაციები − აბსოლუტურად ყველა აქტივობა და სერვისი, რომელიც სჭირდება ექსპორტიორ კომპანიებს, ჩვენი სააგენტოსგან უკვე მთლიანად გაციფრულებულია. ანუ ონლაინრეჟიმში ხდება როგორც გამოფენაზე დარეგისტრირება, ასევე კრიტერიუმების გამოთვლა. ჩვენ გვაქვს კრიტერიუმების სისტემა და ვეხმარებით იმ კომპანიებს, რომელთაც სჭირდებათ დახმარება. ვეხმარებით ყველას, თუმცა ნაკლებად ისეთს, რომელსაც საკმარისი ფინანსური შესაძლებლობა აქვს. ასევე, გვაქვს დანერგილი იმპორტის მზადყოფნის ტესტი. ჩვენ აუცილებლად ვატარებთ საკუთარ ფილტრს, იმიტომ, რომ როდესაც სახელმწიფოს დახმარებით მართავს კომპანია მოლაპარაკებებს უცხოელ იმპორტიორთან, ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი, მზადყოფნა და პირობის შესრულება. აბსოლუტურად ყველა სერვისი, რომელიც ექსპორტიორ კომპანიას სჭირდება, დაწყებული გამოფენაზე დარეგისტრირებიდან, და ექსპორტის სასერტიფიკატო კურსზე რეგისტრაციით დამთავრებული, ყველაფერი ონლაინ ხდება. ჩვენს პლატფორმაზე ყველა კომპანიას აქვს თავისი პროფილი, განთავსებული პროდუქტი, და ამ პროდუქტს ხედავს ნებისმიერი დაინტერესებული, მსხვილი იმპორტიორი კომპანია მსოფლიოში.
სამომავლო გეგმები
წელს ვგეგმავთ ექსპორტის მენეჯერების გადამზადებას და მათთვის ტრენინგების ჩატარებას. ერთი უკვე მიმდინარეობს და კიდევ ორი, საუკეთესო სპეციალისტების ჩართულობით გაიმართება. მოდული მოიცავს ექსპორტის მენეჯერისთვის საჭირო ყველა კომპონენტს, რაც მას საქმიანობის წარმატებულად განსახორციელებლად სჭირდება. მათ შორის ფინანსური მიმართულებით. ძალიან საინტერესოა, რომ პანდემიის პერიოდში ჩვენ USAID-ის დახმარებით ვიმუშავეთ საქართველოს სასურსათო პროდუქტის საერთო ბრენდინგზე. ჩვენ გვაქვს უკვე უნიფიცირებული ბრენდინგი. ყველა ქართული საკვებ-სასმლის პროდუქტი იქნება ერთი ბრენდის ქვეშ, რომლის სლოგანიცაა WE CRAFT, YOU FEEL. გვაქვს ძალიან საინტერესო ლოგოც. ცხადია, ყველა კომპანიას ექნება თავისი მაიდენტიფიცირებელი ბრენდინგი, თუმცა ეს ყველაფერი გაერთიანდება ერთი ქოლგის ქვეშ და ძალიან დასამახსოვრებელი გახდება. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ გაჩნდეს საერთაშორისო საზოგადოებისთვის ქართული ხარისხიანი პროდუქტი, თავისი იმიჯით და ბრენდინგით.
მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორები
ეს პრიორიტეტები ძალიან ხშირად იცვლება. ყველაზე ბუნებრივი, თავად კერძო სექტორის მოქმედებიდან, იქნება დასკვნების გამოტანა. რასაც დღეს ვხედავთ არის ის, რომ საკმაოდ ბევრი მრავალწლიანი კულტურა შენდება. მაგალითად ნუში, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით გაშენდა. ნუშს აქვს ძალიან საინტერესო პოტენციალი, რადგან მრავალმხრივი გამოყენებისაა და საერთაშორისო ბაზარზე მეტად მოთხოვნადი პროდუქტია. სხვათა შორის, ყაზახეთი ნუშის საკმაოდ დიდი მწარმოებელია, თუმცა მათ არ აქვთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან. ასევე, წინ მოდის მოცვი და კენკროვანი კულტურების მიმართულება. მე მაინც ვიტყოდი, რომ სერვისებშიც ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს. საქართველომ IT-მიმართულებით ძალიან ბევრი შეღავათი შემოიღო, რაც უდიდესი მხარდაჭერა და ხელშეწყობაა ამ სექტორისთვის. ასევე, არქიტექტურული სერვისიც საკმაოდ პრიორიტეტულია. საქართველოდან სხვადასხვა სერვისის მიწოდება ძალიან საინტერესო იქნება. ტოპ-საექსპორტო კი მაინც საკვებ-სასმელია, თუმცა სხვა მიმართულებებსაც ძალზე ფართო შესაძლებლობები აქვს. გარდა ინდუსტრიული სექტორისა, ასევე გვაქვს აგრომიმართულებები. მოდის ინდუსტრიისა და სათამაშოების კუთხითაც ძალიან აქტიურად მიდის მუშაობა. ასევე, პრიორიტეტულია ავეჯი, ცხოველის საკვებ-სასმელი და სხვა. ჩვენი მხარდამჭერი მექანიზმები კი დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტ შედეგს გამოიღებს.
საინვესტიციო მიმართულება
ამ მიმართულებით გვაქვს შემუშავებული კონკრეტული სტრატეგია და წარმატების ინდიკატორები, რომლის მიხედვით გაწერილი გვაქვს, თუ რა მოცულობის ინვესტიცია უნდა მოვიზიდოთ, რამდენი ადამიანი უნდა დასაქმდეს... ესაა ჩვენი სააგენტოს კონკრეტული ინდიკატორი, რომელიც უნდა შევასრულოთ. რა თქმა უნდა, ყველა ვთანხმდებით, რომ სამართლიანად 1 წლით უნდა გადაწიოს ამ ინდიკატორის შესრულების ვადა. ზოგადად, მსოფლიოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 40%-იანი კლებაა, თუმცა ჩვენ ეს პერიოდი გამოვიყენეთ ძალიან კარგად იმაში, რომ დრო დავხარჯეთ მარკეტინგში, მომზადებაში, და არ გავჩერებულვართ. ძალიან ბევრი ონლაინშეხვედრა გვქონდა ინვესტორებთან და დღეს უკვე გვაქვს ახალი პროგრამა. ინვესტორს, რომელიც ხარჯავს კონკრეტული რაოდენობის თანხას და დაასაქმებს გარკვეული რაოდენობის ადამიანებს, ჩვენ ვთავაზობთ ქეშბექს, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნას მსუბუქი ინფრასტრუქტურის მოწყობაში ან სამუშაო ძალის ტრენინგში. სწორედ ესაა ის ორი მიმართულება, რომელიც უცილებლად დასჭირდება ინვესტორს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოვა. ეს კომპონენტი ეხება იმ სექტორებს, რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტია: ავტონაწილები, საჰაერო ნაწილები, ბიზნესპროცესების აუთსორსინგი. ასევე, თვითმფრინავების შეკეთების სერვისი − ეს ახალი მიმართულებაა, რომლითაც ვფიქრობ, საკმაოდ დავაინტერესებთ ინვესტორებს და მოვიზიდავთ.
ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ FDI INTELLIGENCE-ის ჟურნალში გამოქვეყნდა საქართველოს სპეციალური ანგარიში, სადაც ყველაზე წონიანი და ბრენდული პლატფორმა საქართველოზე 20-გვერდიან ცალკე ანგარიშს წარმოადგენს. ესაა პლატფორმა, რომელსაც კითხულობს აბსოლუტურად ყველა მსხვილი ინვესტორი მსოფლიოში. ეს პერიოდი ჩვენ დავხარჯეთ იმაში, რომ ყველა პლატფორმასა და ადგილზე, სადაც კი ხდება ინვესტიციებზე გადაწყვეტილების მიღება, საქართველო ყოფილიყო სოლიდურად წარმოდგენილი. ჩამოვიყვანეთ სპეციალური კონსულტანტები, რომლებიც ინვესტორებს ურჩევენ, სად დააბანდონ ფული. 2 ასეთი ტური განვახორციელეთ და კიდევ ორს ვგეგმავთ. წელს უკვე ვიყავით გაერთიანებულ საამიროებშიც, სადაც პირველი გასვლითი შეხვედრები შედგა ინვესტორებთან. უკვე აშკარად ჩანს, რომ გამოჯანსაღების პროცესი იწყება და შეიძლება ითქვას, ეტაპობრივად ვუბრუნდებით ჩვეულ სამუშაო რეჟიმს. კიდევ საკმაოდ ბევრი რამ გვაქვს დაგეგმილი, მათ შორის საინვესტიციო მიმართულებით. ჩვენ დავიქირავეთ კომპანია, რომელსაც აქვს ოფისი ყველა კონტინენტზე. მას აქვს ამოცანა, მოიყვანოს ინვესტორი. კვალიფიკაცია არის ძალიან მაღალი. ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ჩვენ სააგენტოს ფილიალები გვაქვს ყველა წამყვან ქვეყანაში. ეს ბევრად ხარჯთეფექტურია, რადგან წარმომადგენლობის გახსნა დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული. ამიტომ, კარგი ალტერნატივაა, როდესაც ძალიან გამოცდილ კონსულტანტებს ქირაობ, იმისათვის, რათა ის შენი ოფისი იყოს და ინვესტიციები მოიზიდოს. მათ აქვთ კონკრეტული ინდიკატორი, რომ წელიწადში ინვესტორის რამდენიმე ვიზიტი უნდა შედგეს და საბოლოო ჯამში, მინიმუმ 2 ინვესტიცია კონკრეტულ სექტორებში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინვესტიციების მიმართულებით, ამ წელიწადნახევარში იმაზე ბევრად მეტი რამ გაკეთდა, ვიდრე აქამდე საერთოდ გაკეთებულა. დავინახეთ, რომ პოტენციალი არის ძალიან მაღალი და ჩვენ უნდა გამოვირჩეოდეთ არა მხოლოდ მაკროეკონომიკური დადებითი ხასიათით, არამედ გვქონდეს კონკრეტული პროგრამები და ძალიან ბევრგან ვჩანდეთ. ცნობადობა არის ჩვენი საინვესტიციო გარემოსთვის ყველაზე მთავარი. დღეს საინვესტიციო წრეებში საქართველოზე ბევრი ლაპარაკობს, რადგან ყველა მედიაში იწერება სტატიები ცალკეულ სექტორებზე, თუ რატომ ვართ მიმზიდველები!
მიხეილ ხიდურელი, დირექტორი, "აწარმოე საქართველოში“