"ჯორჯიან მანგანეზი“ და ქართული "შავი ოქროს“ ფასი ეკონომიკაში

ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს, ჭიათურაში, მსოფლიო მნიშვნელობის მადნის − მანგანუმის მოპოვების დაწყება ეკონომიკური პროგრესის შედეგად აღიარეს, ახლა კი, ამ სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქციის − ფეროშენადნობების საქართველოდან ექსპორტის შეფერხებაც კი, განგაშის მანიშნებელი შეიძლება გახდეს მსოფლიო ბაზრისთვის. 

"ჯორჯიან მანგანეზი“ უმსხვილესი ქართული სამთო-მომპოვებელი და ფეროშენადნობების მწარმოებელი კომპანიაა, სავაჭრო პარტნიორობა კი მსოფლიოს 4 კონტინენტზე, 21 ქვეყანას აერთიანებს 2018-2020 წლებში. ამავდროულად, კომპანია საქართველოში, რეგიონულ დონეზე უმსხვილესი დამსაქმებელია და საკუთარი ქოლგის ქვეშ 20 000-მდე ადამიანს აერთიანებს. "ჯორჯიან მანგანეზისა“ და მისი გეგმების შესახებ, The Economist-ს, ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპანიის სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი ვრცელი ნარატივით უყვება:

"ჯორჯიან მანგანეზი“ რამდენიმე შვილობილ კომპანიას აერთიანებს. მათ შორისაა ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, რომელიც ფოლადის წარმოებისთვის აუცილებელ მინერალს ჭიათურის მანგანუმის საბადოზე მოიპოვებს; ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელიც კომპანიის საბოლოო პროდუქტებს − ფეროშენადნობებს აწარმოებს. ჯგუფის შემადგენლობაში ასევე შედის განახლებადი ჰიდროელექტროსადგური ვარციხეჰესი, რომლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიითაც პროდუქციის მოპოვება და წარმოება ხდება. ჩვენი საქმიანობა საკმაოდ დიდი ოდენობის ელექტროენერგიას მოითხოვს, მაშინ, როცა ქვეყანას ენერგორესურსის საკმაოდ დიდი დეფიციტი აქვს და გვიწევს მისი ბაზარზე ყიდვა. თუმცა, ვარციხეჰესიდან მიღებული ელექტროენერგია უკვე ძალიან დიდი შეღავათია კომპანიისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ იმპორტირებული ენერგია ძვირია. აღნიშნული საწარმოები საერთო წარმოების ჯაჭვშია ჩართული და საბოლოო საექსპორტო პროდუქციის მისაღებად მათი სინქრონული მუშაობაა საჭირო. ამასთან, კომპანიის ბალანსზეა მრავალპროფილური ჰოსპიტალი "ფერომედი“, რომელიც არა მარტო ზესტაფონში, არამედ დასავლეთ საქართველოში წამყვანი სამედიცინო დაწესებულებაა.

 

ქართული "შავი ოქრო“ მსოფლიოს 4 კონტინენტზე

კომპანიის სავაჭრო პარტნიორობა მსოფლიო რუკაზე 21 ქვეყანას მოიცავს 2018-2021 წლებში. გასულ წელს, ტოპ-უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები აშშ და რუსეთი იყო, თუმცა ქვეყანა ფეროშენადნობებს აწვდის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა კანადა, არგენტინა, ბრაზილია, კოლუმბია, პერუ, ურუგვაი, ჩილე, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი და სხვა. ფაქტობრივად, მთელი მსოფლიოა, და "ჯორჯიან მანგანეზი“ ამ საერთაშორისო ბაზარზე საკუთარ მკაფიო ადგილს იკავებს. შესაბამისად, ის როგორც ქვეყნისთვის, ისე მსოფლიოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიაა.

სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების, ასევე მსუბუქი ავტომობილების შემდეგ, ფეროშენადნობები ქართული ბაზრის მესამე უმსხვილეს საექსპორტო საქონელს წარმოადგენს 9,4%-ით. Covid-19-ით გამოწვეული პანდემია მნიშვნელოვანი საფრთხე გახდა არა მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვისათვის, არამედ გლობალური ეკონომიკისთვისაც. კრიზისმა ნედლეულზე მოთხოვნა შეამცირა საერთაშორისო ბაზრებზე, რამაც კომპანიის ექსპორტის კლება განაპირობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ და ახალი გასაღების ბაზრების მუდმივ ძიებაში ვართ. გასულ წელს, ექსპორტის მხრივ 10-15%-მდე კლება გვქონდა, რის პარალელურად, ფასებიც დაეცა ნედლეულზე და რაოდენობრივი შემცირება დაახლოებით 10% აღმოჩნდა. როდესაც ეს მაჩვენებელი თუნდაც 10%-ით გაქვს, რა თქმა უნდა, კომპანიის შემოსავლები ხარჯების ოპტიმიზაციას მოითხოვს. ◊ჯორჯიან მარგანეზის“ შემთხვევაში, ეს ძალიან რთულად გასაკეთებელია, რადგან პირდაპირ დასაქმებულთა ხელფასებს ეხება. იმ ადამიანების ხელფასებს, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ, სადაც მძიმე სოციალური ფონია. პანდემიის პერიოდში, 300 ახალი თანამშრომელიც კი მივიღეთ. შესაძლოა, ეკონომიკურად ცოტა არალოგიკურად ჟღერს, მაგრამ თავიდანვე ოპტიმიზმით ვუყურებდით მომავალს. შესაბამისად, პანდემიის დამთავრების შემდეგ, ამ მიმართულებას კიდევ უფრო გავაძლიერებთ.

 

"ჯორჯიან მანგანეზი“ უმსხვილესი დამსაქმებელი

"ჯორჯიან მანგანეზში“ 6000-მდე ადამიანია დასაქმებული. ამავე დროს, კომპანიას ჰყავს ქვეკონტრაქტორები, რომლებიც აწარმოებენ წიაღისეულის მოპოვებასა და გადამუშავებას. მათი ჩათვლით, დაახლოებით 8000 ადამიანია უშუალოდ დასაქმებული. ამავე დროს, კომპანია ჯანმრთელობის დაზღვევას უფარავს არა მხოლოდ უშუალოდ კომპანიაში დასაქმებულებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც და ჯამში, 20 000-ზე მეტი ადამიანი ამა თუ იმ სახით იღებს სხვადასხვა სიკეთესა და სარგებელს, იქნება ეს ხელფასის თუ სადაზღვევოს მომსახურების სახით. 20 000 ადამიანი კი არცთუ პატარა მაჩვენებელია, ისეთი პოპულაციის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. კომპანიის სახელფასო ფონდი წლიდან წლამდე კონკრეტული ციფრებით იზრდება. პანდემიის პირობებშიც კი, მაშინ, როდესაც ბიზნესკომპანიების უმეტესობამ სამუშაო ძალისა და ხელფასების შემცირება დაიწყეს, ჩვენ პირიქით მოვიქეცით, რაზეც შემდეგი სტატისტიკა მიანიშნებს: დინამიკას თუ გადავხედავთ, 2018 წელს კომპანიის სახელფასო ფონდი 67 მლნ ლარი იყო, 2019 წელს 78 მლნ ლარამდე გაიზარდა, ხოლო 2020 წელს სახელფასო ფონდმა 93 მლნ ლარი შეადგინა.

2021 წლის ბოლო ხუთი თვის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, სახელფასო ფონდი უკვე გაზრდილია 23%-ით (8 მილიონ ლარზე მეტი).

 

გარემოსდაცვითი პროექტები და მიწების რეკულტივაცია

ეკოლოგიური ზარალის შესამცირებლად, 2017 წელს სასამართლომ კომპანიაში სპეციალური სახელმწიფო მმართველის პოზიციაზე დამნიშნა და კონკრეტული პროგრამით მოვედი. "ჯორჯიან მანგანეზი“ 2016 წლამდე ჯეროვნად არ ასრულებდა თავის ეკოლოგიურ ვალდებულებებს. ჩვენს ქვეყანას გაუმართლა, რომ ასეთი ძვირფასი წიაღისეული აქვს. მიუხედავად პრობლემებისა, ჩვენ არ გავურბივართ მათ და მეტიც − პირდაპირ დაინტერესებული მხარე ვართ, რათა ოპერატიულად მოვაგვაროთ ისინი. საბოლოოდ, უნდა ვისწავლოთ, რომ ერთი მხრივ, არ დავაზიანოთ გარემო და მეორე მხრივ, გავითვალისწინოთ მოსახლეობის ინტერესები. მხოლოდ ამ ურთიერთგაგებითა და ბალანსითაა შესაძლებელი, რომ კომპანიამ იმუშაოს და მოუტანოს ქვეყანას დოვლათი ფართო მასშტაბით.

კომპანიის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, 2017 წელს "ჯორჯიან მანგანეზში“ ეკოლოგიისა და რეკულტივაციის სამსახური შეიქმნა, რომელიც გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, საწარმოში არსებულ მდგომარეობას აფასებს და შესაბამის მონიტორინგს უწევს. კომპანია რეკულტივაციასთან მიმართებით არსებულ ვალდებულებებს ასრულებს. მათ შორის, შეიქმნა ლაბორატორიები, აშენდა ახალი ქარხანა და სხვა, თუმცა ვამბობ, რომ ეს ყველაფერი ◊თითქმის“ შესრულდა, რადგან უმნიშვნელოვანესი პროექტის, როგორიცაა მდინარე ყვირილას გასუფთავება და ჩამდინარე შლამისგან გაწმენდა, განხორციელება 2021 წლის ივლისიდან დაიწყება. მის ამოქმედებას კი 1 წელი დასჭირდება.

როდესაც გარემოსდაცვითი პროექტების შესახებ ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ რეკულტივაციაზე. ამ კუთხით, მთავარი დაზიანებული ტერიტორიების აღწერა იყო. აღმოჩნდა, რომ საერთოდ არავინ იცოდა, თუ რა ტერიტორია იყო ჭიათურაში დაზიანებული. ოთხჯერ ჩავატარეთ ე.წ. კამერით გადაფრენა და პრაქტიკულად ყველა სანტიმეტრი აღვწერეთ, თუ სად, რა და როდის არის დაზიანებული. დაზიანებების ძალიან დიდი ნაწილი 2017 წლამდე იყო. მოპოვებითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, დაზიანებულ მიწებს რეკულტივაციის გარეშე ტოვებდნენ და ეს იქაურობას ახლაც მკაფიოდ ეტყობა. ჩვენ ეს ყველაფერი აღვწერეთ, გავაციფრულეთ, დავყავით ტერიტორიები ჯგუფებად და ბლოკები დავარქვით. ცალკეულ ბლოკში კი თითოეულ კვადრატულ მეტრს ვუპოვეთ პატრონი, რომელიც მას რეკულტივაციას ჩაუტარებს. ეს ყველაფერი გადავიტანეთ მემორანდუმში, რომელიც გავაფორმეთ მოსახლეობასთან დეტალურად გაწერილი ვადებით. პროცესი ღია და გამჭვირვალეა. თუ ვინმეს დააინტერესებს, შესაძლებელია მემორანდუმში უშუალოდ ნებისმიერ დროს გაეცნოს. ჩადებული, გაწერილი ვალდებულებების მიხედვით ვიცით, თუ როდის რა გაკეთდება. დღეის მდგომარეობით, 280 ჰექტრამდე ტექნიკურად რეკულტივირებული ტერიტორიაა, ხოლო ბიოლოგიურად რეკულტივირებულია 10 ჰექტრამდე. ასევე, ვახორციელებთ სასოფლო-სამეურნეო პროექტებს, რომლის სეზონიც ძირითადად გაზაფხული და შემოდგომაა.

მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა აშენდეს წიაღისეულის გადამამუშავებელი ახალი ქარხნები. ძველი კი უნდა გაჩერდეს, იმიტომ, რომ ეკოლოგიურად და ეკონომიკურად გაუმართლებელია. ამიტომ, ვაპირებთ ახალი თანამედროვე სტანდარტების ქარხნების გახსნას. მათგან ორი ქარხანა შლამის, ორი კი მადნის გადამამუშავებელი იქნება.

2017 წლამდე ზესტაფონში მწვავედ იდგა გამონაბოლქვის პრობლემა. გამოვცვალეთ და დავაყენეთ თანამედროვე, უახლესი ფილტრები, რამაც ეს პრობლემა მნიშვნელოვნად შეამსუბუქა. ჩვენ პირველები ვართ, ვინც ეს სისტემა დააყენა და მუდმივად გულდასმით ვაკონტროლებთ გამონაბოლქვის ინტენსივობას. ახალი ღუმელებით და განახლებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველვყავით ზესტაფონის ფეროშენადნობის საწარმო. უნდა აღინიშნოს, რომ ზესტაფონის ქარხანას სხვადასხვა დროს მსოფლიო ბაზრის 1-დან 6%-მდე ეჭირა, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია.

ამასთან, მხარს ვუჭერთ ჭიათურაში ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას, რისი პოტენციალიც ამ ქალაქს ცალსახად აქვს. ვგეგმავთ ძველი ქარხნებისა და შენობებისთვის ახალი ◊სიცოცხლის“ მინიჭებას და მათ სივრცეში საინტერესო, კონცეფციური სასტუმროსა და მუზეუმის გაკეთებას. ასევე, გვინდა ხელი შევუწყოთ დასაქმებას, რაც მიგრაციის ტალღებს შეამცირებს და ახალგაზრდების ადგილზე დარჩენას შეუწყობს ხელს. ვზრუნავთ აბიტურიენტების მომზადებაზე, რომ მათ სათანადოდ შეძლონ საჭირო ცოდნის მიღება და უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების წარმატებით ჩაბარება. აგრეთვე, ვგეგმავთ არაფორმალური განათლების მხარდაჭერასაც რეგიონში, კერძოდ, ჭიათურაში მულტიფუნქციური ცენტრის განვითარების პროცესში ვართ.

როგორც გითხარით, ლოკაციებზე, სადაც "ჯორჯიან მანგანეზი“ ოპერირებს, რეგიონის განვითარებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვგეგმავთ. მიუხედავად გამოწვევებისა, ვახერხებთ გეგმის მიხედვით მივყვეთ საქმეს და როგორც ჩვენს კომპანიას, ასევე რეგიონსა და მთლიანად ქვეყანას მნიშვნელოვნად ვარგოთ. ამ ძალისხმევაში კი ჩართულია ◊ჯორჯიან მანგანეზის“ დიდი გუნდი, რომელიც ქვეყნისათვის მნიშვნელოვან დოვლათს ქმნის და განვითარებისა და წინსვლისკენ სვლას უწყვეტად აგრძელებს. 

 

ნიკოლოზ ჩიქოვანი, "ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი