გაურკვეველი სიშორისკენ

მარსის თაყვანისმცემლებს ამაღელვებელი 2020 წელი ელით: ისარგებლებენ რა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ დედამიწისა და მარსის მორიგი მაქსიმალური დაახლოებით, აშშ-ის, ჩინეთის, ევროპისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების კოსმოსური სააგენტოები მარსისკენ არაპილოტირებული ზონდების გაშვებას გეგმავენ. ყველა ამ მისიას ცოდნის წყურვილი ასაზრდოებს. ამავე დროს, თითოეულ მათგანში უფრო მიწიერი ამბიციაც მოჩანს. 

ამერიკის კოსმოსური სააგენტო NASA მარსზე უკვე დაატარებს რობოტებს, მაგრამ „მარსმავალი“ Mars 2020 ვერტმფრენ დრონსაც დაიმაგრებს. მარსის გაიშვიათებულ ატმოსფეროში წარმატებული ფრენა, ქვეყანას, რომელმაც თვითმფრინავები გამოიგონა, დამატებით დედამიწის ფარგლებს გარეთ მფრინავი აპარატის შემქმნელის პატივითაც შემოსავს. ამ მოვლენის სურათებიც ამაღელვებელი იქნება. 

ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) აპარატი მარსზე ჯერ არ დამჯდარა. 2016 წელს მისი პირველი ცდა საფრენ აპარატ Schiaparelli-ის გამოყენებით, კატასტროფით დამთავრდა. კატასტროფამ ჩაშავებული კრატერი შექმნა, რომლის ფოტოგრაფირება პლანეტის ორბიტაზე მოძრავმა NASA-ს საფრენმა აპარატმა შეძლო. ამჯერად ESA-ს დახმარებას ამერიკაცა და რუსეთიც უწევენ, მაგრამ ამჯერად ევროპული კოსმოსური სააგენტო დნმ-ის სტრუქტურის კვლევაში ჩართული პიონერი მეცნიერის, როზალინდ ფრანკლინის მოსახელე აპარატის (იხ. სურათი) დასმას თავად შეძლებს. „ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ამის გაკეთება თავად შეუძლია“, − ამბობს „მარსმავალის“ მისიის Team-ლიდერი, პიეტრო ბალიონი ESA-დან. 

2012 წელს ჩინეთის პირველი მარსული მისია აპარატზე ხანძრით დასრულდა, როცა რუსულმა კოსმოსურმა ხომალდმა, რომელზეც ჩინური აპარატი იყო გამობმული, დედამიწის ორბიტის დატოვება ვერ მოახერხა. „ამიტომაც, ჩინეთი მარსზე მორიგი გაფრენის − HX-1-ად წოდებულ მცდელობას თავად მართავს“, − აცხადებს პეკინში მდებარე კოსმოსური საკონსულტაციო კომპანია Ultimate Blue Nebula-ს წარმომადგენელი, ლან ტიანი. მიუხედავად ამისა, ჩინეთი ენერგიულად აფიქსირებს თანამშრომლობისათვის მზადყოფნას. ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს უფროსის მოადგილე, ვუ იანჰუა რიხიანად საუბრობს „ჩინური სიბრძნის“ დახმარებით „კაცობრიობის ერთიანი მომავლის შექმნაზე“ მსოფლიოს კოსმოსური კვლევების მეშვეობით. 

არაბთა გაერთიანებული საამიროების მისია მარსზე ამერიკელ პარტნიორებთან ერთად დაიგეგმა და კოსმოსში იაპონური რაკეტის მეშვეობით გავა, თუმცა მაინც არაბული სამყაროს პირველი პლანეტათშორისი მისია გახდება. არაბთა გაერთიანებული საამიროების კოსმოსური სააგენტოს თავკაცმა, აჰმად ბინ აბდულა ჰუმეიდ ბელაულ ალ ფალასიმ ეს მისია არაბთა ისტორიულ მიღწევად შერაცხა, „რომელიც წინაპართა დიდებას აღადგენს“. 

რაც შეეხება სამეცნიერო მონაპოვარს, „იმედად“ სახელდებული არაბთა გაერთიანებული საამიროების ზონდი ულტრაიისფერ სპექტრომეტრს მარსის ატმოსფეროს შესასწავლად და იმის გამოსაკვლევად გამოიყენებს, თუ როგორ „გაურბის“ კოსმოსში პლანეტის ატმოსფეროს წყალბადი და ჟანგბადი. NASA-ს „მარსმავალზე“ დამონტაჟებული ხელსაწყო, რომელიც „ხესავით სუნთქავს“,  უხვ ატმოსფერულ ნახშირორჟანგს ამჟამად იშვიათ ჟანგბადად გარდაქმნის, რომლითაც მომავალ ასტრონავტებს შეეძლებათ სუნთქვა, ან რომელიც სარაკეტო საწვავად იქნება გამოყენებული. ევროპის კოსმოსური სააგენტოს ზონდზე დაყენებული ბურღი ყოფილი მდინარის დელტადან უპრეცედენტოდ ღრმა, ზედაპირიდან ორი მეტრზე მდებარე ფენიდან ქანს ამოიღებს. ნიმუშებს დაფშვნიან და ღუმელების „კარუსელში“ გაატარებენ გაზების წარმოსაქმნელად, რომლებშიც ახლანდელი ან ძველი მიკრობული სიცოცხლის ნიშნების პოვნას იმედოვნებენ. ჩინური „მარსმავალი“ ყინულის ჯიბაკების დასაძიებლად მიწის წიაღში შემღწევ რადარს გამოიყენებს. 

2020 წლის კოსმოსურ განრიგში შესაძლოა მსოფლიოს უდიდესი რაკეტის − NASA-ს SLS-ის გაშვებაც შევიდეს. Virgin Galactic-მა და Blue Origin-მა შესაძლოა კომერციული სუბორბიტალური ფრენებიც დაიწყონ შფოთისმაძიებელი მდიდრებისათვის. ამის მიუხედავად, 2020-ის თებერვალში დაგეგმილი ევროპის კოსმოსური სააგენტოს მზის ზონდის გაშვება, სავარაუდოდ დედამიწელთათვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდება. 

Solar Orbiter-ს ელიფსურ ორბიტაზე გაიყვანენ, რაც მას ყოველ ხუთ თვეში ერთხელ მზესთან ახლოს ჩავლის საშუალებას მისცემს. სიცხისგან დამცავი ფარის საჭვრეტი ლუქების უკან განთავსებული ინსტრუმენტები ამ ვარსკვლავის შიგნით მიმდინარე „შეშფოთებებსა“ და დამუხტული ნაწილაკების პერიოდულ ინტენსიურ გამოფქვევას შორის კორელაციის პოვნას „შეეცდება“. ამ მუხტების გაფრქვევას დედამიწაზე ელექტროგამანაწილებელი ქსელებისა და კომპიუტერების გათიშვა შეუძლია, რის გამოც შესაძლოა მთელი კონტინენტები ქაოსსა და კონფლიქტში ჩაიძიროს. ერთი ასეთი „კორონარული მასის გაფრქვევა“ 2012 წელს დედამიწას სულ რამდენიმე დღით ასცდა. 

„Solar Orbiter-ი შესაძლოა „პლანეტარული დაცვის“ ერთ-ერთ ფორმადაც მოვიაზროთ“, − აცხადებს ხელსაწყოს ევროპელი დამამზადებელი − Airbus-ის წარმომადგენელი იან უოლტერსი. მის მიერ შეგროვებული მონაცემები მეცნიერებს დაეხმარება შექმნან ხელსაწყო, რომელიც ელექტროხელსაწყოების გამანადგურებელი ნაწილაკების აფეთქების დედამიწასთან მოახლოებამდე რამდენიმე დღით ადრე პროგნოზირებას შეძლებს. „ელექტროქსელები და სხვა ხელსაწყოები შესაძლოა დროებით გავთიშოთ ან სხვა გზით დავიცვათ“, − ამბობს უოლტერსი. მართალია, ამას აშკარად აკლია მარსის კვლევის გლამურული ხიბლი, მაგრამ შესაძლოა 2020 წლის ყველაზე კეთილშობილი მისია აღმოჩნდეს. 

ბენჯამინ საზერლენდი, შტატგარეშე კორესპონდენტი, The Economist