QUALITY OF LIFE“: ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება − ახალი ტენდენცია ბიზნესში, რომელსაც კომპანია "ენსისი“ ამკვიდრებს
Quality of Life − ამ მიმართულების დამკვიდრება საქართველოში დაახლოებით 2014 წლიდან დავიწყეთ. თუმცა ეს არ არის მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რასაც ეს ტერმინი გულისხმობს, მიდგომა, რომელიც ცალკეული პროდუქტების შექმნისას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, მომხმარებელზე ორიენტირებას, მათი ცხოვრების ხარისხისა და სტილის გაუმჯობესებას გულისხმობს.
ამას უზრუნველვყოფთ ხარისხიანი მშენებლობითა და ინფრასტრუქტურით, თანამედროვე მასალების, შესაბამისი მიდგომებისა და გადაწყვეტების დანერგვით. სწორედ ამ მიდგომებით ვაკეთებთ პარკებს, შენობებს, ვაგებთ გზებსა და ხიდებს, ვაშენებთ გვირაბებს და ა.შ. ◊ენსისის“ რთული და კომპლექსური პროექტების განხორციელების დიდი გამოცდილება აქვს და ხარისხი ყოველთვის მისი მთავარი ნიშანია. ეს ყველაფერი კი ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.
თითოეული ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ანუ ის, რისთვისაც ჩვენ ვიღვწით, ევროპაში, განსაკუთრებით კი ძველ ევროპაში, ძალიან თვალშისაცემია. ევროპაში ვიზიტისას ვრწმუნდებით, რამხელა მნიშვნელობა აქვს საცხოვრებელ გარემოს. ამის საპირისპიროდ, გარემო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ხშირ შემთხვევაში, სტრესულია. უნდა არსებობდეს გარკვეული ფაქტორები, რაც ამ დაძაბულობას შეარბილებს, სტრესს შეამცირებს. როდესაც გაქვს შესაძლებლობა, თუნდაც, დედაენის ბაღში გახვიდე და სიმწვანეში ცოტა ხანს განმარტოვდე, ან მეგობრებთან ერთად ისეირნო, გარკვეული პოზიტიური ემოციები გიჩნდება, უფრო მოტივირებული ხდები, ეს კი შენი ცხოვრების ხარისხზე პოზიტიურად აისახება. თითოეულ ადამიანსა და მისი ცხოვრების გაუმჯობესებაზე ფიქრი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, უნდა იყოს ყველა კომპანიის მთავარი მიდგომა. ეს ყველაფერი ხომ ადამიანებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის კეთდება...
ამდენად, ჩვენი ხედვა ასეთია − კომპანია ◊ენსისი“ ახალ პროექტს ირჩევს იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ეფექტი ექნება, რა გავლენას მოახდენს გარემოზე. რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე არ გამოდის, მაგრამ მაქსიმალურად ვირჩევთ ისეთ პროექტებს, რომლებიც ერთი მხრივ, სიახლეების შემცველი იქნება ჩვენი თანამშრომლებისათვის, მეორე მხრივ კი დადებით ცვლილებებს მოახდენს გარემოსა და ადამიანების ცხოვრების ხარისხზე.
უდიდესი სიამოვნებაა, როდესაც დამკვეთი ითვალისწინებს შენს რჩევას, როგორც გამოცდილი დიზაინერის, არქიტექტორის და ა.შ. და ერთად ზრუნავთ მაქსიმალური სარგებლის მომტანი პროექტის შექმნაზე. ეს უკვე არა უბრალოდ შენების, არამედ შექმნის პროცესია! აქ უკვე ქმნი და არა უბრალოდ, აშენებ. ყველაზე მნიშვნელოვანი განცდა კი ისაა, როდესაც ამ შექმნილით ადამიანები იღებენ სიამოვნებასა და სარგებელს.
ყველა ჩვენი პროექტი ამ მიდგომით ხორციელდება. გავიხსენებ ბოლო დროს განხორციელებულ და შექმნილ პროდუქტებს, მაგ. ავჭალის ხიდს. ტენდერი არსებულის რეაბილიტაციაზე მოვიგეთ, თუმცა თბილისის მერიასთან თანამშრომლობით, მივედით იქამდე, რომ ვიზუალიდან გამომდინარე, მხოლოდ რეაბილიტაცია არ იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება და იმავე ფასად ახალი ხიდი ავაშენეთ. ჩვენ ვამჯობინეთ, ნაკლები მატერიალური მოგება მიგვეღო, თუმცა გარემოსა და ქალაქის იერსახეზე ბევრად სასიკეთო გავლენა მოგვეხდინა სრულიად ახალი პროექტით. წარმოიდგინეთ, გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ, თბილისში ახალი ხიდი არ აშენებულა! მთელი ამ დროის განმავლობაში ეს იყო პირველი ხიდი თბილისში, რომელიც ჩვენ ავაშენეთ.
იმავეს ვიტყოდი ვაშლიჯვრის ესტაკადაზე, რომელიც თავდაპირველად, არცთუ ეფექტურად გამოიყურებოდა ვიზუალური თვალსაზრისით. გარდა ამისა, ითვალისწინებდა მიმდებარე ტერიტორიაზე 100-მდე ნაძვის მოჭრას. გადავაკეთეთ პროექტი, ვიზუალურადაც ლამაზი გამოვიდა და 98 ნაძვის ნაცვლად, მოვჭერით 16, მინიმუმამდე შევამცირეთ გარემოზე ზიანი. ესეც, საბოლოო ჯამში, მომხმარებელზე ორიენტირება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. ოდნავ მეტი ფინანსები დასჭირდა, თუმცა სარგებელი ბევრად დიდი იყო. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს დამკვეთსა და შემსრულებელს ერთნაირი ღირებულებები და მიდგომები აქვს და ამ მიდგომებით ერთად ვხელმძღვანელობთ .
სულ ახლახან გაიხსნა დედაენის განახლებული ბაღი, რომელიც ასევე კომპანია ◊ენსისიმ“ განახორციელა. პირადად ჩემთვის, ეს ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია ბევრი თვალსაზრისით. პროცესი იყო ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი. ამ პროექტის შემთხვევაშიც, აქტიური თანამშრომლობა გვქონდა დამკვეთთან − თბილისის განვითარების ფონდთან, სხვადასხვა პარტნიორთან, და ამ კოლაბორაციით მივიღეთ არაჩვეულებრივი შედეგი. მსგავსი პროექტების ხიბლი სწორედ იმაშია, რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, არსებულ პროექტს დამატებითი ღირებულებები შევძინოთ. ეს შემოქმედებითი პროცესია და გზადაგზა ხდება დეტალების დახვეწა, განვითარება, ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. ეს გაცილებით საინტერესოს ხდის პროექტს. შედეგიც ყოველთვის უფრო ხარისხიანი და შთამბეჭდავია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პროექტი ისტორიულ უბანში ხორციელდება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ისევ და ისევ, მთავარი რამ, რაზეც ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ამ პროცესში ფიქრობს და მუდამ გვახსოვს, არის ის, რომ ჩვენმა პროექტმა ადამიანების ცხოვრების წესი უნდა შეცვალოს უკეთესობისკენ. ამის დასტურია დედაენის განახლებული ბაღი.
ამ მხრივ, რა თქმა უნდა, გამოვყოფდი მზიურის პარკს, რიყის პარკს, რომელიც საქართველოში ევროპული პარკის შექმნის პირველი მცდელობა იყო. დიზაინის შექმნაში ძალიან დაგვეხმარა ესპანური საპროექტო კომპანია, რაც პარკს ვიზუალურად ეტყობა კიდეც.
განვითარება მდგრადი უნდა იყოს. არ შეიძლება, მაგალითად, ასფალტი დავაგოთ იმისათვის, რომ 3 წელიწადში ხელახლა იყოს გასაკეთებელი. ასეთი მიდგომა ყველა ჩვენს პროექტს ეტყობა. პროექტის დასრულების ვადის გაზრდის ფასადაც კი შეიძლება ღირდეს ის მიდგომები, რაც იმ ხარისხის ნიშანს სჭირდება, რომელიც ჩვენ გვახასიათებს და რისი მიღწევაც ბევრ შემოქმედებით პროცესს, ფიქრსა და შრომას საჭიროებს.
ვინაიდან მულტიფუნქციური სამშენებლო ორგანიზაცია ვართ და არა რომელიღაც კონკრეტულ სეგმენტზე ორიენტირებული, ვმუშაობთ მშენებლობის ფაქტობრივად ყველა სფეროში. როგორც აღვნიშნე, პროექტის შერჩევისას ორიენტირებულები ვართ არა იმდენად ფინანსურ მოგებაზე, რამდენადაც მის სარგებლიანობაზე ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი და განსხვავებული ღირებულებებია.
ამჟამად, საკმაოდ საინტერესო პროექტებზე ვმუშაობთ და ასეთივე საინტერესო სამომავლო გეგმები გვაქვს. როგორც იცით, სახელმწიფომ გადაწყვიტა, საქართველოს მუნიციპალიტეტების ცენტრები მოაწესრიგოს. ჩვენ განვახორციელებთ ზესტაფონის, ხარაგაულის, ბაღდათის, მარნეულის, გარდაბნისა და ბოლნისის მუნიციპალური ცენტრების რეაბილიტაციას. ვფიქრობ, წლის ბოლომდე ეს იქნება კომპანიისათვის საკმაოდ საინტერესო ღირებულება და იგივე მიდგომებით, კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით ვიზრუნებთ იმაზე, რომ ჩვენი რეგიონების მოსახლეობას მეტი სარგებელი ჰქონდეს.
მრავალფეროვან პროექტებზე ვმუშაობთ. კომპანია მუდმივად ცდილობს ახალი ხედვების მოძებნას, თუ როგორ უნდა განახორციელოს მშენებლობა. ლონდონის ბიზნესსკოლა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დავამთავრე, ცნობილია ნოვატორული იდეებით. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ მუდმივ ძიებასა და განვითარების პროცესში ვართ, ვფიქრობთ და ვპოულობთ ისეთ გადაწყვეტებს, რაც ინოვაციებს შემოიტანს მშენებლობაში. ამ ყველაფერმა კი ადამიანებს სიხარული და კმაყოფილება უნდა შესძინოს.
გეგი ქელბაქიანი, სამშენებლო კომპანია "ენსისის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი