მსოფლიო 2020
2020 წელი გარდამტეხი მნიშვნელობის მატარებელია. ახალი ათწლეულის დასაწყისი მომავლის შესახებ ჩვეულებრივზე მეტ ფიქრებს აღძრავს. უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში პირველად, ახალი ათწლეულის დასაწყისი ვირთხის წელიწადს ემთხვევა, რომელიც ჩინური კალენდრის 12-წლიანი ციკლის დასაწყისიცაა. და კიდევ − ამ გამოცემაში მოცემული პროგნოზების მიხედვით, 2020 წელი დრამატულ მოვლენებს მოკლებული არ იქნება. მომავლის განჭვრეტის საშუალებას ათეულობით საინტერესო მომენტი გვაძლევს
- მართლმსაჯულების დროა. ეს განსაკუთრებით სიმართლეა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შემთხვევაში. უპირველესად, ბატონი ტრამპის თანამდებობიდან ჩამოშორებას კონგრესში დემოკრატები შეეცდებიან (მას რესპუბლიკელების კონტროლქვეშ მყოფი სენატი გადაარჩენს). შემდეგ, ნოემბერში ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები პოლიტიკური ციებ-ცხელების ფონზე ჩაივლის. ეს მახინჯი არჩევნები იქნება: ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც რჩევა ვკითხეთ, გვეუბნება, რომ ტრამპი წააგებს. ბრექსიტის პერიპეტიები დიდ ბრიტანეთს დაყოფილს, დაზიანებულსა და შემცირებულს გახდის.
- ეკონომიკური სისტემები ნეგატიურ ფაქტორებს ებრძვიან. ბანკებს, განსაკუთრებით ევროპაში, უარყოფითი საპროცენტო განაკვეთების პრობლემასთან გამკლავება მოუწევთ. აშშ-ს რეცესიის პერსპექტივა ემუქრება, მაგრამ გასაკვირი არ იქნება, თუ კატასტროფა არ დადგება და ბაზრები გამოცოცხლდებიან.
- ჩინეთი დადებით სიგნალებს იძლევა. ქვეყანა შეეცდება 2020 წელს „ზომიერად აყვავებულობის“ დასახულ მიზანს მიაღწიოს. სხვა ქვეყნებს მოუწევთ იმუშაონ საკუთარ პოზიციონირობაზე, ჩინეთისა და ამერიკის გავლენების სფეროების კონტექსტში.
- სპორტისათვის გრანდიოზული წელია. ტოკიოს ოლიმპიური თამაშები უზარმაზარ საერთაშორისო აუდიტორიას მიიზიდავს. ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი, ევრო-2020, ერთდროულად 12 ქვეყანაში გაიმართება. კრიკეტის მესვეურნი გადამწყვეტი წარმატების მოლოდინში არიან ავსტრალიაში (სადაც T20 მსოფლიო თასი იმართება) ასევე ინგლისსა და უელსში (სადაც თამაშის ახალი, კიდევ უფრო ხანმოკლე, ფორმატი − კრიკეტი-100 ინერგება).
- შეშფოთება ბირთვული შეიარაღების გავრცელების გამო. ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვიდან 75-ე წლისთავზე, ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობის შეთანხმების ხუთწლიანი პერიოდის მიმოხილვა მძიმე შედეგებს გვიჩვენებს. შეთანხმების ქმედუუნარობის ზრდის კვალდაკვალ, ახალი გამალებული შეიარაღების საფრთხეც იზრდება.
- მდგრადობა ვნებათაღელვას გულისხმობს − ყოველ შემთხვევაში, ამ თემაზე საუბარი. კუნმინში ქვეყნები ბიომრავალფეროვნებას განიხილავენ. გლაზგოში ისინი ნახშირბადის ემისიის ვალდებულებებს იკისრებენ. ბიზნესლიდერები მდგრადი კაპიტალიზმის იდეას მხარს უჭერენ − თუ ამას აქციონერებიც დათანხმდებიან.
- სპარსეთის ყურე მსოფლიოს მიესალმება. დუბაი იმედოვნებს, რომ აქ გამართულ მსოფლიო გამოფენას გრძელვადიანი ეფექტი ექნება. უფრო უხერხულობის ელფერით, საუდის არაბეთი დიდი ოცეულის სამიტს მასპინძლობს.
- მარსისათვის სხვადასხვა მისია მზადდება. აშშ, ევროპა, ჩინეთი, გაერთიანებული საამიროები კოსმოსურ ზონდებს აგზავნიან.
- ტექნოლოგიურ სექტორს თავისი ლიდერები და აუტსაიდერები ჰყავს. ლიდერები მოიცავენ მფრინავ ტაქსის, ელექტრონულ სუპერავტომობილებს და პერსონიფიცირებულ მედიცინას. აუტსაიდერებში იგულისხმება ტექნოლოგიური გიგანტები, რომლებიც მეტი რეგულაციების, გაზრდილი გადასახადებისა და შემოწმებების მოლოდინში არიან. ამერიკის საარჩევნო ციკლში, Instagram-ი საყოველთაო პოლემიკის საგანი იქნება.
- დიდი საიუბილეო თარიღები რეზონანსსაღძრავენ. განსაკუთრებით, ბეთჰოვენის 250-ე წლისთავი. ასევე უნდა აღვნიშნოთ: რაფაელის გარდაცვალებიდან მე-500, „მეიფლაუერის“ ამერიკული მისიის დაწყებიდან მე-400, სამხრეთის ზღვის ბუშტის გასკდომიდან მე-300, ფლორენს ნაითინგეილის დაბადებიდან მე-200 (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 2020 მედდის წლად გამოაცხადა), ამერიკაში ალკოჰოლის აკრძალვიდან მე-100, გაეროს დაარსებიდან 75-ე და The Beatles-ის დაშლიდან (ფანები ჩუმად გლოვობენ) 50-ე წლისთავი.
- გასართობი ინდუსტრიის ნაკადი „სტრიმინგზე“. ტელეკომპანიების სტრიმინგ-ომები სულ უფრო მეტ ინტენსიურობას იძენს. სერვისი ხელმისაწვდომი გეიმერებისთვისაც ხდება, თუმცა ჯეიმს ბონდის ფანები ისევ ძველმოდურ კინოთეატრებს მიაშურებენ, ფრანჩაიზის 25-ე ეკრანიზაციის ფართო ეკრანებზე სახილველად. კაიროს გრანდიოზული, ახალი ეროვნული მუზეუმი გვაჩვენებს, რომ ფიზიკური დასწრება კვლავ მნიშვნელოვანია.
- ეს ახალგაზრდა მოხუცების ათწლეულია. როდესაც ენერგიით აღსავსე „ბეიბი-ბუმერებმა“ 65 წლის ასაკს უწიეს, მსოფლიოში 30-წელს გადაცილებული მოსახლეობა უმრავლესობაში აღმოჩნდა. როგორც ჩანს, 2020-იანი წლები ცუდი იქნება აფრიკული დინასტიებისთვის; დამანგრეველი − სეპარატიზმის საფრთხეში მყოფი ქვეყნებისთვის, ამაღელვებელი − მცენარეთა გენეტიკოსებისთვის, რომლებიც შემდგომი ათწლეულის განმავლობაში მიზნად ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გლობალური მასშტაბით შემცირებას ისახავენ.
ახალი ათწლეული მომავალი წლის შემდგომი პერიოდის წინჭვრეტის სურვილს აღძრავს. სპეციალური განყოფილება − „2020 წლის ხედვები“ წარსულისა და მომავლის გრძელვადიან პროგნოზებს მიმოიხილავს. აქვე ვმსჯელობთ თანამედროვე გლობალური მოვლენების შესახებ, რომლებიც გავლენას მომავალ თაობებზე მოახდენენ. წარმოდგენილია DeepMind-ისა და Huawei-ის იდეები ტექნოლოგიების ევოლუციის შესახებ. სხვა განყოფილებებში მოწვეული სტუმრები მომავლის კონტექსტში სხვადასხვა თემატიკაზე დაფიქრებას გვთავაზობენ − იქნება ეს აფრიკა, ვენესუელა, თუ ამერიკული ოცნება.
2020 წლის შესახებ ერთი რამ ცხადია − ამ წლიურ გამოცემას ახალი რედაქტორი ეყოლება. 17 წლის შემდეგ, სამკითხაო ბროლის ბურთის სხვაზე გადაცემის დროა. ტენდენციების ამოცნობისა და ახსნის ოსტატ ტომ სტენდეიჯის ხელმძღვანელობით, წინ წარმატებული მომავალი გველოდება.
დენიელ ფრანკლინი, რედაქტორი, „მსოფლიო 2020 წელს“
პ.ს. რედაქტორის სვეტი, ისევე როგორ ‘ეკონომისტის’ სტატიები, დაწერილია არაუგვიანეს 2019 წლის ნოემბრისა.