წელი, რომელმაც ათას პროგნოზს დაუდო დასაბამი
ამ სტატიის კითხვისას ნამდვილად არ იმყოფებით ლითონის ნივთებით გაწყობილ ფოლადისკედლებიან ოთახში, რომელშიც სამსახურში სულ რაღაც ორი-სამი საათის გატარების შემდეგ დაბრუნდით. შინ მაიმუნის მსგავსი მძღოლის მიერ მართული მანქანით დაბრუნდით, რომელიც პნევმატურ მილში გადაადგილდებოდა. არადა, სწორედ ასე წარმოედინა 2020 წლის მსოფლიო წარსულის ზოგ ფუტურისტს. ეს პროგნოზი 1911 წელს თომას ედისონმა გამოთქვა და 1967 წელს ამერიკის ქალაქგეგმარების ინსტიტუტმა, იმავე წელს ჟურნალმა Futurist-მა, ხოლო 1957-ში ჟურნალმა Popular Mechanics-მაც გაიმეორეს.
იყო წლები, რომლებიც სხვებისგან განსხვავებით, უფრო თამამი პროგნოზირების სურვილს აღძრავდა. ასე, მაგალითად, 2000 წელი, რომელიც ახალი ათწლეულის, საუკუნისა და ათასწლეულის დასაწყისი იყო. 2020 წელი აღძრავს სრულყოფილი პროგნოზის სურვილს და მანაც შთააგონა ბევრს, განსაკუთრებული აზრი გამოეთქვა. ამ მხრივ, ჰემიშ მაკ-რეი, რომელიც ამ ჟურნალის გვერდებზე იხსენებს წარსულში გაკეთებულ თავის პროგნოზებს, მარტო სულაც არ არის.
1960-70-იანი წლების საბავშვო წიგნებში ყველაზე მახვილგონივრულ სცენარებს ამოიკითხავდით. ერთი მათგანის მიხედვით, 2020 წელს ოლიმპიური თამაშები მთვარის მსგავს გარემოში გაიმართებოდა (ოლიმპიურ ცეცხლს ჟანგბადის ცილინდრში დაავანებდნენ მისი მუდმივი წვის შესანარჩუნებლად). სხვა პროგნოზის მიხედვით, 2020 წლის „სუპერფერმაში“ მოსავლის ამღები კომბაინები და ცხოველთა გადასაყვანი სატვირთოები მონორელსზე იმოძრავებდნენ, მილებით მარცვლეულს ახლომდებარე ქალაქებში გადაქაჩავდნენ, ხოლო „კოსმოსური სარკეები“ მინდვრების თავზე ილივლივებდნენ ღამით მათთვის მზის სინათლის მისაწოდებლად.
ისიც უნდა ითქვას, რომ პროგნოზების ნაწილი საკმაოდ მიუახლოვდა რეალობას. 2009 წელს ბრიტანულმა გაზეთმა Independent-მა კომენტატორებს 2020 წლის ხედვის შესახებ ინტერვიუები ჩამოართვა. პასუხებში ამოიკითხავდით სოფლების შესახებ, რომლებიც მხოლოდ პენსიონერებითაა დასახლებული და რომლებსაც რობოტები უვლიან. აქვე ნახავდით პროგნოზებს ლაბორატორიაში გამოზრდილი ხელოვნური გულების, დნმ-ის სავალდებულო საერთო-ეროვნული ბაზის, ასევე კლიმატის ცვლილების გამო ბრიტანეთის ნაპირებთან ისტორიაში პირველად გამოჩენილი თეთრი ზვიგენის ადამიანებზე თავდასხმის შესახებ. ეს პროგნოზი დააფიქრებს მათ, ვისაც გაისად ზაფხულის გატარება კორნუოლის ნახევარკუნძულის პლაჟებზე განუზრახავს.
ივონ რაიანი, მთავარი რედაქტორი, მსოფლიო 2020