გარესამყარო შიგნით
ეს ისე გამოჩნდება, თითქოს აისბერგი არქტიკიდან პირდაპირ უინიპეგის ცენტრში დაეშვა. ინუიტების ხელოვნების ცენტრი, რომლის გახსნაც 2020 წლის შემოდგომაზე იგეგმება, ვიზუალურად კანადის ჩრდილოეთის ლანდშაფტს ასახავს. მონუმენტური და თანამედროვე ახალი შენობა უინიპეგის ხელოვნების გალერეის (WAG) კუთვნილი, ინუიტების ხალხის ხელოვნების ნიმუშთა (13500 ერთეული) კოლექციის ნავსაყუდელი გახდება.
56 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ამ ახალი მუზეუმით, WAG-ი წარსული შეცდომების გამოსწორებას იმედოვნებს. სტივენ ბორისი, ვინიპეგის გალერეის ხელმძღვანელი, ამბობს: აბორიგენი არტისტები ყველა მიმართულებით მუშაობენ. თუმცა, მათ ძალიან ხშირად თანამედროვე ხელოვნების სამყაროს წევრებად არ აღიქვამენ. მათ განიხილავენ უფრო ხელოსნებად, ვიდრე მეოცნებეებად. WAG-მა კოლექციის კურატორები ინუიტების ხალხის წარმომადგენლებისგან შეარჩია, აბორიგენთა საკონსულტაციო საბჭო ჩამოაყალიბა და მუზეუმის არქიტექტურის ჩვეული მიდგომები შეცვალა. გალერეის კედლები ტალღოვანი იქნება. შემინული სახურავების რთული სისტემა შენობაში შუქის თავისუფლად შეღწევას უზრუნველყოფს. ვიდეოარტი და აბსტრაქტული ტილოები ქვისა და მოწნული ნაკეთობების გვერდიგვერდ იქნება. ყოველ ორ წელიწადში გაიმართება ღონისძიება „წყლის ხატვა“, რომელიც მთელი მსოფლიოდან აბორიგენ ფერმწერებს მოუყრის თავს. ისინი ნამუშევრებს კლიმატის ცვლილების თემაზე წარმოადგენენ.
აბორიგენული ხელოვნება სხვაგანაც გლობალურ ხასიათს იღებს. 2020 წელს, ავსტრალიის ეროვნული გალერეა გამოფენას, სახელად „ავსტრალიის აბორიგენული შედევრები“, სინგაპურსა და ჩინეთში მოაწყობს. მარტში, სიდნეის ბიენალეს რეჟისორობას ბრუკ ენდრიუ გაუწევს. ამ ამპლუაში, იგი პირველი ავსტრალიელი აბორიგენი არტისტი იქნება. ღონისძიების სახელწოდებაა „ნირინი“, რაც ახალი სამხრეთ უელსის ვირაჯურის ხალხის ენაზე „ნაპირს“ ნიშნავს. ეს სახელწოდება მარგინალური ხელოვნების ცენტრისკენ გადმოტანის ამბიციას ასახავს. ბიენალეზე პირველად წარდგებიან არტისტები სუდანიდან, საქართველოდან, ნეპალიდან და ავღანეთიდან. სულ 98 ხელოვანის შემოქმედებას ვიხილავთ, რომელთა შორის იქნებიან ავსტრალიის წარმომადგენლები, როგორებიც არიან ბარბარა მაკგრედი და გამილაური მური yinah (ქალი). ამ უკანასკნელის ფოტონამუშევრები (ნაჩვენებია ქვემოთ) თანამედროვე აბორიგენთა ცხოვრებას ასახავს.
ზოგიერთ ღირსშესანიშნავ გამონაკლის შემთხვევას თუ არ გავითვალისწინებთ (მაგ. გამოფენა Magiciens de la Terre „მსოფლიოს ჯადოქრები“, რომელიც 1989 წელს, პარიზში, პომპიდუს ცენტრსა და Grande Halle de La Villette-ში გაიმართა), მუზეუმები და გალერეები აბორიგენ არტისტებს წარსულში შეზღუდულად წარმოადგენდნენ. ეს გავრცელებული პრაქტიკა იყო, მიუხედავად ინოვაციური მოქმედი არტისტებისა, როგორიცაა ბატონი ენდრიუ (მისი ნამუშევრები მოიცავს ნეონის ნათებას, ფოტოხელოვნებას, ფერწერას და პერფორმანსს) და ტრეისი მოფატი (ვიდეოარტისტი, რომელმაც ავსტრალია 2017 წლის ვენეციის ბიენალეზე წარადგინა). ვარდანდის ხალხის წარმომადგენელი და სიდნეის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის უფროსი კურატორი კლოტილდა ბულენი ამბობს, რომ ტრადიციული „წერტილოვანი“ მხატვრობა, ხშირად, აბორიგენული ხელოვნების ერთადერთ ფორმად განიხილებოდა.
თუმცა, როგორც ჩანს, ცვლილებები ახლოვდება. „ადამიანები ნელ-ნელა იაზრებენ, რომ აბორიგენული ხელოვნება მხოლოდ რომელიღაც განსაზღვრული ფორმით არ უნდა აღიქმებოდეს“, – ამბობს ქალბატონი ბულენი. 2020 წელს, აბორიგენი არტისტების საუკეთესო ნამუშევრები ხელოვნების მოყვარულებს მთელ მსოფლიოში შთააგონებენ.
იმოგენ უაითი, წიგნებისა და ხელოვნების განყოფილების ასისტენტი, The Economist