ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა − საერთაშორისო სავაჭრო დერეფნების ჰაბი ქვეყანაში
როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო მასშტაბით, ფოთი სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქს წარმოადგენს. ფოთის პორტი ერთ-ერთი ფუნდამენტური დამაკავშირებელი გზაჯვარედინია აზიასა და ევროპას შორის. ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორია კი უშუალოდ ესაზღვრება ფოთის პორტს, რაც რეგიონში სტრატეგიულ ადგილმდებარეობას განსაზღვრავს. ქალაქი ასევე წარმოადგენს ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანეს აქტივს და მისი წარმატებით ფუნქციონირება ქვეყნის პრინციპულ ამოცანებს შორის დგას.
ქალაქ ფოთის მიმზიდველი გეოგრაფიული განფენილობა ქვეყნის სატრანზიტო ჰაბის შექმნის რეალურ საშუალებას აჩენს. თიზ-ის წინაშე სხვა არაერთი გამოწვევა და რეალური პოტენციალი ისახება, მასში მომუშავე გუნდი კი ფეხდაფეხ მიჰყვება მიზნად დასახულ თითოეულ ნიშნულს, რათა მასშტაბური გეგმების განხორციელება მოხერხდეს.
◊ეკონომისტი“ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალურ დირექტორს დავით ებრალიძეს ყველა მნიშვნელოვანი − უკვე განხორციელებული თუ სამომავლოდ დაგეგმილი პროექტის, თიზ-ის საქმიანობის მთავარი მიღწევების, სიახლეებისა და ზოგადად, ქვეყნისთვის მისი არსებობის მნიშვნელობის საგულისხმო ასპექტებზე ესაუბრა.
მსოფლიოში არაერთი ინდუსტრიული ზონა ოპერირებს, აქედან თითქმის ნახევარი კი ჩინეთზე მოდის. რა სახის პრაქტიკას ვიზიარებთ აზიისგან?
ჩინეთის ეკონომიკური ზონები მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ჩინეთის ეკონომიკური რეფორმების წარმატების ფორმულა, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა ჩინეთის საბაზრო ეკონომიკა. ერთი მხრივ, ინვესტორებს მიეცათ საშუალება მცირე სამთავრობო კონტროლის, დაბალი გადასახადებისა და იმის, რომ თავისუფალი ბაზრის პირობებში განევითარებინათ თავიანთი ბიზნესი, და მეორე მხრივ, უცხოურმა ინვესტიციებმა ჯაჭვურად განაპირობა ჩინეთის ურბანული, ეკონომიკური, საფინანსო და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება.
საქართველოს მთავრობასთან გაფორმდა მემორანდუმი აბრეშუმის გზის ინიციატივების გაფართოებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას ვაჭრობის, ინვესტიციებისა და საწარმოო შესაძლებლობების მიზნით. ჩვენ უშუალოდ ჩართულები ვიყავით ამ დოკუმენტის ხელმოწერის პროცესში, რომლის ფარგლებში საქართველომ უმასპინძლა აბრეშუმის გზის ◊ერთი სარტყელი − ერთი გზის“ ფორუმს.
საქართველო-ჩინეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება დამატებითი სტიმულია ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური, სავაჭრო და საწარმოო ბიზნესების განვითარებისთვის.
ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივის განვითარება, რომელიც ითვალისწინებს სამი კონტინენტის: აზიის, აფრიკისა და ევროპის ერთმანეთთან დაკავშირებას, უპირობოდ გამოიწვევს ჩინური და აზიური მრავალწლიანი გამოცდილების გაზიარებას, რაც აისახება ადგილობრივ მწარმოებლებსა და საშუალო და მსხვილ მულტინაციონალურ კორპორაციებს შორის კავშირების დამყარებაზე, წარმოების დივერსიფიკაციასა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, რომლის განხორციელებისთვის ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას აქვს ყველა ბერკეტი, რათა გახდეს ამ დერეფნის ერთ-ერთი წამყვანი დამაკავშირებელი ჯაჭვი.
რა აქცევს ფოთის თიზ-ს ინვესტიციების მოზიდვის ძლიერ წყაროდ?
ეს შეკითხვა ერთი მხრივ მარტივად ჟღერს, მაგრამ კომპლექსურ ანალიზს მოითხოვს და დამოკიდებულია ერთმანეთთან ჯაჭვურად დაკავშირებულ ფაქტორებზე.
ფოთის თიზ-ის სტრატეგიული მდებარეობა, რაც გამოიხატება ფოთის პორტთან სიახლოვით, საერთაშორისო სარკინიგზო და სახმელეთო მაგისტრალებზე პირდაპირი წვდომით და ამასთანავე, უძველესი აბრეშუმის გზის დამაკავშირებელ დერეფანზე მდებარეობით, ფოთის თიზ-ს ანიჭებს განსაკუთრებულ უპირატესობას, იყოს საერთაშორისო სავაჭრო დერეფნების დამაკავშირებელი ჰაბი, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს რეგიონში ტვირთების სწრაფ მოძრაობას.
ფოთის თიზ-ისთვის მინიჭებული საგადასახადო შეღავათებით, თიზ-ში რეგისტრირებული კომპანიები წარმატებით ახორციელებენ სავაჭრო-საწარმოო ბიზნესს, მათ შორის იმპორტის/რე-ექსპორტის/ექსპორტის პროცედურებს; კომპანიები ფოთის თიზ-ში აწარმოებენ და ასაწყობებენ სხვადასხვა ტიპის პროდუქტს, რომელსაც აწვდიან საქართველოს, დსთ-ს რეგიონისა და საერთაშორისო ბაზრებს.
მწარმოებელი კომპანიები სარგებლობენ საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყანას შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით, რაც საშუალებას აძლევთ ფოთის თიზ-ში წარმოებულ პროდუქციაზე მიიღონ ქართული წარმოშობის პრეფერენცირებული სერტიფიკატები სხვადასხვა ბაზრისთვის, მათ შორის EURO1 და ST1.
ჩვენ მიერ შემუშავებული მომსახურების ◊ერთი ფანჯრის პრინციპი“, რომელიც აერთიანებს კომპანიის სწრაფ რეგისტრაციას და ლიცენზირებას ბიზნესსექტორის მიხედვით, საბაჟო მომსახურებას უწყვეტ რეჟიმში, წარმოშობის სერტიფიკატების ადგილზე მიღების შესაძლებლობას, მშენებლობის ნებართვების, გამარტივებული წესით უმოკლეს ვადაში გაცემას, რაც მაქსიმალურად უმარტივებს ინვესტორს ბიზნესის წარმოების პროცესს ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე.
რომელი ტიპის სტრატეგიული განვითარების პრინციპები აირჩიეთ მმართველობაში მოსვლის დღიდან და რა სახის კორექტივებს (აგრეთვე, რის გათვალისწინებით) ახორციელებთ მათში?
ფოთის თიზ-ის მართვაში, შემოსვლისას ჩვენ დაგვხვდა პროფესიონალთა გუნდი მრავალწლიანი გამოცდილებით, რომელთან ერთად უმოკლეს ვადაში შევიმუშავეთ ფოთის თიზ-ის განვითარების სამოქმედო გეგმა. ის ორიენტირებულია ინვესტორებისთვის ბიზნესის წარმოებისა და მართვის მაქსიმალურად გამარტივებისკენ, ახალი ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური პროდუქტების დანერგვისა და მეტი საინვესტიციო შეთავაზებების შექმნისკენ. ჩვენ გვაქვს ამბიცია, ფოთის თიზ-ი გადავაქციოთ რეგიონული და საერთაშორისო დონის სავაჭრო-საწარმოო ჰაბად.
ჩვენ დავასრულეთ გაციფრულების პროცესი და სრულად გადავედით მართვის ციფრულ ეკოსისტემაზე. ასევე გავაციფრულეთ ინვესტორების საინფორმაციო ბაზა და შევქმენით ინდივიდუალური კაბინეტები, რომლის საშუალებით თიზ-ის კომპანიას შეუძლია თავად მართოს კომპანიისთვის შექმნილი საინფორმაციო ბაზა.
ამჟამად, გლობალურად დამდგარი კრიზისების პერიოდში, რა ტიპის გამოწვევების წინაშე დგას თიზ-ი და რა სახის პრიორიტეტების განხორციელების სანაცვლოდ უწევს მათი გადალახვა?
ჩვენთვის, როგორც ფოთის თიზ-ის ადმინისტრატორისთვის, უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს თიზ-ის სამუშაო პროცესის გამართულად ოპერირების უზრუნველყოფა.
პანდემიის გამოცხადებისთანავე, ფოთის თიზ-ი პირდაპირ აღმოჩნდა დიდი გამოწვევებისა და შეზღუდვების წინაშე, რომელიც ითვალისწინებდა უმოკლეს ვადაში მმართველობის კრიზისულ გეგმაზე გადასვლას და თიზ-ის თითოეულ კომპანიაზე ზრუნვას, რომ უმოკლეს ვადაში აღგვედგინა ტვირთის მოძრაობისა და გადამუშავების შესაძლებლობა.
ჩვენ მივიღეთ მსოფლიოს წინაშე დასმული დიდი გამოწვევა და წარმატებით შევძელით თიზ-ის უწყვეტი ოპერირება ფოთის თიზ-ის საბაჟოსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგად.
ბევრ კომპანიას, და მათ შორის ჩვენც, მოგვიწია ახალ რეალობასთან ადაპტირება და ახალი დღის წესრიგის განსაზღვრა. კრიზისული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური საინვესტიციო წინადადებები, რომლებმაც საშუალება მოგვცა, პანდემიის პერიოდშიც გაგვეხსნა თხილის გადამამუშავებელი საწარმო და ტექსტილის ქარხანა. ასევე, უზრუნველვყავით თიზ-ის ყველა საწარმოს სამუშაო პროცესის უწყვეტ რეჟიმში ოპერირება.
წარმატება უმთავრესად გუნდს ემყარება. როგორია თქვენი ერთიანი თანამშრომლობა?
ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმი, პროგრესული ხედვა, მუდმივად განვითარებისკენ სწრაფვა, გვაძლევს შესაძლებლობას მივიღოთ და ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას. ჩვენ ვერთიანდებით ერთი მთავარი იდეის ირგვლივ, რომელიც მოიცავს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მსოფლიო დონის განვითარებულ, წარმატებულ სავაჭრო და საწარმოო ჰაბად ჩამოყალიბებას. ამ მიზნის მისაღწევად, თიზ-ის გუნდს აქვს ყველა ინტელექტუალური რესურსი და გამოცდილება.
რომელ მიმდინარე და სამომავლო პროექტებს კურირებთ?
დღეის მდგომარეობით, თიზ-ში 100-მდე საწარმო ფუნქციონირებს, რომელთა უმეტესი ნაწილის საქმიანობას წარმოადგენს ვაჭრობა, სხვადასხვა სახის პროდუქტის იმპორტი, დასაწყობება და ექსპორტი/რე-ექსპორტი.
მიუხედავად პანდემიისა და ახალი გამოწვევებისა, წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები რამდენიმე მწარმოებელ კომპანიასთან. მათგან გამოვყოფ თხილის გადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც უწყვეტად აგრძელებს სამუშაო პროცესს, ქმნის ქართულ პროდუქციას და აექსპორტებს დსთ-ის ქვეყნებში. აღსანიშნავია ფაქტი, რომ პანდემიის დროს ქარხანას საქმიანობა არ შეუწყვიტავს და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით აგრძელებდა თხილის გადამუშავების სრულ პროცესს. ამჟამად ქარხანაში დასაქმებულია 20-მდე ადგილობრივი პირი, რომელთა რაოდენობა გაიზრდება რეგიონში ტვირთბრუნვის გაუმჯობესებისთანავე.
ასევე, 2020 წელს დაასრულა საწარმოო შენობის მოწყობისა და მანქანა-დანადგარების დამონტაჟების პროცესი მიკროსქემების მწარმოებელმა კომპანიამ, რაც კარგი გზავნილია სხვა მწარმოებლებისთვის, დაიწყონ და განავითარონ მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოება საქართველოში. სამწუხაროდ, პანდემიის გამო შეფერხდა თანამშრომლების დატრენინგება, თუმცა დაგეგმილია უცხოელი სპეციალისტების ვიზიტი, რომლებიც მოკლე ვადებში უზრუნველყოფენ სრული წარმოების პროცესის დაწყებას.
2021 წლის მაისის თვეში სპორტული ნიღბების მწარმოებელი ქარხანა ◊ფარგინი“ ოფიციალურად გაიხსნა ფოთის თიზ-ში, რომელმაც ასევე, პანდემიის მიუხედავად, შეძლო საწარმოო პროცესის სრულად გამართვა, შესაბამისი მანქანა-დანადგარებით უზრუნველყოფა, ადგილობრივი კადრების მოძიება და გადამზადება.
საწარმოში იკერება კარტინგის ჩაფხუტის ქვეშ გამოსაყენებელი ნიღბები, რომლის ექსპორტი განხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებში, როგორც ქართული ნაწარმი. ტექსტილის ფაბრიკაში პოლონური ინვესტიციით განხორციელდა მილიონ ლარამდე ინვესტიცია და დასაქმდა 25 ადგილობრივი პირი.
თიზ-ში ამჟამად მიმდინარეობს ტექსტილის ქარხნის მასშტაბური მშენებლობა, სადაც დაგეგმილია 600-მდე ადგილობრივი პირის დასაქმება.
მიუხედავად მიმდინარე გამოწვევებისა, წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება სპილენძისა და ფერადი ლითონების კონცენტრატების ლოგისტიკური ტერმინალის გახსნასთან დაკავშირებით, რომლის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.
წლის ბოლომდე განახლდება ავტონაწილების კომპონენტების ქარხნის მშენებლობის პროცესი, რომელიც პანდემიის გამო შეფერხდა. ქარხანაში დასაქმდება 150-მდე ადგილობრივი პირი.
აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სამაცივრე ვაგონების მწარმოებელი ქარხნის თიზ-ში განთავსებასთან დაკავშირებით, სადაც დასაქმდება 400-მდე ადგილობრივი პირი.
ასევე, აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ტექსტილის და ფარმაცევტული პროდუქციის მსხვილ კომპანიებთან, და ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე წელს შევძლებთ ახალი პროექტების მშენებლობის დაანონსებას.
როგორ უნდა იქცეს საქართველო, როგორც სატრანზიტო ჰაბი, მსოფლიო რუკაზე ძლიერ დასაყრდენად?
საქართველო ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს სატრანზიტო დერეფანს და ერთ-ერთ მთავარ ლოკაციას მსოფლიოს სატრანსპორტო მიწოდების ჯაჭვში. თუმცა მდგრადი ინფრასტრუქტურული განვითარება, ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, ავიარეისების გაზრდა აუცილებელი წინაპირობაა საერთაშორისო მასშტაბის სატრანზიტო და ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოსაყალიბებლად.
ლოგისტიკური სექტორი დღეს ბევრი გამოწვევის წინაშეა, როგორიცაა მომსახურების დაბალი ხარისხი, მოძველებული ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა, მიწოდების ჯაჭვის არაეფექტური მენეჯმენტი. სამწუხაროდ, ეს არასრული ჩამონათვალია ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში არსებული პრობლემებისა.
თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში გატარებული ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული რეფორმების შედეგად, საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორი. ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და ეკონომიკის ძირითად სექტორებში მომსახურების ლიბერალიზაციის შედეგად, ამაღლდა ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალი, რაც უზრუნველყოფს უკეთეს საერთაშორისო კავშირს გლობალურ ბაზრებთან.
საქართველო ამჟამად ანახლებს და აფართოებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, ახალ სარკინიგზო მარშრუტებს, საერთაშორისო აეროპორტებს. სწორედ მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებით, საქართველო შეძლებს თავისი სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას.
დავით ებრალიძე, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალური დირექტორი