GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის პერსპექტივებს გვაცნობს
GREDA, იგივე "საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია“, უკვე მეოთხე წელია არსებობს და ჩვენს ქვეყანაში განახლებადი ენერგიების წყაროების განვითარებას, მის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ამ მიმართულებით საინვესტიციო პოტენციალის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ამისათვის ის აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საჯარო სექტორთან. თუ რამდენად მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიები როგორც საკუთრივ ენერგოსექტორის, ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის და რა მასშტაბური პოტენციალის მატარებელია, ამის შესახებ The Economist-ს და მის მკითხველს GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი უამბობს და ენერგოდამოუკიდებლობის პერსპექტივებს გვიხსნის:
ტერმინი "ენერგოდამოუკიდებლობა“ აუცილებლად ამ ცნების სწორ გაგებას მოითხოვს, რომელიც განსხვავდება, მაგრამ შეიძლება მოიცავდეს ენერგოუსაფრთხოებასაც. ის, რომ საკუთარ ენერგორესურსებზე იყო დამოკიდებული, მით უმეტეს ისეთ სამეზობლოში, როგორშიც გეოპოლიტიკურად ვიმყოფებით და როდესაც სწორედ ყველაზე მეტად ენერგეტიკულად დამოკიდებულ მეზობელთან საზღვრები არ გვაქვს დემარკირებული, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ჩვენს ყველა მეზობელს ნებისმიერ დროის შეუძლია თავისი პოლიტიკური მიზნებისა და სპეკულაციებისთვის გამოიყენოს მასზე ჩვენი ენერგოდამოკიდებულების საკითხი. ელექტროენერგია პირველადი მოხმარების საგანია და მასზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია, ამიტომ მისი სპეკულაციის ინსტრუმენტად გამოყენება მარტივადაა შესაძლებელი. ჩვენ კი შეცვლილ პირობებზე დათანხმება გარდაუვალად მოგვიწევს. ამის პრევენციისთვის არანაირი ბერკეტი არ არსებობს. თანაც, თითოეული მეზობლისგან შემოსატანი ენერგიის რაოდენობა ლიმიტირებულია და ერთის გამოკლებაც კი სრულად ამ მოთხოვნას ვერ შეგვივსებს. ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი შეიძლება მრავალი თვალსაზრისით ძალიან ძვირი დაგვიჯდეს.
აღსანიშნავია, რომ ამა წლის 8 აპრილს ბალტიისპირეთმა საბოლოოდ ჩაჭრა თავისი შემაერთებელი ◊ენერგოჭიპლარი“ რუსეთთან. მან საკუთარ თავს ფაქტობრივად აუკრძალა რუსეთისგან ელექტროენერგიის იმპორტი და გადაერთო სკანდინავიის ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ მათ საკმარისი საკუთარი განახლებადი ენერგორესურსები არ გააჩნიათ და უფრო ძვირი უჯდებათ იმპორტი სკანდინავიის ქვეყნებისგან, ამას სიამოვნებით იხდიან, რადგან იციან დამოუკიდებლობის ფასი და რომ რუსეთზე დამოკიდებულება ბევრად ძვირი დაუჯდებათ გრძელ ვადაში, ვიდრე დღეს გადახდილი ნამატი ელ. ენერგიაზე.
მეორე მხრივ, უნდა შევხედოთ, რა რესურსი გვაქვს ჩვენ! ბალტიისპირეთისგან განსხვავებით, რესურსის მხრივ ჩვენ გაცილებით მდიდარი ვართ, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიებისა და კიდევ უფრო მეტად წყლის რესურსების მიმართულებით.
აუცილებლად გონივრულად უნდა დავიწყოთ საკუთარი რესურსების დროული ათვისება. ახლახან განახლდა "ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატის“ მიერ გამოცემული ანგარიში საქართველოს ჰიდრორესურსების შესახებ, რომელიც ჩვენს პოტენციალს ამ კუთხით საკმაოდ მძლავრად აფასებს. მათი გათვლით, 56 მილიარდი კილოვატია გროს დარჩენილი პოტენციალი მხოლოდ მოდინებისთვის საჭირო მდინარეებისთვის. თუ ამ ციფრს დავაკლებთ ეფექტურობის დანაკარგებს, დაცულ ტერიტორიებს და ძვირად ღირებულ სადგურებს, სადაც კილოვატის ღირებულება 0.35 აშშ ცენტს აღემატება, ჩამოვალთ 30 მილიარდ კილოვატ საათზე. ამ ყველაფერს თუ დავამატებთ უკან რეზერვუარიანი სადგურების პოტენციალს, 40 მილიარდზე ავალთ, ხოლო შედარებით ძვირად ღირებული სადგურებით, 50 მილიარდს მივუახლოვდებით. ჩვენი ამჟამინდელი მოხმარება 13 მილიარდი კილოვატის ფარგლებშია. ამაში ჰიდროლოგიური წლიდან გამომდინარე, ჩვენი წილი, რომელსაც თავად ვაკმაყოფილებთ, მერყეობს 8-დან 9 მილიარდამდე. მოხმარება კი ყოველ წელს იზრდება დაახლოებით 5%-ით, რაც ახალი სადგურები რომ არ ავაშენოთ, იმპორტის 45%-იან ზრდას ნიშნავს ყოველ წელს! საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, USAID-ისა და Galt&Taggart-ის პროგნოზების თანახმად, 2030 წლისათვის ეს ციფრი გაიზრდება 21-დან 24 მილიარდამდე. შესაბამისად, ჩვენი მოხმარება თითქმის გაორმაგდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ რომ ვერ მოვახერხოთ საკუთარი რესურსების ათვისება, არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. გარდა იმისა, რომ უამრავი თანხის გაგზავნა დაგვჭირდება მეზობელი ქვეყნების ეკონომიკებში, ტექნიკური საშუალებებიც არ გვეყოფა ამ რაოდენობა ელ. ენერგიის იმპორტისათვის და მოგვიწევს ისევ გრაფიკებზე დაბრუნება.
ამის ნათელი მაგალითი სულ ცოტა ხნის წინ დაგვიდგა თვალწინ, ამა წლის გაზაფხულზე, 17 მარტს, როცა ჩაბნელდა ნახევარი საქართველო. ვინაიდან მიმდინარეობდა ენგურჰესის რეაბილიტაცია და ჩვენ მისი ალტერნატივა ჯერ სამწუხაროდ ქვეყანაში არ გაგვაჩნია, ვიყავით იმპორტზე 65%-ით დამოკიდებულები. რუსეთმა გაზის მოწოდება შეგვიმცირა (როდესაც მეზობლების პრიორიტეტებში არ ზიხარ, ეს მარტივად შეიძლება მოხდეს), შესაბამისად, ჩვენმა თბოსადგურებმა ვერ აიღო თავისი სრული სიმძლავრე და მოგვიწია მყისიერად იმპორტის გაზრდა თურქეთიდან, რასაც გადამცემმა ხაზებმა ვერ გაუძლო და მოხდა ავარია. შედეგად, რამდენიმე საათით ჩაქვრა ნახევარი საქართველო, ხოლო სრულ აღდგენას რამდენიმე დღე დასჭირდა, როდესაც ჩვენი თითზე ჩამოსათვლელი ქარხნებიდან ერთ-ერთი იყო გათიშული, რადგან ქვეყანას სიმძლავრე არ ჰყოფნიდა! ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს ყველაფერი უსაფრთხოდ შევძლოთ და მოულოდნელი შეფერხებების გარეშე მოვახერხოთ ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობისთვის.
ჩვენ რომ საკუთარი პოტენციალი სრულად ავითვისოთ, თუნდაც მხოლოდ ჰიდრომიმართულებით, ეს ნიშნავს, რომ მზარდ შიდა მოხმარებასაც სრულად დავაკმაყოფილებთ და კიდევ, თითქმის იმავე ოდენობის, ექსპორტზე გატანასაც შევძლებთ. დაახლოებით 25 მილიარდი კილოვატსაათი ექსპორტზე რომ გავიტანოთ და ავიღოთ დღევანდელი გასაშუალოებული იმპორტის ფასი (5,5 ცენტი, თუმცა 2030 წლისთვის დარწმუნებული ვარ, ეს ფასი საგრძნობლად გაზრდილი იქნება), მივიღებთ 6 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალს ყოველ წელს ჩვენი ქვეყნის კერძო სექტორი, საიდანაც მხოლოდ მოგების გადასახადისა და სატრანზიტო ტარიფების სახით, წლიურად 1.5 მილიარდი ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში გადაირიცხება. დარჩენილი თანხების რეინვესტირებაც, სავარაუდოდ, ჩვენს ეკონომიკაში მოხდება − მაშინ, როდესაც ამჟამად ათეულობით მილიონ დოლარს ვხარჯავთ ყოველ წელს ელექტროენერგიის იმპორტზე და მეზობელი ქვეყნების ეკონომიკაში ვაგზავნით. სურათი კი შეგვიძლია რადიკალურად შევცვალოთ და ასეთი მოთხოვნადი პროდუქტის ექსპორტირება დავიწყოთ საერთაშორისო ასპარეზზე, რაც ჩვენი მასშტაბის ქვეყნის ეკონომიკისთვის შთამბეჭდავი ნახტომი იქნება. ხშირად უარს ვამბობთ ჰესებზე, თუმცა თბოსადგურები მაინც შენდება, რომელიც ერთი მხრივ ზრდის ჩვენს დამოკიდებულებას მეზობელი ქვეყნების გაზზე და მეორე მხრივ, ეკოლოგიას მძიმედ აზიანებს − თბოსადგურებზე მავნე გენერაციის წყარო არ არსებობს ეკოლოგიისათვის. მეტსაც გეტყვით − ევროპაში 2023 წლისათვის შემოდის ნახშირბადული ენერგიის კვალის გადასახადი, ანუ ე.წ. ◊ჭუჭყიანი ენერგიით“ ნაწარმოებ პროდუქტზე გადასახადი იზრდება. მაგალითად ჩიპსი, რომელიც დამზადებულია ამ ◊ჭუჭყიანი“ ელექტროენერგიით, დამატებითი გადასახით იბეგრება და უფრო ძვირია. ეს ერთგვარი კომპენსაციაა ბუნების დაზიანებისთვის. ამ მიდგომით, წახალისდება თბოელექტროსადგურების დახურვა და განახლებადი ენერგიების წარმოება.
ამ პროცესში კი ჩვენ ძალიან საინტერესო ნიშა შეგვიძლია დავიკავოთ წარმოების კუთხით ევროპის ბაზარზე, რომლის პროდუქცია იქნება იაფი და კონკურენტული, თანაც − დაბალანსებული ეკოლოგიურ პირობებთან. საამისოდ კი მუდმივად უნდა ვატარებდეთ კვლევებს, ვამაღლებდეთ სტანდარტს და ვაუმჯობესებდეთ კანონმდებლობას. ჰიდრორესურსების ათვისებაზე უარის თქმა, გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, ძალიან ძვირი დაუჯდება მრავალი თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანას. ამის შესანიშნავი პრეცედენტები არსებობს ევროპაში: ნორვეგია, ავსტრია, შვეიცარია და სხვა.
ნორვეგიის მაგალითი ძალიან ნიშანდობლივია, რადგან ჰიდრორესურსებთან ერთად, მას ჭარბად აქვს წიაღისეული რესურსებიც, ნავთობისა და გაზის სახით. ნორვეგია წიაღისეულს საკუთარ ქვეყანაში თითქმის საერთოდ არ გადაამუშავებს და მთლიანად ექსპორტზე გააქვს, ხოლო თავისი გენერაციისთვის თითქმის მთლიანად წყლის განახლებად რესურსს იყენებს. საკუთარი ჰიდრორესურსის 96% აქვს ათვისებული, როდესაც ჩვენ 20%-ის ათვისებას ვერ გავცდით. სწორედ ასეთ მაგალითებზე უნდა გავაკეთოთ სწორება.
ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს ამ საკითხებზე. ასევე, GREDA-ს ბაზაზე ვქმნით საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს, რომლის ორგანიზაციულ სტრუქტურაშიც წარმოდგენილი იქნება არაერთი საერთაშორისო საფინანსო თუ დონორი ორგანიზაცია და საელჩო. საკონსულტაციო საბჭოს ფუნქცია იქნება, გაუზიაროს ჩვენ ქვეყანას დასავლური გამოცდილება ენერგეტიკის სექტორში და განახლებადი ენერგიების რესურსების გონივრულად ათვისებაში.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ არა მარტო ჰიდრო, არამედ სხვა განახლებადი ენერგიების პოტენციალის ათვისებაც უაღრესად მნიშვნელოვანია, მათ შორის − მზისა და ქარის, უპირველესად. თუმცა, მზისა და ქარის ენერგიების ინტეგრირებას სისტემაში გარკვეული პრობლემებიც აქვს. ასე მაგალითად, ქარისა და მზის ელექტროსადგურებს ასევე უწოდებენ ცვალებადი განახლებადი ენერგიის წყაროებს, რადგან მზისა და ქარის ენერგია მკვეთრად არის დამოკიდებული ამინდზე. ყოველწუთიერად იცვლება ქარის სიჩქარე და მიმართულება, მზის რადიაცია. ასეთი არასტაბილურობა საფრთხეს უქმნის ელექტროსისტემის მდგრადობას და მისი დაბალანსება შესაძლებელია მხოლოდ სიმძლავრის სწრაფად მანევრირების უნარის მქონე ელექტროსადგურებით. ასეთი კი წყალსაცავიანი ჰესებია. დაბალანსება თბოსადგურის მეშვეობითაც შესაძლებელია, მაგრამ ჯერ ერთი, რომ ასეთი თბოსადგურები არ გვაქვს და მეორე − რომც გვქონდეს, იმპორტირებულ გაზზე გამოიმუშავებს, რაც ჩვენს დამოკიდებულებას მეზობელ ქვეყნებზე კიდევ უფრო გაზრდის. მარტივად რომ ვთქვათ, ქარისა და მზის სადგურების გაჩერების შემთხვევაში, მყისიერად უნდა ჩაირთოს ჰიდროელექტროსადგური, რათა არ მოხდეს ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტა.
ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ქარისა და მზის ელექტროსადგურების ინტეგრაციის ლიმიტების დასადგენად, გერმანული კომპანია DIGSILENT-ის დახმარებით (https://www.digsilent.de/en/) ჩატარდა კვლევა. ამ კვლევაში გათვალისწინებული იყო ნამახვანჰესის, ნესკრაჰესის, ცხენისწყლის კასკადისა და ხუდონჰესის მშენებლობა. ასევე, მოხმარების 5%-იანი ზრდა. ამ დაშვებებზე დაყრდნობით, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2030 წლისთვის შესაძლებელია 1300 მგვტ ქარისა და 550 მგვტ მზის სადგურების ინტეგრაცია სისტემაში. ამავდროულად, ჩვენი ქვეყნის ჰიდროპოტენციალი 14 000 მეგავატია და მათი არა მარტო წარმადობაა თითო მეგავატზე ბევრად მეტი სხვა ალტერნატიულ წყაროებთან შედარებით, არამედ საგრძნობლად იაფიც გახლავთ.
შესაბამისად, განახლებადი და განსაკუთრებით ჰიდრორესურსების ათვისება, როგორც უდიდეს ეკონომიკურ შესაძლებლობას, ასევე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის − უსაფრთხოების ნაწილსაც გულისხმობს.
ჩვენი ასოციაცია ენერგეტიკის სფეროში მომუშავე კომპანიებს სწორედ ზემოთ ხსენებული მიზნების მისაღწევად აერთიანებს და იმ ეკოსისტემის შექმნასა და გაუმჯობესებას ცდილობს, რომელიც ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია. n
გიორგი აბრამიშვილი, GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი