,,სუპერდამმუხტველი“ მეცნიერებისათვის
მეცნიერული კვლევის მეთოდი თანამედროვე ისტორიის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა. მან შექმნა მექანიზმი სინამდვილის დადასტურებისა, მაშინ, როცა ცრუ ინფორმაციის გავრცელება ნორმად მიიჩნეოდა და ბუნების მკვლევრებს მანამდე შეუცნობელში შეღწევის საშუალება მისცა. პლანეტების მოძრაობის პროგნოზირებითა და ელექტრობის პრინციპების ჩამოყალიბებით დაწყებული, მეცნიერებმა სამყაროს შესახებ ფაქტების სისტემატიზაციით თეორიები შექმნეს. შემდგომში ამ თეორიების ექსპერიმენტული გზით დადასტურების მექანიზმებიც შეიქმნა. თუ თვალს გადავავლებთ კაცობრიობის პროგრესს განმანათლებლობის ეპოქიდან მოყოლებული დღემდე, შეუძლებელია არ გაგვაოცოს მიღწეულის მასშტაბებმა. მე მჯერა, რომ ხელოვნურ ინტელექტს შესწევს ძალა აღმოჩენების ახალ რენესანსს დაუდოს დასაბამი, გააძლიეროს ადამიანის შემოქმედებითი უნარი, კარი გაუღოს აქამდე უხილავი სფეროების კვლევას და კაცობრიობის პოტენციალის სრულად ათვისებას შეუწყოს ხელი.
ხელოვნური ინტელექტი ქმნის შესაძლებლობას, გახდეს ჩვენი გონების გაგრძელება და მეტაკომპიუტერულ პროგრამად იქცეს. სწორედ ისე, როგორ ტელესკოპი პლანეტების მოძრაობის შეცნობის შესაძლებლობის შექმნით გახდა ახალი ფიზიკის შთამაგონებელი, ხელოვნური ინტელექტის აღმოჩენები მეცნიერებს დაეხმარება კაცობრიობის წინაშე მდგარი რიგი რთული გამოწვევების გადაჭრაში − „სუპერვირუსებით“ დაწყებული, კლიმატის ცვლილებითა და ეკონომიკური უთანაბრობით დამთავრებული. მე ვიმედოვნებ შევქმნა ისეთი ჭკვიანი ხელსაწყოები, რომლებიც გააძლიერებენ ადამიანთა უნარს, გამოიკვლიონ უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო პრობლემები და გამონახონ მათი გადაჭრის გზები.
ტრადიციული ხელოვნური ინტელექტის პროგრამები მკაცრად განსაზღვრული კოდების მიხედვით მუშაობს. ეს კოდები მათ მხოლოდ იმ პრობლემების ფარგლებში მუშაობის საშუალებას აძლევს, რაც მათ უკვე „იციან“. რაც შეეხება ხელოვნური ინტელექტის ახალი ტალღის პროგრამებს, რომლებიც ნეირომეცნიერების მიღწევებით იკვებება, მათ საწყისი პრინციპების გაცნობის შემდეგ დამოუკიდებლად შეეძლებათ „სწავლა“. ისინი ისეთი პატერნებისა და სტრუქტურების გამოვლენას შეძლებენ, რომელსაც შეუიარაღებელი ადამიანები ვერ ახერხებენ. ეს კარს ახალ და ინოვაციურ მიდგომებს გაუხსნის. მაგალითად, სისტემა Alpha Go ათასწლეულების წინ შექმნილ თამაშ „გოს“ სრულად დაეუფლა მხოლოდ იმით, რომ საკუთარ თავს ეპაექრებოდა და თავისივე შეცდომებზე სწავლობდა. ამის შედეგად, პროგრამამ ორიგინალური, ესთეტიკურად ლამაზი კომბინაციების მთელი წყება შემოგვთავაზა, რამაც თავდაყირა დააყენა ათასწლეულების სიბრძნით დაგროვილი ჩვენი წარმოდგენები. ახლა უკვე ყველა დონის მოთამაშეები სწავლობენ პროგრამის სტრატეგიებს საკუთარი თამაშის გასაუმჯობესებლად.
ხელოვნური ინტელექტის თვითდასწავლის სისტემები უკვე გაზრდილი ტემპით იჭრება სინამდვილეში. შესაძლებლობების სწრაფი შესწავლის გზით, ხელოვნური ინტელექტი მკვლევრებს გადაწყვეტილებების მონახვას იმ დროის უმცირეს ნაწილში შეაძლებინებს, რაც ექსპერიმენტების ჩატარებას სჭირდება. მაგალითად, ჩვენ და სხვა მეცნიერები ხელოვნურ ინტელექტს ბიოლოგიის უმთავრესი გადაუჭრელი პრობლემების კვლევისას ვიყენებთ. კერძოდ, იმის გასარკვევად, თუ როგორ ქმნიან ცილები სამგანზომილებიან სტრუქტურებს და როგორ ახდენს ეს გარემოება გავლენას მათ ფუნქციონირებაზე. ცილები სიცოცხლის საფუძველი და გაგებაა იმისა, თუ როგორ ქმნიან ისინი გარკვეული ტიპის ფორმებს, კრიტიკული მნიშვნელობისაა დაავადებების მთელი წყების მიზეზების დადგენასა და მათი მკურნალობის სტრატეგიების შემუშავებაში. ცილის ნებისმიერი სტრუქტურის პროგნოზირებაში დახმარებით, ხელოვნური ინტელექტი მეცნიერებს ისეთი დაავადებების მიზეზთა უფრო ღრმად გააზრების საშუალებას მისცემს, როგორიცაა ალცჰაიმერი, პარკინსონი და სხვა.
ის, რომ ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული პოტენციალისა მჯერა, ეყრდნობა იმის წინასწარ ნიშნებსაც, რომ მას შეუძლია შეარბილოს საზოგადოების ცნობიერებაში ღრმად გამჯდარი ჩვევების შედეგები, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრა საზოგადოებისა და გარემოს განვითარება. მაგალითად, Deep Mind-ის მუშაობამ ავტომატიზებული ხელოვნური ინტელექტის სისტემებში უკვე 30%-ით შეამცირა მონაცემთა ცენტრების სამართავად საჭირო ენერგია გაგრილების სისტემების ოპტიმიზაციის გზით. მომავალში შემიძლია წარმოვიდგინო კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შემუშავებული მრავალი მეთოდი, მაგალითად, გარღვევა მასალათა წარმოების მეცნიერებაში, რაც ატმოსფეროში ჭარბი ნახშირორჟანგის შეწოვის უფრო იაფი საშუალებების გამონახვას შეგვაძლებინებს დღეს არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით.
ჩემი ცხოვრება ხელოვნური ინტელექტის შექმნას მოვახმარე, რადგანაც მჯერა, რომ ეს ყველა დროის უდიდესი ტექნოლოგიური გამოგონება გახდება. თუ გავიღრმავებთ შესაძლებლობებს და დავსვამთ კითხვებს, როგორ და რატომ ხდება, რაც ხდება, ხელოვნური ინტელექტი ცოდნის ფარგლებს გააფართოებს და გახსნის სამეცნიერო აღმოჩენების სრულიად ახალ სივრცეებს, რაც მილიარდობით ადამიანის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების საწინდარია.
ცნობისმოყვარეობით ნასაზრდოები
ადამიანის ტვინის საოცრება იმის დასტურია, რომ ზოგადი ინტელექტის არსებობა შესაძლებელია. ხელოვნური ინტელექტის შექმნა ჩვენი ცნობიერების ბურუსით მოცული საიდუმლოებების გასახსნელად იმდენადვეა მოგზაურობა, რამდენადაც გამოგონება. უფრო დიდი ტვინის ქერქის მქონე ადამიანთა ევოლუციამ მათ მეტი ინტელექტი შესძინა, რამაც შესაძლებელი გახადა უფრო დიდი და კოოპერაციული სოციალური სტრუქტურების შექმნა, ამან კი საბოლოოდ თანამედროვე ცივილიზაციას ჩაუყარა საფუძველი. ამის მსგავსად, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია რადიკალურად ახალი და გაუმჯობესებული ცხოვრების სტილის შექმნაში დაგვეხმაროს. სწორედ ის ცნობისმოყვარეობა, რომელმაც გზა სამეცნიერო მეთოდისკენ გაგვიკვალა, შეიძლება აქაც გადამწყვეტი აღმოჩნდეს არა მხოლოდ კაცობრიობის დღევანდელობის უდიდესი გამოწვევების გადაჭრისას, არამედ ჩვენი თავის შეცნობასა და სამყაროს გააზრებაშიც.
დემის ჰასაბისი, კომპანია DeepMind-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი