რა შეაძრწუნებს ჩვენს შვილიშვილებს
ოჰ, ეს დღევანდელი ბავშვები! ახალგაზრდების მორალურ სისუსტესა და მცდარ არჩევანზე ჩივილი მარადიული მოტივია. მათ საშინლად აცვიათ! საზიზღარ მუსიკას უსმენენ! ისინი პატივს არ სცემენ უფროსებს! ამავე დროს, თაობათაშორისი კრიტიკა ორმხრივ მოძრაობას ჰგავს, _ ყოველი ახალი თაობა წინა თაობის ბნელ წარმოდგენებსა და მოძველებულ ხედვებს კილავს. მათ მონები ჰყავდათ! ისინი ქალებს ხმის მიცემის უფლებას არ აძლევდნენ! მათ ჰომოსექსუალიზმის კრიმინალიზება მოახდინეს! სოციალური ცვლილების ბუნება გულისხმობს, რომ სადღეისოდ საყოველთაოდ მიღებული ქცევა რამდენიმე ათწლეულში უთუოდ მიუღებლად ჩაითვლება. მაშ ასე, 2020 წლის რა ასპექტები შეაძრწუნებს მომავალ თაობებს?
ამის ყველაზე უდავო კანდიდატია ჩვენი უნიათობა, გაგვეკეთებინა მეტი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში. მომავალი თაობები უთუოდ იკითხავენ, თუ რატომ კეთდებოდა ასე ცოტა და ასე დიდხანს საყოველთაო სიუხვის პირობებში მაშინ, როცა გარემოს ზიანის უტყუარი ფაქტები გროვდებოდა. 2050-იანი წლების მოხუცები თავიანთ შთამომავლობას დაუმალავენ ციფრულ ჩანაწერებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ დასასვენებლად მატარებლით გამგზავრების ნაცვლად, ისინი შორეულ ფრენებს ამჯობინებდნენ.
კიდევ ერთი სფერო, სადაც, დასავლეთში მაინც, სოციალური ურთიერთობები სწრაფად იცვლება, ხორცის ჭამაა. ხორცის შემცვლელები, მაგალითად „შეუძლებელი ბურგერი“, რომელიც მცენარეულ ცილებზე მზადდება და რომელსაც ხორცისგან ვერ გაარჩევთ, მუდმივად იაფდება და უმჯობესდება. ამის გამო, თავის შეკავების ტენდენცია ხორცის, განსაკუთრებით კი ძროხის ხორცის მოხმარებისგან, რომლის წარმოება გარემოზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს სხვა ცხოველური სურსათის წარმოებასთან შედარებით, სულ უფრო გაძლიერდება. ადამიანებმა, შესაძლოა მასზე უარი თქვან გარემოსდაცვითი მისწრაფებების გამო. ხორცის მოხმარება იზრდება განვითარებად სამყაროში, მაგრამ აილინგტონსა თუ უილიამსბურგში წვეულებაზე ნამდვილი ხორცის სავახშმო სუფრაზე გამოტანა შესაძლოა დაუშვებლად მიიჩნიონ.
ყველაფერი გარემოსდაცვითი საკითხებით არ შემოიფარგლება. ფართოდ გავრცელებული ანტისაიმიგრაციო განწყობილება შესაძლოა მომავალში მორალურ მარცხად მიიჩნიონ. მომუშავენი ღარიბი ქვეყნიდან მდიდარში გადასვლის შემდეგ ბევრად პროდუქტიულები ხდებიან. მიგრაციაზე ნებისმიერი შეზღუდვის შერბილება ქვეყნების ცხოვრების დონის გამოთანაბრებას უწყობს ხელს. მდიდარი ქვეყნების მოქალაქეები ამბობენ, რომ ღარიბთა დახმარება სურთ, მაგრამ აშფოთებთ მიგრანტთა ზეგავლენა სამუშაო ადგილებზე, უსაფრთხოებასა და სოციალურ ურთიერთობებზე, და ხელისუფლებას მიგრანტთა ნაკადების შეზღუდვისკენ უბიძგებენ. მომავალმა თაობებმა შესაძლოა ამას მკაცრი შეფასება მისცენ.
გენდერული იდენტობისა და სექსუალობის მიმართ თანამედროვე დამოკიდებულებები, რომლებიც სწრაფად იცვლება, მომავალში უიმედო ობსკურანტიზმად იქნება მიჩნეული. უარეს შემთხვევაში, მათ ცრურწმენებად ჩათვლიან, ოჯახისა და თანაცხოვრების ახალი მოდელების გაჩენის კვალობაზე. ძველი დაშვებები სულ უფრო საკამათო გახდება ტექნოლოგიების მიერ სექსისა და გამრავლების ერთმანეთისგან სულ უფრო მეტად განცალკევების ფონზე. ჩვენი შვილიშვილები ანტიბიოტიკების გაუმართლებლად ჭარბ მოხმარებასაც დაგმობენ, რაც მედიკამენტებისადმი რეზისტენტული „სუპერვირუსების“ გაჩენას განაპირობებს. დღევანდელი ანტიბიოტიკების უმეტესობა სულ უფრო მეტად არაეფექტური ხდება, რის გამოც, თითქოსდა უმნიშვნელო ქირურგიული ოპერაციაც შესაძლოა სიცოცხლისთვის სახიფათო აღმოჩნდეს, სწორედ ისე, როგორც ეს ანტიბიოტიკების გამოგონებამდე იყო. მომავალი თაობები იკითხავენ, რატომ დაიხარჯა ასე მცირე ენერგია ახალი ანტიბიოტიკების შესაქმნელად, იმის გათვალისწინებით, რომ ბაზარზე ახალი მედიკამენტის გამოტანას, სულ მცირე, ათწლეული სჭირდება.
სავსებით ცხადია, რომ ჩვენი დღევანდელობის ცალკეული ასპექტები მომავალი თაობების გაკიცხვის საგანი გახდება. ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს, როცა ჩვენს თავს იმას მივულოცავთ, რომ წინა თაობებზე განათლებულები ვართ.
ტომ სტენდეჯი, რედაქტორის მოადგილე The Economist და მსოფლიო 2020