ბრიტანული დასასრულის შენარჩუნება

როდესაც ჯეიმს ბონდი რომან „კაზინო როიალის“ გვერდებზე პირველად გამოჩნდა (1953 წ.), ბრიტანეთი ომისშემდგომ მდგომარეობაში იმყოფებოდა. უამრავ დაბომბილ შენობას კვლავ გაწმენდა და რეკონსტრუქცია ესაჭიროებოდა. ეკონომიკამ გაჯანსაღება დაიწყო, მაგრამ მკაცრი ეკონომიის წლების შემდეგ, ბევრი პროდუქტი კვლავაც დეფიციტური იყო. გაურკვევლობას ბადებდა იმის რთული შეგრძნება, რომ ბრიტანეთი გლობალური მოთამაშის სტატუსს კარგავდა. 

ამავე დროს, იან ფლემინგის რომანი სექსით, გაჯეტებით და იარაღებით გაჯერებული გლამურული ზღაპარი იყო. მთავარი გმირი − 007, მისი უდიდებულესობის საიდუმლო სამსახურის აგენტი და საშიში პიროვნება იყო. სურვილისამებრ, მას შეეძლო ნებისმიერთან დაწოლა და ნებისმიერის მოკვლა. უცხოურ კრიმინალურ სინდიკატებს, ხშირად მარტო ამარცხებდა (თუმცა ზოგჯერ ამერიკული ფულის დახმარებით). იან ფლემინგს იმპერიის დასასრული თუ აწუხებდა, მისი წიგნები, სურვილების წარმოსახვითი აღსრულებით, დამთრგუნველი რეალობისგან გაქცევას უზრუნველყოფდა. „ბონდმა შექმნა წარმოსახვითი შესაძლებლობა, რომ მსოფლიო ლიდერობის თვალსაჩინო და სწრაფი დაკარგვის ფონზე, გლობალური მოვლენების ეპიცენტრში ყოფნას ინგლისი კვლავ მოახერხებდა“, − ასე აღნიშნა ორმა კრიტიკოსმა ნაშრომში  „ბონდი და მის მიღმა“, როგორც გმირის კულტურული ისტორია (1987). 

2020 წლის აპრილის თვეში, როდესაც ეკრანებზე სერიის 25-ე ფილმი გამოვა (პირველი ბრექსიტის რეფერენდუმის შემდეგ), ბონდის კინოეპოპეა ამ წარმოსახვით რეალობას გააგრძელებს. სცენარის მიხედვით, პენსიაზე გასულ, იამაიკაზე მცხოვრებ ბონდს (დენიელ კრეიგი, უკანასკნელად) მისი მეკავშირე, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს აგენტი, ფელიქს ლეიტერი უკანასკნელი მისიისათვის (დაკარგული მეცნიერის პოვნა) აბრუნებს. საქვეყნოდ ცნობილი ბრიტანული განსაკუთრებულობის ეს ამბავი შესაძლოა სწორხაზოვნად მოგვეჩვენოს, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით ფილმის შექმნის პროცესზე. თავდაპირველად, ფილმის სამუშაო დასახელება იყო „მსხვრეველი ხელი“ (Shatterhand) (მინიშნება ბონდის დაუძინებელი მტრის, ერნესტ ბლომფელდის მეტსახელზე), შემდგომ − „დაბნელება“ (Eclipse), კიდევ უფრო მოგვიანებით − „სიკვდილის მიზეზი“. საბოლოო ვერსიაა − „სიკვდილის დრო არ არის“. ფილმის რეჟისორად რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა. კინოფილმის „მილიონერი ღარიბთა უბნიდან“, „ოსკაროსანი“ რეჟისორი დენი ბოილი გადაღებების დაწყებისათვის მზად იყო, მაგრამ პროექტი კრეატიული უთანხმოების გამო დატოვა. ამჟამად გადაღებებს კერი ჯოჯი ფუკუნაგა ხელმძღვანელობს, რომელიც ბონდის ეპოპეის პირველი ამერიკელი რეჟისორია. სცენარმა რამდენიმე სახეცვლილება განიცადა და ხუთი ავტორი ჰყავს. 

თუმცა, სოციალური ცვლილების ყველაზე ნათელი მტკიცებულებები შეიძლება ფილმში ნახოთ არა ბონდის, არამედ ქალების განსახიერებაში. წარსულში ფრანჩაიზის ქალი პერსონაჟები უბრალოდ სექსუალური რეკვიზიტები იყვნენ, დამცინავი სახელებით: ფუსი გალორე, ჰოლი გუდჰედი, ქსენია ონატოპი. #MeToo მოძრაობის კვალდაკვალ, სერიალ Fleabag-ის შემქმნელს, ფივი ვალერ-ბრიჯს სცენარში იუმორის ელემენტების შეტანის და ქალი პერსონაჟების უფრო რეალისტურად წარმოჩენის ამოცანა დაეკისრა. ჭორების მიხედვით, ბონდის გადადგომის შემდეგ, MI 6-მა კოდური სახელწოდება 007 შავკანიან ქალს მიანიჭა. მითიური, დიდებული წარსულის დაბრუნება შესაძლოა ბრიტანეთს კვლავ სურდეს, მაგრამ ჯეიმს ბონდი, როგორც ჩანს, თანამედროვეობას ეგუება.

რეიჩელ ლოიდი, რედაქტორი, პროსპეროს ბლოგი, The Economist