შორს მიმართული მზერა

როცა ვარაუდობთ, რა მოხდება გაისად, იმასაც ფიქრობთ, რომ თქვენი ცდა გონივრულია და სულ მალე შეამოწმებთ, მართალი იყავით თუ არა. მაგრამ რა უნდა ვთქვათ, თუ საქმე 30 წლის შემდგომი მოვლენების განჭვრეტას ეხება? განა ნამდვილად ძალგიძთ ასე შორეულ მომავალს მოავლოთ მზერა? 

თუ ეს 1990-იანი წლების დასაწყისში მოახერხეთ, წიგნში სახელად „მსოფლიო 2020“, რომლის სათაურის იდეაც The Economist-მა მოგაწოდათ, ვგონებთ, ეს უკვე მართლა შეძელით. ეს ალბათ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ თუნდაც ერთი თაობით წინ საკმაოდ ზუსტად ვიცოდით, თუ რამდენი ადამიანი იცხოვრებდა წლების შემდეგ და სად იცხოვრებდნენ ისინი. სავსებით დარწმუნებულნი შეგვიძლია ვიყოთ იმაშიც, თუ როგორ შეცვლის დემოგრაფია და ეკონომიკური ზრდა მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების შეფარდებით პოზიციებს, თუმცა პოლიტიკური და ტექნოლოგიური ძვრების პროგნოზირება გაცილებით რთულია. ამისათვის თვალი ისტორიას უნდა მივაპყროთ და ინტუიციაც მოვიშველიოთ. ხანდახან კი იმის აღიარებაც მოგვიწევს, რომ ვცდებოდით. 

ასე რომ, მაშინ, 1994 წელს, არცთუ რთული იყო იმის დანახვა, რომ 2020 წლისათვის ჩინეთი მტკიცედ იდგებოდა მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკად ტრანსფორმაციის გზაზე (მისი ეკონომიკა უკვე უდიდესია მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით). ისიც აშკარად იკვეთებოდა, რომ იაპონიაში ხანდაზმული მოქალაქეების წილის ზრდა ამ ქვეყანას სულ უფრო მეტად ინტროვერტულს გახდიდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში პერსონალური კომპიუტერები და მობილური ტელეფონები უკვე იქმნებოდა, ინტერნეტბრაუზინგის ან საძიებო სისტემები ჯერაც არ არსებობდა, რის გამოც მართლაც რთული იყო ტექნოლოგიების მიერ კომუნიკაციების მომავალი გარდაქმნის დანახვა. 2007 წლამდე არ არსებობდა iPhone-იც − ხელსაწყო, რომელმაც სტივ ჯობსის თქმით, ყველაფერი შეცვალა. 

პოლიტიკას რაც შეეხება, ერთი-ორჯერ თითქმის ათიანში მოვარტყი. ერთი პროგნოზი ბრექსიტს შეეხებოდა − ვვარაუდობდი, რომ ბრიტანეთი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის ნაცვლად, მასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას გადაწყვეტდა. ამავე დროს, იმასაც ვამბობდი, რომ ასეთი შეთანხმების მიღწევა ძალიან რთული იქნებოდა. ჩემი მეორე პროგნოზით, ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკური ღირებულებების ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ძვრა მოხდებოდა, რაც შესაძლოა მსოფლიოში ოდესმე მოხდეს. ვამბობდი, რომ იმედგაცრუებული ამომრჩევლების პოზიცია პროფესიული გაერთიანებების, ჰოლივუდის „ბობოლებისა“ და „თვით ლიბერალური პრესისთვისაც“ გამოწვევად გადაიქცეოდა. 

ამის მიუხედავად, მრავალჯერ შევცდი კიდეც. ორი უდიდესი შეცდომიდან ერთი ის იყო, რომ ჩემი ვარაუდით, ჩინეთი ეკონომიკური წარმატების მიღწევას ვერ შეძლებდა ცენტრალიზებული ბიუროკრატიული წნეხის შერბილების გარეშე და თუ საერთოევროპული ვალუტა მაინც შეიქმნებოდა, ის 2020 წელს შეწყვეტდა არსებობას. 

რაღა ვთქვათ მომდევნო 30 წლის შესახებ? ჩვენსავე გამოცდილებაზე დაყრდნობით, 2050 წლისათვის ხუთი უმთავრესი პროგნოზი შეგვიძლია შემოგთავაზოთ. მსოფლიოს მოსახლეობა 10 მილიარდს მიაღწევს და უდიდესი დემოგრაფიული ფაქტორი ადამიანის ასაკი გახდება. ყველაზე სწრაფი ზრდა და ქაოსური პროცესები დამახასიათებელი იქნება შედარებით ახალგაზრდა აფრიკის, და ნაკლებად ინდოეთის სუბკონტინენტისათვის. უფრო „ხნიერი“ რეგიონები, როგორებიც ევროპა და იაპონიაა, კიდევ უფრო ფრთხილები და ინტროვერტულები გახდებიან. ევროკავშირი გადარჩება, მაგრამ უფრო „თავისუფალ“ კავშირად იქცევა. რუსეთის მოსახლეობის სწრაფად კლების ტენდენცია მის გლობალურ ამბიციებს „ლაგამს ამოსდებს“. 

ჩინეთი უთუოდ იქნება მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა, მაგრამ მისი მოსახლეობის საშუალო ასაკის ზრდა და რიცხოვნობის შემცირება ამ ქვეყანას გლობალურ დომინაციაზე ხელს ააღებინებს და ყურადღებას მოქალაქეებისათვის უსაფრთხო და კომფორტული ცხოვრების პირობების შექმნაზე გადაატანინებს. შეერთებული შტატები ყველაზე დინამიკურ, ექსტროვერტულ და მდიდარ რეგიონად დარჩება, და საბოლოოდ, ჩინეთთან გლობალური გავლენისთვის ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვა. მსოფლიოს დანარჩენი ინგლისურენოვანი ნაწილი, მათ შორის, ბრიტანეთის კუნძულების სახელმწიფოები (რომელიც იმ დროისათვის შესაძლოა საკმაოდ „თავისუფალ ერთობად“ იქცეს) თავიანთ ბედს სწორედ ამერიკას დაუკავშირებენ. ენა და კულტურა ფიზიკურ სიახლოვეზე დიდი გამაერთიანებელი ფაქტორი იქნება. 

ტექნოლოგიური წინსვლა მსოფლიოს თავისი 10 მილიარდი მცხოვრების უმეტესობისათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნას შეაძლებინებს. ამავე დროს, ეს იქნება დაუღალავი ბრძოლა ბუნების ექსპლუატაციის შესაზღუდად (ან, იმედი ვიქონიოთ, ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად). ყველა დღევანდელი საწუხარი, კლიმატის ცვლილებისა და საცხოვრისის დაკარგვის ჩათვლით, კვლავაც აქტუალური იქნება. ტექნოლოგია მომსახურების სფეროს ეფექტიანობას შესძენს − სწორედ ისე, როგორც ქარხნული წარმოების სისტემამ გაზარდა მრეწველობის ეფექტიანობა. ეს ცხოვრების დონის მატების ტენდენციას გაახანგრძლივებს. 

მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით სამ მეოთხედს საშუალო ფენა შექმნის. მათი იდეები, განსაკუთრებით ჩინეთის ვეებერთელა საშუალო ფენისა, ასევე ინდოეთისა და აფრიკის საშუალო ფენებისა, შედარებით მობერებულ, განვითარებულ მსოფლიოსაც ასაზრდოებს. ამერიკა ინტელექტუალურ ლიდერობას შეინარჩუნებს, რაც ნაწილობრივ გაცილებით ხალხმრავალი (და ასევე განათლებული) განვითარებადი სამყაროს იდეების გავლენითაც იქნება განპირობებული. 

 

ჯოკრები დასტაში 

დაბოლოს, იმ ორ „უაილდ ქარდზეც“ მოგახსენებთ, რომელთაც ყველაფრის შეცვლა შეუძლიათ. ერთი მათგანი გარეთ მიმართულ მზერას უკავშირდება. დავუშვათ, აღმოვაჩინეთ, რომ სამყაროში მარტონი არ ვართ. თუ ჩვენი პლანეტის მიღმა ჩვენთან კომუნიკაციის შემძლე ცივილიზაციები არსებობენ, ჩვენი სახეობის შესახებ ყველაფრის ხელახალი გააზრება მოგვიწევს. 

მეორე ცვლილება შესაძლოა მზერის ჩვენივე შინაგანი სამყაროსკენ მიბრუნებამ მოიტანოს. დავუშვათ, შევძელით იმის გაგება, რასაც სიმარტივისთვის პარანორმალურს ვუწოდებთ, კერძოდ იმის, თუ როგორ ვახერხებთ მოვლენათა წინათგრძნობას, როცა ამის რაიმე რაციონალური ახსნა არ მოგვეპოვება. 2050 წლისათვის შესაძლოა სამყარო ამან დღევანდელისგან ბევრად განსხვავებულ და შესაძლოა, უკეთეს ადგილად აქციოს.

ჰემიშ მაკ-რეი, ჟურნალისტი და ავტორი