"საქართველოს ფოსტა“ და მისი ელექტრონული გეზი

,,საქართველოს ფოსტა“ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ საფოსტო ოპერატორს წარმოადგენს, რომელიც გზავნილების სანდო და სწრაფ მიღება-გაგზავნაზე და არა მხოლოდ, დიდ გუნდთან ერთად ოპერატიულად ზრუნავს. საკუთარ საქმიანობაში ის უახლეს ციფრულ გადაწყვეტებსა და ტექნოლოგიებსაც უკვე აქტიურად ნერგავს და დაჩქარებული ტემპით სათანადო სერვისის გასაწევად ორგანიზაციულ ძალისხმევას არ ზოგავს. ბოლოდროინდელმა პანდემიურმა რეალობამ, რომელიც მოსალოდნელზე დიდხანს გაგრძელდა, "საქართველოს ფოსტისთვისაც“ არაერთი სიახლე მოიტანა. თუ რა შეიცვალა, როგორ გრძელდება მასშტაბური საფოსტო საქმიანობა და რას გეგმავს კომპანია მომავალში, ამას The Economist-ს "საქართველოს ფოსტის“ ხელმძღვანელი ლევან ჩიკვაიძე უზიარებს:

გამოწვევები და მასთან გამკლავების მექანიზმები

მსოფლიო საფოსტო საზოგადოებისთვის ბოლო პერიოდი არც ისე მარტივი აღმოჩნდა. არსებულ გარემო პირობებთან ადაპტაცია ყველა საფოსტო ოპერატორს მოუწია. მაშინ, როცა მსოფლიოში პანდემიის გამო შეიზღუდა მობილობა და ეს დღესაც გრძელდება, თუნდაც შეზღუდული ფრენების სახით, ამ ყველაფერმა არსებული საფოსტო პროცედურების დიდი შეფერხებები გამოიწვია. მყისიერად საჭირო გახდა ალტერნატიული გზების მოძიება. თანაც ისე, რომ ეს თანხვედრაში ყოფილიყო უსაფრთხოების უმთავრეს პრინციპებთან პრევენციის ყველა ზომის დაცვით. ერთი სიტყვით, მთლიანად მომხმარებლებზე უნდა ყოფილიყო ორიენტირებული ნებისმიერი ცვლილება და პროდუქტების ნაირსახეობა. ნებისმიერი პროცედურის შეცვლა მსოფლიო მასშტაბითაც იწვევდა ცვლილებას. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძინა პრაქტიკის გაზიარებამ საფოსტო ოპერატორებს შორის. ინოვაციური პროცესების ერთგან დანერგვა არ იძლეოდა შედეგს, თუ ის მთელ მსოფლიოში ერთგვაროვან პროცესში არ გადაიზრდებოდა. "საქართველოს ფოსტა“, როგორც ეროვნული ოპერატორი, უპირველესად, საქართველოს მოსახლეობის უწყვეტად უზრუნველყოფას აგრძელებდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამას, რა თქმა უნდა, ახლდა ყველა იმ რეგულაციის დაცვა, რომელსაც არსებული საკოორდინაციო საბჭო გასცემდა. საჭირო გახდა საფოსტო პროდუქტების, ჩაბარებისა და გადაცემის პროცედურების მოდიფიცირება ვირუსის პრევენციის ხელშეწყობის მიზნით. "საქართველოს ფოსტა“ მომხმარებელს შინიდან გაუსვლელად სთავაზობდა გზავნილის გაგზავნას და ასევე, მიღება-ჩაბარების პროცესების იმგვარ ფორმატს, რომ უშუალო კონტაქტი მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი.

ასევე, უნდა გაგვეთვალისწინებინა ბიზნესინტერესებიც. განსაკუთრებით იმ ბიზნესების, რომელსაც სჭირდებოდა გაყიდული პროდუქციის მიწოდება. ელექტრონული კომერციის პოპულარიზაციის მიზნით, "საქართველოს ფოსტამ“ შეიმუშავა "კორპორაციული საკურიერო მომსახურება“, რომელიც ელექტრონულ პლატფორმაზე ინტეგრაციის შემდეგ, ბიზნესს აძლევს საშუალებას, მისი პროდუქტი შეუფერხებლად, ელექტრონული ფორმატის გამოყენებით, ნაკლები ჩართულობით, მობილობითა და ერთმანეთთან შეუხებლობით ადრესატთან მისულიყო. ასევე, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საგანმანათლებლო მიმართულება და დისტანციური სწავლება.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში, ◊საქართველოს ფოსტა“ ჩაერთო არაერთ სოციალურ პროექტში. მნიშვნელოვანია, რომ აქცენტები გავამახვილეთ განათლების უწყვეტობაზე, განსაკუთრებით კი დისტანციური სწავლების მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც: "საქართველოს ფოსტამ“ უზრუნველყო ქვეყნის შიგნით კომპიუტერული ტექნიკის, ქვეყნებს შორის კი სახელმძღვანელოების მიწოდება იმ ბავშვებისთვის, რომლებიც დისტანციურად სწავლობდნენ.

"საქართველოს ფოსტამ“ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, დახმარება გაუწია გაეროს საქართველოს წარმომადგენლობას და საქართველოს წითელი ჯვრის წარმომადგენლობას, საქართველოს მოქალაქეებისათვის სხვადასხვა საკვების, პირველადი მოხმარებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების ბინაზე მიწოდებაში.

ასევე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით უზრუნველვყავით 70 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ყველაზე მაღალ რისკ-ჯგუფს განეკუთვნებიან, სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და მედიკამენტების, აგრეთვე სხვა ნებისმიერი შიგთავსის მქონე საფოსტო გზავნილის საცხოვრებელ მისამართებზე უსასყიდლოდ მიწოდება. ასევე, "საქართველოს ფოსტამ“ უზრუნველყო პირბადეების ბინაზე მიწოდება 70 წელს გადაცილებული, მარტო მცხოვრები პენსიონერებისთვის და გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებისა და პირბადეების მიწოდება შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

სიტუაცია გვქონდა ისეთი, რომ ერთი შეხედვით, გაჩერებულ გარემოში "საქართველოს ფოსტის“ ყველა თანამშრომელი მაინც დინამიკაში იყო. მოხდა ისეც, რომ ერთი მიმართულებისთვის სამუშაო მოცულობა საკმაოდ შემცირდა. მაგალითად, გარკვეული პერიოდი საჰაერო ფრენები საერთოდ შეწყვეტილი იყო და შემდგომში შეზღუდულად, კვირაში მხოლოდ ერთი დღე ხორციელდებოდა. შესაბამისად, იყო მიმართულებები, რომელშიც სამუშაო მოცულობამ იკლო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოვახერხეთ და კრიტიკულ პერიოდში არცერთ თანამშრომელთან არ შევწყვიტეთ შრომითი ხელშეკრულება, მეტიც − ◊საქართველოს ფოსტის“ გუნდი 500 ახალი თანამშრომლით გავზარდეთ.

მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული ფრენების პირობებში, სხვა ქვეყნებთან მიმოსვლის აუცილებლობა ჰქონდა როგორც ბიზნესს, ისე მოსახლეობას, და ამისთვის ევროპის მიმართულებით ახალი სახმელეთო საფოსტო გზავნილები შევიმუშავეთ და არ შევწყვიტეთ ევროპულ ქვეყნებში გზავნილების მიწოდება, მეტიც − ჩვენ გვქონდა საკმაოდ განვითარებული იტალიის მიმართულება, რასაც დაემატა ფაქტობრივად მთელი ევროპა. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გზავნილებს ძველებურ, ჩვეულ რეჟიმში ჩაეღწია ადრესატებამდე.

აპლიკაცია ◊მალეო“ და ციფრული გადაწყვეტები "საქართველოს ფოსტაში“

ელექტრონული ვაჭრობა ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ერთი, რომ ის ეროვნული ოპერატორის ვალდებულებაა და ასევე, ღირებული ხელშეწყობაა არსებული ბიზნესებისთვის. ვფიქრობთ, ძალიან ბევრი ქართული ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის გარეთ თავისი პროდუქციის რეალიზება. ამაში კი ეროვნული ოპერატორი უნდა ედგეს მათ გვერდით და ყველაზე ხელსაყრელი პირობები შესთავაზოს პროდუქციის ქვეყნის გარეთ გასატანად. ამისათვის ◊საქართველოს ფოსტას“ რამდენიმე პლატფორმა აქვს შემუშავებული, რომელსაც საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს.

რაც შეეხება "მალეოს“, ეს არის ქვეყნის გარეთ ელექტრონული გზით შეძენილი პროდუქციის აქ, საქართველოში მიღების შესაძლებლობა. ჩვენი პროდუქტისა და კორპორაციული საკურიერო მომსახურების ინტეგრირებით მოვახერხეთ, რომ ბიზნესებისთვის შეგვეთავაზებინა გზა, თუ როგორ გაეგზავნათ ქვეყნიდან და ამასთანავე, მიეღოთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეძენილი პროდუქცია. ყველაზე დიდი გამოწვევა ისევ რჩება ელექტრონული გზით ქვეყნის გარეთ პროდუქციის გატანა და აი, რატომ: 2021 წლის პირველი ივლისიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება, რაც ეხება ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას. ანუ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საკუთარი ბაზრის დაცვის მიზნით, განსაბაჟებელი ამანათის ღირებულებას ნიშანდობლივი ფასი დაადეს. ნებისმიერი ღირებულების შიგთავსზე, ევროპაში შესასვლელად ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას საბაჟო გადასახადი უნდა გადაიხადოთ. ყველა ქვეყანას შემუშავებული აქვს გადასახადის სხვადასხვა განაკვეთი. ევროკავშირის მიერ შემუშავდა სპეციალური პლატფორმა, რომელზეც ონლაინ ვაჭრობის მსურველი ყველა კომპანია უნდა დარეგისტრირდეს. სხვა შემთხვევაში, ევროპაში თქვენი პროდუქტი ვერ შევა. ეს ის სიახლეა, რომელიც შეიძლება ასე შევაფასოთ: მსოფლიოში ამ მასშტაბის ცვლილება ალბათ 50-70 წელიწადში ერთხელ ხდება. ეს კი ეკონომიკური პროცესების მთლიან, გლობალურ სურათს ცვლის.

ეს პროცესი ძალიან საინტერესო და დინამიკურია. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მწვავედ დააყენა იმპორტირებული გზავნილის გადასახადთან დაკავშირებული საკითხი მსოფლიო საფოსტო კავშირის წინაშე და შედეგად, გაზარდა ქვეყანაში შემავალ გზავნილზე დანიშნული ეროვნული საფოსტო ოპერატორისთვის გადასახადი. ევროპამ კი განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო. პირდაპირი გადასახადი დააწესა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში მიედინება − ნულოვანი გახადა იმპორტირებული გზავნილის შიგთავსის ზღვრული დასაბეგრი ოდენობა, ანუ თუ შევადარებთ, ამერიკამ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საკუთარ საფოსტო ოპერატორს იცავს და აძლევს უკეთეს შესაძლებლობებს, მეტი თანხა მიიღოს, ვიდრე არსებული საფოსტო კავშირის ტარიფია. ხოლო ევროპამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტისკენ მიმართა, რითაც გაზარდა საბიუჯეტო შემოსავლები. ჩვენ გვქონდა შეხვედრა და სრულად მივაწოდეთ ინფორმაცია საკუთარ პარტნიორ კომპანიებს, რომლებიც ელექტრონული კომერციით არიან დაკავებული და პროდუქცია ქვეყნის გარეთ გააქვს.

სამომავლო გეგმები

ჩვენს მომხმარებელს ვპირდებით მეტ ელექტრონულ, ციფრულ და მათზე ორიენტირებულ პროდუქტს. ვცდილობთ, არსებული ტექნოლოგიების შესაძლებლობები მაქსიმალურად ავითვისოთ და ჩავრთოთ ჩვენს საქმეში. აღსანიშნავია, რომ ახლახან შევქმენით IOS-ისა და ანდროიდისთვის ◊მალეოს“ აპლიკაციებიც. ზოგადად, საფოსტო დარგსა და "საქართველოს ფოსტის“ რეალობაში კი სამომავლოდ მეტ ელექტრონულ გადაწყვეტილებას უნდა ველოდოთ. 

 

ლევან ჩიკვაიძე, "საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი