უდაბნოს ხიბლი
ეგვიპტის ეროვნული მუზეუმი უფრო პრობლემური აწმყოსათვის და ნაკლებად დიდებული წარსულისათვის მიძღვნილ ძეგლს მოგვაგონებს. მუზეუმი 1902 წელს გაიხსნა. იგი ტაჰრირის მოედნის ახლოს მდებარეობს, რომელიც 2011 წელს რევოლუციის ცენტრალური ადგილი გახდა. როდესაც რეჟიმის მომხრე, აქლემებზე ამხედრებულმა მოძალადეებმა მშვიდობიან მომიტინგეებს შეუტიეს, მუზეუმის შენობა ფონად მოჩანდა. ინტერიერი უღიმღამო საწყობს წააგავს. 120 ათასი ერთეული ხელოვნების ნიმუშისგან შემდგარი კოლექციის უმეტესი ნაწილი, საგამოფენო სივრცის ნაკლებობის გამო, შენახვაზეა. გამოფენილი ნამუშევრების კატალოგიზაცია, თუ მივიჩნევთ, რომ ასეთი არსებობს, ცუდად აღწერს ექსპონატებს.
მილიარდი დოლარი ღირებულების ახალ მუზეუმს ეგვიპტის გრანდ-მუზეუმი ეწოდება. ხანგრძლივი გადავადებების შემდეგ, იგი 2020 წელს უნდა გაიხსნას და პირამიდების აღმშენებელი უძველესი ცივილიზაციის წინაშე ვალს ბევრად უკეთ მოიხდის. უდაბნოში აღმართული, გიზას პლატოდან მხოლოდ 2 კმ-ის დაშორებით, მუზეუმი თავს მოიწონებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფასადზე მოლივლივე ფანჯრებით, საიდანაც პირამიდების პირდაპირი ხედი გადაიშლება. მოხერხებული არქიტექტურული ტრიუკის წყალობით, მუზეუმის დიდი ნაწილი პლატოდან არ გამოჩნდება – ახლომდებარე შვერილი მის რკინა-ბეტონის მასას ფარავს.
ვიზიტორები მზისგან დაცულ ატრიუმში შევლენ, სადაც დომინანტი რამზეს II-ის ქანდაკება იქნება. მშენებლები ამბობენ, რომ იზოლირებული ბეტონის ჩონჩხი შენობის შიგნით საგანძურის 23°C ტემპერატურაზე შენახვას უზრუნველყოფს, მაშინაც კი, როდესაც მზე სახურავს 70°C-მდე გაახურებს. შვიდი ათასი კვადრატული მეტრი ფართობის სივრცე (ძველი მუზეუმის მთლიანი ფართობის თითქმის ნახევარი) მთლიანად მეფე-ყმაწვილს, ტუტანჰამონს მიეძღვნება. ბოლოსდაბოლოს, კურატორებს მისი ათასობით არტეფაქტის ჩვენებისათვის საკმარისი სივრცე ექნებათ.
2010 წელს ეგვიპტემ 15 მილიონ ტურისტს უმასპინძლა. შემდეგ, რევოლუციამ ტურიზმის მრავალწლიანი ვარდნა გამოიწვია. ხელისუფლების წარმომადგენლები ჩივიან, რომ განმეორებითი ვიზიტების რაოდენობა მცირეა და იმედოვნებენ, რომ ახალი მუზეუმი ვითარების გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მუზეუმის შენობა (სამუშაოები მუბარაქის მმართველობისას დაიწყო) ამპარტავნების ნიმუში და ფულის წყალში გადაყრაა. ეს ერთადერთი პროექტი არ არის, რომელიც დღევანდელ ეგვიპტეში კრიტიკის ობიექტი ხდება. ხელისუფლებას სურს კაიროს ცენტრს გაეცალოს და სამთავრობო შენობები ახალ ადმინისტრაციულ ცენტრში გადაიტანოს. შესაბამისად, ბულაკის ღარიბი რაიონი უნდა დაინგრეს და ახალი, მდიდრული, მულტიფუნქციური განაშენიანებით ჩანაცვლდეს. რაიონის მკვიდრებს ახალ საცხოვრებელ ფართებს სთავაზობენ. თუმცა, მიმზიდველი ამ ამბავში ცოტა რამ თუ არის. მაშინ, როცა ფარაონები ახალ გრანდიოზულ მუზეუმში ინაცვლებენ, მათი მემკვიდრეები საცხოვრებლად პირქუშ, პერიფერიულ რაიონებში გადადიან.
გრეგ კარისტრომი, კაიროს კორესპონდენტი, The Economist, კაირო