მიწიდან მოწყვეტა

„ურბანული საჰაერო მობილურობა“ არ არის ფრაზა, რომლებსაც ადამიანების უმეტესობა მარტივად წარმოთქვამს. მათი უმეტესობა, ვინც ამას მაინც ახერხებს, აერონავტიკის ინჟინერია. თუმცაღა, 2020 წელს ეს შეიცვლება, როცა ნოვაციის ყველაზე ადრეული (და უმდიდრესი) მიმღებები უკვე დაიწყებენ ვახშმად მოსული სტუმრებისთვის თავის მობეზრებას სულ ახლახან გამოშვებული აუცილებელი მოწყობილობის − მფრინავი ავტომობილის შესახებ ისტორიების მოყოლით. 

ავტომობილის მსგავსი პერსონალური საჰაერო ტრანსპორტის იდეა უკვე ათწლეულებია არსებობს, თუმცა მხოლოდ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში გახდა შესაძლებელი შექმნილიყო ისეთი მსუბუქი ამწევი სისტემები, რომლებიც მათი მიწიდან დაძვრას შეძლებდა. გადამწყვეტი გარღვევა ლითიუმის იონის ბატარეას უკავშირდება, რომელიც საგზაო ავტომობილების ასამოძრავებლადაც გამოიყენება. მცირეწონიანი კომპოზიტებით შექმნილ შასიზე დამაგრებულ და შესაბამისად მოწყობილი ელექტრომოტორით აღჭურვილ ასეთ მოწყობილობას, პროპელერის ძალით, ერთი ან ორი ადამიანის ათეულობით კილომეტრზე გადაყვანა შეუძლია მორიგ დამუხტვამდე. ამ ტიპის მანქანებისთვის ეს საკმარისია, რათა გახდეს სასარგებლო როგორც საჰაერო ტაქსებად, ასევე კერძო მესაკუთრეთათვის, ვისაც სატრანსპორტო საცობებისთვის თავის არიდება სურს. 

უპირველესად მათთვის, ვისაც ასეთი „ურჩხულის“ თავად მართვა სურს, საუკეთესო არჩევანი სილიკონის ველში მდებარე ფირმა Opener-ის მიერ დამზადებული BlackFly-ია. BlackFly, რომელიც გასაყიდად 2020 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი, ერთადგილიანი აპარატია 50 კილომეტრის (30 მილი) ფრენის რადიუსით, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 100 კმ/სთ-ია და რომლის ფორმა ისეთია, რომ გეგონებათ ეს-ესაა „გამოიქცა“ სალვადორ დალის ნახატიდან. Opener-მა, ასე ვთქვათ, საკმაოდ ჭკვიანურად შეძლო მარეგულირებელთა რადარის ქვეშ ფრენა, შექმნა რა აპარატი, რომელიც ზემსუბუქი საფრენი აპარატების მართვის წესების შესაბამისად, მისი პილოტისგან ლიცენზიას არ მოითხოვს. ურბანული საჰაერო მობილურობის სხვა ვარიანტები უფრო შეზღუდულია რეგულაციებით, და სულ მცირე, დასაწყისისთვის მაინც, მწარმოებლების მიერ ბაზარზე საჰაერო ტაქსის სახითაა წარმოდგენილი. მათ წინასწარ დადგენილ მარშრუტზე უნდა იფრინონ კომპიუტერული პროგრამის ან მიწაზე მყოფი პილოტის კონტროლით. 

აქ ლიდერი ჩინური კომპანია EHang-ია, რომელიც მრავალპროპელერიანი, ეგრეთ წოდებული მულტიკოპტერ დრონების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში. მისი ორადგილიანი აპარატი − EHang 216, კომერციულ ფრენას 2020 წლიდან შეუდგება და ფრიმის მშობლიურ ქალაქ გუანჯოუს ხუთ „ვერტპორტს“ შორის იფრენს. გასაკვირი არაა, რომ Ehang-ის ისტორიის გათვალისწინებით, მისი ფორმა დალის ნახატის მსგავს BlackFly-სთან რაიმე სიახლოვეს არ ამჟღავნებს. მისი კაბინა რვა საყრდენს უჭირავს, ხოლო ყოველ მათგანზე ორი პროპელერია მოთავსებული. სხვა სიტყვებით, ეს გიგანტური დრონია, რომელსაც ხალხის გადაყვანაც შეუძლია. 

გერმანული ფირმა Volocopter-იც ირჩევს „ვერტპორტების“ მიდგომას. მისი აპარატი ორადგილიანია, რომელსაც თითქოსდა ობობას ქსელის მსგავს მრუდ საყრდენებზე დამაგრებული 18 პროპელერი ძრავს. აპარატის უახლესი ვერსია გამოცდებს 2019 წლის ოქტომბერში ბრიტანული კომპანია Skysport-ის მიერ სინგაპურში გახსნილ „ვერტპორტში“ გადის. 

Opener-ი, Ehang-ი და Volocopter-ი, მართალია ამჟამად ლიდერები არიან, მაგრამ ზურგსუკან მეტოქეთა მთელი არმიის „სუნთქვას გრძნობენ“. ზოგი მათგანი სტარტაპია, თუმცა მათში მსოფლიოს უდიდესი ავიამწარმოებელი, Airbus-ი და მგზავრობის გაზიარების უდიდესი ფირმა Uber-იც შედიან. Toyota იმედოვნებს, რომ ტოკიოში ოლიმპიური ცეცხლის ასანთებად მთელი მსოფლიოს დასანახად საკუთარი წარმოების მფრინავ ავტომობილს გამოიყენებს. მზად ხართ თუ არა, ურბანული საჰაერო მობილურობა ყოველდღიურობაში ადგილს იმკვიდრებს.

ჯეფრი კარი, მეცნიერების რედაქტორი, The Economist