ინოვაციის მომავალი აფეთქება

ჩვენ Huawei-ში მტკიცედ გვჯერა, რომ მომდევნო 20-30 წლის განმავლობაში კაცობრიობა „გონიერ მსოფლიოში“ შეაბიჯებს. საზოგადოება ახალი თეორიებისა და ტექნოლოგიების კიდევ ერთი აფეთქების ზღვარზე დგას. პოტენციალი ძალზე დიდია, მაგრამ ასევე დიდია გაურკვევლობის ხარისხიც. პასუხგაუცემელი ჯერაც მრავალი კითხვაა და შესაძლოა ღია თანამშრომლობა ამ კითხვებზე პასუხის გაცემის საუკეთესო გზა გახდეს. 

ელექტრონიკაში ჩიპების ზომა კვლავაც შემცირდება და სამ ნანომეტრამდე, შესაძლოა ერთ ნანომეტრამდეც კი დავიდეს. ეს ევოლუცია გაგრძელდება იმ გზებით, რომელთა წინასწარმეტყველება არ შეგვიძლია და თვით მურის კანონიც კი მოძველდება. როგორც წარსულში ვფიქრობდით, ამ ევოლუციის მამოძრავებელი გრაფენი გახდებოდა, მაგრამ სადღეისოდ აღარ ვართ დარწმუნებულნი, რომ ეს ნამდვილად ასე იქნება. 

მომდევნო ორ-სამ ათწლეულში უთუოდ გავხდებით გენეტიკურ ტექნოლოგიებში მნიშვნელოვანი გარღვევების მოწმენი. ეს სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში, ბიოტექნოლოგიებსა და ნანომედიცინაში აქამდე წარმოუდგენელ პროგრესს მოიტანს. ამავე დროს, ასევე გაუგებარია ის, თუ როგორ შეცვლის ეს გარღვევა ადამიანთა ცხოვრებისა და მუშაობის სტილს. მოლეკულური ფიზიკა და ტექნოლოგიები შესაძლოა აქამდე არნახული მასალების სინთეზისთვის გამოვიყენოთ. ჯერჯერობით არ არსებობს გზა ვივარაუდოთ, თუ რა სახის მასალები და ტექნოლოგიები შეიქმნება. ვნახავთ, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება განუზომლად გაიზრდება, მაგრამ იმის განჭვრეტას ვერ შევძლებთ, როგორ გაუძღვება ეს პროცესი საზოგადოებას მეტი სიმდიდრის შექმნაში. 

გარღვევები კვანტური გამოთვლების სფეროში და მათი ფართოდ გამოყენება მონაცემთა ტრაფიკის აფეთქებას უბიძგებს. მართალია დანამდვილებით ვიცით, რომ ამისი ზეგავლენა მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ შედეგი შესაძლოა ისეთი არ აღმოჩნდეს, როგორსაც ვფიქრობდით. საქმიანობის სხვადასხვა სფეროში ოპტიკური ტექნოლოგიების გამოყენებაც გაიზრდება. 

წინსვლა ცალკეულ დისციპლინებში ახალ შესაძლებლობებს თავბრუდამხვევი ტემპით ქმნის, მაგრამ დისციპლინათაშორისი გარღვევების შედეგები კიდევ უფრო გამაოგნებელი იქნება. ყველა ამ სამომავლო ინოვაციის თანმდევი მონაცემთა მიმოცვლის ფეთქებადი ზრდა გახდება. ჯერჯერობით არ შეგვიძლია განვსაზღვროთ დიდი მოცულობის მონაცემთა შენახვასთან, გადაცემასთან და დამუშავებასთან დაკავშირებული მოთხოვნები. რაც ნამდვილად ვიცით, ისაა, რომ სულ უფრო მეტი მონაცემი განთავსდება შესანახად და დასამუშავებლად ე.წ. „ღრუბლოვან“ საცავებში. რა მიმართულებას მივცემთ მონაცემთა ამ აფეთქებას? 

მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, როგორი იქნება ჩვენი საზოგადოების სტრუქტურა, როგორ შევეგუებით და გავაკონტროლებთ მას. ჩვენ თვალწინ უამრავი ახალი იდეა და ტექნოლოგია იბადება. ამ ტექნოლოგიური ინოვაციის ახალი ტალღის ახლებურად დასახასიათებლად გამოგვადგება ტერმინი „ჯაჭვური რეაქციები“, რომელიც მრავალ დისციპლინას აკავშირებს. მაგალითად, საინფორმაციო ტექნოლოგიები სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების საფუძვლად იქცა ყველა სფეროში. ამის მსგავსად, მათ ეკონომიკის ყველა დარგის განვითარების ფუნდამენტის ფუნქციაც იკისრეს. 

ერთი რამ ცხადია, – ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საინფორმაციო საზოგადოების ინფრასტრუქტურა. ამ ინფრასტრუქტურას ორი მდგენელი აქვს. პირველია „მყარი“ მდგენელი (რეალური ტექნოლოგიები), ხოლო მეორე – „რბილი“ მდგენელი (წესები და უნარ-ჩვევები, რომლებსაც მისი გამოყენებისას ვსაჭიროებთ). 

მეორე მხრივ, ჩვენ უკვე გვაქვს ოპტიკური ქსელები, კერძოდ 5G, ხოლო G6 ახლო მომავალშია. ხელოვნური ინტელექტი საინფორმაციო ტექნოლოგიების მთელ წყებაზეა დამოკიდებული და მას წინსვლა გაუჭირდება ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების უწყვეტი განვითარების გარეშე. ეს ესტაკადის არარსებობის პირობებში ავტომობილების მაღალი სიჩქარით მართვას დაემსგავსება. 

ტექნოლოგიების „რბილ“ კომპონენტს შეადგენს ტალანტი, რეგულაციები და სხვა ფაქტორები. წარმატების გასაღები ტალანტში ძევს. ამ ახალ ეპოქაში შესაბიჯებლად მსოფლიომ ხელი უნდა შეუწყოს განათლებას, განავითაროს ყოველგვარი ტალანტი ისეთი გარემოს შექმნით, რომელიც შესაძლებელს გახდის აკადემიურ თავისუფლებას და აზროვნების თავისუფლებას გაუფრთხილდება.

 

მისდიეთ მონაცემებს 

გონიერი მსოფლიოს ზღურბლზე ვდგავართ და ჩვენ Huawei-ში უნდა გადავწყვიტოთ, რა როლს ვითამაშებთ ამ ახალ სოციალურ სტრუქტურაში მომდევნო 20-30 წელიწადში. ვიცით, რომ მომავალში მონაცემთა მიმოცვლის ტემპი ზღვარგადასული იქნება და ამგვარად, ჩვენი სტრატეგიული მიმართულება მონაცემთა მიმოცვლის მასიური ნაკადის დამისამართება, განაწილება, შენახვა და დამუშავება გახდება. ეს სწორედ ის სფეროა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში უნდა დავუთმოთ ჩვენი ენერგია. ამ მიმართულებიდან არ უნდა გადავუხვიოთ, თუმცა ჩვენი მოგზაურობის სხვადასხვა ეტაპზე ცვლილებებთან ადაპტაციაც უნდა შევძლოთ.

ჟენ ჩენფეი, Huawei-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი